მთავარი,სიახლეები

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებული ქალის საქმე სააპელაციო სასამართლოში

06.06.2016 • 1516
ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებული ქალის საქმე სააპელაციო სასამართლოში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის მოსამართლის – ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება გულნაზ ღლონტის საქმეზე. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას დეკრეტული შვებულების დროს გათავისუფლებას ედავებოდა და დისკრიმინაციაში სდებდა ბრალს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გულნაზ ღლონტი უკანონოდ გათავისუფლდა და მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს ნაცდური, გათავისუფლებიდან აღდგენის დღემდე.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ხელვაჩაურის გამგეობის ნაცვლად, მისმა კონკრეტულმა თანამშრომელმა – ჯიმშერ ბერიძემ გაასაჩივრა. ის გამგეობაში გულნაზ ღლონტის ადგილზე მუშაობს და კონკურსის წესით შერჩეული თანამშრომელია.

გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობაში 2015 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა. ამავე წლის 21 იანვარს, მას შვილი შეეძინა. გულნაზ ღლონტი ხელვაჩაურის გამგეობის სოფელს განთიადის რწმუნებულად, 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა კონკურსამდე მოვალეობის შემსრულებლად. კონკურსის გამოცხადების დროისთვის კი, ის დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა.

„დაუკავშირდით იურისტებს და ისინი გაგცემენ პასუხს. მე არა ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური” – გვითხრა ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. მან „ბათუმელებთან” მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილება ანომალიად შეაფასა და თქვა: „ეს  იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, მსგავს გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ”.

ხელვაჩაურის გამგეობის იურისტმა დავით კოპინაძემ გვითხრა, რომ ის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას დაელოდება.

გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ჯიმშერ ბერიძე, რომელიც დეკრეტული შვებულებიდან გათავისუფლებული ქალის  ადგილას მუშაობს, უცნობია. მასთან დაკავშირება “ბათუმელებმა” დღის განმავლობაში ვერ მოახერხა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: