მთავარი,სიახლეები

ვინ დაინტერესდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერით

24.02.2017
ვინ დაინტერესდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ხელნაწერით

ჩაქვის მეფე დავითის სახელობის სკოლაში, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ბოლო სამი წლის მანძილზე მენეჯერად მუშაობდა, 23 თებერვალს დეკანოზის ხელნაწერის წასაღებად მივიდნენ. სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ ტარიელაძე ამბობს, რომ სკოლაში მისული მას გაეცნო, როგორც აჭარის პროკურატურის თანამშრომელი და დოკუმენტი წარუდგინა, თუმცა დირექტორის მოადგილე არ არის დარწმუნებული, რომ იგი პროკურატურის წარმომადგენელი იყო.

„ხელით ნაწერი ნებისმიერი დოკუმენტი უნდოდა. ხელით მამაო არაფერს წერდა, ის ხელს აწერდა დაბეჭდილ დოკუმენტს. ავუხსენი, რომ მას დოკუმენტაციაში ასე ვერ ჩავახედებდი და თუ მოიტანდა განჩინებას, მაშინ შეეძლებოდა დოკუმენტების ნახვა. მაგრამ ის სვამდა კითხვას – არის თუ არა? ვეუბნებოდი, არ ვიცი, როცა შენ მოიტან შესაბამის დოკუმენტს, მაშინ გადახედე. მე ეჭვი მეპარება, რომ ის პროკურატურიდან იყო, რადგან მოთხოვნის პროცესი არ შეესაბამებოდა კანონს. წავიდა და ისევ დაბრუნდა, ტელეფონზე საუბრობდა, მისი თქმით, გამომძიებელს, რომელიც ეუბნებოდა, აქ იქნება, იქ იქნებაო. ავტობიოგრაფია იქნება ხელით ნაწერი, პატარა ფურცელზეც რომ იყოს, საკმარისი იქნებაო.  ვუთხარი, რომ საპატრულოს გამოვიძახებდი, თუ არ წავიდოდა, რადგან სასწავლო პროცესი იყო.“

დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ არ დაასახელებს იმ პირის ვინაობას, ვინც მასთან იყო პროკურატურის სახელით, თუმცა მის შესახებ უკვე აცნობა გიორგი მამალაძის ადვოკატებს.

საქართველოს პროკურატურაში „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი, იმყოფებოდა თუ არა სკოლაში პროკურატურის თანამშრომელი. პრესსამსახურში ინფორმაციის გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა შემდეგ სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაქვის გიმნაზიაში ბოლო სამი წლის მანძილზე მუშაობდა.

დღეს მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარე გამომძიებელს შეხვდება, რის შემდეგაც დაიწყება ე.წ. ციანიდის საქმეში არსებული აუდიოჩანაწერების ექსპერტიზა.
__________________________________________________________

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.