სახლი, რომელსაც სული აქვს

ავტორი: ნათია ზოიძე

სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და თვალები უნათდებოდა. მივიპარებოდი სახლის ახლოს, ვარდების ბაღთან, გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა, თითქოს უფროსებმა ბლის ქურდობაზე წამასწრეს და ვიყურებოდი ფანჯრებისკენ, მაშინაც კი, როცა ხის მაღალ ფანჯრებს ხისავე დარაბები ფარავდა. ვუცქერდი მანამ, სანამ ცერებზე აწეულს მუხლები ამიკანკალდებოდა და კისერი მომეღრიცებოდა. ბაღიდან მხოლოდ ჭაღს ვხედავდი, რომელიც ჩვენი სახლისას არ ჰგავდა, ოქროსფერი იყო, მაგრამ არ ბზინავდა, ჭაღზე დაკიდული შუშის მძივები კი თითქოს მზეზე ელვარებდა, სხივებს ირეკლავდა და ამ სახლის ამბავი ჩემთან გამოჰქონდა.

ასე, თითის წვერებზე მდგარს, ბევრჯერ მიოცნებია კარი გაღებულიყო და დამენახა, როგორი იყო ეს მისტიური სახლი შიგნით? სად იდგა სასადილო მაგიდა? ვფიქრობდი, რომ ამ სახლის ინტერიერი, ალბათ, განსხვავდებოდა კორპუსის ბინის უინტერესო, ერთფეროვანი ოთახებისგან.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. იყო დრო, როცა ამ ქალაქში აღარ ვცხოვრობდი და სამი წლის წინ, ბათუმში რომ დავბრუნდი, სამსახურისკენ მიმავალმა სახლს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ისევ ჩავუარე. ხის კარები ლურჯად იყო შეღებილი, ყველა ჩუქურთმა ამოვიცანი. ჯერ მეხამუშა, შემდეგ შევეჩვიე. ახლა ჩემი სახლიც და სამსახურიც ამ ქუჩაზეა, ვაკვირდები და ვხედავ, რომ დარაბებს აღებენ და ხურავენ, აქ ისევ ცხოვრობენ, არც მიტოვებულია, არც გაყიდული და კორპუსის ასაშენებლად განწირული. ბაღიც ისევ ისაა, ხის ფანჯრებიც და დარაბებიც.

ეს ერთსართულიანი სახლი უკვე საუკუნეზე მეტი ხნისაა და ჩემთვის მისი კარი ახლა, ამ სტატიის მომზადების წინ გაიღო.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მასპინძელი ირა ლურჯ კარს აღებს. კიბით სიმაღლეზე ავდივარ. პირველ კულტურულ შოკს სადარბაზო და მისი ჭერი იწვევს, წიგნის ფურცლები რომ სიძველისგან გაყვითლდება, აი, ის ფერია. არა, მგონი მეშლება, უფრო მიმქრალი ცისფერი დომინირებს თუ მწვანე?! სადარბაზოს კედლებზე მომრგვალებულფორმებიანი ანგელოზებით წელიწადის ოთხი დროა გამოსახული. ირა, სახლის მფლობელი, კედელზე მხატვრის ხელწერის ამოცნობას, ალბათ, მეასედ ცდილობს. 1904 წელს აშენებულ სახლში უკვე მეხუთე თაობა ცხოვრობს. შედიხარ და თავს ხან ზემოთ ატრიალებ, ხან გვერდზე და ვერ იჯერებ, რომ ამ სახლში საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ, ერთფეროვან დიზაინს საერთოდ არ შემოუღწევია.

სახლში სამი საძინებელია, სამზარეულო, სასადილო ოთახი, სასტუმრო და დასასვენებელი ზონები. ეს უკანასკნელი ირას ახლახან შეუქმნია.

გათბობის სისტემა აქ 1904 წლიდან მოქმედებს. მაღალჭერიან დარბაზებში თეთრი ბუხრები ამაყად დგანან. ერთ-ერთ ბუხარზე თეთრი კერამიკის ფილები ისეა ასხმული, გეგონება, დედოფალს კაბა თერძმა ზედ ტანზე შეუკერაო. მეორე ბუხარზე ქალის ქანდაკებაა, ცივი, კმაყოფილი ღიმილით. ამ ფაიფურის ქალის ახალგაზრდობამ და სილამაზემ საუკუნეს გაუძლო. მესამე ბუხარს თავზე ჩამქრალი ოქროსფერი ჩუქურთმები ადგას.

მოხატული სადარბაზოდან ირას სასტუმრო დარბაზში შევყავარ. მუქ წითელ კედლებზე ნახატებია, ბუხრის თავზე – სარკე, ირა ინაიშვილის ბებიის მზითვი. ბუხრის გვერდით წიგნებია. თუ წიგნების მიხედვით ვიმსჯელებთ, ამ სახლში ხელოვნება იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ინტერესი. ირა ხელოვნებათმცოდნეა, მისი მამა, თემურ ინაიშვილი კი ინტერიერის პირველი დიზაინერი ყოფილა აჭარაში.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მეჩვენება, რომ მაქმანის ფარდებმა სასტუმრო დარბაზი მძიმე, ვიქტორიანული სტილისგან იხსნა. ინგლისური სტილის გავლენა იგრძნობა მოსასვენებელ კუთხეშიც. რბილი სამეული ირას მამას თავისი ხელით შეუქმნია. ჭაღი, რომლის ელვარება ბავშვობაში თვალს მჭრიდა, ჭერის ცენტრშია მიმაგრებული. ჭაღის ბრინჯაოს ღერძს წითელი ხავერდის ნაჭერი მიტმასნია და ათბობს.

ფორტეპიანო და ავეჯი მსუბუქი ჩუქურთმით, ირას ბაბუას, რევაზს, 1948 წელს ბერლინიდან ჩამოუტანია. სამხედრო ექიმი სამშობლოში სწორედ ამ დროს დაბრუნებულა. მისი ქალიშვილი, ეთერი, რომელიც მამის დაბრუნების დროს 7 წლის იყო, გვიყვება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნივთებიდან 1928 წლით დათარიღებული შავ, მკაცრ ყდაში ჩასმული მსოფლიო ატლასია. ის ახლა სიძველეშეპარულ საწერ მაგიდაზე ძველებურ ტორშერთან და საბეჭდ მანქანასთან ერთად დევს. წიგნების კარადის ფონზე ისეთი სიმყუდროვე და სიმშვიდეა, გინდა ჩამოჯდე და ყველა ნივთის ისტორიას ჩაუღრმავდე. კითხვები დასვა მანამ, სანამ მასპინძელს არ მობეზრდები.

საწერ მაგიდაზე ძველი გაზეთებიცაა, გაყვითლებულ ფურცლებზე ისტორიები ამ სახლისა და ადამიანების შესახებ, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და ახლაც აქ არიან. ვკითხულობ, რომ სახლი 1904 წელს აუშენებიათ და იგი სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა. 1921 წლის გასაბჭოების შემდეგ ვაჭარი გაუკულაკებიათ და სახლი თბილისელი ექიმისთვის, ზურაბ წერეთლისთვის გადაუციათ, რომელსაც ბათუმში საყოველთაო სიყვარული დაუმსახურებია. წერილის ავტორი წერეთლის თანამედროვეა და მას ასე აღწერს: „ის იყო შთამაგონებელი, ბლანჟე წვერით, თავზე ცილინდრით, ერთ ხელში – მინიატურული საკვოიაჟით, მეორეში – ლამაზი ტროსტით. ეს, როცა მოკლე მანძილზე ფეხით დადიოდა. ხშირად, ეტლით მგზავრობდა – ლამაზი სანახაობა იყო. ძირითადად შინ იღებდა ავადმყოფებს, თუ ხელმოკლე ბათუმელი იყო, მაშინ წამლებს უფასოდ აძლევდა“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

წერილის ავტორი უყურადღებოდ არც წერეთლის მეუღლეს ტოვებს. ქალბატონი მერი თურმე ოჯახური წვეულებების ორგანიზებით ყოფილა დაკავებული. 1950-იან წლებში ექიმი ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა, უკანასკნელ გზაზე თურმე მთელი ბათუმი მიაცილებდა. იგი თბილისში დაუკრძალავთ, შემდეგ კი სახლში ინაიშვილები დასახლებულან. გერმანიიდან ახლად ჩამოსული რევაზ ინაიშვილი აჭარის ჯანდაცვის მინისტრად დაუნიშნავთ.

ვიქექები ძველ გაზეთებში და ვხვდები, რომ ჟურნალისტების ინტერესი ამ სახლში მცხოვრებთ არც ერთ ეტაპზე არ აკლდათ. ერთ-ერთ ძველ გაზეთში ვკითხულობთ: „რევაზ ინაიშვილის სიტუაციიდან გამომდინარე, შეხვედრებს ამ სახლში უფრო კამერული ხასიათი ჰქონდა, იმართებოდა ვიწრო მეგობრული ვახშმები, საუბრები და ნარდი“, მაგრამ 70-იანი წლებიდან ინაიშვილების სახლი ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სალონად ქცეულა და ყოველ ღამე ფანჯრებიდან „ახალგაზრდული სიხალისე“ იღვრებოდა.

მერე წყვილი, თეთრად შეღებილი ხის კარი იღება მოცისფრო ბროლის სახელურებით, და სასადილო ოთახის სილურჯე, თეთრი თაღებით, თვალს მჭრის.

ლურჯ ოთახში, სასადილო მაგიდასთან, ირას დედა და მამიდა სხედან. ეს ოთახი მგონი ჩემი ფავორიტია. ლურჯი კედლები, თეთრი ბუხარი, თეთრი თაღები, ხის თეთრი, ინგლისური კარები, ბროლის ჭურჭელი ვერცხლის სინზე, შუშის საშაქრეში შაქრის ნატეხები მოსჩანს, ფეხებმორკალული ბუფეტის შუშებიდან კი ფაიფურის ჩაის სერვიზი, რომელიც რევაზ ინაიშვილმა სპეციალური შეკვეთით, ბერლინში დაამზადებინა. ამას ფაიფურზე დატანილი მონოგრამაც მოწმობს.

ირას დედა, ნანა, გულღია და მხიარული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, როცა წარსულზე ყვება, შენც სევდიანდები და ისიც. ამბობს, რომ ბათუმი ადრე სხვა იყო. „საოცარი იყო ეს ქუჩა, მატარებელი რომ ჩამოვიდოდა ბათუმში, ამდენი ხალხი, ბარგით, ქუჩაზე გამოეფინებოდა და სხვა მხიარულება და სიცოცხლე იგრძნობოდაო“ – ამბობს. ყველაზე მეტად გული იმაზე წყდება, რომ, მისი თქმით, ევროპაში ყველაზე ლამაზი რკინიგზის სადგური ამ ქუჩიდან სხვაგან გადაიტანეს. საუბარში ირას მამიდა, ეთერიც ერთვება, რომელსაც უხარია, რომ რკინიგზის ისტორიული შენობა, რომელშიც ახლა ბანკია განთავსებული, შეინარჩუნეს მაინც, მაგრამ დასძენს, რომ ბოლო მატარებლის წასვლის შემდეგ ამ ქუჩაზე სევდამ დაისადგურა, თითქოს ამის შემდეგ აღარ იღებოდა ხის ფანჯრები, საიდანაც საფქვავის ჭრაჭუნი ისმოდა და ახლად მოხალული ყავის მარცვლების სურნელი ეფინებოდა ქუჩას.

ვისმენ ამ ისტორიებს და თან თვალებს ვაცეცებ – არც ერთი ოთახი ამ სახლში არ მეორდება, მაგრამ ერთიანი სტილი არ ირღვევა. ლურჯი ოთახიდან შუშაბანდი მოჩანს. მომწვანო ფერი დაკრავს რკინის ჭედურ დარაბებს, რომელიც მაღალ შუშაბანდს ნახევრად ფარავს.

ხისფერ სამზარეულოში თაროზე ფაიფურის თეფშები ჩაუმწკრივებიათ. ლურჯ ფონზე წითელ-ყვითელი ვარდებით – ეს სამი თეფში, ირას ბებიის მზითევი, ისეთი ლამაზია, სუნთქვა მეკვრის.

მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მანანა ქველიაშვილის ფოტო
 ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ამ სახლში გრძნობ მთავარს. ეს ნივთები, მაგიდაზე, ბუფეტში, დაბალი კარადის თავზე, იმიტომ კი არ მიმობნეულან, რომ ძვირფასია, არა, ეს ძაფები საყვარელ ადამიანებთან, ერთგვარი ხიდია წარსულთან.

ვტოვებ სახლს, სადაც ახლა ირა, დედა და მამიდა ცხოვრობენ და კარს ვარდების ბაღში გამოვყავარ. ისევ იმ სუროაცოცებულ კედელთან ვდგები და ისევ ამ სახლზე ვფიქრობ, ოღონდ ეს სხვა ფიქრია. ჩანს, რომ ამ სახლში საუკუნის მანძილზე ბევრი რამ შეცვლილა, დაუმატებიათ, გადაუკეთებიათ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება ყველა ეპოქის ამოკითხვა. ეს სახლი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტერიერს ადამიანებზე უფრო მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე სიტყვებსა და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის მოგონებებია, რაც სახლის კედლებს ახსოვს. ახლა უფრო მესმის, რატომ ვერ დათმო აქაურობა ირამ, რატომ მიატოვა ყველაფერი დიდ ქალაქში და დაბრუნდა სახლში, რომელსაც სული აქვს.

 

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ 2017 წლის მარტის ნომერში. 

ევროპელი ექსპერტი: თურქეთი ბოსფორის სრუტის გაფართოებას გეგმავს

როი ეიედენი ბათუმის შავი ზღვისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენცია დღეს, 19 მაისს დასრულდა. მან თავის მოხსენებაში შავი ზღვის პორტებს შორის არსებულ პრობლემებსა და თურქეთის ხელისუფლების ამბიციურ ჩანაფიქრზე ისაუბრა ბოსფორის სრუტესთან დაკავშირებით. მისი თქმით თურქეთი ოცნებობს ბოსფორის სრუტე არხად გადააქციოს.

ბოსფორთან დაკავშირებული გეგმა მან გიჟურ იდეად შეაფასა: „თურქეთში ეს შესაძლებელია.“ როი ეიედენი სტამბოლში საზღვაო საკონსულტაციო კომპანიას „Maritime Advisory“-ს ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც რისკების ანალიზი და პორტებს შორის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

პორტებს შორის ურთიერთობების საკითხებსა და ბოსფორთან დაკავშირებულ გეგმებზე კონფერენციის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მან რამდენიმე კითხვაზე „ბათუმელებს“ უფრო ვრცლად უპასუხა.

როი ეიდენი
როი ეიედენი

ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებთანაა დაკავშირებული – იმდენი ტვირთი აღარ შემოდის. რეგიონში მზარდი კონკურენციაა: ირანს მოეხსნა სანქციები და მისი გზაც გაიხსნა. ამიტომ ის ტვირთი, რაც საქართველოს გავლით მიდიოდა, ახლა ირანის გავლით მიდის კასპიის ზღვის ქვეყნებში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაცემაზე, ეს არის ტენდენცია კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის – ეს არ ნიშნავს, რომ ის სულ უკან წავა. ამ მონაკვეთში ასე მოხდა. საქართველოს სტრატეგიული პოზიცია აქვს.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრეთ, საქართველოს ამ მხრივ მკვეთრად გამოხატული პრობლემები აქვს და გადამზიდავი კომპანიები ჩივიან ამაზე?

ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს. არის რაღაც, რაც დასახვეწია. თუ შევადარებთ სინგაპურისა და როტერდამის პორტებს გესმით ალბათ… მაგრამ ამ რეგიონში არსებულ პორტებთან მიმართებით ნორმალურია.

თქვენ ახსენეთ მეზობელი თურქეთის ბოსფორის სრუტესთან დაკავშირებულ გეგმაზე. თქვით, რომ თურქეთი გეგმავს ბოსფორის სრუტე არხად გადაქციოს, რა შეიცვლება, მაგალითად, საქართველოსთვის თუ ეს იდეა მართლაც განხორციელდა?

ბოსფორი ბუნებრივი კავშირშია ზღვებს შორის და, შესაბამისად, ნავიგაცია რთულია. დიდი გემები ვერ შედიან ბოსფორის სრუტეში. 2023 წლამდე აქვს ვადა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის ქვეყნებს ბოსფორზე თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. გარდა ამისა, ბისფორის სრუტე ძალიან გადატვირთულია. მე ვცხოვრობ ბოსფორის სრუტესთან და მოძრაობაა მუდმივად. თურქეთის მთავრობამ იფიქრა რა შეიძლება რომ გააკეთოს? – პირველ რიგში, ეს უნდა გახდეს უფრო უსაფრთხო, მოძრაობა და, რა თქმა უნდა, მომგებიანი უნდა იყოს. შეხედეთ გეოგრაფიას და სტამბულის დასავლეთ მხარეს, მართლაც შესაძლებელია, რომ გაითხაროს არხი.

ეს საკითხი – გარემო, გეოლოგია უკვე შესწავლილი გაქვთ?

საწყისი კოსულტაციები უკვე გავლილი გვაქვს. ჩემი აზრით, ეს მართლაც გიჟური პროექტია, დაახლოებით ისეთივე ტაჯმა-ჰალი რომ ააშენო. ეს იქნება არხული გვირაბი.

გეოლოგების მოსაზრებებს იცნობთ?

დიახ, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მიწისძვრებისთვის სენსიტიური ტერიტორია და ძალიან ბევრი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.

ეს შორეული პერსპექტივაა, ალბათ, არა?

თურქეთში არ არის ეს შორეული პერსპექტივა. თურქეთი ის ქვეყანაა… ათწლეული მაინც დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას, მაგრამ თურქეთში რაღაცეები უფრო ჩქარა კეთდება. მოკლე დროში დიდი გავლენა არ ექნება ამას შავი ზღვის პროექტების სტრუქტურაზე. თუ პროექტი განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ ბევრი დიდი გემი შემოვა ზღვაში. საქართველოს დრო აქვს, რომ მოემზადოს.

თქვენ აღნიშნეთ ისიც, რომ თურქეთისა და რუსეთის მთავრობების კვლავ დამეგობრება ბაზარზე შეცვლის სიტუაციას.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ვაჭრობა ყოველთვის იყო თურქეთსა და რუსეთს შორის, რუსეთსა და უკრაინას შორის. უფრო ტურიზმი იყო პრობლემა და არა ექსპორტის მოცულობა, რასაც ეს ქვეყნები ახორციებენ ერთმანეთს შორის. რუსეთიდან ტურიზმი დაეცა თურქეთში ძალიან.

მთავარ ფოტოზე: სტამბული. ფოტო: ევროპული პრესფოტო სააგენტო – EPA/SEDAT SUNA

როგორ შეიძლება გაატაროთ შაბათ-კვირა ბათუმში [აფიშა]

ამ შაბათ-კვირას, 19-20 მაისს ბათუმში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. გადახედეთ ქალაქის აფიშას, სად შეიძლება დროის საინტერესოდ გატარება. რამდენიმე ღონისძიებაზე დასწრება უფასოდაც შესაძლებელია.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight]

„ყარყატების თავგადასავალი“ – 12:00 და 16:30 – 7-9 ლარი

„როკ ძაღლი“ – 14:00 – 8-9 ლარი

„მეფე არტური“ – 19:00 – 9-10 ლარი

„უცხო“ – 22:00 – 10 ლარი

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა თეატრი[/highlight]

შაბათი, 20 მაისი – „წუნა და წრუწუნა“ – დასაწყისი: 13 საათზე.

კვირა, 21 მაისი – „რაპუნცელი“ – დასაწყისი: 13 საათზე.

ბილეთის ფასი: 4 ლარი.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოჩვენება თანამედროვე ხელოვნების სივრცეში[/highlight]

“კონფორმისტი” – ბერნანდო ბერტოლუჩის ფილმი ქართული თარგმანით.

დასწრება უფასოა.  დასაწყისი: 19:00

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]რა? სად? როდის?[/highlight]

შაბათს, 20 მაისს, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ინტელექტუალურ თამაშებზე დასწრება უფასოდ შეგიძლიათ. დასაწყისი: 16 საათზე.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ანსამბლ „ლილეს“ კონცერტი[/highlight]

21 მაისს, 16:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლილეს“ კონცერტი, კულტურის მრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

ანსამბლ „ლილეს“ წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. „ლილე“ არის მრავალი კონკურსის გამარჯვებული, რომელთაგან ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია ესპანეთის ხელოვნების საერთაშორისო კონკურს – ფესტივალი „Fiestalonia-Milenio”, სადაც „ლილემ“  გრან-პრი მოიპოვა.

დასწრება თავისუფალია.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო[/highlight]

შაბათს, 20 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში მომღერალ მამუკა ჩარკვიანს შეგიძლიათ მოუსმინოთ.

დასაწყისი: 19:00 საათზე. ბილეთის ფასი: 10-15 ლარი.

„აეროსმიტი“ ბათუმში ჩამოვიდა

19 მაისს, საღამოს ჯგუფი „აეროსმიტი“ ბათუმში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. ჯგუფის კონცერტი ხვალ, 20 მაისს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ჯგუფი ბათუმში დღეს სასტუმრო „შერატონში“ დარჩება.

საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას.

კონცერტის  შეკვეთილში, „ბლექ სი არენას“ დარბაზში ჩატარებისთვის, საქართველოს ბიუჯეტიდან 5,5 მილიონი ლარი იხარჯება. კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია.  ბილეთის ფასი 50-დან 400 ლარამდე იყო.

პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს

დღეს, 19 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტში“ „შშმ პირთა ის ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა.

პრეზენტაციაზე დაწვრილებით განიხილეს შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, პრობლემებური სიტუაციების აღმოფხვრის გზები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის როლი და სხვა.

პროექტი  აჭარაში მეორე წელია რაც ხორციელდება. ბათუმში ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 35 პირს შეადგენს, ხოლო ოქტომბრის ბოლომდე 60 ადამიანის დასაქმება იგეგმება, ამათგან 20 შშმ პირი ანაზღაურებად  სტაჟირებას გაივლის.

განათლების  განვითარებისა და და დასაქმების ცენტრის ბათუმის კონსულტანტის, ირმა ზოიძის თქმით, დამსაქმებელთა შორის არასამთავროებო ორგანიზაციები დომინირებს, ხოლო ის ორგანიზაციები, ვისაც უკვე აქვთ მიღებული თანამშრომლობის გამოცდილება, გახსნილნი არიან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.

„დამსაქმებელს უნდა გამოადგეს დასაქმებული და პირიქით  – ურთიერთსასარგებლო უნდა იყოს ეს თანამშრომლობა. მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც უკვე იცის რა პროფესიით იმუშავებს, დანარჩენებს კი სტაჟირების გავლის საშუალებას ვაძლევთ გამოცდილების მიღების მიზნით, რადგან თვითშეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაჟირების გავლა.

მაგალითად, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, საზღვაო აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა გადაწყვიტა ეცადა თავი ბუღალტერიაში და ახლა თვლის, რომ იპოვა ის პროფესია, რაც უნდა ესწავლა თავიდანვე.

შშმ პირებს ჩვენ ვუკავშირდებით ან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გვიკავშირდებიან, ამ მხრივ, პროექტის აქტიური პარტნიორია ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ – ამბობს ირმა ზოიძე.

მისივე თქმით, სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა მიახლოებით 60%-ს უდრის, რაც  ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და შშმ პირთა მიმართ სტიგმების გათვალისწინებით, არ არის ცუდი მაჩვენებელი.

შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე სხვადასხვა კომერციული მომსახურების ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირებისა და ლობირების პროგრამა საქართველოში ოთხ რეგიონში ხორციელდება: იმერეთში, კახეთში, თბილისსა და ბათუმში.

18596756_383590528708628_501583830_o

პროგრამის ფარგლებში ოთხი ძირითადი მიმართულება ფუნქციონირებს: ბავშვთა დაცვა, სამოქალაქო განვითარება, ბიზნესის და ეკონომიკის განვითარება, (რომლის ფარგლებში პროექტი ხშირად საგრანტო კონკურსები აცხადებს) და განათლება.

პროექტის ფარგლებში  იგეგმება 260 შშმ პირთა დასაქმება, 120 შშმ პირის ჩართვა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში და  დასაქმების ფორუმის ორგანიზება.

პროგრამა შშმ პირთა მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც აწარმოებს საქმიანობას. ამ კუთხით იგეგმება 20 ჟურნალისტის გადამზადება და  ჟურნალისტთა კონკურსის ორგანიზება.

პროგრამას ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასევე, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანიის საქართველოს კომიტეტი – „ოტავა 98“ ახორციელებს.

პროექტს ევროკავშირი აფინანსებს.

წარწერები თეთრ პერანგზე – „ბოლო ზარის“ ტრადიცია

19 მაისს საქართველოს სკოლების ნაწილში მე-12 კლასელები „ბოლო ზარს“ აღნიშნავენ. ფოტოები გადაღებულია ბათუმის #2 საჯარო სკოლის წინ.

გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო
გულნარა კაკაბაძის ფოტო

 

გენდერული თანასწორობა – „ქართული ოცნება“ შვიდ პარტიას შორის ბოლო ადგილზე

19 მაისს „დემოკრატიული სკოლის“ ბათუმის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ – პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის შეფასებაზე კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

NIMD- ის პროგრამების ხელმძღვანელის  სალომე მუხურაძის თქმით, კვლევის კრიტერიუმების თანახმად,  პარტიას უნდა ჰქონოდა გადალახული ერთპროცენტიანი ბარიერი 2016 წლის არჩევნებზე, ასევე, უნდა ყოფილიყო დარეგისტრირებული 2015 წლამდე. ეს კრიტერიუმები მხოლოდ შვიდმა პარტიამ დააკმაყოფილა.

კვლევის შედეგებით, გენდერული თანასწორობის ნიშნით შვიდი პარტიიდან „რესპუბლიკური პარტია“ ლიდერობს,  ხოლო ბოლო ადგილზეა „ქართული ოცნება“.

„რესპუბლიკელების“  შემდეგ, პარტიულ სიებსა და არჩეულ დეპუტატებს შორის ქალების ხვედრითი წილის გათვალისწინებით, მეორე ადგილზეა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც 52 პროცენტი  აქვს.

კვლევა შეეხებოდა შემდეგ პარტიებს:  „რესპუბლიკელები“, „ქართული ოცნება“, „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „გაერთიანებული დემოკრატები“, „ლეიბორისტები“ და  „ნაციონალური მოძრაობა“.

 

კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

კვლევის ინსტიტუციური კომპონენტი ითვალისწინებდა ქალების ხვედრით წილს პარტიების მმართველ ორგანოებში, პარტიაში ქალთა უფლებების ან გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ერთეულის არსებობას, ბიუჯეტში ამავე საკითხებისთვის გამოყოფილი თანხის ხვედრით წილს, საერთო  დანახარჯებთან მიმართებაში და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

სალომე მუხურაძის თქმით, ამ მიმართებითაც საუკეთესო შედეგი „რესპუბლიკურმა პარტიამ“ აჩვენა, რომელსაც 54 პროცენტი ჰქონდა, „ქართულმა ოცნებას“ კი –  2.1 პროცენტი.

პროგრამული კომპონენტი აფასებდა ორ გარემოებას – გენდერულ თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების არსებობას პარტიაში და პარტიულ პროგრამაში ამავე საკითხებისადმი დაფიქსირებულ პრიორიტეტებს.  სალომე მუხურაძის თქმით,  „რესპუბლიკელებმა“ ამ მიმართულებითაც  საუკეთესო შედეგი აჩვენეს – 88 პროცენტი, ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ კი ბოლო ადგილი გაიზიარა  – 12,5 პროცენტით.

20170519_131313

საერთო ინდექსით, საუკეთესო მდგომარეობა „რესპუბლიკურ პარტიაში“ დაფიქსირდა – 44.6 პროცენტით, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეორე-მესამე ადგილები  გადაინაწილეს.  ბოლო ადგილზე აღმოჩნდა „ქართული ოცნება“ – 17 პროცენტით, ხოლო „ლეიბორისტებმა“, „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ და „თავისუფალმა დემოკარტებმა“, მე-4, მე-5 და მე-6 ადგილები დაიკავეს.

NIMD-ის შეფასებით, კვლევამ აჩვენა, რომ პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირების კვლევა NIMD-მა უკვე მეორეჯერ ჩაატარა, პირველი 2014 წელს, მეორე კვლევა კი 2015-2016 წლებს მოიცავს.

 

 

„მეტრომ“ ბათუმში ახალი სასტუმრო გახსნა

კომპანია „მეტროს“ ახალ სასტუმროს SKY TOWER-ი ჰქვია. ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო 21-სართულიანია და მასში 101  ნომერია, 94 – სტანდარტული და 7 ლუქსი. სასტუმროს აქვს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი. გარდა ამისა,  SKY TOWER-ში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბი და სხვა ობიექტებია განთავსებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული.

სასტუმრო დღეს, 19 მაისს,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია „მეტროს“ დირექტორთან, რაულ კახიძესთან ერთად გახსნა.

სასტუმროს გახსნა
სასტუმროს გახსნა

პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.

„აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე არასდროს ამოდის. კიდევ ერთხელ ვთხოვ ბატონ ცოტნე ანანიძეს, ამოვიდეს და შეისწავლოს, მოგვისმინოს პატიმრებს და თუ ვიტყუებით, დადოს დასკვნა, რომ ვიტყუებით…“ – ვკითხულობთ პატიმრის წერილში.

ცოტნე ანანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პატიმრების წერილი უკვე წაიკითხა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილება არ აქვთ. დეპუტატი ირწმუნება, რომ სპეციალური ნებართვის მისაღებად, რამდენიმე დღის წინ უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა.

„ველოდები, როგორც კი ნებართვას მივიღებ, შევალ და ვნახავ პატიმრებს. ჩვენ ამ პატიმრებისგან აქამდეც მიგვიღია წერილი და სრული დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ პატიმრებს, ვისაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აქვთ პრეტენზია, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

რა ბერკეტები აქვს უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს რეალურად გაარკვიოს სიტუაცია და მოახდინოს რეაგირება დარღვევის არსებობის შემთხვევაში – ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის მიღების უფლება აქვს: „უმაღლესი საბჭოს წევრებს უნდა გვქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებამოსილება. ამის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის საბჭომ მოამზადა და პარლამენტს მიმართა, თუმცა ჯერ ეს არ განუხილავთ. როდის განიხილება, არ ვიცი“.

ციხიდან გამოგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი კახა მეცხვარიშვილია, რომელიც ხშირად უჩივის სამედიცინო პერსონალს. სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა გასული წლის ბოლოს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ კონკრეტულად კახა მეცხვარიშვილთან მიმართებით უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადასტურა და ერთ-ერთ ექიმს პროფესიული ლიცენზია შეუჩერა. ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გვითხრა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცის.

„უკვე მთავარი ექიმიც უდარდელად ზის. იცის, საჩივრებს ძალა აღარ აქვს…“ – ასე სრულდება ციხიდან გამოგზავნილი წერილი.

ენმ-ს ბრიფინგი პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან

19 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო უკანონოდ უწყვეტს საარსებო შემწეობას, „მაშინ როცა მთავრობის წევრები თვეში ათასობით ლარის ხელფასსა და პრემიას იღებენ“.

„ჩვენ გამოვითხოვეთ 2016 წლის დეკემბრიდან ოთხი თვის ხელფასი, დანამატი და პრემია ხუთი უწყებიდან – აჭარის მთავრობის აპარატიდან და სამინისტროებიდან. ამ ოთხი თვის განმავლობაში დახარჯულია  860 297 ლარი დანამატის სახით, პრემიის სახით კი – 657 786 ლარი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე აცხადებდა, რომ პრემიები აღარ გაიცემოდა საჯარო უწყებებში, თუმცა ფაქტი არის სხვა,“ -ამბობს რეზო ხარაზი.

მისივე თქმით, ზურაბ პატარაძეს პრემია არ აუღია, თუმცა „ხელფასის ოდენობის დანამატი აქვს აღებული“.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ მსგავსი აქცია გაგრძელდება და პარტია სოციალურად დაუცველ ოჯახებს გააცნობს, თუ რაში იხარჯება მათი ფული. შემდეგი, მსგავსი აქციის გამართვას ენმ ქობულეთში გეგმავს, შემდეგ კი – დანარჩენ მუნიციპალიტეტებში.

ამავე თემაზე:

პრემიის სახით ყველაზე მეტი თანხა აჭარის მთავრობის აპარატში გაიცა, ყველაზე ნაკლები – ტურიზმის დეპარტამენტში

ბათუმის საკრებულო საზოგადოებას სამწლიანი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარუდგენს

ბათუმის საკრებულო თავისი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს მოსახლეობას, 22 მაისს, 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარუდგენს.

მისამართი: ბათუმი, ლადო ასათიანის ქუჩა, N. 25.

შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი.

საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, თენგიზ აფხაზავა, საკრებულოს ზოგად საქმიანობასა და კომისიების ანგარიშებს მიმოიხილავს.

საკრებულოს ფრაქციები კი, მათ მიერ გაწეულ საქმიანობასა და ინიცირებულ საკითხებს წარმოადგენენ.

აღნიშნულ ანგარიშს საკრებულოს წევრების გარდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრებიან. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ საკუთარი აზრი გამოთქვან საკრებულოსა და ფრაქციების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, კითხვები დაუსვან არჩეული თანამდებობის პირებს და მიიღონ პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ.

აღნიშნულ ღონისძიებას ქალაქ ბათუმის საკრებულო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

„თანხის გამოძალვის ოთახი“ ღამის კლუბში

ერთი ბოთლი არაყი, ერთი ბოთლი შამპანური, ლუდი, ხილის ასორტი და კოქტეილი – ეს არის იმ შეკვეთის ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ღამის კლუბ „ვოგში“ მისულმა ორმა ტურისტმა და მათმა თანმხლებმა კიდევ ორმა პირმა შეუკვეთა. ტურისტები ვარაუდობდნენ, რომ ამ შეკვეთაში 800 ლარს გადაიხდიდნენ, მაგრამ „ვოგის“ ადმინისტრაციამ მათ 9 800 ლარი მოსთხოვა. იმავე საღამოს კიდევ ოთხ სტუმარს „ვოგში“ შეკვეთის ანგარიში – 17 500 ლარი მიუტანეს. ორივე შემთხვევაში სტუმრები აპროტესტებდნენ თანხის ოდენობას, მაგრამ მათ გადახდა მაინც მოუწიათ – კლუბში ისინი ჯერ სცემეს, შემდეგ კი საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა, მათთვის წართმეული ბანკის ბარათების გამოყენებით.

შემთხვევა პირველი

ეს, ერთი შეხედვით დაუჯერებელი ფაქტები, ბათუმში მოხდა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის, საკონსტიტუციო სასამართლოს და ბულვარის პოლიციის განყოფილებასთან ახლოს მდებარე ღამის კლუბ „ვოგში“, სადაც ჯერ ორ ტურისტს სცემეს და 9 800 ლარი გამოსძალეს, შემდეგ კი ოთხ ტურისტს გაუსწორდნენ იმავე ფორმით. ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქე იყო. ეს ფაქტიც, სხვა მსგავსი შემთხვევების მსგავსად, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა, იმავე ღამეს ორ დაზარალებულ ტურისტს რომ არ გაებედა ქუჩაში შემხვედრი საპატრულო პოლიციის მანქანის გაჩერება და მათთვის „ბათუმური სტუმართმოყვარეობის“ გამოცდილების დეტალურად გაზიარება.

სარფიდან ღამის კლუბში

35 წლის მ.ჰ. და 30 წლის ი.ო. „ვოგში“, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული ღამის კლუბია, ორმა ახალგაზრდა ქალმა მიიყვანა. ოფიციალური ვერსიით, მამაკაცებს სარფში, საბაჟოს გადმოკვეთისთანავე შეხვდა ორი ახალგაზრდა ქალი და ბათუმისკენ დამგზავრება სთხოვა. გზაზე მამაკაცებმა ქალებს ჰკითხეს, ხომ არ იცოდნენ იაფფასიანი სასტუმრო, ისინი ღამის გასათევს ეძებდნენ. თურქულად მოსაუბრე ქალები მათ დაჰპირდნენ, რომ მიიყვანდნენ 30-ლარიან სასტუმროში. მიყვანით კი, ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, „ვოგში“ მიიყვანეს. ისინი ამ ღამის კლუბის „კლიენტის მოზიდვის მენეჯერები“ აღმოჩნდნენ.

სუფრას ახალგაცნობილები ერთად მიუსხდნენ, მამაკაცებისგან განსხვავებით ქალებმა მიმტანს კოქტეილებიც შეუკვეთეს, მას შემდეგ კი, რაც ანგარიშის მოთხოვნით ერთ-ერთი კლიენტი ბართან მივიდა და ჩეკში ჩაწერილი თანხის გაპროტესტება ხმამაღლა დაიწყო, მათ მაგიდასთან მსხდომი ქალები გაუჩინარდნენ.

ოფიციალური ვერსიით, ამ ამბის გაგრძელება ის არის, რომ ორივე მამაკაცი შეიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც სცემეს და გაუპატიურების მუქარით გაშიშვლება დაუწყეს. მოძალადეები ტურისტებისგან ითხოვდნენ საბანკო ბარათებსა და პაროლებს.

ერთ-ერთ დაზარალებულს გული წაუვიდა. მოსულიერების შემდეგ მან თავისი საბანკო ბარათებიც მისცა მოძალადეებს და პაროლებიც. მას შემდეგ, რაც ოთახში გამოკეტილი ტურისტების საბანკო ანგარიშები პირწმინდად გაასუფთავეს, ნაცემი კლიენტები „ვოგიდან“ გამოაძევეს.

საქმის მასალების მიხედვით, სწორედ ამ ტურისტებმა უამბეს საპატრულო პოლიციას მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ.

მეორე შემთხვევა

ვიდრე აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაზარალებულებს კითხავდნენ, „ვოგში“ კლიენტის მოზიდვის სხვა მენეჯერმა ქალებმა ამჯერად ოთხი ტურისტი მიიყვანეს. ოფიციალური ვერსიით, პოლიციამ ამ ორი ტურისტის გამოკითხვისთანავე დაგეგმა კლუბში ოპერაცია. „ვოგში“ მისული სამართალდამცავები კი თავად გახდნენ თვითმხილველები – ეგრეთ წოდებული დირექტორის ოთახში ახლა სულ სხვა, ოთხ მამაკაცს სცემდნენ (დაზარალებულად ცნობილების ასაკი: 33 წელი, 35 წელი, 47 წელი, 35 წელი და 33 წელი).

მსხვერპლი ამჯერადაც თურქეთის მოქალაქეები იყვნენ. რაც შეეხება კლიენტის მოზიდვის მენეჯერებს – პირველ შემთხვევაში ისინი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, ხოლო მეორე შემთხვევაში – ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, მეორე – უზბეკეთის.

პოლიციამ 27 თებერვლის ღამეს ოთხი მამაკაცი დააკავა – მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქე. ამ საქმეში ჩართული ადვოკატები ამბობენ, რომ საქმის მასალებში კლიენტის მოზიდვის მენეჯერების შესახებ არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები. ისინი საქმეში, უბრალოდ, არ არსებობენ.

„ვოგის“ დაცვა

„ვოგს“, ისე როგორც სხვა ღამის კლუბებს, დაცვა იცავს. ამ კლუბში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე შპს „მგლების~ თანამშროლებს უნდა ეზრუნათ. ზოგადი განაწესით დაცვის თანამშრომლები ვალდებულნი არიან ღამის კლუბებში ნებისმიერი არეულობა აღკვეთონ, თუმცა ამ შემთხვევაში რა ვალდებულებები ჰქონდათ „ვოგის“ დაცვის თანამშრომლებს, „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია. ეს დაწესებულება ამ დროისთვის დალუქულია, ლუქი დაწესებულების კარებზე ფაქტის გამოვლენიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ გაჩნდა.

ასეა თუ ისე, დაცვის თანამშრომლებს არაფერი გაუკეთებიათ იმის შესაჩერებლად, რაც კლუბში, დირექტორის კაბინეტში ხდებოდა. ადვოკატების მტკიცებით, სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეტყობინება მათ არც შს სამინისტროს ცხელი ხაზისთვის მიუწოდებიათ.

ღამის კლუბი „ვოგი“
ღამის კლუბი „ვოგი“

რა უთხრა ადვოკატს კლიენტმა პოლიციელების შესახებ

27 თებერვლის ღამის ძალადობისთვის შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ოთხი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი საქართველოს, ხოლო სამი – თურქეთის მოქალაქეა. ერთ-ერთი დაკავებულის, 24 წლის ბ.ე-ს ადვოკატი ზაზა პაპიძე „ბათუმელებს~ მოუყვა, რაც საპყრობილეში თავის კლიენტთან შეხვედრის შემდეგ გაიგო.

ზაზა პაპიძე: „ჩემი კლიენტი ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს. ის მიმტანად მუშაობდა ღამის კლუბში. მან ჩემთან დაადასტურა ძალადობის ფაქტი, მაგრამ მითხრა, რომ ამაში თავად არ მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ კლუბის მეპატრონის ძმასთან ერთად მოქალაქეებს ფულს სისტემატურად სწორედ დაცვის თანამშრომლები სძალავდნენ. ჩემი კლიენტი კონკრეტულად ორ პირზე საუბრობს – გ. ჩიჩუასა და ვ. გაბეჩავაზე. ჩემი კლიენტი ამბობს, რომ „ვოგში“ სისტემატურად ჰქონდა ადგილი მსგავს გამოძალვებს. გარდა ამისა, მან დაასახელა ბულვარის პოლიციელების ვინაობაც, ის ბულვარის პოლიციის განყოფილების ორ პოლიციელზე მიუთითებს – თ.მ-ზე და ს.ბ-ზე“ (ადვოკატი ასახელებს როგორც დაცვის თანამშრომლების, ისე პოლიციელების სახელებსა და გვარებს, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ არის დადასტურებული, „ბათუმელები“ მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს – ავტ).

ზაზა პაპიძე ამბობს, რომ თავისი კლიენტის ნათქვამის დასადასტურებლად ის სხვა მოწმეებსაც შეხვდა. ერთ-ერთი მათგანი არის უზბეკეთის მოქალაქე, რომელიც ზაზა პაპიძის კლიენტთან მეგობრობდა. „ამ ქალმა ზუსტად ის მითხრა, რაც საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა ჩემმა კლიენტმა – თანხის გამოძალვას და ბულვარის პოლიციის განყოფილების პოლიციელებისთვის ფულის გაყოფას ვგულისხმობ. შევუთანხმდი ამ ქალს, რომ თარჯიმანთან ერთად მივიდოდი და ოფიციალურად დავკითხავდი. ის დამთანხმდა, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც მივედი მოწმესთან გამოსაკითხად, იქ ოთხი პოლიციელი დამხვდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა.

ზაზა პაპიძე ამბობს, რომ მას პოლიციელებმა არ მისცეს ქალის დაკითხვის უფლება. „განსაკუთრებით აგრესიული იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი. ის მომმართავდა ისეთი სიტყვებით, როგორიც არის „დაახვიე აქედან“, „ვერ მიიღებ შენ ამ ჩვენებას“, ანუ ვაჟა ბურკენაძემ პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელი შემიშალა“.

ადვოკატის თქმით, პოლიციელი მას შეურაცხმყოფელი და ქურდული მენტალიტეტის მქონე პირების ლექსიკით ესაუბრა.

მას შემდეგ, რაც ადვოკატმა თავისი უფლებების დაცვის მიზნით პოლიციელებს პროკურატურაში უჩივლა, პოლიციელებმა ადვოკატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყეს მოკვლევა.
ზაზა პაპიძე: „მოწმეს ჩემ წინააღმდეგ განცხადება დააწერინეს, თითქოს მე მის სახლში შევიჭერი, მქონდა ძალადობის მცდელობა და ასევე თითქოს მოწმის მოსყიდვას ვაპირებდი. ამის შესახებ 8 მარტს მითხრეს გონიოს პოლიციაში, როცა გამოკითხვაზე დამიბარეს. მე მოვითხოვე, რომ დასაკითხად სასამართლოში გამომიძახონ. არ ვენდობი პოლიციას“.

კლიენტის მოზიდვის მენეჯერები

სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელებმა“ ღამის კლუბ „ვოგის“ კლიენტის მოზიდვის რამდენიმე მენეჯერის საკონტაქტო მონაცემები დაადგინა. არც ერთმა მათგანმა არ ისურვა „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა მოხდა 27 თებერვლის ღამეს, როცა კლუბში ტურისტებს სცემეს.

როგორც ამ საქმეში ჩართული სხვა ადვოკატებიც ამბობენ, კლიენტის მოზიდვის მენეჯერების შესახებ საქმის მასალებში არაფერი წერია. ასევე ადვოკატების ვარაუდით, ამ პროფესიის ადამიანები ძირითადად ხელშეუხებლობით სარგებლობენ, რადგან მათ პოლიცია იყენებს საკუთარი მიზნებისთვის, მათ შორის ხშირად მოწმის სტატუსით იძახებენ სასამართლოში.

კლიენტის მოზიდვის მენეჯერთაგან ორმა „ბათუმელებს“ იმის შესახებ უთხრა, რომ ისინი დაკავებულების მეუღლეები არიან.

რაც შეეხება დაზარალებულებს, ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. სატელეფონო კონტაქტი კი მათთან ვერ მოხერხდა.

გამოძალვის სხვა შემთხვევები

სტუმრად ჩამოსულ უცხოელებს, ძირითადად, თურქეთის მოქალაქეებს, ბათუმში ფულს რომ სძალავენ ძალადობის გზით, ეს „ბათუმელების“ მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციითაც დასტურდება. ასე, მაგალითად, ახლახან გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ე.ფ. 2015 წელს ხელვაჩაურის სასამართლომ იდენტური ბრალდებით გაასამართლა, ის 4 000 ლარით დააჯარიმეს. სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია, რომ ღამის კლუბში მისულ სატრანზიტო მანქანების მძღოლებს სცემეს.

ე.ფ. და მისი კოლეგები ღამის კლუბიდან გონიოში, ღამის კლუბ „დედიკო დუში“-ში შესულ ყაზახეთის მოქალაქეს 2 800 დოლარის გადახდას სთხოვდნენ, ამ ღამის კლუბის მიერ შეთავაზებული სერვისის სანაცვლოდ.

ქუთაისში იმავე პირებს სასამართლომ ბრალი დაუმძიმა, ხოლო პირადად ე.ფ-ს ორი წლით აღუკვეთა თავისუფლება.

ამ ძალადობაშიც, ისე როგორც 27 თებერვლის ღამეს, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. დაცვამ არც ამ შემთხვევაში აღკვეთა სავარაუდო უწესრიგობა, ხოლო ადგილზე მისულმა პოლიციელებმა არასათანადოდ შეაგროვეს მტკიცებულებები.

27 თებერვალს დაკავებულებს თავდაპირველად ბრალი სამი მუხლით ჰქონდათ წაყენებული. ერთ-ერთი იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთა (143-ე მუხლი), ასევე 181-ე მუხლით (გამოძალვა) და 178-ე მუხლით (ძარცვა). სასამართლომ 143-ე მუხლი ბრალდებულებს უკვე მოუხსნა, რადგან ჩათვალა, რომ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას „ვოგში“ ადგილი არ ჰქონია.

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელები“ მარტის ნომერში. 

სად მოაწყობს საპიკნიკე ადგილებს ეკონომიკის სამინისტრო აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. 6 ობიექტის დოკუმენტაციის შედგენაში კი, მაქსიმუმ 33 ათას 898 ლარს გადაიხდის.

აჭარაში დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები მოეწყობა შემდეგ პუნქტებში:

[checklist]

  • სოფელი ბუკნარი – სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ორივე მხარეს;
  • ბათუმი, მახინჯაურის დასახლება – სარკინიგზო გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დანდალო – დანდალოს ხიდის მიმდებარედ;
  • ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი დოლოგანი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი სახალვაშო – ბელვედერი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სადგური;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე – საავტომობილო გზის მიმდებარედ.

[/checklist]

სამინისტროს ინფორმაციით, სარეკრეაციო ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს მცირე მოცულობის სავაჭრო ობიექტით, დასასვენებელი სივრცით [ღია და დახურული], კარვების განთავსების ადგილით [სამინისტროსთან შეთანხმებით], სველი წერტილებით, საშხაპე კაბინით, სანაგვე ურნებით, გარე განათებით, ავტო და ველოსიპედის პარკინგით, ტურისტულ-საინფორმაციო მარშრუტების სქემების განთავსებით, ელექტროხელსაწყოების დატენვის მოწყობილობებითა და ტერიტორიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის სხვა საჭირო მოწყობილობებით [რაც უნდა შეთანხმდეს წინასწარ სამინისტროსთან], თუ შესაძლებელია ასევე WIFI-ით.

ამასთან, სოფელ ბუკნარში, საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს დასაგეგმარებელი დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კემპინგის მოწყობის საკითხი.

საპიკნიკე ადგილების მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა 2017 წელს აჭარაში „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის“ მიზნით დაიგეგმა. თავდაპირველად საუბარი იყო, რომ 8 ობიექტის პროექტი მომზადებულიყო, თუმცა სამინისტრომ ტენდერი 6 ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება.

„გონიოს ციხის მიმდებარედ ვგეგმავდით ანალოგიური ადგილის მოწყობას, თუმცა იქ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს აქვს თავისი პროექტი და ის მოაწყობს ასეთ ადგილს. ასევე გვინდოდა სარფში, მაგრამ მიწის ნაკვეთის გამოყოფის კუთხით შეიქმნა ტექნიკური პრობლემა და სარფის, ასევე შუახევის [ერთი ან ორი] საპიკნიკე ადგილის პროექტების შეძენა მეორე ეტაპზე მოხდება და ის მწვანე ტბის პროექტს მიებმება“ – გვითხრა ნუგზარ ძნელაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შესყიდვის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე. სამინისტროში ფიქრობენ, რომ კარკვეული ადგილების მოწყობა შესაძლოა შემოდგომისთვის დასრულდეს, ნაწილი კი მომავალ წელს. სამინისტრო აპირებს სამომავლოდ დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილები იჯარით გასცეს – პირობით, რომ ზოგიერთი სერვისი იქნება უფასო, ზოგიერთი კი – ფასიანი.

დასასვენებელი-საპიკნიკე ადგილების მაკეტები:
ბუკნარი
ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან

მახინჯაურიდანდალოდოლოგანისახალვაშოერგე

 

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც „11-12 მარტის აქციის საქმეს“ განიხილავს

„11-12 მარტის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს დღეს, 19 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულებს  ბრალის არსს გააცნობს და ჰკითხავს – ცნობს თუ არა რომელიმე მათგანი თავს დამნაშავედ. თამარ ბეჟანიშვილი ასევე განუმარტავს ბრალდებულებს, რა სასჯელი ელოდება თითოეულ მათგანს, ბრალის დადასტურების შემთხვევაში.

ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ 8 პირის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. მან არსებითი განხილვის პირველი სხდომა 17 მაისს გამართა. საქმე სულ 16 ტომს მოიცავს და 301 მოწმეა დასაკითხი. ჯერ არც ერთი მოწმე ამ საქმეზე არ დაკითხულა. ბრალდებულ 19 პირს მასობრივი ძალადობის მოწყობას, ასევე პოლიციელებისადმი თავდასხმას ედავება გამოძიება.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ კიდევ ორი ბრალდებული არასრულწლოვანია. მათ შემთხვევას დახურულ სხდომაზე განიხილავს სასამართლო. კიდევ ორ ბრალდებულს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას კი, მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად. მათი საქმის განხილვა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია.

თამარ ბეჟანიშვილი
თამარ ბეჟანიშვილი

ბათუმში, ტაოს ქუჩის მცხოვრებლები „ელექტროსისტემის“ სამუშაოებს ისევ აპროტესტებენ

ბათუმში, ტაოს ქუჩაზე, მოსახლეობა „საქართველოს ელექტროსისტემის“ მიერ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს. ტაოს ქუჩაზე მცხოვრები რომან ზაქარაძის თქმით, მათი პროტესტის მიზეზი კომპანიის დამოკიდებულებაა, რომელსაც მათ საკუთრებაზე, მათთან შეთანხმების გარეშე გაჰყავს ელექტროგადამცემი ხაზები. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ხელვაჩაურის პოლიცია.

„მოსული არიან ქსელებიდან და ძალით გაყავთ. თანხაზე მოლაპარაკება არ არის, იხდიან ძალიან ცოტას და პოლიციის ძალით გაჰყავთ. კერძო საკუთრებებში არიან შემოსული. ექსპოპრიაციის წესით ჩამორთმეული არისო. ახლა შეკრებილი ვართ და არ ვუშვებთ. თუ მოლაპარაკება არ მოხდა, ცუდად წავა საქმე, იმიტომ, რომ ამაზე მეტი ჩვენ არაფერი დაგვრჩა, ეს არის ჩვენი ბოლო წვეთი. ტაოს ქუჩაზე 14-მდე ოჯახს ეხება ეს საკითხი“ – ამბობს რომან ზაქარაძე.

„საქართველოს ელექტროსისტემაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ხაზების   გაჭიმვა და კომპანია პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებას აწარმოებას მოსახლეობასთან.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

ქსელის მშენებლობას საპროტესტო აქციები მოჰყვა მთელს აჭარაში. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ძირითადად კომპენსაციის თანხაა, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ „ელექტროსისტემა“ მათ მცირე თანხას უხდით მიწის დათმობის და გამოყენების შეზღუდვის სანაცვლოდ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ელექტროსისტემას“ აჭარაში 15 მოსახლის კერძო საკუთრების ექსპროპრიაციის წესით [საკუთრების ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე] გამოყენების უფლება მისცა.

ამავე თემაზე: 

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

 

ამინდი შაბათ-კვირას – ბათუმში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 20-23 მაისს არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იწვიმებს.

„დღეს და მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ხვალ, 20 მაისს, დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია ზოგან ძლიერი წვიმა, ზღვაზე 2-4 ბალიანი შტორმი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით 8-13, დღისით 15-20 გრადუსი. მთაში – ღამით 3-8, დღისით 12-17 გრადუსი. 22 მაისს გამოიდარებს, მაგრამ 23 მაისს კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის სინოპტიკოსმა მარინე ქათამაძემ.

რა შეცვალა ეკონომიკის სამინისტრომ 5 მილიონის მითვისების შემდეგ

„ჩვენ შევცვალეთ საწარმოების წესდება გახმაურებული საქმის შემდეგ“, – ამბობს პაატა ბერიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი. საუბარია შპს-ებზე, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა წილებს ფლობს. „გახმაურებული საქმე“ კი ირაკლი ცეცხლაძეს უკავშირდება, „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილ დირექტორს, რომელმაც 5 მილიონი ლარის მითვისება მოახერხა. 

სახელმწიფო შპს-ებში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, შპს-ს დირექტორს აღარ ექნება უფლება ხელზე გამოიტანოს ბანკიდან თანხა. „ბანკებს, სადაც ამ შპს-ებს აქვთ გახსნილი ანგარიშები, გავუგზავნეთ ეს წესდებები. ბანკებს აღარ ექნებათ უფლება, ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით მოემსახურონ საზოგადოების ხელმძღვანელს. ასევე გადარიცხვის დროს დირექტორს დასჭირდება ბუღალტრის ხელმოწერაც,“ – განმარტა პაატა ბერიძემ.

კონტროლის  რა მექანიზმი არსებობს უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში? – საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსის თქმით, რეგულაცია აქაც გამკაცრდა და სპეციალური დოკუმენტაციის წარგენის გარეშე ვერც ფულის გადარიცხვას მოახერხებს შპს-ს ხელმძღვანელი. პაატა ბერიძემ ვერ დაგვიზუსტა, რა არის ეს კონკრეტული მექანიზმი და არამიზნობრივად გადარიცხვის შემთხვევაში, როდის შეიტყობს სამინისტრო ამის შესახებ.

„სრული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მან ბანკში, შესაბამისად, ყველა გადარიცხვას ახლავს დასაბუთება. შეუძლებელია ამდენი დოკუმენტი ვინმემ გააყალბოს, მაშინ სპეცოპერაცია უნდა მოეწყოს….“, – გვითხრა პაატა ბერიძემ.

კონტროლის რა მექანიზმი არსებობდა აქამდე იმისთვის, რომ სახელმწიფო შპს-ს ხელმძღვანელს სახელმწიფოს ფული არ მიესაკუთრებინა, ამ კუთხით პაატა ბერიძემ მხოლოდ ის გვითხრა,  რომ აქამდე რა ხდებოდა, ინფორმაციას არ ფლობს.

პაატა ბერიძე საწარმოთა მართვის განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა.

რატომ დაჭაობდა არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია

ბათუმში, არდაგანის ტბა, სადაც მოცეკვავე შადრევანია მოწყობილი და აქამდე მიიჩნეოდა, რომ ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ადგილი იყო, ფაქტობრივად, დაჭაობებულია. ტბის ირგვლივ მძაფრი სუნი და ნაგავი ტბაში რამდენიმე თვეა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუ 6 მაისის პარკში, ასე თუ ისე ნურიგელის ტბას უშველეს, რომელსაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, არდაგანის ტბას ამ დრომდე არავინ პატრონობს.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ტერიტორია მათ დაქვემდებარებაში არ არის და „სხვის საკუთრებაში ვერ ჩაერევიან“, თუმცა იციან, რომ ტბის გაწმენდაზე ტენდერია გამოცხადებული. ეს „სხვა“ კი ამ შემთხვევაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, უფრო ზუსტად, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ბათუმის ბულვარი“. არდაგანის ტბაზე ზრუნვა ბულვარის ადმინისტრაციის უშუალო მოვალეობაა.

ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში „ბულვარმა“ გააკეთა იყო ის, რომ თითქმის ტურისტული სეზონის დაწყების წინ, 5 მაისს, გამოაცხადა ტენდერი ტბის გაწმენდითი სამუშაოების შესყიდვაზე. ეს ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

189 ათას 810 ლარზე გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი კომპანია – „მარეთი 777“ მონაწილეობდა, რომელმაც ბულვარს ტბის გაწმენდა 160 ათას 7 ლარად შესთავაზა. კომპანიას ბულვარის სატენდერო კომისიამ გუშინ, 17 მაისს, დისკვალიფიკაცია მისცა. შესაბამისად, ტბის გაწმენდა ბულვარმა შესაძლოა ივლისამდეც ვერ მოახერხოს.

დისკვალიფიკაციის მიზეზად კომისიამ მიუთითა, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა „გამოცდილების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები“. ასეთი ინფორმაციის წარდგენა „ბულვარმა“ ტენდერის მოთხოვნაში თავიდანვე ჩადო. ეს კი გულისხმობდა, რომ ტენდერში ვერავინ გაიმარჯვებდა, თუ ნახევარ მილიონამდე ლარის ღირებულების ანალოგიური შინაარსის [ტბის გაწმენდა] სამუშაო არ ექნებოდა შესრულებული. თანაც, ეს სამუშაო 2014 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის 5 მაისამდე უნდა ყოფილიყო შესრულებული.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული მსგავსი ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [წყალსაცავების, ტბების, მდინარეების, არხების გაწმენდითი სამუშაოები] სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 400 000 [ოთხასი ათასი] ლარის ოდენობით“, – წერია სატენდერო პირობებში.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია ბოლო სამი წლის განმავლობაში რამდენი ტბა თუ წყალსაცავი გაიწმინდა [ან გაიწმინდა თუ არა საერთოდ] აჭარაში, ან თუნდაც საქართველოში და ვის აქვს შესაბამისი გამოცდილება. თუმცა, „ბათუმის ბულვარს“ ვკითხეთ, რატომ არ გამოაცხადა ტენდერი მაისამდე და რატომ ჩაუდეს აუცილებელ პირობად პრეტენდენტს კონკრეტულ პერიოდში 400-ათასლარიანი ანალოგიური შინაარსის სამუშაოს გამოცდილება ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნად.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოადგილის, ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, ბულვარის ადმინისტრაცია როცა შეიცვალა [მიმდინარე წლის თებერვალში] ტბის გაწმენდის სამუშაოები არ იყო დღის წესრიგში და მხოლოდ შემდეგ გამოიყო თანხა. „სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ტენდერი მაისის დასაწყისში გამოცხადდა“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ირაკლი ჯინჭარაძემ.

„სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო გამოცდილება არ ჩაგვედო პირობებში. ეს ერთ-ერთი დაცვის მექანიზმიც იყო. ამასთან, გვეჩქარებოდა, გვინდოდა ეს ყველაფერი ადრე მომხდარიყო და სწრაფი ტემპით გაგვესუფთავებინა ტბა. როცა ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით და არ გვყავდა შემდეგი პრეტენდენტი, შევწუხდით, შევიკრიბეთ მენეჯერები, ხელმძღვანელი, სატენდერო კომისია და ვიფიქრეთ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ხომ არ წავსულიყავით, შესყიდვების სააგენტოსთანაც გავიარეთ კონსულტაცია… თუმცა, იქ თავისი მოთხოვნებია და შეიძლება კი ან არა ეთქვათ, დასჭირდებოდა ცალკე ბაზრის კვლევაც… ამიტომ, გვქონდა გამარტივებულ ტენდერზე ნებართვა და გამოვაცხადეთ ხელახლა ტენდერი“, – ამბობს ირაკლი ჯინჭარაძე.

მისივე თქმით, სატენდერო მოთხოვნაში ამჯერად გამოცდილება დარჩა, თუმცა შესრულებული სამუშაოს ღირებულება შემცირდა 250 ათას ლარამდე. თუმცა გაიზარდა სამუშაოს ვადები. 30 დღის ნაცვლად, გამარტივებულ ტენდერში გამარჯვებულმა ტბა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა გაწმინდოს. ბულვარის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ ამ გზით ტენდერში მეტი პრეტენდენტი მიიღებს მონაწილეობას.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყება და 24 მაისს დასრულდება. სატენდერო თანხა იგივეა – 189 ათას 810 ლარი.

„არ არის ასეთი სამუშაოები ხშირი და ვინც არის გამოცდილების მქონე, არის აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში. იმათ, ალბათ, ამ თანხაზე არ უღირდათ ტენდერში მონაწილეობა. ბათუმში კი, ერთი-ორი კომპანიაა, ვისაც აქვს მსგავსი გამოცდილება. თუ კიდევ ჩავარდა ტენდერი, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით წავალთ და აღარ იქნება პრობლემები“, – აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/
არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

„ეს არის შემკრები აუზი, სადაც უნდა შეიკრიბოს ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან მოსული მასები, გაიწმინდოს და გავიდეს ზღვაში, ეს დანიშნულება აქვს მას. აქ მერიას სატუმბი სადგურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, იქამდე კი აუზი ფიზიკურად უნდა გაიწმინდოს ექსკავატორით და  სპეციალური ტექნიკის საშუალებით“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებთან“ გოჩა მჟავანაძემ, სსიპ-ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილემ.

არდაგანის ტბასთან ასაშენებელი სატუმბი სადგური ტბის წყლის ხარისხზე მხოლოდ იმ კუთხით თუ აისახება, რომ ძლიერი წვიმის დროს მასში სანიაღვრე არხებიდან წყალი ვერ მოხვდება. სხვა შემთხვევაში, როგორც მერიაში აცხადებენ, სანიაღვრე არხებიდან წყალი ტბაში არ შედის, ვინაიდან სანიაღვრე არხი ტბის გვერდის ავლით დამოუკიდებლად უერთდება ზღვას.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/
არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

„ტბასთან თავს იყრის ნინოშვილის ქუჩიდან გამომავალი სანიაღვრე არხი და ასევე არხი ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი [რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის]. ეს სანიაღვრეები უშუალოდ ტბას არ უერთდება, ზღვაში ჩადის. მაგრამ არხს აქვს ე.წ. ფანჯარა, რომლიდანაც ტბაში სანიაღვრე წყლები დიდი წვიმის დროს გადადის“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯაბა ტუღუში, მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში. მისივე თქმით, ტბას შესაძლოა სხვა, მცირე სანიაღვრე არხებიც უერთდებოდეს.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/ თედო ჯორბენაძის ფოტოები
არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/ თედო ჯორბენაძის ფოტოები

რაც შეეხება სატუმბი სადგურის მშენებლობას, მასზე მერიას საერთაშორისო ტენდერი აქვს გამოცხადებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კომპანიის მონაცემების შესწავლა, რომლებმაც თავიანთი წინადადებები წარადგინეს ტენდერში. თუ გარკვეულ კრიტერიუმებს ერთი მაინც ვერ დააკმაყოფილებს, მომდევნო ეტაპზე ვერც ერთი ვერ გადავა. შესაბამისად, მერიას ხელახლა მოუწევს ტენდერის გამოცხადება, რაც, სადგურის მშენებლობისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის დაწყების დროს ავტომატურად გაახანგრძლივებს.

რა წყლები ჩაედინება დღეს არდაგანის ტბაში? – ამ შეკითხვითაც ბათუმის მერიას დავუკავშირდით, საიდანაც მერიის შპს „ბათუმის წყალში“ გადაგვამისამართეს. სანიაღვრე არხები ამ ეტაპზე მთლიანად მერიის საკუთრებაშია, თუმცა, ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლუატაციას „ბათუმის წყალი“ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს.

„ჯავახიშვილის ქუჩის მხრიდან ზღვაში შემავალ სანიაღვრე არხსა და არდაგანის ტბას შორის არის ერთგვარი დერეფანი [მოკლე არხი], რომელიც რეგულირებადია – შეიძლება მთლიანად დაიკეტოს და ტბაში არ მოხვდეს წყალი სანიაღვრე არხიდან, ან პირიქით, გაიხსნას და სანიაღვრედან წყალი ჩავიდეს ტბაში. ეს დერეფანი ამ დროისთვის იმ დონეზეა მუდმივად გახსნილი, რომ წვიმის დროს ქალაქში წყლის გამტარუნარიანობას პრობლემა არ შეექმნას. შესაბამისად, ძლიერი წვიმის დროს წყალი არხიდან ტბაში გადადის. რაც შეეხება სხვა შემავალ არხებს, გმირთა ხეივნიდან შედის ერთადერთი მცირე სანიაღვრე არხი ტბაში. სხვა არხები ტბას არ უერთდება“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტბის ტერიტორიის მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია – ის უზუფრუქტით აქვთ „ბათუმის ბულვარისთვის“ გადაცემული.

მერიას სხვა „საკუთარ ტერიტორიაზე“, ასევე სანაპირო ზოლში, ტურისტული სეზონის წინ ნაგავსაყრელი აქვს „მოწყობილი“. აქ, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ, შლამისა თუ ტალახის დაყრაზე ბათუმის მერიამ თავად გასცა ნებართვა.

არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/
არდაგანის ტბა/ბათუმი/18.05.2017/

ხიმშიაშვილის ქუჩიდან არდაგანის ტბასთან ჩასასვლელი / ბათუმი/ 18.05.2017
ხიმშიაშვილის ქუჩიდან არდაგანის ტბასთან ჩასასვლელი / ბათუმი/ 18.05.2017

 

82 წლის ქალი ბინიდან გამოსახლების მოლოდინში

საიათნოვას 4-ში მცხოვრებ 82 წლის ალექსანდრა ტორუნს [ბათუმში ჩაის სახლის შენობა] ბინის დაცლას აიძულებენ. ამბობს, რომ ბინის კანონიერმა მესაკუთრემ შესასვლელი კარის გასაღები წაართვა, ტუალეტის კარი აუჭედა და სახეშიც გაარტყა. გასულ წელს კანონში შესული ცვლილების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთრებიდან პირის გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.

„აქ ვცხოვრობ 1983 წლიდან, მომიტანონ სასამართლოს გადაწყვეტილება და წავალ,“ – 82 წლის ალექსანდრა ხელიდან ნავთის ლამპას არ დებს, წმენდს და ისე მიყვება. – „სინათლეც გამითიშეს. ტელეფონიც… არადა, პირველად ამ ქუჩაზე ჩემს მამამთილს ჰქონდა ტელეფონი. ცნობილი ექიმი იყო, გეცოდინებათ, გრიშა ლორია… მას მისცეს ეს ბინა, აქ უყვარდა ყოფნა, ზღვას უყურებდა. როცა გარდაიცვალა, აქ გადმოვედი მეც. დედამთილს ვუვლიდი დიდხანს. 40 წელი ტრანსფორმატორების ქარხანაში ვმუშაობდი. ორი შვილი მყავს. ახლა არავინაა ჩემთან…“

ბინა მისმა შვილიშვილმა გაასხვისა 2003 წელს. ხანდაზმული ქალი ირწმუნება, რომ ეს თაღლითური გზით მოხდა: „ჩემი შვილიშვილი მეზღვაურია. წლების წინ, როცა სწავლა დაასრულა, ზღვაზე წასასვლელად თანხა სჭირდებოდა. როგორც ახლა გავიგე, ეს თანხა – 300 დოლარი მეზობლისგან სესხად აუღია, სანაცვლოდ კი ბინის განკარგვაზე მინდობილობა გაუცია მეზობლისთვის. არ ვიცოდი, თუ ჰქონდა ეს ფული აღებული, თორემ პენსიით გადავუხდიდი“.

სასამართლოს ეს საქმე ჯერ არ განუხილავს და რამდენიმე მესაკუთრის გამოცვლის შემდეგ, ერთოთახიანი ბინის მესაკუთრე ამჯერად ალექსანდრას მეზობელია. „ბავშვობიდან ვიცნობ გიორგის. ახლა სპეცრაზმელია და მხოლოდ კვადრატულობა აინტერსებს. ბინაზეა ჩაბღაუჭებული, მეტი არაფერი აინტერესებს“, – ამბობს ალექსანდრა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სადავო ბინა გიორგი გეგუჩაძის საკუთრებაა: „მე შევიძინე ეს ბინა გასული წლის ბოლოს. მთხოვა, ახალი წელი მოდის, მადროვე და მერე წავალო. ახლა აღარ მიდის და იგონებს, თითქოს რაღაცას ვუშავებ და ვავიწროვებ,“ – გვითხრა გიორგი გეგუჩაძემ, მას ტელეფონით დავუკავშირდით. გიორგი გეგუჩაძე ერთ-ერთი სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომელია. მან „ბათუმელებთან“ საუბრის დროს გამორიცხა ძალადობის ფაქტი. არ დაუმალავს, რომ სასამართლო პროცესი ბინის წინა მესაკუთრესთან უფლებამონაცვლეობის კუთხით ამ დრომდე აქვს.

რატომ არ მიმართა სასამართლოს გამოსახლების გადაწყვეტილების მისაღებად? – გიორგიმ გვიპასუხა, რომ სასამართლოს წინა მესაკუთრემ მიმართა და ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებაც არსებობს, მაგრამ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„კანონით დაცულია მესაკუთრე და ვერ გავიგე, რა ხდება. რატომ არ რეაგირებს აღსრულების ბიურო, არ ვიცი. მეუბნებიან, რომ ხელახლა უნდა მივმართო სასამართლოს. მიმართეთ აღსრულების ბიუროს და იქ გაჩვენებენ საბუთებს, ყველაფერი იქაა,“ – ამბობს გიორგი გეგუჩაძე. მან ვერ გვაჩვენა სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სააღსრულებო ფურცელი, რასაც სასამართლო მსგავს შემთხვევებში გასცემს და მას 10-წლიანი მოქმედების ვადა აქვს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ სხვა პირების შესახებ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, ხოლო გასული წლის ოქტომბრიდან დღემდე შესაძლოა აღმასრულებელი ნებაყოფლობით ცდილობს პროცესის დასრულებას და ეს გონივრული ვადაა. ალექსანდრა ამბობს, რომ მასთან აღმასრულებლის შეტყობინება არ მისულა.

ალექსანდრა შვილებზეც გვიყვება. ერთმა გოგომ შვილი დამიტოვა და წავიდა, დღემდე არ ვიცი სად არის. „შვილიშვილი, ვის სახელზეც იყო ეს ბინა, მძიმედ ავადაა და ესპანეთშია. მეორე გოგო ბათუმში ცხოვრობს ოჯახთან ერთად…“.

ორსართულიან სახლში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ალექსანდრას იმ ოჯახთან აქვს საზიარო სამზარეულო და ტუალეტი, ვისთანაც კონფლიქტი აქვს. ტუალეტის კარი აჭედილია.

„ავჭედეთ, იმიტომ, რომ საშინელი სუნი იდგა. არავინ უვლიდა, ბავშვები იზრდებიან აქ…“ – გვითხრა სოფო გეგუჩაძემ, ბინის მესაკუთრის დამ.

ალექსანდრას თქმით, ბინა 120 წლისაა და იგი იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს. „ამიტომაცაა ეს ბუხარი ასეთი ლამაზი დღემდე… აქ ყველაფერი ლამაზი იყო, მაგრამ მოუვლელობით გაფუჭდა, ჭერიდან წყალი ჩამოდის, სადაცაა ჩამოიქცევა. ამ პარკებით ვამაგრებ წვიმას,“ – გვაჩვენებს ის და მერე ისევ ნავთის ლამპას უბრუნდება, – „არავინ არ მიცავს მე, პოლიციამ საქმეც კი არ აღძრა ცემის ფაქტზე. ლამპა უკვე მზადაა, დღეს ნარდის თამაშს ვაპირებ…“

IMG_20170518_134421

IMG_20170518_134240

IMG_20170518_134607

IMG_20170518_134327

 

არჩილ ხაბაძის მამის თანამდებობა პაატა ბერიძემ დაიკავა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსად პაატა ბერიძე დაინიშნა. ის აქამდე ამ განყოფილებაში სპეციალისტად მუშაობდა. განყოფილების უფროსის თანამდებობა თამაზ ხაბაძეს ეკავა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მამას. თამაზ ხაბაძემ თანამდებობა აპრილში დატოვა.

თამაზ ხაბაძეს სამსახურიდან წასვლის მიზეზზე არ უსაუბრია. არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“ საკადრო ცვლილება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა, ხოლო სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ ხაბაძემ სამინისტრო თავისი სურვილით დატოვა. 

თამაზ ხაბაძესთან უშუალოდ იყო ანგარიშვალდებული სახელმწიფო შპს „ჰიგიენა 2009“-ის დირექტორი, რომელმაც სახელმწიფოს 5 მილიონი მიითვისა. ირაკლი ცეცხლაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ საქმეზე გამოძიებას სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუსვამს.

რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, – ამ პროექტის ფარგლებში ახალი ობიექტების რეგისტრაცია ბათუმში აპრილში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. 18 მაისის მონაცემებით, წელს პროექტში ჩართვის სურვილი 20-მა ობიექტმა გამოთქვა.

პროექტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მეორე წელია ახორციელებს. დეპარტამენტი ხარისხის ნიშანს ანიჭებს ტურისტული სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, იქნება ეს სასტუმრო თუ კვების ობიექტი.

ტურისტული ობიექტების შესაფასებლად კრიტერიუმები სამ ნაწილადაა დაყოფილი – აუცილებელი, დამატებითი და სასურველი.

„რეკომენდიებულიას“ პრეტენდენტმა ობიექტმა „აუცილებელი“ კრიტერიუმის ყველა პუნქტი უნდა დააკმაყოფილოს, „დამატებითის“ – 75% და „სასურველის“ – 50%.

კვების ობიექტებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებში შედის ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ჩატარებული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი, საგანგებო/ავარიული მანიშნებლების არსებობა, საევაკუაციო გეგმა საერთო სივრცეში, უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი ტექნიკა -გაზქურები/გამწოვები და ა.შ. სურსათის ეროვნულის სააგენტოს მიერ წელიწადში ერთი შემოწმების დადებითი საბუთი, შრომითი ხელშეკრულებები ყველა თანამშრომელთან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა.

რაც შეეხება სასტუმროებს, უსაფრთხოების გამართულ სისტემასთან ერთად აუცილებელი მოთხოვნებია, ჰქონდეთ  წყლის რეზერვუარი სასტუმროს მოცულობის შესაბამისად, შშმ პირებისთვის ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, ერთ სტუმარზე განკუთვნილი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, მაგიდა და სკამი/სავარძელი, სასტუმროს ვებგვერდი, FACEBOOK გვერდი, საერთაშორისო დაჯავშნის მინიმუმ 3 სისტემაში ჩართულობა და სხვა.

გარდა ამისა, ცალკე პუნქტებადაა „დამატებითი“ და „სასურველი“ ვალდებულებები, რომლებსაც ტურისტული ობიექტები უნდა აკმაყოფილებდეს.

კვებისა და განთავსების ობიექტების სია, ვინც ხარისხის ნიშანი მიიღო, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე: recommend.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.

არტ კაფე „ბათუმის გულის“ მენეჯერი მინდია ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხარისხის ნიშნის მიღება მის კაფეზე დადებითად აისახა. იმავე აზრზეა სასტუმრო „ევრაზიას“ მფლობელი, გია დავითაძე: „ყოველთვის ვზრუნავდით მაღალი სერვისი მიგვეწოდებინა კლიენტებისთვის, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვზრუნავთ იყოს მოწესრიგებული ყველაფერი. ერთგვარი მოტივაციაა ჩვენთვის. ბუქინგზე ჩვენი შეფასება იყო რვამდე და ახლა გვაქვს 8.4 ჩვენთვისაც სტიმულია. კონკურენცია ბათუმში უკვე ძალიან გაიზარდა, სულ ახალი რაღაც შენდება და  ვცდილობთ, უფრო უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ“.

გასულ წელს ხარისხის ნიშნის მისაღებად 106 ტურისტული ობიექტი დარეგისტრირდა, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 62-მა შეძლო. იმ ობიექტების სიას, ვინც სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არ ასაჯაროებს.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ნაძვის ხე არა ბიზნესმენმა, არამედ მერიამ მოჭრა

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში, ბიზნესმენმა ლევან ბაკურიძემ უნებართვოდ მოჭრა ნაძვის ხე.

სტატუსს თან ერთვის მოჭრილი ხის ფოტოებიც. „ბათუმელები“ ლევან ბაკურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ხის მოჭრის ფაქტი უარყო.

მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში ჯერ განაცხადეს, რომ  მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არ არიან, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ ნაძვის ხე გამწვანების სამსახურმა მოჭრა.

„ხე იყო დაზიანებული, ნახევრად გადაჭრილი და ქერქიც დაზიანებული ჰქონდა, ამიტომ მოვჭერით და მის ადგილზე ორი მეტრის ახალი ნაძვი ან ღვია დაირგვება“, – განაცხადა სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ.

„ფეისბუკში“ გავრცელებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია ხის მოჭრის პროცესი
„ფეისბუქში“ გავრცელებული ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ხის მოჭრის პროცესი

 

მთავრობა თხლვანაში სტიქიით დაზარალებულების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს

ამ წუთებში აჭარის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგად დაზარალებული 32 ოჯახის საკითხს განიხილავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 800 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

ამასთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო წერილი დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საერთო ჯამში, აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მუდმივად მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს 1 475 000 ლარით, ხოლო 2 ოჯახს ბინით დააკმაყოფილებს.

გარდა ამისა, თხილვანაში მცხოვრები 27 ეკომიგრანტი ოჯახის 25-25 000 ლარით უზრუნველყოფის საკითხი სამთავრობო კომისიამ მაისის დასაწყისში განიხილა (ამ ოჯახებისთვის თანხა უახლოეს დღეებში გამოიყოფა).

ორი ეკომიგრანტი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ხულოს სოციალურ სახლში განიხილება.

სოფელ თხილვანაში მეწყრული პროცესები მიმდინარე წლის დასაწყისში გააქტიურდა. სტიქიამ საფრთხე ათობით ოჯახს შეუქმნა.

დღესვე კომისია იმსჯელებს ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებას დაქვემდებარებული სამი ოჯახისა და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული სამი ოჯახის ფინანსური დახმარების საკითხს. კომისია განიხილავს ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობას, სტიქიისა შედეგად დაზარალებული ორი და ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთი ოჯახის ფინანსური დახმარების თაობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად თანადაფინანსება გაიცა 25 ოჯახზე, ხოლო ცხრა ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა ბინა საკუთრებაში.

2017 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 27 ოჯახზე 279 022 ლარი გაიცა; 2016 წელს საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 117 ეკომიგრანტი ოჯახი. 61 ოჯახზე გაიცა ფინანსური დახმარება – 698 050 ლარის ოდენობით.

სასტუმროებისა და ჰოსტელების ფასები ბათუმში

ოფიციალური ინფორმაციით, 2017 წლის ტურისტულ სეზონზე აჭარაში სასტუმროებში 18 277 საწოლია რეგისტრირებული.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წელს  ბათუმში დაბალბიუჯეტიანი და მაღალი კლასის სასტუმრო და განთავსების ობიექტი გაიზარდა 900-ზე მეტი საწოლი ადგილით. უკვე გახსნილია და მალე გაიხსნება ახალი სასტუმრო კომპლექსები:

სასტუმრო Sky Tower – 220 საწოლი ადგილი, რომელიც ხვალ, 19 მაისს გაიხსნება, სასტუმრო „ვინთემი“ – 335 საწოლი ადგილი, რომელიც უკვე გახსნილია, სასტუმრო „სემირამიდას ბაღები“ – 295 საწოლი ადგილი, სასტუმრო „ირე პალასი“ – 80 საწოლი ადგილი, უკვე გახსნილია.

რაც შეეხება ფასებს, tripadvisor.com-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ბათუმში ჰოსტელების მიმდინარე ფასი 40 ლარიდან იწყება. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ძველ ბათუმში, Surf-Hostel-ში ერთი ღამე 42 ლარი ღირს, Hostel Calypso-ში კი – 51 ლარი.

ჰოსტელ გლობუსის“ მფლობელის, რუსუდან ჩიტიძის თქმით, მაისში ერთი საწოლი 20 ლარი ღირს, აგვისტოში კი შესაძლებელია ეს ფასები შეიცვალოს. „ალბათ 4-5 ლარით აიწევს. ფასები მერყეობს ოთახების კატეგორიების მიხედვით, 15-იდან 25 ლარამდეა. ამ ფასში შედის ღამის გათევა, სარეცხი მანქანით სარგებლობა, ჩაი და ყავა, უკაბელო ინტერნეტი და თეთრეული, ბარგის შენახვა“.

მაგალითად, აეროპორტის ტერიტორიაზე ჰოსტელში „ტიჯეი“, ერთი ღამის ღირებულება 30 ლარია. „არის საერთო ოთახებიც, სადაც ერთი ადგილი 10 ლარი ღირს. არის 21-ლარიანი ორადგილიანი იზოლირებული ოთახიც, ჰოსტელში არის 35 და 40-ლარიანი ოთახებიც“.

ჰოსტელების მფლობელები ამბობენ, რომ საწოლის ფასი დოლარის კურსის ცვალებადობაზეა დამოკიდებული. „20- ლარიანი აგვისტოში შესაძლებელია გახდეს 25 ლარი, თუმცა ამაზე მეტს ვერ დავამატებთ, კლიენტს დავკარგავთ“, – გვეუბნება თეონა ძნელაძე.

ჰოსტელში „ანრი“, ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. ჰოსტელი ახალ ბულვართან მდებარეობს.

სახლის ტიპის სასტუმროებში, ერთი ღამის ღირებულება 90 ლარიდან იწყება, უფრო დიდ სასტუმროებში კი საწყისი ფასი 150 ლარია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, გასულ წელს აჭარაში 1 414 602 ტურისტი შემოვიდა, აქედან ბათუმში – 871 ათას 495. მიმდინარე წელს კი, როგორც ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რეგისტრირებული ადგილების მიხედვით, ტურისტების 3-იდან 5 პროცენტამდე ზრდას ელიან.

 

 

 

რამდენი ლარით დაფინანსდება პროექტები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში

დღეს, 18 მაისს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აჭარის რეგიონალური პროექტების მენეჯერმა ლიკა კალატოზმა წარადგინა.

პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოების ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რის შედეგადაც გამოვლინდება საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორი. ამ ეტაპზე გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მეწარმეობის შესახებ, რომლის ფარგლებში მონაწილეები ბიზნეს გეგმის მომზადების საკითხებსაც შეისწავლიან.

მომდევნო ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, განაცხადის შევსების შემდეგ გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებიც. მეორე ეტაპის გამარჯვებულები პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას მიიღებენ, ასევე მათ ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ბიზნესიდეათა თემატური მოცულობა, ლიკა კალატოზის თქმით, არ არის შეზღუდული, ისინი შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ სფეროს – სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას, განათლებას თუ სხვას.

პროგრამა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შუძლია, თუ ის საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეა, არ არის საჯარო მოხელე და არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე.

თანადაფინანსება შემდეგნაირად განხორციელდება: ერთი მეწარმისთვის თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5000 ლარი, ორი მეწარმისთვის – 10 000 ლარი, ხოლო სამი მეწარმისთვის 15 000 ლარი იქნება.

კონკურსში გამარჯვებული განახორციელებს მინიმუმ 20 %-იან თანხობრივ თანამონაწილეობას.

კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება.

შავი ზღვის პორტების პრობლემები და გამოწვევები – კონფერენცია ბათუმში

ტრიბუნასთან გამომსვლელები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ, რომ დიდი გემებისა და მაღალი ტონაჟობის ტვირთების მიღების შესაძლებლობა შავი ზღვის პორტებისთვის მთავარი გამოწვევაა. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ამ პრობლემების – ბოლო დროს ტვირთბრუნვის მოცულობის შემცირების [რაც ზოგიერთი ქვეყნის პორტში, მათ შორის საქართველოში მკვეთრად 2013 წლის შემდეგ გამოიხატა] მოსაგვარებლად, შესაბამისი ღონისძიებების სასწრაფოდ არის დასაწყები.

შავი ზღვის ნავსადგურებისა და გადაზიდვების მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის „შერატონში“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მას ბათუმის საზღვაო ნავსადგური მასპინძლობს.
კონფერენციაზე შავი ზღვის ქვეყნების პორტების მენეჯერებმა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა ერთი მთავარი კითხვა გააჟღერეს:

„ვინ უზრუნველყოფს ხარჯებს პრობლემების მოსაგვარებლად?“ – ამ კითხვაზე პასუხის თავისი ვერსია მხოლოდ ქალაქ კონსტანტას პორტის ლოჯისტიკური საბჭოს წევრმა, თეოდორ პარიჩიმ გააჟღერა. მან თქვა, რომ ეს საზოგადოებრივი პრობლემაა, ამიტომ პრობლემები „ყველას ფულით უნდა მოგვარდეს“.

როი ვან ეიედენმა ინგლისიდან, ტვირთბრუნვის შემცირებისა და პორტების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველო მეოთხე ქვეყანაა პორტებში ტვირთბრუნვის შემცირების მიხედვით. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს ბათუმისა და ფოთის პორტების დინამიური განვითარების პროცესი.

როი ვან ეიედენის თქმით, არც მათ აქვთ დიდი ზრდა, თუმცა ტვირთბრუნვის თვალსაზრისით ყველაზე მდგრად სიტუაციაში ახლა ბულგარეთი და თურქეთი არიან. თურქეთის შემთხვევაში ამას, გარკვეულწილად, განაპირობებს ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსეთის ხელისუფლებასთან დამეგობრება.

„… როდესაც ვსაუბრობთ ბოსფორზე [სრუტე] ვიცით, რომ გემების რაოდენობა მცირდება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იზრდება გემების მოცულობა და, შესაბამისად, ტვირთის ტონაჟობაც“, – განაცხადა როი ვან ეიედენმა.

როი ვან ეიედენის ინფორმაციით, თურქეთში ახლა იმაზე ფიქრობენ, რომ ბოსფორის სრუტე ბოსფორის არხად იქცეს: „თურქეთი ოცნებობს ამაზე და თუ ეს ასე მოხდა, ეს მთელ სტრუქტურას შეცვლის. ამაში არსებობს ლოგიკა და საერთაშორისო ოპერატორები ამ პროცესს გაფართოებული თვალებით ადევნებენ თვალყურს“.

როი ვან აიედენი ამბობს, რომ ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც უკრაინას აქვს. მისი დაკვირვებით ახლა უკრაინა მთავარ აქცენტებს პრივატიზებაზე აკეთებს და არა საზღვაო მიმოსვლაზე.

„როდესაც შავი ზღვის პორტებს სხვა პორტებს ვადარებთ, ვხედავთ, რომ საჭიროა განვითარება და უფრო და უფრო მეტი მოძრაობა“, – მიაჩნია ინგლისელ სპეციალისტს.

კონფერენციაზე შავი ზღვის პორტების მენეჯერებმა კონტეინერების გადაზიდვისა და პარკინგის პრობლემებზე, სარკინიგზო გადასასვლელებსა და ირანის ფაქტორზე, ასევე ჩინეთის ალტერნატიულ პროექტებზეც ისაუბრეს.

ორდღიან კონფერენციაში 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დელეგატი ღებულობს მონაწილეობას. საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე გლობალური ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის სფეროს შესახებ 30-მა სპიკერმა ისაუბრა. კონფერენციის საგამოფენო ნაწილში 40-მდე კერძო კომპანია, ორგანიზაცია და სახელმწიფო სააგენტოა წარმოდგენილი. კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო საკონტეინერო სატერმინალო სერვისების კორპორაციის (ICTSI) შვილობილი კომპანია ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი და ბათუმის საზღვაო ნავსადგური (BSP).

უკრაინული დიასპორა ბათუმში

აჭარაში დაახლოებით 800 ეთნიკური უკრაინელი ცხოვრობს. ზოგიერთი მათგანი თავს ქართველადაც კი მიიჩნევს. ზოგიერთი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ის უკრაინელები, რომლებიც შერეულ ოჯახებში დაიბადნენ, მიიჩნევენ, რომ მულტიკულტურული სამყაროს  ნაწილი არიან.

ნახეთ 5 ქალის ისტორია:
ანჟელა ბოლოგან
ანჟელა ბოლოგანი

ანჟელა ბოლოგანი 21 წლისაა, სტუდენტია საზღვაო აკადემიაში, ბიზნესადმინისტრირებას და მართვას სწავლობს. ოთხი წელია რაც ბათუმში ცხოვრობს, მანამდე კი თავის უკრაინელ ბებიასთან ფოთში იზრდებოდა. მისი ოჯახიც შერეულია. მშობლები დაშორების შემდეგ  სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საცხოვრებლად, თვითონ კი საქართველოში დარჩა.

ლიკა ამბობს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა უკრაინაში წასულიყო სასწავლებლად, მაგრამ მაინც საქართველოში დარჩენა არჩია. „ვერ შეველიე. არ მაქვს ისეთი განცდა, როგორც ზოგიერთ ქართველს – „ლიჟბი აქედან წავიდე“.

საკუთარ იდენტობასთან ბებია უფრო აკავშირებს, რადგან მასთან გაიზარდა. ბებიისგან ისწავლა რაჭული ალუბლით მომზადებული უკრაინული ვარენიკები, ტრადიციული ბორშჩი, რომელიც ხშირად მზადდება უკრაინულ ოჯახებში, ისწავლა უკრაინული ენაც. კითხულობს უკრაინულ ლიტერატურას. როცა პატარა იყო, საბალეტო სკოლაში დადიოდა, სადაც ნაციონალურ ცეკვებსაც დგამდა.  

„პატარაობაში დედა მიმღეროდა ხოლმე უკრაინულ იავნანას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის“, – გვეუბნება ის.

სახლში ტრადიციული სამოსი და ყვავილებით მოწნული გვირგვინიც აქვს, პატარაობისას სადღესასწაულო დღეებში იცვამდა. „ბებია კი სახლშიც ეროვნული სამოსით დადის“.

ამბობს, რომ უკრაინაში ჯერ არ ყოფილა, ბებია უფრო ხშირად დადის, ნათესავებს და ახლობლებს მოინახულებს ხოლმე. მომავალი წლისთვის თვითონაც გეგმავს წასვლას, თუმცა ამბობს, რომ იქ ცხოვრების სურვილი არ აქვს და საქართველოში დაბრუნდება.

ნატალია დაბიჟა
ნატალია დაბიჟა

ნატალია დაბიჟა, მხატვარი. მუშაობს კერძო სკოლაში ხატვის მასწავლებლად, ტურისტულ სეზონზე კი, ბულვარშიპორტრეტებს ხატავს. ნახატებს, ძირითადად, უცხოეთში ყიდის. მხატვართა კავშირის წევრია და ხშირად გამოფენებშიც მონაწილეობს.

„დედა იფალია ხანთაძე ქართველი იყო, მამა – ორესტი დაბიჟა კი – უკრაინელი. მამა ელექტროინჟინერი იყო, დედაჩემი კი აეროპორტში მუშაობდა. ერთმანეთს ბათუმში შეხვდნენ. მამა საქართველოში 1954 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ოდესიდან გადმოვიდა. ბათუმის ღვთიმშობლის ეკლესიაში განათება, ვიტრაჟები მისი დაპროექტებულია. ასევე ცირკი, აჭარის რადიოსა და ტელევიზიის შენობაში, თეატრში განათება მამაჩემის პროექტით არის გაკეთებული.“

ნატალიას თქმით, მამა კარგად ხატავდა, თუმცა აკადემიაში არ ჩააბარა, რადგან იმ დროს მარქსისა და ლენინის პორტრეტებიც უნდა ეხატა, „ეს კი არ მოსწონდა. ამიტომ თავისუფლება არჩია“.

ნატალია უკრაინულად ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ენას გრძნობს და ესმის. ახსოვს სოფელი ბალტაში, სადაც ბებია ცხოვრობდა. ხილის ბაღი ეზოში – ქლიავისა და ვაშლის ხეებით. „საოცარი სურნელი აქვს სოფელს, დღემდე მახსოვს ამ ბაღის სუნი“.

ბებიისგან მხოლოდ ხელით ამოქარგული ფარდაგები შემორჩა, რომელიც ძალიან პოპულარულია ძველ უკრაინულ ოჯახებში. ბებიისგან ახსოვს ნაციონალური სიმღერები, თუმცა ყველა აღარ.

„მეც მიყვარდა ქარგვა, ახლა ვეღარ ვახერხებ. ვხატავ და ამისთვის დრო აღარ მრჩება. ტრადიციული კერძებიდან სახლში მხოლოდ ბორშჩის ვამზადებ, სალა არ მიყვარს, რადგან ცხიმიანი საკვები არ მიყვარს“.

ცდილობს ნაციონალურ  ფესვებს მთლიანად არ მოწყდეს, ამიტომ ბათუმში არსებულ უკრაინის დაისპორასთან ურთიერთობას ინარჩუნებს. შეხვედრები, ძირითადად, მაშინ ეწყობა, როცა დიასპორას უკრაინელები სტუმრობენ ან რაიმე ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ.

„ასეთი შეხვედრები იშვიათია, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი. ჩემი ერთი შვილი უკრაინაში სასწავლებლად წავიდა, ამიტომ ენაც ისწავლა. ამაში დიასპორა დამეხმარა. უკრაინის ხელისუფლება ეთნიკურ უკრაინელებს სწავლას უფინანსებს, ამიტომ ბათუმიდან ხშირად მიდიან ახალგაზრდები“.

ნატალიას მეუღლე ეთნიკური სომეხია, „რადგან ოჯახი შერეულია, ვფიქრობ უკრაინულ ფესვებთან კავშირი ჩემმა შვილებმა დედის მხრიდან უნდა შეინარჩუნონ. მინდა ჩემმა პატარა გოგონამაც ისწავლოს უკრაინული ენა“.

 ნატალია მიროშნიჩენკო
ნატალია მიროშნიჩენკო

 ნატალია მიროშნიჩენკო, მასწავლებელი. ბათუმში 37 წელია ცხოვრობს. მისი უკრაინელი მეუღლე ალექსანდრე მიროშნიჩენკო ბათუმში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნეს. ისინი ნიკალაევში, ნაყინის კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს, დაქორწინების შემდეგ კი საცხოვრებლად ნატალიაც ბათუმში გადმოვიდა.

„ჩემი მეუღლე მეზღვაური იყო, მე – უკრაინული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი. ამ სპეციალობით უკრაინაში 11 წელი ვიმუშავე, ბათუმში კი უკრაინულს სკოლაში არ სწავლობენ, ამიტომ ბავშვებს რუსულ ენას ვასწავლი“.

უკრაინულ ენას ბათუმში მხოლოდ საკვირაო სკოლაში ასწავლის. ადრე უფრო ბევრი მოწაფე ჰყავდა, ამჟამად მხოლოდ ოთხი მსურველი ჰყავს. უფრო ხშირად ახალგაზრდები სწავლობენ და ისიც მაშინ, როცა უკრაინაში სასწავლებლად მიდიან.

ბათუმში უკრაინის დიასპორა მან დააარსა, რაშიც უკრაინის საკონსულომ შეუწყო ხელი. საკვირაო სკოლაც მისი დაარსებულია. „სწორედ ეს გარემო გვიწყობს ხელს ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში. გარემო თავისას შვრება, ამიტომ ოჯახში ქართული ტრადიციებიც იკიდებს ფეხს. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით არ იცვლება, ის არის, რომ ახალ წელს ჩემი ოჯახის ყველა წევრი ეროვნულ სამოსში ვხვდებით“.  

ნატალიას სახლში არც უკრაინული, ვიშნით დამზადებული ვარენიკებია მივიწყებული. ტრადიციულად მზადდება ბორშჩი, სალა და ძეხვეული.

პატარა შვილიშვილს „იავნანას“ ვერ უმღერის, რადგან ამბობს, რომ კარგი სმენა არ აქვს, თუმცა ხშირად უკითხავს უკრაინულ ზღაპრებსა და ლექსებს. „კარგად არა, მაგრამ ლაპარაკიც გამოსდის უკრაინულად“, – გვეუბნება შვილიშვილზე.

ყველაზე მეტი ტრადიციული ნივთი და აქსესუარი სწორედ დიასპორის ოფისში ინახება. ყველაზე ძველი, რასაც აქ ვხედავთ, ასი წლის უკრაინული, ტრადიციული წესით ამოქარგული ფარდაგია, მასზე წარწერებიც ძველ უკრაინულ ენაზეა ამოქარგული.

„ეს ის გარემოა, რაც ჩემს ფესვებთან მაკავშირებს“, – გვეუბნება ნატალია მიროშნიჩენკო.

ლუბა ბიბილეიშვილი
ლუბა ბიბილეიშვილი

25 წლის ლუბა ბიბილეიშვილს ეთნიკურად ქართველი მამა ჰყავს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. უკრაინასთან და მის კულტურასთან მამის დედა, ევდოკია ბებია აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბებია თითქმის არ ახსოვს, მისი წარმომავლობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ უკრაინულ კულტურასთან მეხსიერება შეინარჩუნოს.

„სასწავლებლად უკრაინაში წავედი, ევროპეისტიკას ვსწავლობდი, ვისწავლე ენაც. უკრაინა ბებიის გამო ავირჩიე. მიყვარს იქაური ბუნება, ენა ძალიან ლამაზია. მამაჩემი ცუდად ლაპარაკობს ამ ენაზე, ამიტომ მისგან ბევრი რამ ვერ ვისწავლე.

უკრაინული კულტურა, სიმღერები, ცეკვები, მწერლობა ძალიან მიყვარს. მომწონს ხელით ნაქარგი ნივთებიც. გული მწყდება იმაზე, რომ ბებიის სახლი მეორე მსოფლიო ომის დროს მთლიანად განადგურდა. სახლს ბომბი დაეცა და მისგან არაფერი დარჩა.

არც ერთი ფოტო, არც ერთი ნივთი, რაც ბებიასთან უფრო მეტად დამაკავშირებდა, არ დამრჩა. ტრადიციული, მაგრამ მხოლოდ ახალი ნივთები მაქვს, რაც უკრაინასთან მაკავშირებს. ბებიას ერთი შვილიშვილი ყირიმში ცხოვრობს და მას იშვიათად ვნახულობ, თუმცა მყავს ბევრი უკრაინელი მეგობარი“.

ლუბას აზრით, შერეული ოჯახების შემთხვევაში არის იმის საფრთხე, რომ ეთნიკური ტრადიციები დაიკარგოს ან ტრანსფორმირდეს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც იდენტობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ეს ენაა.  

„ვფიქრობ, უკრაინული ფესვები არც შემდეგ თაობაში დაიკარგება – ვცდილობ, ჩემს პატარა ნათესავებს გადავცე უკრაინული ტრადიციები. ვუკითხავ ზღაპრებს, მოთხრობებს. როცა შვილი მეყოლება, უკრაინულ ენას მასაც ვასწავლი. ეს ჩვენი ისტორიაა და ვფიქრობ, ის უნდა გვახსოვდეს“.

ლუბა ამბობს, რომ ძველ ბათუმში არსებული პატარა კაფე-ბარი, სადაც ახლა მუშაობს, ძალიან უყვარს. იქ ბევრი უცხოელი შედის, „მათ შორის ხშირად უკრაინელი ტურისტებიც“.

ელიზავეტა კრასენკო
ელიზავეტა კრასენკო

20 წლის ელიზავეტა  კრასენკო  ბათუმშია დაბადებული.  რუსთაველის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობს და დაინტერესებულია ფოტოგრაფიით.  მიუხედავად იმისა, რომ მამა უკრაინელი ჰყავს, ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. თუმცა,  ამის სურვილის გამოთქვამს. ელიზავეტას შერეული ოჯახი აქვს, „მამა ნახევრად უკრაინელია, ნახევრად – რუსი. დედა კი ნახევრად – სომეხი, ნახევრად – ბელორუსი“.

ელიზავეტა ამბობს, რომ ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, რომ  საკუთარ თავს კონკრეტულ ეთნოსთან არ აიგივებს. „ვერ ვიტყვი, რომ ჩემში უკრაინელი უფრო  სჭარბობს ან რუსი  და სომეხი,  ყველა ეს კულტურა ჩემს ოჯახში გარკვეული დოზითაა შემოსული და ბუნებრივია, მეც ამ მრავალფეროვნების  ნაწილი ვარ“.

ელიზავეტამ უკრაინული ენა კარგად არ იცის, რადგან ოჯახში რუსულად საუბრობენ. „უკრაინაში წასვლის სურვილი მამას არ აქვს, თუმცა მე მინდა, რომ სამოგზაუროდ  წავიდე. ცხოვრებას საქართველოში ვაპირებ, სხვა ქვეყნებში კი მხოლოდ სამოგზაუროდ წავალ“.

აქ მიჩვეული ვარ, ენაც ვიცი და ბათუმი მომწონს. ეს გარემო არის ჩემთვის მისაღები და  აქ თავს კარგად ვგრძნობ“.

3100

download
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

აგროღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფერმერები SMS-ით მიიღებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობას გეგმავს. სადგურებმა მზის რადიაცია, ნალექის რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგის ტემპერატურა, სინოტივე და ა.შ. უნდა განსაზღვროს, დამუშავებული ინფორმაცია კი, მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა მიეწოდოს.  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადების გავრცელების ალბათობა არსებობს და რა წამლობითი ღონისძიებების გატარება არის რეკომენდებული.

სამინისტრო მეტეოსადგურის მოწყობას პირველ ეტაპზე ქედის მუნიციპალიტეტში აპირებს.

„მეტეოსადგურების მოწყობასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხებზე ვმუშაობთ. სატესტოდ, პირველი მეტეოსადგური გვინდა ქედის მუნიციპალიტეტში მოვაწყოთ, წინასწარი გათვლებით, ამას 100 ათასი დოლარი დასჭირდება. დავითვლით რამდენი მეტეოსადგურის მოწყობა დასჭირდება მუნიციპალიტეტის დაფარვას, მეტეოსადგურის დაფარვის ორკილომეტრიანი ზონა არ ნიშნავს იმას, რომ ყოველ ორ კილომეტრში უნდა დაიდგას სადგური. გამოთვლა, კლიმატური ზონებისა და რელიეფის სპეციფიკურობის გათვალისწინებით ხდება. მცირე მეტეოსადგური გასულ წელს აგროსერვისცენტრში, გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე დავდგით. მუშაობის გამოცდილება ამ კუთხით გვაქვს. გვინდა, აჭარის რეგიონი მთლიანად მოვიცვათ, სადაც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ეწევა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

აგრომეტეოსადგურების მუშაობას კოორდინირებას აგროსერვისცენტრები გაუწევენ.

„სოფლის მეურნეობაში მოსავლიანობის ზრდა, ხარისხი და კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად და ეფექტურად ახორციელებს ფერმერები აგროღონისძიებებს. არასწორად გატარებული წამლობითი ღონისძიებები არათუ ანახევრებს მოსავალს, აზიანებს კიდეც. პროექტის დანიშნულებაა  მივცეთ საშუალება ფერმერებს წამლობითი ღონისძიებები ეფექტურად განახორციელონ. რაც შეეხება სადგურების მუშაობას, კოორდინირებას აგროსერვისცენტრი გაუწევს და დამატებით დანახარჯს არ მოითხოვს,“ – აცხადებს მინისტრი.

ამავე თემაზე:

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შხამქიმიკატების შეძენისას

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

რა იწვევს ფუტკრის ოჯახების განადგურებას

ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში  განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე სისტემატურად რიცხავდა ერთი ლარის ნომინალის ყალბი ლითონის მონეტებს, რის შედეგადაც, მის მიერ საერთო ჯამში გასაღებულია 5 357 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა. ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით.

“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“

19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის  „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან  ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა.

ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა.

ლალი მენაღარიშვილი სპექტაკლის რეჟისორთან, ოთარ ქათამაძესთან ერთად ფოტო:გულნარა კაკაბაძე
ლალი მენაღარიშვილი სპექტაკლის რეჟისორთან, ოთარ ქათამაძესთან ერთად
ფოტო:გულნარა კაკაბაძე

„ვაკანსია“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ინიციატივით დაიდგა  და მიზნად შშმ პირებისთვის თეატრალური კულტურის  ხელმისაწვდომობას ისახავს.

„ხელოვნება არის ის საშუალება, რომელიც ყველაზე მარტივად გასაგებს ხდის ყველაფერს, ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მეთოდი კი სპექტაკლია, რომლის შემდეგ მნახველი სხვანაირად აღიქვამს არსებულ რეალობას, ასევე სხვა ტიპის ინტერესს იწვევს შშმ პირების თემაც, რომელიც თავისუფლდება ყოველგვარი სტერეოტიპული აღქმისგან“ –  ამბობს  “თავისუფალი სივრცის” მენეჯერი ნინო ჩხაიძე.

free space 2
“ვაკანსიის” რეპეტიცია ფოტო: გულნარა კაკაბაძე

განახლებულ „თავისუფალი სივრცეში“, ნინოს თქმით, შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ტრენინგები, საინფორმაციო შეხვედრები და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები იგეგმება.  ასევე დაგეგმილია ჟესტური ენის სკოლის ჩამოყალიბებაც.

პროექტი ბათუმის მერიის ახალგაზრდული განყოფილების თავისუფალი ინიციატივების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ახალგაზრდულ ორგანიზაციას „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“  შშმ პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით  რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის: „საზოგადოებაში შშმ პირების ინტეგრაციის პირველი ნაბიჯი“, “ცვლილებების დრო”, “თანამედროვე ხედვა” და სხვა.

გადარგული ხეების ფოტოები აჭარის მთავრობის სახლის წინ

დღეს, 18 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ ციხისძირიდან და ბუკნარიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადარგვის პროცესი გააპროტესტეს და აჭარის მთავრობა ამ პროცესის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს.

ენმ-ს აქცია მთავრობის სახლის წინ. ფოტო: ლელა დუმბაძე
ენმ-ს აქცია მთავრობის სახლის წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობაა, როდესაც ათასობით სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული ფულის გადაუხდელობის გამო, როდესაც უამრავ ოჯახს, რომლებიც უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე იმყოფებიან, უკანონოდ მოუხსნენ შემწეობები, აი ამ ფონზე, ჩვენი რეგიონის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე, ერთადერთი საქმით არის დაკავებული – ხეების გადარგვით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ავალებს.

აქციის მონაწილეებმა, ივანიშვილის მიერ გადარგული ხეების ფოტოები, ჩამოკიდეს ფოტო: ლელა დუმბაძე
აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის მიერ გადარგული ხეების ფოტოები ჩამოკიდეს მთავრობის სახლის წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ეს ყველაფერი არა მხოლოდ აგრესიას იწვევს, გაანადგურეს ეკოსისტემა, მწვანე საფარი ციხისძირში და სხვა ადგილებში. უნიათობასთან და მავნებლობასთან ერთად ანადგურებენ გარემოსაც. მოვითხოვთ, ან აკეთონ საქმე, ან დატოვონ დაკავებული თანამდებობები და გადადგნენ,“- ამბობს მამუკა ქობულაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ. ფოტო: ლელა დუმბაძე
ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ციხისძირიდან და ბუკნარიდან ხეების გადატანის ამსახველი ფოტოები მთავრობის სახლის წინ, ხეზე ჩამოკიდეს.

3

ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება დაიწყო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის.

აჭარასა და გურიაში აღნიშნულ პროგრამას მეორე წელია ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, კავშირი „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“(GCRT-Batumi).

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც:

[checklist]

  • საზღვარგარეთ მიგრაციაში იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამაში ჩართვის მიზნით.

[/checklist]

პროგრამა მოიცავს შემდეგ სერვისებს:

[checklist]

  • ბენეფიციართა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური ბიზნესპროექტების დაფინანსება (მაქსიმუმ 4000 ლარი).
  • ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვაში ხელშეწყობა.
  • სამედიცინო რეაბილიტაცია, რომელიც მიზნად ისახავს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესახებ ბენეფიციართა ინფორმირებას, ამ სერვისებში მათ ჩართვას. გრანტის ფარგლებში ბენეფიციართათვის სამედიცინო გამოკვლევების, მკურნალობის ჩატარებას და შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ასევე ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას (მაქსიმუმ 1000 ლარი).

[/checklist]

მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა 2017 წელს ფარავს მთელ საქართველოს. სერვისები, რომლებსაც ბენეფიციარებს ვთავაზობთ, მორგებული იქნება მათ კონკრეტულ საჭიროებებზე, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ ღირსეულ რეინტეგრაციას, რაც თავის მხრივ შეამცირებს  ემიგრაციაში არალეგალურად განმეორებითი გამგზავრების რისკებს.

ნანა გორგილაძე
GCRT-ბათუმის
დირექტორი

ლოგოები ჩვენი და დევნ სამინისტროს (1)

 

ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რითაც ნარკოტიკის შეფუთვაზე არსებული თითის ანაბეჭდის ნიმუში ვაშაკიძის ნიმუშს არ დაემთხვა. ბათუმის საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლო გამამართლებელი განაჩენის მიღების დროს ექსპერტიზის ამ დასკვნას დაეყრდნო. იგივე დასკვნა გასათვალისწინებელი არ აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოსთვის.

სასამართლოსთვის, რომელიც თავისი გადაწყვეტილებებით პრაქტიკას ამკვიდრებს, სარწმუნო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი მოწმე პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა.

„გამოდის, რომ სასამართლოს პრაქტიკა იცვლება“, – მიიჩნევს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი დარწმუნებულია, რომ ექსპერტული დასკვნის მიუხედავად, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს უთხრან, რომ ადამიანების ჩვენებებს დაეყრდნო სასამართლო. რამინ პაპიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძემ მიიღო.

„სხვა საქმეებიც არსებობს, სადაც გამამართლებელი განაჩენი სწორედ ექსპერტიზის დასკვნის გამო დადგა. გამოდის, რომ ამ საქმეებშიც უნდა ველოდოთ გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლას, თუკი ექსპერტიზის დასკვნა მნიშვნელობას კარგავს. ნებისმიერი ექსპერტი სასამართლო პროცესზე გვპასუხობს, რომ დნმ ექსპერტიზა არის უტყუარი და პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ამ დასკვნის ცდომილება გამოვლენილიყო“, – გვიყვება რამინ პაპიძე.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრეცედენტი, ეს ძალიან საშიშია“, – ამბობს ირაკლი ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. ის აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ უზენაესი სასამართლო მტკიცებულებებს არ იკვლევს და მხოლოდ სამართლებრივად აფასებს წინა ინსტანციების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„გარდა ამისა, დნმ-ის ექსპერტიზა არის მეცნიერების და ტექნიკის მიღწევაზე დამოკიდებული, მოწმე კი, შესაძლოა ცდებოდეს. მოწმის ჩვენებას სჭირდება მოსამართლის შეფასება – სიმართლე თქვა თუ არა. ბიოლოგიური ექპსერტიზის დასკვნას კი გამოკვლევა სასამართლოს მხრიდან არ სჭირდება. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნას სხვა ღირებულება აქვს,“ – გვიყვება არჩილ ჩოფიკაშვილი.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ბიოლოგიური ექპერტიზის ცდომილების შესაძლებლობა და ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დნმ-ის ექსპერტიზა უშეცდომოა.

„თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური გენეტიკური კოდი. ბუნებაში არ არსებობს ერთნაირი გენეტიკური პროფილის მქონე ორი ადამიანი, გარდა მონოზიგოტური ტყუპებისა. სწორედ ამიტომ არის ადამიანის, ან მისი ბიოლოგიური მასალის დნმ იდენტიფიკაცია უშეცდომო. დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ნიმუშის გენეტიკური პროფილის მიღება ხდება ბოლო თაობის მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოების საშუალებით და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, საექსპერტო დასკვნის მზადდება გადამოწმებულ შედეგებზე დაყრდნობით,“ – მოგვწერეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან.

რა დასაბუთებით მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ, ჯერ უცნობია, რადგან გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის. ირაკლი ვაშაკიძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი პაატა შავაძე იცავდა.

უფასო საშხაპეები და გასახდელები ბათუმის პლაჟზე – რა სიახლეები იგეგმება ბულვარში

შეზლონგი სამი ლარი, ქოლგა ერთი ლარი მთელი დღით – „ბათუმის ბულვარმა“ აუქციონში მონაწილე პირებს ფასი წინასწარ განუსაზღვრა. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუქციონები დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია; ფასი კი დამსვენებლების პრეტენზიების გათვალისწინებით განისაზღვრა.

„რადგან  იყო შემთხვევები, როცა  გამქირავებლები ბევრად მაღალ ფასს ადებდნენ, რაც დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევდა,“ – განაცხადეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

წელს, ტურისტულ სეზონზე, შეზლონგების გამქირავებლებს უნიფორმაც ეცმევათ.  „უნიფორმები თვითონ უნდა შეიძინონ, სასურველია, ერთი ფერის ეცვათ, ერთ სექტორში მაინც. გარდა ამისა, მოიჯარემ უნდა დაასუფთაოს ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. ასევე, ყველა სექტორში უნდა განთავსდეს მცირე ზომის ურნა,“-  გვეუბნება ბულვარის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მაგდა ჯაიანი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოიჯარეებს უფლება არ აქვთ, მოქალაქეებს ზღვაზე გადასასვლელი ჩაუკეტონ. „შეზლონგები ზღვიდან ათი მეტრის დაშორებით იქნება განთავსებული, რადგან იყო პრეცედენტი, როცა მოქალაქეებს, რომლებიც არ ქირაობდნენ შეზლონგებს, პლაჟზე თავისუფლად გადაადგილება ეზღუდებოდათ.  მსგავს ფაქტებს ჩვენ გავაკონტროლებთ. გარდა ამისა, შეზლონგები მოწესრიგებული ან ახალი უნდა იყოს“ – ამბობს მაგდა ჯაიანი.

სიახლეა ის, რომ წელს პლაჟზე უფასო  20 ახალი საშხაპე და 20 გასახდელი დამონტაჟდება,  მოეწყობა გადასასვლელი ბილიკები. სულ 29 სექტორი იქნება. „საშხაპეებსა და გასახდელებს, რომ არ დაზიანდეს, მონიტორინგს ბულვარის ადმინისტრაცია გაუწევს“,  – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.

აღნიშნული მომსახურების შესასყიდად „ბათუმის ბულვარი“ ხელშეკრულებას იმ პრეტენდენტთან გააფორმებს, რომელმაც ყველაზე მეტად შესთავაზა ბულვარს მომსახურება.

საპლაჟე ინფრასტრუქტურის [გასახდელები, საშხაპეები, ხის ბილიკი, სასმელი წყლის შადრევანი] მოწყობის სამუშაოებზე „ბათუმის ბულვარის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამი პრეტენდენტი [ერთი ინდმეწარმე და ორი შპს] მონაწილეობდა. მომსახურება ბათუმის ბულვარს 94 066, 92 000 და 88 888  ლარად სთავაზობენ. საწყისი სატენდერო თანხა 126 740 ლარი იყო. შპს-ებს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხელშეკრულების გასაფორმებლად კი ინდმეწარმე ბესიკ სოლომონიძეს მიიწვევენ, რომელიც სამუშაოს 94 066 ლარად შეასრულებს.

„ბათუმის ბულვარის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, დათო გამრეკელაშვილის ინფორმაციით, აუქციონის შედეგების მიხედვით, პლაჟს შეზლონგებით, ქოლგებით და ნაგვის ურნებით აუქციონში გამარჯვებული 29 პირი უზრუნველყოფს, ასევე, გამოვლენილია 14 გამარჯვებული, რომელიც სანაყინე ჯიხურებს განათავსებს ბულვარში, იქნება სამი სანაყინე კუთხე, სუვენირებისთვის კი 30 დახლი დაიდგმება.

„მთავარია, მიზნობრიობა იყოს დაცული, რადგან თუ პირი აუქციონს ნაყინის რეალიზაციაზე იგებს, სხვა პროდუქტს ვერ გაყიდის, თუ ასე მოხდება, მაშინ პირი დაჯარიმდება,“ – ამბობს გამრეკელაშვილი.

თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის.

ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.

„გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით მაინც დავხმარებოდით,“ – ამბობს რამაზ შავაძე

ვეტერანების თხევადი აირით უზრუნველყოფას ხულოს გამგეობა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ვეტერანებისთვის თხევადი აირის მიწოდების პროგრამის განსახორციელებლად 6 250 ლარია გამოყოფილი. ხულოს გამგეობამ აირის შესასყიდად ტენდერი გუშინ, 16 მაისს გამოაცხადა.

პროკურორი მოწმეების გარეშე – „11-12 მარტის აქციის საქმე“

„11-12 მარტის აქციის საქმის“ არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 17 მაისს დაიწყო. მასობრივ ძალადობას და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს.

21 ბრალდებულიდან ორს, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის მოწყობა ედება ბრალად. მათი წინასასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

საქმეში ორი არასრულწლივანია, მათი განხილვა დახურულ პროცესებზე მიმდინარეობს.

დღეს კი დაიწყო იმ საქმის არსებითი განხილვა, რომელშიც 8 ბრალდებული ფიგურირებს 17-დან. ამ 8-დან ერთი – მინდია ბერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ დღევანდელ პროცესზე თითოეულ ბრალდებულს კიდევ ერთხელ წაუკითხა ბრალდების არსი და განუმარტა მოსალოდნელი სასჯელი, ბრალის დადასტურების შეთხვევაში.

მოსამართლემ კითხვაც დაუსვა თითოეულს: “სცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”. ბრალდებულებმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნიეს.

“რადგან ბრალს არ აღიარებენ, საპროცესო ვერ შედგებოდა, მაგრამ სასამართლო მაინც დაინტერესდება, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე,”- მიმართა პროკურორს მოსამართლემ.

“საპროცესოზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს,”- თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას მოწმეებიც შეეძლო წარმოედგინა, თუმცა პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე პროცესზე მარტო მოვიდა.

სასამართლო თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს. საქმეზე სულ 301 მოწმეა დასაკითხი.

IMG_20170517_145732

IMG_20170517_145700

IMG_20170517_151159

 

 

 

 

Exit mobile version