მთავარი,სიახლეები

საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

29.04.2017
საჯარო მოხელის კლასების მინიჭება და საკლასო დანამატები პირველი ივლისიდან

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობები დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. საჯარო სამსახურში დასაქმებულები მოხელის კლასის მინიჭების პარალელურად საკლასო დანამატსაც მიიღებენ.

დადგენილების მიხედვით, მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს და მისი მინიჭების მიზანია „საჯარო მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა“.

მოხელის კლასების საერთო რაოდენობაა 12, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი კლასი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი კლასი. მოხელის კლასი არ მიენიჭება მოხელეს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში [როცა ის დანიშნულია გამოსაცდელი ვადით]. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას გამოსაცდელი ვადა ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში. ამასთან, საჯარო მოხელეს მინიჭებული მოხელის კლასი უნარჩუნდება მუდმივად და დაუშვებელია  მისი  ჩამორთმევა.

მოხელეს მოხელის კლასს ანიჭებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის  წარდგინებით.

საკლასო დანამატი და მისი ოდენობა
  • მოხელეს, რომელსაც მიენიჭა მოხელის კლასი, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი.
  • მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა საჯარო სამსახურში მოხელის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

მოხელეს საკლასო დანამატი ეძლევა, ასევე:

  • სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და იმავე საჯარო დაწესებულებაში სხვა თანამდებობაზე გადასვლისას;
  • საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უფრო დაბალი იერარქიული რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას.

მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შემთხვევაში, მოხელეს საკლასო დანამატი არ ეძლევა.

მოხელის საკლასო დანამატის ოდენობა განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეს კანონი კი დღემდე მიღებული არ არის.

საკლასო ჩინები და მოხელის კლასები

2017 წლის პირველ ივლისამდე მინიჭებული საჯარო მოხელის საკლასო ჩინები, მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაუთანაბრდება მოხელის კლასებს შემდეგი შესაბამისობით:

  • ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი – მე-12 კლასი;
  • პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი – მე-11 კლასი;
  • სახელმწიფო მრჩეველი –   მე-10 კლასი;
  • პირველი კლასის მრჩეველი –  მე-9 კლასი;
  • მეორე კლასის მრჩეველი – მე-8 კლასი;
  • მესამე კლასის მრჩეველი – მე-7 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი – მე-6 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი – მე-5 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი – მე-4 კლასი;
  • საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი – მე-3 კლასი;
  • საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი – მე-2 კლასი;
  • საჯარო სამსახურის  მესამე კლასის რეფერენტი – პირველი კლასი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: