მთავარი,სიახლეები

ახალი მეჩეთის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს იქნება

10.05.2017
ახალი მეჩეთის საბოლოო ვერსია მაისის ბოლოს იქნება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროექტი ჯერ დასრულებული არ არის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, მეჩეთის პროექტის რამდენიმე ვარიანტი  განიხილება. საბოლოო ვერსია კი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, მეჩეთის პროექტზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ.

„ფოტოზე რაც არის, იმაზე დახვეწილი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ განვიხილავთ პროექტის სხვა ვარიანტებსაც.  შესაძლებელია ბევრი ცვლილება შევიდეს, აქედან გამომდინარე, საბოლოო ვარიანტი ამ დროისთვის ჯერ არ არის წარმოდგენილი. მეჩეთის პროექტზე ქართველი, ირანელი და თურქი არქიტექტორები მუშაობენ“ – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

„არქიტექტორების ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი, როცა პროექტი დამტკიცდება. მანამდე, ვფიქრობ მნიშვნელობა არ აქვს მათი ვინაობის დასახელებას“ – გვეუბნება ტარიელ ნაკაიძე.

რამდენი თანხაა საჭირო ახალი პროექტის განასხორციელებლად, ამ ეტაპზე არც ეს ინფორამცია არის ცნობილი, რადგან ტარიელ ნაკაიძის თქმით, პროექტის ღირებულება ჯერ ბოლომდე დაანგარიშებული არ არის: „ბათუმში მშენებარე მეჩეთის პროექტი ორიგინალური იქნება და ის არ იქნება რომელიმე არსებული მეჩეთის ანალოგი. მშენებლობის ნებართვაზე კი ქალაქის მერიას მას შემდეგ მიმართავენ, როცა პროექტის საბოლოო ვერსია მზად იქნება“.

რა თანხა შეგროვდა მეჩეთის მშენებლობისთვის შემოწირულობის სახით, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა ტარიელ ნაკაიძის თქმით, შემოსული თანხა საკმარისი არ არის მშენებლობის განსახორციელებლად: „ამ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ დეტალურად, თუმცა ამ ეტაპისთვის მხოლოდ მიწის საფასურის გადახდას ვცდილობთ, მშენებლობისთვის კი საკმარისი არ იქნება. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, რადგან ახალი მეჩეთი 2 000 ადამიანზეა გათვლილი და მთლიანად 3 ათას კვ/მეტრზე უნდა განთავსდეს… შექმნილია კომისია, რომლის მიზანია მონიტორინგი გაუწიოს მეჩეთის მშენებლობას და საზოგადოების ჩართულობას. კომისიაში ნებისმიერი მრწამსის ადამიანს შეუძლია გაწევრიანება. ამ კომისიაში განსაკუთრებით მინდა ვიხილო ის ადამიანები, ვინც ახალი მეჩეთის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რადგან  ნახონ, თუ რა და როგორ კეთდება, საიდან მოდის დაფინანსება, ვინ აფინანსებს და თავიანთი  შეხედულებაც გამოხატონ მეჩეთის პროექტზე“.

ახალი მეჩეთი ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, 49 ნომერში შენდება.

ახალი მეჩეთის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

ახალი მეჩეთის პროექტის ერთ-ერთი ვერსია

ამავე თემაზე:

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა აღარ განიხილება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: