მთავარი,სიახლეები

ძალადობისთვის გასამართლებულმა ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ხელახლა სცემა

24.02.2017 • 2680
ძალადობისთვის გასამართლებულმა ქმარმა ცოლს, სავარაუდოდ, ხელახლა სცემა

ცოლზე ძალადობა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ი. შ.-ს ედება ბრალად. ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება – დაახლოებით სამი თვის წინ მან ცოლზე ფიზიკური ძალადობა აღიარა და საპროცესი შეთანხმება გაუფორმდა. პროკურატურასთან გარიგებას ბრალდებულმა შესაძლოა ხელახლა მიაღწიოს. ამის გამო მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინამოსამზადებელი სხდომა მარტის ბოლომდე გადადო.

„ცოტა რომ დავაჩქაროთ, არ შეიძლება?“ – მიმართა პროკურორ გიორგი რამიშვილს ბრალდებულმა. პროკურორმა განმარტა, რომ შეთანხმებას ართულებს ის, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტი პირობითი მსჯავრის ქვეშ არის ჩადენილი. მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ თუკი შეთანხმება გაფორმდება, სასამართლო უფრო ადრე, ორი კვირის განმავლობაში დაასრულებს პროცესს.

საქმეში მთავარი მოწმეები არიან ბრალდებულის ცოლი და  მისი მცირეწლოვანი შვილი. დაახლოებით 14 წლის მოზარდი ბრალდებულს გერად ეკუთვნის. დედა-შვილმა უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას, თუმცა ჯერ უცნობია, მოუყვებიან თუ არა ისინი ძალადობის შესახებ მოსამართლეს.

„სავარაუდოდ დაზარალებული ქალი უარს ამბობს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე“, – უთხრა „ბათუმელებს“ პროკურორმა, გიორგი რამიშვილმა. ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინტერესი ამ შემთხვევაში დაზარალებულია, ვისთვისაც ერთადერთი მარჩენალი ქმარია.

„ჯერ დაზუსტებული არ არის დაზარალებულის პასუხი, მაგრამ თუ იგი უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე, დიდი ალბათობით ჩვენ გავაფორმებთ საპროცესო შეთანხმებას. მოწმეს შეუძლია უარი თქვას ჩვენების მიცემაზე მისი ოჯახის წევრის ან ნათესავის წინააღმდეგ. დაზარალებულის ინტერესი არის ჩვენთვის ამოსავალი,“ – ამბობს გიორგი რამიშვილი.

ბრალდებულს უკვე გაუგზავნია პროკურატურისთვის მეუღლის და გერის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი ჩვენებას სასამართლოს არ მისცემენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადვოკატმა, დავით საფარიძემ უთხრა. მისივე განმარტებით, დაზარალებულ დედა-შვილს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია თქვას, რომ გადაიფიქრეს და ჩვენება მისცეს ბრალდებულის წინააღმდეგ.

გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა საკუთარ სახლში მიაყენა შვილის თვალწინ, თუმცა მაშინ პოლიციისთვის არ დაურეკავს. პოლიციაში შეტყობინება რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა, როცა ბრალდებულმა ცოლს ქუჩაში დაუწყო გინება.

ჩვენების მიცემის შემდეგ, დაზარალებულმა ქალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა საერთო ქონების გაყოფა, ასევე ქმრისთვის ალიმენტის დაწესება. ეს სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა. ცოლ-ქმარს განქორიწნების მოთხოვნით ჯერ სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

თუკი საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება და საქმის არსებითი განხილვა გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდება, ბრალდებულს ელოდება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე.

თუკი საპროცესო შეთანხმება შედგება, ამ შემთხვევაში, ისევ პირობით მსჯავრს შეუფარდებენ ბრალდებულს და მას პატიმრობა არ მოუწევს. სასჯელის ეს ფორმა – პირობითი მსჯავრი ყველაზე ხშირად გამოიყენება საქართველოში ოჯახში მოძალადეების დასასჯელად.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: