სიახლეები

ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

29.11.2015 • 3841
ახალი ნაგავსაყრელი და განსახლების გეგმა

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე მუშაობა, რომელიც ბოლო რამდენიმე  წელია ვერ განხორციელდა, ფაქტობრივად, გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, განსახლების გეგმაზე მუშაობს. მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრის აშენებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. დონორი ორგანიზაციების მოთხოვნით სახელმწიფომ ნაგავშემგროვებლებზეც უნდა იზრუნოს.

„ყველა საჭირო დოკუმენტაციის მიღება კონსულტანტი კომპანიისგან  დასრულებულია და ამ დოკუმენტებმა უკვე გაიარეს შემოწმების პროცედურებიც. ამჟამად მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, ვის შეეხება განსახლება ცეცხლაურში. გარდა ორი ოჯახისა, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ განსახლება, იქ არის ათობით მიწის ნაკვეთი, რითაც მოსახლეობა სარგებლობს. კომისიამ უნდა დააზუსტოს ნაკვეთების ფართობები, კონკრეტულად ვინ, რომელი ნაკვეთით სარგებლობს, ვის რა ზარალი შეიძლება მიადგეს ნაკვეთის ჩამორთმევით და თითოეულისთვის შესაბამისი კომპენსაციების ოდენობა“, – განაცხადა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსმა  ეკატერინე ბახტაძემ. მისივე თქმით, კომპენსაციები გაიცემა დონორი ორგანიზაციების წესებისა და იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა ადგილზე მოკვლევის საფუძველზე მოამზადეს.

„საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის“ მიხედვით,  კომპენსაციისთვის გათვალისწინებული მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონი ლარია [დაახლოებით 1 მილიონი ევრო]. ეს მოიცავს 20% გაუთვალისწინებელ ხარჯებს [დაახლოებით 413 ათას ლარს], რომელიც განკუთვნილია ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა, ვთქვათ, იმ თანამშრომლების შემოსავალი, რომლებიც იმუშავებენ განსახლების გეგმის შესრულებაზე.

აღნიშნული თანხიდან 1,56 მილიონი ლარი გათვალისწინებულია როგორც ფულადი კომპენსაცია ადგილმდებარეობის მონაცვლეობისთვის [მიწის დაკარგვა მიწის მესაკუთრეებისთვის/რეგისტრებული მოსარგებლეებისთვის/მიტაცებული მიწებისთვის – 80-მდე ნაკვეთი, ჯამში 20 ჰექტარი]; მიწის გადაცემისა და რეგისტრაციის ასანაზღაურებლად საჭირო დახმარებისთვის – 5 ათასი ლარი, ხოლო ფულადი კომპენსაცია სახლის და სხვა ნაგებობების ღირებულების შესაბამისად – 210 ათასი ლარი. პროექტით, სულ ცეცხლაურში მიწის შესყიდვისათვის 2 068 500 ლარი იქნება საჭირო.

საკომპენსაციო თანხაში შედის კომპენსაციის პაკეტი ნარჩენების შემგროვებლებისთვისაც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მათთვის ახალი სამუშაოს მოძიების მიზნით პროფესიული სასწავლო პროგრამის შეთავაზება [დაახლოებით 30 ადამიანისთვის], ასევე კომპენსაციაა გათვალისწინებული ნაგავსაყარზე მოწყობილი დროებითი თუ მუდმივი თავშესაფრის დაკარგვისთვის, ნივთების გადატანისთვის თავანთ სახლში რეგისტრაციის მისამართზე, ფულადი კომპენსაცია გადატანის პერიოდისთვის დანაკარგის ანაზღაურებისთვის – სულ 33 ათასი ლარი.

„როდესაც ექსპერტები მუშაობდნენ ადგილზე, ნახეს ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაკავშირებული არიან არსებულ ნაგავსაყრებთან და ნაგვის შეგროვებიდან იღებენ გარკვეულ შემოსავალს, სოციალურ სარგებელს. მათი რეკომენდაციით ამ ადამიანების მიმართ გარკვეული ზომები უნდა გაატაროს სახელმწიფომ. აუცილებელი არ არის ფულადი კომპენსაცია, შესაძლებელია შევისწავლოთ ეს ადამიანები და სხვადასხვა ფორმის დახმარება შევთავაზოთ. ჯერჯერობით ამ ადამიანების აღწერა და გადამოწმება არ მომხდარა. მითუმეტეს, არსებული ნაგავსაყრების დახურვის პროცესიც არ არის დაწყებული,“ _ ამბობს ეკატერინე ბახტაძე.

„გარემოსა და სოციალური ზემოქმედების არატექნიკურ ანგარიშში“ აღნიშნულია, რომ `ბათუმის ნაგავსაყარზე მუშაობს 50-70 ნარჩენების მკრეფავი, ქობულეთში კი – 10-15. გარდა ამისა, 11 თავშესაფარია ბათუმის ნაგავსაყარზე, აქედან 2 თავშესაფარი სოფლის მეურნეობითა და მსხვილფეხა საქონლით“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნარჩენების შემგროვებლები არ არიან დასაქმებული და მათ არ აქვთ შემოსავლის სხვა წყარო. მათ შორის რამდენიმე ქალია. ნაგავსაყრებზე ნარჩენების შეგროვებაში ასევე პერიოდულად მონაწილეობენ მოზარდებიც.

ექსპერტთა რეკომენდაციით, ნარჩენების შემგროვებლებთან დაკავშირებულ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის ორი ვარიანტი განიხილება: ოფიციალური სამუშაოს შეთავაზება კომპანია „ჰიგიენა 2009“-ში, რომელმაც ოპერირება უნდა გაუწიოს ახალ ნაგავსაყარს [ასევე ჰიგიენის ნორმების დაცვით, ნარჩენების შეგროვების ნების დართვა ნაგავსაყრების დახურვამდე], ახალი სამუშაოს მოძიებისთვის მათი პროფესიულ ტრენინგებში ჩართულობა და სოციალური დახმარება.

„ეს ვარიანტები მიზნად ისახავს ეკონომიკური ზეგავლენის შემცირებას ნარჩენების შემგროვებლებისთვის… თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანია დაზარალებულ ადამიანებსა და ადგილობრივ მთავრობას შორის. შესაძლებელია ახალი ვარიანტიც გამოიკვეთოს,“ – აღნიშნულია რეკომენდაციაში.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასება [გსზშ] ბოლოს 2015 წლის ივნისში განახლდა. გსზშ-ს სამუშაო ვერსია სამინისტროსა და EBRD-ს 2013 წლის 3 ივლისს წარედგინა, თუმცა მასზე მუშაობა განახლდა, ვინაიდან ჩაქვის ნაცვლად ახალი ნაგავსაყარის აშენება  ცეცხლაურში გადაწყდა.

დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ პროექტი განხორციელდება შპს „ჰიგიენა 2009“-ს მიერ, რომელიც ჩამოყალიბდება და იქნება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მფლობელობაში. თუმცა, ჯერჯერობით, კლიენტად და პროექტის მფლობელად მიიჩნევა სამინისტრო. იმისათვის, რომ სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი EBRD-ის მოთხოვნები, მნიშვნელოვანია ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სათანადოდ გაუწიოს ორგანიზება შპს `ჰიგიენას~, კვალიფიცირებული და შესაფერისი პერსონალის დაკომპლექტებით.

„ჰიგიენა 2009“-მ ოფისმენეჯერისა და შესყიდვების ექსპერტის თანამდებობებზე კონკურსი მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადა. „კონკურსი ჩატარდა, თუმცა ვერავინ ვერ შეირჩა. ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები,“ – განაცხადა „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ.

მყარი ნარჩენების მართვის პროექტს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონის მოწყობას. ასევე განხორციელდება ბათუმისა და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული სამი ნაგავსაყრის კონსერვაცია. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი, სამინისტროს მონაცემებით, 7 მილიონი ევროა [კონსულტანტები აღნიშნავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული თანხა ბათუმის ნაგავსაყრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად კონსერვაციისთვის საკმარისი არ იქნება].

ახალი ნაგავსაყრის ექსპლოატაციის პერიოდია 21-დან 35-წლამდე [35 წელი იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერდება ნარჩენების გადამუშავების სექცია]. ნაგავსაყრის უჯრედის საერთო ფართობი 11,5 ჰექტარი იქნება, 15 მეტრი სიმაღლით.

ცეცხლაურის ნაგავსაყარი ბათუმიდან დაახლოებით 50 კმ-ით იქნება დაშორებული, რაც ქალაქიდან ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯს თითქმის 6-ჯერ გაზრდის. ამიტომ კონსულტანტების მიერ ბათუმსა და ცეცხლაურს შორის შუალედური სადგურის აშენებაც განიხილება.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ასევე „ჰიგიენა 2009“-ში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება დროში არ გაწელილა, თუმცა იმავე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დღესაც მითითებულია, რომ პროექტის განხორციელების პერიოდია 2010-2015 წლები.

`საარსებო გარემოს აღდგენისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტში~ ასევე მოცემულია სავარაუდო გრაფიკი, რომლითაც მიწის მოსარგებლეების იდენტიფიცირება სასურველი იყო დასრულებულიყო მიმდინარე წლის ივნისში, ნარჩენების შემგროვებლების მონიტორინგი მომხდარიყო ივნის-ნოემბერში, მათი აღწერა _ ოქტომბერში, ხოლო განსახლების სამოქმედო გეგმა პირველი დეკემბრისთვის ყოფილიყო მზად.

პროქტის დროში გაწელვის გამო საბიუჯეტო თანხის დაზოგვის მიზნით, გასულ წელს რეკომენდაცია ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც, თუმცა, როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სამინისტრომ ის არ გაითვალისწინა: „აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, არ განხორციელებულა შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილება, რითაც მოხდებოდა საგრანტო თანხის სრულად ათვისება და, შესაბამისად, დაიზოგებოდა საბიუჯეტო სახსრები…  განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ისევ ვერ მოხერხდა საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაო ვარიანტის შემუშავება. შედეგად 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გამოყოფილი 3 მილიონი ევროდან თანხის ათვისება არ მომხდარა და, შესაბამისად, აუთვისებელ ნაწილზე ვალდებულების გადასახადის სახით, 2011-2014 წლებში, გადახდილია სულ 153,8 ათასი ლარი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: