Batumelebi | მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან – Batumelebi
RU | GE  

მედეა ვასაძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნიან

დღეს, 23 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პარტია „ემსახურე საქართველოს“ წევრმა მედეა ვასაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ 5 მილიონი ლარის სავარაუდო მითვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მედეა ვასაძის თქმით, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ცეცხლაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ კიდევ ოთხ საწარმოში ეკავა დირექტორის თანამდებობა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო მოქმედი, ორი კი გაკოტრების რეჟიმში. ეს შპს-ებია: „ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობისა და საბინაო კომუნალური მეურნეობის სამმართველო“, „ქობულეთის რაიონული საავადმყოფო“, „ნავსაყუდელი“, „ტყის ნობათის“ და „პანსიონატი მზიური“. 
 
მედეა ვასაძე ფინანსურ სამსახურს მოუწოდებს, „შეამოწმონ იმ დანარჩენი შპს-ების ფინანსური საქმიანობაც, რომელთაც ირაკლი ცეცხლაძე ხელმძღვანელობდა. 
ეკონომიკის სამინისტროში ლობირებს საწარმოთა მართვის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარის ყოფილი თავმჯდომარის მამა, თამაზ ხაბაძე. ეს (ირაკლი ცეცხლაძე) გახლავთ ძველი კადრი. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო შექმნილია 2009 წელს, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილ საწარმოებში საქმიანობს 2006-2007 წლიდან“. მისივე თქმით, კონკურსის პირობები, რომელიც „ჰიგიენა 2009“-ს დირექტორის თანამდებობისთვის გამოაცხადეს, მორგებული იყო ცეცხლაძის ბიოგრაფიულ მონაცემებს და კონკურსი მხოლოდ ფორმალობა იყო“.
 „ეს ძალიან დიდი თანხაა, მარტო ცეცხლაძე ვერ წაიღებდა ამ თანხას… მე ვფიქრობ, რომ ეს ორგანიზებული დანაშაულია და სხვათა შორის, რამდენადაც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაჟღერდა, რომ რამდენიმე ადამიანზეა ლაპარაკი… მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს, იმ ხუთ მილიონს ძალიან შორსაც ნუ მოძებნის, მოძებნოს აჭარის ეკონმიკისა და ფინანსთა სამინისტროს ყოფილი მინისტრ ბალაძეს, „მამა ხაბაძესა“ და მთავრობის ყოფილ თამჯდომარეს შორის“, – თქვა ვასაძემ. 
„ბათუმელებმა“ აჭარის ყოფილ ფინანსთა მინისტრს დავით ბალაძესა და აჭარის  მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძესთან დაკავშირება ვერ მოახრეხა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან