მთავარი,სიახლეები

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

26.04.2017 • 3763
მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

 

400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა.

პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გამოსცა დადგენილება. გარდა ამისა, მენაშენემ მერიას უნდა წარუდგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის [k-2] გაზრდის თაობაზე.

ცვლილების პროექტის მიხედვით, სპეციალური შეთანხმების [ზონალური] გაცემის მოსაკრებლის ოდენობა არ გამოიანგარიშება ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად და ერთ კვადრატულ მეტრზე 400 ლარით განისაზღვრება.

ბათუმში ხშირია შემთხვევა, როცა მენაშენეები უკვე დამტკიცებულ პროექტს თვითნებურად ცვლიან და აშენებულ კორპუსებზე უკანონოდ ამატებენ სართულებს, ანუ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტს მერიასთან შეთანხმების გარეშე ზრდიან. ასე აშენებს დეველოპერი, მაგალითად, შეთანხმებული 12 სართულის ნაცვლად 15 სართულს.  გარდა ამისა, მენაშენე დარწმუნებულია, რომ სანებართვო პირობების დარღვევით აშენებულ რამდენიმე სართულს არ დაანგრევინებენ – ეს მიღებული პრაქტიკაა.

მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა. სამსახურში არ უარყოფენ, რომ მენაშენეები შეთანხმებულ პირობებს ხშირად არღვევენ. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ამ დარღვევებზე ადგენენ აქტებს, აკისრებენ საჯარიმო სანქციებს, რის შემდეგაც მენაშენე ხარვეზს ძირითადად არ ასწორებს [ჯარიმები იმდენად დაბალია, რომ მენაშენეებს ხშირ შემთხვევაში მისი გადახდა უღირთ – ავტ].

კანონმდებლობით, შემდეგ ეტაპზე რეაგირების ვალდებულება აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ აღმასრულებლის მიერ სანებართვო პირობების დარღვევით, ან სულაც უკანონოდ აშენებული შენობის დანგრევის არც ერთი შემთხვევა არ ახსენდებათ.

რაც შეეხება 2013 წლის დადგენილებას „ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ – ამ დადგენილებით წინა მოწვევის საკრებულომ ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩამდე და ამ ქუჩების სამხრეთით, ჭავჭავაძის ქუჩამდე ტერიტორიაზე მშენებლობისთვის მოსაკრებელი დააწესა. ზონირების წესების მიხედვით, ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივ-საქმიანი, მისი მცირე ნაწილი კი საცხოვრებელი ზონაა. რეგულაცია, რომელიც ბათუმის საკრებულომ მიიღო, ამ ზონაში დადგენილ ნორმებს გარეთ მშენებლობისთვის ორ გადასახადს ითვალისწინებს, რაც მშენებლობის მდებარეობის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე 315 ლარის, საცხოვრებელ ზონაში კი – 143 ლარის გადახდას ითვალისწინებს.

ბათუმის მერიის ინიციატივა ახალ ნორმად მას შემდეგ გადაიქცევა, თუ საკრებულო დაამტკიცებს ბათუმის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივას, „ზონალური მოსაკრებლის შემოღების თაობაზე 2013 წლის დადგენილებაში ცვლილების შესახებ“.

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: