მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

30.04.2017 • 7440
საჯარო მოხელეებს წელიწადში ერთხელ მაინც შეაფასებენ – შეფასების შედეგები კონფიდენციალური იქნება

პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები საქართველოს მთავრობამ ორი დღის წინ მიიღო და იგი ძალაში შევა 2018 წლის პირველი იანვრიდან. საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი – საჯარო მოხელე, შეფასებას წელიწადში ერთხელ მაინც [შესაფასებელი პერიოდი] დაექვემდებარება.

მოხელის შეფასებას შესაძლებელია მოჰყვეს შემდეგი სამართლებრივი შედეგები:

[checklist]

  • მოხელისათვის კლასის მინიჭება;
  • წახალისება;
  • პროფესიული განვითარების, მისი სწავლების საჭიროების განსაზღვრა;
  • მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება.

[/checklist]

გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელის შეფასება  კი განხორციელდება კვარტალში ერთხელ. აღნიშნულ შემთხვევაში, ორჯერ უარყოფითი შეფასების საფუძველზე გამოსაცდელი ვადით მიღებული მოხელე გათავისუფლდება თანამდებობიდან.

[რაც შეეხება პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესსა და პირობებს, ის 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მოხელე, მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად, საკლასო დანამატსაც მიიღებს.

პირველი ივლისიდან ამოქმედდება ასევე მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“.]

დამტკიცებული წესის მიხედვით, „შეფასების პროცესში მონაწილეობენ მოხელე, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი ერთეული/პირი. მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებელი მიზნებისა და ამოცანების  (კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად.  შეფასება ხდება დოკუმენტური მასალის შეფასებითა და მოხელესთან გასაუბრებით“.

საჯარო მოხელე ვალდებულია:
  • ჯეროვნად და კეთილსინდისიერად განახორციელოს დაკისრებული მოვალეობები და შეფასების შეუფერხებლად წარმართვისთვის წარადგინოს მასალები დროულად;
  • ხელი შეუწყოს შეფასების პროცესის ობიექტურად განხორციელებას;
  • ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ნებისმიერი   ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია შეფასების პროცესთან;
  • თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ხელს შეუშლის შეფასების პროცესის სამართლიანად განხორციელებას;
  • შეასრულოს ხელმძღვანელის მითითებები, შეფასების შედეგების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

შესაფასებელი მოხელის მიერ შეფასებაზე უარის თქმა განიხილება როგორც მძიმე დისციპლინური გადაცდომა.

შეფასების პროცესში მონაწილე ხელმძღვანელი ვალდებულია:
  • კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება;
  • დადგენილი წესით მიაწოდოს ინფორმაცია შესაფასებელ მოხელეს გასაუბრების შესახებ;
  • წარუდგინოს შესაფასებელ მოხელეს შეფასების შედეგი;
  • დროულად და სისტემატურად აწარმოოს დაკვირვება მის მიერ შესაფასებელი მოხელის საქმიანობაზე.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „შეფასების მეთოდი არის ფორმალიზებული, სტრუქტურირებული სისტემა,  რომელიც ზომავს შეფასების საგანს, განსაზღვრავს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს და პერიოდულობას. ამასთან, გადაწყვეტილებას, შეფასების მეთოდის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ ერთეულსა/პირსა და შესაფასებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთან განხილვის საფუძველზე“.

საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, თავად შეარჩიოს შეფასების მეთოდი ყოველი წლის დასაწყისში და აცნობოს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. დაუშვებელია საჯარო დაწესებულების მიერ თითოეული მოხელის მიმართ შერჩეული შეფასების მეთოდის ცვლილება შესაფასებელ პერიოდში.

შეფასების სისტემა

შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი სისტემა:

  •  საუკეთესო შეფასება –  მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით;
  • კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
  • დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით;
  • არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.

მოხელე უფლებამოსილია, საბოლოო შეფასების შედეგების გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ იგი არ ეთანხმება საბოლოო შეფასების შედეგს, წერილობით მიმართოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს და მოითხოვოს   დოკუმენტური მასალის შეფასებისა  და გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება.

განმეორებითი გასაუბრების შემდგომ გადაწყვეტილებას, შეფასების საბოლოო შედეგის შესახებ, იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

მოხელე უფლებამოსილია, შეფასების შედეგები [ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი] გაასაჩივროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

კონფიდენციალობა

დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ მოხელის შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. „შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ საჯარო დაწესებულების ხემლძღვანელს, კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს, უშუალო ხელმძღვანელს, შესაფასებელ/შეფასებულ მოხელესა და ბიუროს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: