მთავარი,სიახლეები

ფარნავაზ მეფის #67 – რა აშენდება დანგრეული ისტორიული სახლის ნაცვლად

12.05.2017 • 2463
ფარნავაზ მეფის #67 – რა აშენდება დანგრეული ისტორიული სახლის ნაცვლად

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში ფარნავაზ მეფის #67-ში დანგრეული ისტორიული სახლის მეპატრონე ნონა ჯალაღანია ახალი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მას უკვე აქვს სახლის მშენებლობის ნებართვა, ხოლო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალურ საბჭოსთან შეთანხმებულია.

ახალი სახლის ასაშენებლად მეპატრონემ მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ძველი სახლი დაანგრია. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობდა.

„ 2015 წელს შეითანხმა ეს პროექტი სააგენტოს ზონალურმა საბჭომ. 2016 წლის დეკემბერში ისევ მოგვმართა მეპატრონემ ცვლილების შეთანხმებაზე, ცვლილება გულისხმობდა ერთი სართულის დამატებას, რაზეც 2017 წლის იანვარში ზონალურმა საბჭომ უარი უთხრა.“, – აცხადებს მირზა ცეცხლაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი.

პროექტის ავტორის, არქიტექტორ გია გაბაშვილის ინფორმაციით, ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე გათვალისწინებულია კომერციული ფართების მოწყობა, მეოთხე მეხუთე სართული სასტუმრო იქნება, ხოლო მეორე და მესამე სართულზე საცხოვრებელი ბინები, სადაც უკვე დანგრეული სახლის მეპატრონე და მისი ნათესავები იცხოვრებენ.

პროექტის მიხედვით, სახლს აქვს 120 კვ.მ შიდა ეზო, თუმცა არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. პროექტის ავტორის განმარტებით, სარდაფის მოწყობა პარკინგის ადგილისთვის გვერდით მდებარე სახლის უსაფრთხოების თვალსაზრისით არ იყო მიზანშეწონილი.

MONTAJ 2

გადაბეჭდვის წესი