მთავარი,სიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებელი სცენარისტებს ფულს არ უხდის

12.05.2017 • 1866
საზოგადოებრივი მაუწყებელი სცენარისტებს ფულს არ უხდის

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივარი მაუწყებლისგან ანაზღაურების მიღებაზე, განუხილველი დატოვა. საუბარია პირველი არხის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტზე – „კლასიკოსები”.

სცენარისტებმა – მარიამ ბექაურმა, ალექს ჩიღვინაძემ და ივა ფეზუაშვილმა გასული წლის ზაფხულში მოიგეს მხატვრული ფილმების სერიალების კონკურსი და 12 ფილმის სცენარი მოამზადეს. მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა მათ სცენარისთვის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და მიმდინარე წლის მარტში იმავე პროექტზე ახალი კონკურსი გამოაცხადა.

მას შემდეგ, რაც ანაზღაურების მიღებაზე უარი მაუწყებლის ახალი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისგან მიიღეს, სცენარისტებმა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართეს. მაუწყებლის დირექტორმა სცენარისტებს მისწერა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება მხარეებს შორის არ არსებობს და დაწერილ სცენარებში ამიტომაც არ გადაიხდის ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ სცენარისტების საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. 5 მაისის სხდომას, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა, საბჭოს 8 წევრიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა. ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ეს კერძო სამართლის დავაა და უმჯობესია, თუკი ეს პირები პირდაპირ სასამართლოს მიმართავენ. განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ იურისტმა სულხან სალაძემ დააფიქსირა.

„კანონით არის განსაზღვრული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები. ასეთი საფუძველი არ არსებობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სამეურვეო საბჭო ერთია უშუალოდ საჩივრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მაგრამ უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. საინტერესო იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი ამ კუთხით იქნება დავა. სცენარისტებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და პირდაპირ მოითხოვონ ანაზღაურების მიღება, ან სასამართლომ დაავალოს სამეურვეო საბჭოს, განიხილოს ეს საკითხი,“ – განუმარტა სულხან სალაძემ „ბათუმელებს“.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს კანონის იმ ნორმაზეც, რომლის მიხედვითაც მაუწყებლის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება პირმა შეიძლება გაასაჩივროს, როგორც სასამართლოში, ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში.

რა სამართლებრივი საფუძვლით თქვა უარი სამეურვეო საბჭომ საჩივრის განხილვაზე? – კითხვაზე გრიგოლ გოგელიამ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ კონკრეტულად ვერ გვიპასუხა. გვითხრა, რომ სხდომაზე კვალიფიციური იურისტების განმარტება მოისმინა და ჩათვალა, რომ ეს კერძო სამართლებრივი დავაა. „თუ სასამართლო გადაწყვეტს, დავემორჩილებით. რაც იყო წარმოდგენილი, არა მგონია ჩვენი განსახილველი ყოფილიყო… მეტი რა დაგისაბუთოთ, რაღაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არსებობდა და ეს ჩვენ განგვეხილა, არ იქნებოდა სწორი“, – გვითხრა გრიგოლ გოგელიამ.

„ახლაც იძებნება მაუწყებლის საიტზე, რომ გასული წლის სექტემბერში მაუწყებლის სპეციალური კომისიამ კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა და გავიმარჯვე მეც“, – გვიყვება სცენარისტი მარიამ ბექაური, – „გვითხრეს, რომ ხელშეკრულება დეკემბერში გაგვიფორმდებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ტელევიზიის ახალ დირექტორს უნდა დაემტკიცებინა პროექტი. სერიალი ამ წლის ბიუჯეტშიც არსებობს, მაგრამ ვასილ მაღლაფერიძემ შეხვედრაზეც უარი გვითხრა. მოგვწერა, რომ სცენარებში მაუწყებელი ფულს არ გადაიხდის, რადგან ამის სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს“.

„ისე გამოვიდა, რომ ჩვენ ვართ გიჟები და ჩვენი ინიციატივით დაგვიწერია 12 ფილმის სცენარი“, – ამბობს სცენარისტი ალექს ჩიღვინაძე. გვიყვება, რომ სცენარების წერის პროცესში კომუნიკაცია გიორგი ვასაძესა და ნათია წულაძესთან ჰქონდათ, რომლებიც სტუდია „ტელეფილმს“ წარმოადგენდნენ. ამ სტუდიას უნდა გადაეღო სერიალი „კლასიკოსები“ და მისი ბიუჯეტი 393 450 ლარით იყო განსაზღვრული.

კონკრეტულად სამი სცენარისთვის საზოგადოებრივ  მაუწყებელს 15 600 ლარი უნდა გადაეხადა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: