მთავარი,სიახლეები

რა სიახლეს სთავაზობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს

13.05.2017 • 2094
რა სიახლეს სთავაზობს დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, წელს დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენენ, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნონ.

დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 7 დაცულ ტერიტორიაზე – ოკაცეს, კოლხეთის, მაჭახელას, მტირალას, მარტვილის, ალგეთის და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეორგოლები 360- გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული. „ასევე, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ,“-ამბობენ სააგენტოში.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მიმდინარე წელს აჭარაში, კერძოდ, ქობულეთსა და მაჭახელაში,  ვიზიტორთა ახალ ცენტრებს ააშენებს. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

„კინტრიშის დაცულ ტერიტორიას ერთი ვიზიტორთა ცენტრი მოემსახურება, მეორე კი მაჭახელაში იქნება. ტურისტებს ამ ვიზიტორთა ცენტრებშიც ექნებათ  შესაძლებლობა,  დაცული ტერიტორიების შესახებ 360-გრადუსიანი ხედვის მქონე ვიდეორგოლები ნახონ და ისე  აირჩიონ კონკრეტული ადგილი“.

სააგენტოში ამბობენ, რომ მსგავს ვიდეორგოლებს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ გადაიღებენ.

სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 11 ობიექტის მშენებლობა იგეგმება. „მთლიანობაში 6 737 500 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.“

Kobuleti_Nature_Reserve

გადაბეჭდვის წესი


ასევე: