ნეტგაზეთი • RU

პრემიები და დანამატები პირველი ივლისიდან აღარ გაიცემა

საჯარო სამსახურში დასაქმებული მოხელეები, რომლებსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ, ახალ თანამდებობრივ სარგოს – საკლასო დანამატსაც მიიღებენ. მთავრობის შესაბამისი დადგენილება პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ამ დადგენილების მიხედვით საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთავრობას დღემდე არ დაუმტკიცებია.

რას ნიშნავს საკლასო დანამატი, შენარჩუნდება თუ არა დღეს არსებული დანამატები და პრემიების გაცემა საჯარო სამსახურებში პირველი ივლისის შემდეგ? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ სირაბიძემ უპასუხა:

ბატონო არჩილ, რას ნიშნავს საჯარო მოხელის საკლასო დანამატი?

არჩილ სირაბიძე

არჩილ სირაბიძე

არის 12 კლასი და როცა მოხდება კლასის მინიჭება, ამ კლასის შესაბამისად მოხელეს ექნება თანამდებობრივი სარგო, ანუ საკლასო დანამატი. საკლასო დანამატის ოდენობები ჯერ დადგენილი არ არის და ის  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით უნდა განისაზღვროს. ეს კანონი ჯერ მიღებული არ აქვს საქართველოს მთავრობას. ანუ, ჩვენც ველოდებით მის მიღებას.

დღეს არსებული დანამატები და პრემიები შენარჩუნებული იქნება თუ არა ივლისიდან?

არა. იმ კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე, რაც მიღებულია და რაც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება, შემიძლია გითხრათ, რომ არსებული დანამატი და პრემია არ იქნება შენარჩუნებული. იქნება მხოლოდ ხელფასი და საკლასო დანამატები, მოხელის კლასების შესაბამისად.

ვინ და როდის  მიიღებს საკლასო დანამატს?

საკლასო დანამატს აიღებს მოხელე, რომელსაც მოხელის კლასს მიანიჭებენ. მოხელის კლასის მინიჭება კი მოხელის შეფასების შემდეგ ხდება. თავის მხრივ, მოხელის შეფასება 2018 წლის ბოლომდე ვერ მოხდება არსებული კანონებიდან გამომდინარე. [მოხელის შეფასების შესახებ დადგენილება 2018 წლის იანვრიდან შედის ძალაში – ავტ.]. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის და, ზოგადად, ამ რეფორმის მთავარი ამოსავალი, არის სწორედ მოხელის შეფასება. შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს წელიწადში ერთხელ და დასრულდეს 10 დღით ადრე, ვიდრე მეორე შესაფასებელი პერიოდი დაიწყება.

ანუ, 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება კანონი კლასის მინიჭების და საკლასო დანამატის შესახებ, მაგრამ საკლასო დანამატს მოხელე 2018 წლის ბოლომდე ვერ აიღებს?

დიახ. მიმდინარე წლის ივლისიდან, მომავალი წლის ბოლომდე, არსებული კანონმდებლობით, კლასი ვერც ერთ მოხელეს ვერ მიენიჭება. შესაბამისად, ვერ მიიღებენ საკლასო დანამატსაც. შეფასების სისტემა კი ამოქმედდება მომავალი წლის იანვრიდან, მაგრამ კლასების მინიჭება მომავალი წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება. თუმცა, შესაძლოა 6 თვეში ერთხელ მოხდეს მინიჭება. ჩვენ 2018 წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოხელე შევაფასოთ, მაგრამ ეს იქნება შიდა მოხმარებისთვის და არა კლასის მისანიჭებლად.

გამოდის, რომ არსებული დანამატი აღარ იქნება ივლისიდან და მოხელეებს შემოსავლები შეუმცირდებათ; თუ ხელფასების გაზრდა იგეგმება საკლასო დანამატის გაცემამდე?

ხელფასები როგორ იქნება, რა ფორმით ჯერ არ ვიცით, იმიტომ, რომ არ არის მიღებული ჯერ შესაბამისი დადგენილება თუ კანონი. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტულად რა კანონს მიიღებს საქართველოს მთავრობა. შესაძლოა ხელფასი გაიზარდოს კიდეც. როგორც იცით, ცენტრალურ და რეგიონულ უწყებებში ხელფასებს შორის სხვაობა ისედაც არის. იქ არის მაღალი შედარებით და აქ დაბალი.

იმ ინფორმაციით, რაც მე გამაჩნია, შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ არსებული დანამატი და პრემია არ იქნება. დანამატებთან დაკავშირებითაც ჯერ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და შემდეგ აჭარის მთავრობამ.

მოხელისთვის კლასის მინიჭება საჯარო სამსახურების რეფორმის ნაწილია?

დიახ. ეს არის რეფორმის ნაწილი და ევროკავშირის დირექტივაცაა. მაღალი დონის მოლაპარაკებებზეც იყო ეს საკითხები განხილული.  ყველაფერი მიმდინარე წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაიდო.

თქვენ, როგორც საჯარო მოხელე, როგორ შეაფასებთ ამ რეფორმას?

საჯარო მოხელის ჩამოყალიბებისთვის, პროფესიული თვალსაზრისით, ეს რეფორმა არის კარგი. აქ ჩადებულია ტრენინგები, გადამზადება… გარე თვალისთვისაც, დამკვირვებლებისთვისაც კარგია. რატომ? – იმიტომ, რომ ძალიან ნათლად და კონკრეტულადაა გაწერილი და გაიწერება ყველაფერი. მიმდინარე პროცესია, დადებითი და ევროკავშირის მოთხოვნებთან მაქსიმალურად დაახლოებული სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება. შესაძლოა მოხელემ მიიღოს დამაკმაყოფილებელი შეფასება, მაგრამ მისი გათავისუფლება არ ხდება. ადამიანური რესურსების მართვაზე ვინც არის პასუხისმგებელი საჯარო სამსახურებში, ისინი აფასებენ შედეგებს  – რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ მოხელემ დააკმაყოფილოს უწყებისა თუ ხელმძღვანელის მოთხოვნები.

შესაბამის დადგენილებებში აღნიშნულია, რომ მოხელეს შეაფასებს ხელმძღვანელი პირი, მაგრამ ამ ხელმძღვანელ პირებს ვინ შეაფასებს?

შეფასება არ ეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს [მინისტრი, მინისტრის მოადგილე] და ასევე არ ეხება არჩეულ პირებს. ამიტომ, მაგალითად, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე შეაფასებს ამა თუ იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვთქვათ. ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი მის დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეს. შეფასებაში აუცილებლად მონაწილეობს სამი პირი – ვინც უნდა შეფასდეს, მისი უშუალო ხელმძღვანელი და ადამიანის რესურსების მართვის სპეციალისტი.

ანუ, მინისტრი და მოადგილეები შეუფასებლები რჩებიან?

დიახ, იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. შეფასება ეხება ყველა დანარჩენს, ვინც არის საჯარო მოხელე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი კი მკაფიოდ განსაზღვრავს, თუ ვინ არის საჯარო მოხელე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com