მთავარი,სიახლეები

პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს

12.05.2017 • 1641
პატიმარი ბათუმის ციხიდან დახმარებას ითხოვს

„დამიჯერეთ, არ მითქვამს ცხვირის ოპერაციაზე უარი, კუჭ-ნაწლავიც ძალიან მტკივა, ხერხემალი, ტკივილგამაყუჩებელ ნემსს ვითხოვ და არ მიკეთებენ,“ – ამას ციხიდან მსჯავრდებული კახა მ. გვწერს. პატიმარი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვს. მისი თქმით, აწუხებს სხვადასხვა დაავადება და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ, მიზანმიმართულად არ გაუკეთეს ოპერაცია და ამის გამო გაურთულდა ფარინგიტი. პატიმარი ასევე არ ენდობა ბათუმის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მსჯავრდებულს კახა მ.-ს საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია და არ შეესაბამება სინამდვილეს,“ – მოგვწერეს უწყებიდან, საიდანაც აქამდეც არაერთხელ გაუციათ პასუხი ამ მსჯავრდებულის შესახებ.

გასული წლის დეკემბერში კახა მ.-ს ერთ-ერთი პრეტენზიის რეალურობა სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ დაადასტურა. სააგენტომ ერთ-ერთი ექიმის, თამილა ვარშალომიძის მიმართ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადგინა და მას ლიცენზია 6 თვით შეუჩერა. ამ ფაქტამდე იგივე მსჯავრდებული სამედიცინო მომსახურების პრობლემაზე აგზავნიდა წერილებს ციხიდან, რასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა.

ამჯერად კახა მ. ყვება, რომ სამკურნალოდ ის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანეს, საიდანაც 19 აპრილს ისევ ბათუმის ციხეში დააბრუნეს.

„20 აპრილს ჩამომიყვანეს მე-3 დაწესებულებაში და სამედიცინო ნაწილი თვალით არ მინახავს. სამედიცინო მუშაკები კი არა, ჩვეულებრივი სარეჟიმო განყოფილების თანამშრომლები არიან,“ – წერს კახა მ.

„აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული პერიოდულად უარს აცხადებს რეკომენდებულ მედიკამენტურ მკურნალობაზე, მიდრეკილია თვითდაზიანებისკენ, მუდმივად წარმოადგენს სხვადასხვა სახის ჩივილებს. მიუხედავად სპეციალისტთა რეკომენდაციისამებრ ჩატარებული მკურნალობისა, აღნიშნავს მკურნალობის არაეფექტურობას და სამედიცინო პერსონალს  უნდობლობას უცხადებს,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა მ.-მ ასევე უარი თქვა გამრუდებული ცხვირის ძგიდის  ოპერაციაზე, რაც შესაბამისი აქტით დასტურდება.

კახა მ. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ასევე წერს, რომ პირველი მაისიდან შიმშილობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, კახა მ. ამ დროისთვის არ შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გადის შესაბამის მკურნალობას.

სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კახა მ. მოინახულეს და რეაგირებაც მოახდინეს, თუმცა რა დაფიქსირდა და რას მოჰყვა რეაგირება, სახალხო დამცველის პრესსამსახურმა ვერ გვითხრა იმ მოტივით, რომ ამ დრომდე მსჯავრდებულისგან წერილობითი დასტური არ აქვთ, ისაუბრონ მის შესახებ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: