მთავარი,სიახლეები

საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება

22.02.2017
საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება

„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება.

კამპანიის მიზანია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“.

პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენის საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია.

„აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი“.

მოძრაობა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებას:

გაიაზროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ არსებული მითები და გაერკვეს რეალობაში;

დაამყაროს კონტაქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან და დარწმუნდეს მათ შესაძლებლობებსა და პოტენციალში;

ისწავლოს, საჭიროების შემთხვევაში, თუ როგორ შეიძლება, დაეხმაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განვითარებაში და თავადაც განვითარდეს;

ისწავლოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან თანასწორუფლებიანი თანაარსებობა.

პროექტის პრეზენტაცია პირველად თბილისში ხვალ, 23 თებერვალს, ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.

 

„დაინახე ყველაფერი“

„დაინახე ყველაფერი“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: