კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

03.03.2016 • 3051
ორსულობისას სამსახურიდან გათავისუფლებულმა ქალმა სასამართლო დავა მოიგო

„ეს იყო ანომალიური მოვლენა სასამართლოს მხრიდან, ასეთ გადაწყვეტილებას სხვაგან ვერ ნახავთ“, – ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნადიმ ვარშანიძის შეფასებაა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გამგებლის გადაწყვეტილება – სამსახურიდან დაეთხოვა ორსული ქალი – უკანონოდ შეფასდა. უფლებადამცველებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება „პრეცედენტულია“. ქალი, ვინც ყოფილ ხელმძღვანელს საქმე მოუგო, სამსახურში ჯერ არ დაბრუნებულა. ხელვაჩაურის გამგებელი „ანომალიური მოვლენის“ გასაჩივრებას აპირებს.

მახინჯაურის თემის სოფელ განთიადის სპეციალისტად გულნაზ ლლონტი 2013 წლის 15 თებერვალს დაინიშნა – დროებით მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის ჩატარებამდე, 2014 წლის აგვისტოდან კი თემის რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა. როცა ხელვაჩაურის გამგეობამ საერთო ატესტაცია-კონკურსი გამოაცხადა, გულნაზი უკვე ფეხმძიმედ იყო. „რამდენიმე დღეში დეკრეტულ შვებულებაში გავედი. კონკურსი დეკემბერში ჩატარდა და მითხრეს, თუ არ გაივლი, დაკარგავ სამსახურსო“, – უთხრა „ბათუმელებს“ გულნაზ ღლონტმა. ფეხმძიმობის მეცხრე თვეში მან კონკურსში მონაწილეობა მაინც მიიღო, თუმცა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა. გასული წლის 5 იანვარს გულნაზ ღლონტს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ნადიმ ვარშანიძის მიერ გამოცემული ბრძანება ჩააბარეს. 21 იანვარს გულნაზს შვილი შეეძინა.

„ეს იყო დისკრიმინაცია, რადგან გულნაზს ორსულობის გამო შეზღუდული ჰქონდა შრომისუნარიანობა და ის არ იყო თანაბარ პირობებში კონკურსის სხვა მონაწილეებთან“, – ამ პოზიციას არაერთხელ გაუსვა ხაზი ადვოკატმა დავით ანანიძემ სასამართლო განხილვების დროს.

ამ კუთხით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნათია წკეპლაძის გადაწყვეტილება ახსენდება ანა არგანაშვილს ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: „იმ საქმეში არსებობდა ორსული ქალის წერილობითი დასტური, რომ თანახმა იყო სამსახურიდან გაეშვათ დეკრეტული შვებულების დროს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა იმაზე, რომ ორსულ ქალს აქვს სპეციფიკური მდგომარეობა და იოლად არის შესაძლებელი მის ნებელობაზე გავლენის მოხდენა. ამ გადაწვეტილებით ითქვა, რომ ორსული ქალისთვის განსაკუთრებით ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას, და არა – პირიქით“.

სასამართლოში გულნაზ ღლონტი ასევე მიუთითებდა მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის დადგენილებაზე, რომლის მიხედვითაც „კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტურ თანამდებობაზე“. დაცვის მხარის მტკიცებით, გამგეობას არ უნდა მიეჩნია ვაკანსიად ის ადგილი, სადაც დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალი მუშაობდა და მის მოვალეობას დეკრეტულის პერიოდის გასვლამდე სხვა პირი ასრულებდა.

ხელვაჩაურის მუნიციპლიტეტის გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე კი ამბობს, რომ კონსულტაცია ამ საკითხზე საჯარო რეესტრთანაც გაიარა, როგორც კონკურსის ორგანიზატორთან. გამგებელი ასევე ენდობა თავის იურისტებს. „სამი იურისტი მყავს, ყველა ასე ამბობს. ჩვენ ჯერ არ წაგვიგია ეს საქმე. კანონი მავალდებულებდა მოვალეობის შემსრულებლისთვის კონკურსის ჩატარებას და რა უნდა მექნა? ვფიქრობ, მოსამართლეს ეს ქალი შეეცოდა და ამიტომ დაიჭირა მისი მხარი, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეთი იმედი გაუჩინა“, – ნადიმ ვარშანიძემ ეს დისკრიმინაციული შეფასება „ბათუმელებთან“ გააჟღერა.

საინტერესოა ასევე გამგებლის შეხედულება მოსამართლის დამოუკიდებლობაზე: „კარგია, რომ გაეღვიძა მორალი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს და ეს გააკეთა. აბა, წინა ხელისუფლების დროს მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, თუ გაბედავდა“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილისთვის გამგებლის ასეთი შეფასებები მიუღებელია: „არ ვეთანხმები ასეთი მეტაფორებით სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას. კი ბატონო, გაასაჩივროს, თუ მისთვის მიუღებელია და ჩვენც ინტერესით მივადევნებთ თვალს ამ პროცესს. როგორც ჩანს, ხელვაჩაურის გამგებელს არ აქვს ინფორმაცია იმ საერთაშორისო კონვენციებზე, რაზეც ვალდებულება აქვს აღებული საქართველოს“.

„ძალიან გამიხარდა. სწორი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. სასამართლო ხშირად თავს არიდებს ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღებას“, – გვითხრა ელენე ფილეევმა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა: „ეს იყო პრეცედენტული შემთხვევა, რადგან კანონი ზუსტ განმარტებას მსგავს სიტუაციაში არ იძლევა. როგორც ჩანს, მოსამართლე დაეყრდნო იმ პრაქტიკას, რომელიც არსებობს ცივილურ ქვეყნებში და ამოვიდა მთავარი პრინციპიდან – არ შეიძლება დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალი გაათავისუფლო სამსახურიდან. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სკოლის დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს, რადგან დირექტორი შეიცვალა. კანონი იძლევა საშუალებას, როცა სკოლაში ახალი დირექტორი ინიშნება, მოადგილეც ავტომატურად შეცვალონ. ამის მიუხედავად, მოვიგეთ საქმე სასამართლოში“.

ხელვაჩაურის გამგეობას გულნაზ ღლონტისთვის განაცდურის სახით დაახლოებით 5400 ლარი აქვს გადასახდელი. ეს თანხა კიდევ გაიზრდება, თუკი გამგეობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ისევ წააგებს. „არაერთხელ ვცადეთ მოლაპარკება გამგებელთან, ამისკენ მოგვიწოდებდა მოსამართლეც, მაგრამ გამგებელი არ შეგვხვდა. ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტი დაიზოგებოდა“, – ამბობს ადვოკატი დავით ანანიძე.

„ხელისუფლებას არ აქვს მგრძნობელობა ამ საკითხებზე“, – ამბობს ანა არგანაშვილი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი: „ორსულთა დისკრიმინაცია საკმაოდ ხშირია, მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს. როცა 2013 წელს შრომის კოდექსში შევიდა ცვლილებები, ხელისუფლება დაგვპირდა, რომ მომზადდებოდა ცვლილებები გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მაგრამ ასე არ მოხდა. ქალებისთვის დასაქმება ისევ უფრო პრობლემურია, ვიდრე მამაკაცებისთვის, განსხვავებულია მათი ხელფასიც. ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია ფეხმძიმე ქალის შრომითი პირობები. სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღები პირები, როცა ამ თემაზე ვესაუბრებით, გვპასუხობენ, რომ ეს მეათეხარისხოვანი პრობლემაა. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ე.წ. „ნეიტრალური კანონმდებლობა“, რომელიც დისკრიმინაციას აღრმავებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: