მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში

21.02.2017 • 2939
საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში

„საკრებულოს არაფერი შეუძლია“, „საკრებულოს კომპეტენცია არა აქვს გადაარჩინოს ისტორიული სახლები“, „რეგულაციები მივიღეთ და მეტი რა ვქნათ“ – დაახლოებით ასეთია საკრებულოს წევრების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე – რა შეიძლება საკრებულომ გააკეთოს იმისათვის, რომ დეველოპერების ინტერესებს, ააშენონ ახალი კორპუსები ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბათუმის იერსახე არ შეეწიროს.

საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს, პაატა მგელაძეს „გული სტკივა“, რომ ისტორიულ სახლებს ანგრევენ და სურს ძველი ბათუმის იერსახის გადარჩენა, მაგრამ ამისთვის არაფრის გაკეთება არ შეუძლია – „ხელ-ფეხი შეკრული გვაქვს“.

„ამაზე ჩვენ გვქონდა მსჯელობა ფრაქციაში, რომ სერიოზული რეზონანსი აქვს იმ სახლების დანგრევას, რაც ამ ბოლო პერიოდში მოხდა. ბათუმი იმით არის გამორჩეული, რომ ძალიან საინტერესო შენობები იყო, რომლებიც დღეს აღარ არის ქალაქში. ვერ გამოეკიდები და დამნაშავეს ვერ ნახავ, იმიტომ, რომ ისეთი შენობებია, რომლებიც პრაქტიკულად აღდგენას არ ექვემდებარება, მაგრამ კანონიდან გამომდინარე ხელს ვერ ახლებ. რაც შეეხება ბარათაშვილის 24-ს – იმ შენობასთან დაკავშირებით მე პირადად ვერ ვხედავ, რომ რამე გამორჩეული იერსახე და მშვენება იყო ბათუმის. მისი მოპირდაპირე შენობის ეზო კი იყო ბათუმის იერსახის დამამახინჯებელი. სახლი რაღაც ფორმით შეიძლებოდა შენარჩუნებულიყო, ალბათ, მაგრამ მთლიანობაში ეს ეზო იყო ძალიან ცუდი“, –  გვითხრა პაატა მგელაძემ.

ის მეგობრის მაგალითზე მოგვიყვა იმის შესახებ, თუ როგორ უქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი პრობლემებს მოქალაქეებს, რომლებსაც ძეგლის ნაცვლად ახალი სახლის აშენება სურთ.

„ჩემს მეგობარს დაემართა ასეთი რაღაც, ენგელსის და ფალიაშვილის კვეთაში მისი სახლი იყო ძეგლის სტატუსის მქონე. აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენდა. ადამიანს უნდოდა ნორმალური სახლი აეშენებინა იქ, იმიტომ, რომ გვარი და საბიძაშვილო გამრავლდა. რამდენიმე წელი ცდილობდნენ, რომ მოეპოვებინათ ნებართვა ამ სახლის ასაშენებლად. შემიძლია ასი პროცენტით გითხრათ, რომ არანაირი [ერთი თეთრიც კი] ისტორიული ღირებულება არ გააჩნდა. არც ქალაქისთვის და საერთოდ არაფრისთვის… გეთანხმებით, რომ არის ისეთი შენობები, რომელზეც მარტო მე, ბათუმელს, გული მტკივა, რომ დაინგრა. “

საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ნინო ბერაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე საკრებულოში აუცილებლად უნდა იმსჯელონ და მოიფიქრონ გამოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობებში ცხოვრობენ:

„პრესის საშუალებით გავიგე, რომ არ იყო გაცემული დანგრევაზე ნებართვა. საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დავსვამთ ამ საკითხს. დავინტერესდებით, რას აკეთებს ამ დროს ზედამხედველობის სამსახური, თუ შეთანხმებულია, რომ მინიმალური ჯარიმით გამოვიდეს დეველოპერი ამ საქმიდან, რომელსაც უღირს კიდეც იმ ჯარიმის გადახდა და მშენებლობის გაგრძელება.“

ისტორიული სახლები დასანგრევად „რესპუბლიკელ“ თემურ ყურაშვილსაც ენანება, თუმცა ვერც ის ხედავს ბერკეტს, რითაც საკრებულოს წევრები შეძლებენ პროცესის შეჩერებას:

„საკრებულოს თავის დროზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გარკვეულ ზონებში არ შეიძლება 15 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობის მშენებლობა და დანარჩენი საკრებულოს რა შეუძლია? – მშენებლობაზე ნებართვას მერია იძლევა – ყველაფერი მერიის პრეროგატივაა. ეს სახლები, არქიტექტურა მენანება, რომელიც არსებობს ამ ქალაქში და რომელიც ინგრევა ნელ-ნელა“.

იმ ადამიანებზე, რომლებიც ძეგლის სტატუსის მატარებელ შენობებში ცხოვრობენ და პირობების გაუმჯობესება სურთ, საკრებულოს წევრ კობა ჩხაიძეს ფრაქციასთან ერთად უფიქრია:

„ჩვენ ვთავაზობდით ქალაქს, რომ აჭარაში შექმნილიყო ბინათმშენებლობის ფონდი, რომელიც გააერთიანებდა როგორც აჭარის მთავრობის, ასევე ბათუმის მერიის ფონდში არსებულ ბინებს. ეს ბინები არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და სხვა კატეგორიის მქონე ადამიანებს გადაეცემოდა, არამედ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იქნებოდა, ისტორიულ სახლებში მცხოვრებთათვის კარგ პირობებში გადასვლა რომ შეგვეთავაზებინა. ეს იქნებოდა კომპრომისი, ერთი მხრივ, ძეგლთა დაცვის და მეორე მხრივ – ადამიანებზე ზრუნვის. შემდეგ ეტაპზე უკვე სახელმწიფოს შეეძლებოდა აუქციონის წესით, გინდა კონკურსის წესით, თუ სხვა პირობით გაეცა ეს შენობა.

სახელმწიფომ მისი სააუქციონო პირობებით უნდა შეძლოს ამ ძეგლის სრულად დაცვა და აღდგენა,“ – ამბობს კობა ჩხეიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: