მთავარი,სიახლეები

K-3 – უგულებელყოფილი გამწვანების კოეფიციენტი ბათუმში

24.04.2017 • 4021
K-3 –  უგულებელყოფილი გამწვანების კოეფიციენტი ბათუმში

რამდენიმე პალმა და სამი მწვანე ბუჩქი – ეს 12-სართულიანი სახლის გამწვანებაა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ამ სახლის ერთ სართულზე ერთ სადარბაზოში ხუთი, გამონაკლის შემთხვევებში კი ოთხი ბინაა განთავსებული. სახლს აქვს პატარა ეზო [დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი] და არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. ამ პატარა ეზოში კი ხუთი – ან ექვსი მეტრი სიგრძის ვიწრო გაზონია, რომელშიც რამდენიმე პალმა დაურგავთ – ეს ბათუმში მშენებარე ან უკვე დასრულებულ პროექტებში გამწვანების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ბევრი უკვე აშენებული და მიმდინარე პროექტის შემთხვევაში k3 , ანუ გამწვანების კოეფიციენტი საერთოდ უგულებელყოფილია.

ამ სახლის წინა, ფასადის მხარეს 15-სართულიანი სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, რომელსაც ეზოსთვის პატარა ადგილი აქვს. სავარაუდოდ, გამწვანებული ეზო არც მას ექნება მომავლში. გვერდით კი იგივე კომპანია „ბი აი სი“ კიდევ ერთ 12-სართულიან კორპუსს აშენებს. როგორც ადგილზე კომპანიის წარმომადგენელმა უთხრა „ბათუმელებს“, ამ მშენებარე სახლს ექნება ადგილი პარკინგისთვის, იმავე მასშტაბების ეზო და გამწვანება: „ ამ გაზონს ბოლომდე გავაგრძელებთ“.როგორც ჩანს, პროექტის ავტორმა, და ასევე ნებართვის გამცემმა ბათუმის მერიამ ჩათვალა, რომ საკმარისია ამ ტიპის გამწვანება 12-სართულიანი სახლისთვის, რომლის გვერდით და წინა, ფასადის მხარეს კიდევ ორი მაღლივი სახლი შენდება.

მშენებლობის სანებართვო მოწმობის მიხედვით, ამ სახლის მშენებლობაზე მერიამ ნებართვა 2016 წლის აპრილში გასცა, დასრულების თარიღად კი 2017 წლის ნოემბერია მითითებული.

ახალი თორმეტსართულიანი სახლი უკვე არსებული სახლის გვერდით. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა.

ახალი თორმეტსართულიანი სახლი უკვე არსებული სახლის გვერდით. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთა.

კომპანია „ბმბ დეველოპერმა“ ბათუმში, გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში 15-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა. ამ სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიას 2015 წელს გაუცია. სახლის ფასადი გორგილაძის ქუჩაზე გადის, შიდა მხრიდან კი სახლს აქვს პატარა ეზო [ 150 კვ.მ], პარგინგისთვის კი ადგილი საერთოდ არ აქვს გათვალისწინებული. ამ ფართობის გაყოფა მოუწევს იმ 120 ოჯახს პარკინგისთვის, რომელმაც ამ სახლში ბინა უკვე იყიდა, ან მომავალში იყიდის. რაც შეეხება გამწვანებას – ამასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენელმა ადგილზე „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ჯერ არ არის გათვალისწინებული“ და მომავალში რა იქნება არ იცის.

თხუთმეტსართულიანი სახლის ეზო

თხუთმეტსართულიანი სახლის ეზო

ბათუმში ლერმონტოვისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში 15-სართულიანი კორპუსს შპს „სოლიდოსი“ „გუმბათი ჯგუფის“ დაკვეთით აშენებს. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, სახლის ერთ სადარბაზოში საშუალოდ ხუთი-ექვსი ბინაა გათვალისწინებული. მთელ სახლში კი 120 ბინა იქნება. კომპანიას პარკინგისა და ეზოსთვის დაახლოებით 600 კვადრატი ადგილი აქვს გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, ეზოს დიდი ნაწილი 400 კვ.მ დახურული იქნება. ე.წ. ნულოვანი სართული. ღია ეზო კი დაახლოებით 200 კვ.მ იქნება. მშენებლობაზე ნებართვა 2016 წლის დეკემბერშია გაცემული, დასრულების თარიღად კი 2020 წელია მითითებული.

IMG_9362

განაშენიანების რეგულირების წესებს ბათუმში საქართველოს მთავრობის რამდენიმე დადგენილების გარდა, ბათუმის საკრებულოს 50-ე დადგენილება არეგულირებს. ამ დადგენილების მიხედვით,
დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში გამწვანების კოეფიციენტად {k-3] 0,2 -ია დადგენილი. საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში კი k-3 0,1-ა. გამწვანების კოეფიციენტი იგივეა მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში და ასევე საზოგადოებრივ საქმიან ზონაშიც. გამწვანების კოეფიციენტის მაჩვენებელი არც საკურორტო-რეკრეაციულ ზონაში იცვლება, გამწვანების კოეფიციენტი აქაც 0,1 -ია, თუმცა ამ შემთხვევაში დაბალია k1 – მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი და k-2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.

შესაბამისად, საკრებულოს დადგენილებით, მენაშენემ სამშენებლო მოედნის 10% უნდა გაამწვანოს. უკვე დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიხედვით კი, ეს დათქმა ბევრად შემცირებულია: ეზოში დარგული ოთხი პალმა მენაშენის მოსაზრებით საკმარისი გამწვანებაა 15-სართულიანი სახლის ეზოს გამწვანებისთვის ან საერთოდ უგულებელყოფილია.

საკრებულოს 50-ე დადგენილების მე-14 თავის მე-16-ე პუნქტის მიხედვით, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დამტკიცების შემდეგ ან/და არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შემდეგ მიწის ნაკვეთის ფართობი შემცირდა იმდაგვარად, რომ ირღვევა ქალაქთმშენებლობის დოკუმენტით დადგენილი მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი k-2 ან/და გამწვანების კოეფიციენტი k-3, მშენებლობის ნებართვის გამცემი ვალდებულია უარი უთხრას განმცხადებელს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობებზე ნებართვების გაცემისას k-3 მოთხოვნა ყოველთვის გათვალისწინებულია, მაგრამ თუ ადგილზე მოქმედებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ ზონაში სახლს გამწვანება არ აქვს „შეიძლება ცვლილება შევიდა პროექტში.“ ცვლილება პროექტშიც მერიასთნ თახმდება.

თხუთმეტსართულიანი სახლის ღია ეზო

15-სართულიანი სახლის ღია ეზო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: