მთავარი,სიახლეები

ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

22.02.2017 • 4036
ვის საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა კობახიძე პირველად

პირველი საქმე, რომელზეც მოსამართლე მანანა კობახიძეს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სტუდენტების სარჩელია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც მანანა კობახიძე 15 თებერვლიდან შევიდა, დღეს მოისმინა მხარეთა არგუმენტები „აუდიტორია 115“-ის სარჩელზე.  გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობაზე კოლეგიას ჯერ არ მიუღია.

„არ შეიძლება ერთ სტუდენტურ გაერთიანებას ჰქონდეს ექსკლუზივი“,- მიმართა მოსამართლეებს გიორგი გოცირიძემ, საია-ს იურისტმა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში „აუდიტორია 115“-ის ინტერესებს იცავს.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ჩართვის უფლება მხოლოდ სტუდენტურ თვითმმართველობას არ უნდა ჰქონდეს.

დღევანდელ სხდომაზე გიორგი გოცირიძემ რამდენიმე არგუმენტი დაასახელა იმის საჩვენებლად, თუ რატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლომ ამ საკითხზე. ერთ-ერთი არგუმენტი „ბოლონიის პროცესი“, ასევე, 2003 წელს მიღებული „ბერლინის კომუნიკეა“, სადაც წერია, რომ სტუდენტურმა გაერთიანებებმა მაქსიმალურად ბევრი ღონისძიება უნდა განახორციელონ უნივერსიტეტის მართვაში სტუდენტების მაქსიმალური ჩართვის მისაღწევად.

მოსარჩელე ხაზს უსვამს კანონის შეზღუდვას – თუკი არ გახდები სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, ვერ გახდები აკადემიური საბჭოს წევრი. ასეთია პრაქტიკა იმის მიუხედავად, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის ნებაყოფლობითი გაერთიანება, იგი არ არის იურიდიული პირი და არც უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა შექმნას შესაძლებლობა, შეიქმნას სტუდენტური თვითმმართველობა. სხვა ვალდებულება კანონით მას არ აქვს“- უთხრა სასამართლოს პარლამენტის წარმომადგენელმა.

პარლამენტი ამ საქმეში მოპასუხე მხარეა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სტუდენტების სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს მოუწევს ცვლილების შეტანა კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“.

DSCN4897

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია „აუდიტორია 115“-ის სარჩელის დასაშვებობაზე მსჯელობს / 22.02.2017 / ფოტო: ჯაბა ანანიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: