მთიანი აჭარა,სიახლეები

მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება

31.01.2016 • 1975
მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა 2016 წელშიც გაგრძელდება

მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით [რომელიც საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა] წელს, 767 018 ფერმერი ისარგებლებს. თუმცა, სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტების შემდგომ, შესაძლებელია ეს მონაცემი უმნიშვნელოდ დაკორექტირდეს.

როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები სარგებელს მიიღებენ ორი გზით:

ა) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის მიიღებენ ხვნის ბარათს, რომლითაც შეისყიდიან ხვნის მომსახურებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კონტრაქტორებისგან;

ბ) სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, 2016 წლის ის ბენეფიციარები, ვინც მონაწილეობდნენ 2015 წლის პროექტშიც, ისარგებლებენ მათ მფლობელობაში არსებული აგრობარათებით, ხოლო ახალ ბენეფიციარებს დაურიგდებათ ახალი აგრობარათები, რომლითაც შეისყიდიან სასოფლო-სამეურნეო საქონელს სააგენტოს კონტრაქტორებისგან.

პროექტის მიხედვით აგრობარათის მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას სს „ლიბერთი ბანკთან“, რომელიც ჩართული იქნება შემდეგ პროცესებში:

დამატებითი ბენეფიციარებისთვის აგრობარათების დამზადება და დარიგება;

არსებული ბენეფიციარებისათვის დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების განახლება და გადაცემა;

აგრობარათებზე ქულების ჩარიცხვა;

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიებისთვის პოსტერმინალების მიწოდება;

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებელი კომპანიების ანგარიშებზე ქულების ეკვივალენტური ოდენობის თანხის გადარიცხვა;

აგრობარათით შესრულებული ტრანზაქციების შესახებ სააგენტოსათვის ოპერატიული ყოველთვიური ინფორმაციის მიწოდება;

ხვნის ბარათების განაღდების მომსახურებაზე სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას იმ ბანკთან, რომელიც უზრუნველყოფს ბარათების განაღდებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.

478 966 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 41 223 862 ლარის ოდენობის სარგებელი, ნიადაგის ხვნის მომსახურების შესყიდვის სახით;

56 614 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება 4 063 923 ლარის ოდენობის სარგებელი სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით;

231 438 ბენეფიციარისთვის გამოყოფილი იქნება ფიქსირებული 50 ლარის ოდენობის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, რომლის ჯამური ღირებულება იქნება 11 571 900 ლარი.

სულ, პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სარგებლის სახით გამოყოფილი იქნება 56 859 685 ლარის სარგებელი, სასოფლო-სამეურნეო საქონლის და ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნით.

პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა მთავრობის განცხადებით, „2014-2015 წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ბენეფიციარების მიერ გამოყოფილი სარგებლის ათვისების მაჩვენებელი მერყეობს 85%-ის ფარგლებში, შესაბამისად, გასაცემი სარგებლის სავარაუდო ოდენობა 2016 წელს იქნება 48 მილიონი ლარის ფარგლებში“. აღნიშნული ოდფენობის თანხა კი პროგრამისთვის ბიუჯეტში უკვე გამოყოფილია.

2015 წელს ანალოგიური პროექტისთვის 61 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

fermerr

 

გადაბეჭდვის წესი