„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში

20 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“, ACCESS-ის მხარდაჭერით, მორიგი დისკუსია გამართა.

„ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი?“ – თემაზე ლექცია იურისტმა და ფსიქოლოგმა, ანა არგანიშვილმა წაიკითხა.

ლექციაზე დასწრება ყველა მსურველს შეეძლო.

 

IMG_0996

 

IMG_0986

 

IMG_0994

 

IMG_0974

 

შუახევის გამგეობისთვის 34 ათას ლარად მეორად ავტომანქანას შეისყიდიან

პიკაპის ტიპის ერთი ერთეული მეორადი ავტომანქანის შესაძენად შუახევის მუნიციპალიტეტს 34 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. მაღალი გამავლობის მეორადი ავტომანქანა, რომელიც გამოშვებული უნდა იყოს არაუადრეს 2012 წლისა, შუახევის გამგეობას მოემსახურება.

მუნიციპალიტეტი ავტომანქანას ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა ავტომანქანა მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა გადასცეს.

ავტომანქანის ტექნიკურ მახასიათებლებში დამატებითი მოთხოვნებია: ავტომანქანის ფერი – „ვერცხლისფერი, ან/და მუქი ვერცხლისფერი, ან/და შავი, ან/და თეთრი“; ასევე უნდა ახლდეს საბარგულის პლასტმასის ჩასაფენი.

ქედაში, სოფელ ძენწმანში, ფერმერთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში ფერმერთა და აგრომეწარმეთა მომსახურების ცენტრს ააშენებენ. „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ახალი ობიექტის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების ცენტრის მშენებლობისთვის 276 619 ლარია გათვალისწინებული. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო პირობების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელი განისაზღვრა: „სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში (შემსყიდველთან შეთანხმებით) აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 11 სექტემბერს დასრულდება.

ფერმერთა მომსახურების ცენტრი სოფელ ძეწმანში / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ფერმერთა მომსახურების ცენტრი სოფელ ძენწმანში / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან

საპროცესო შეთანხმება „ბათუმის აქციის საქმეში“ ბრალდებულებთან

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში ბრალდებულ 18 პირთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმებას მიაღწია. გამონაკლისი ბრალდებული ლაშა დეკანაძეა. იგი ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს. ბრალის აღიარება კი საპროცესო შეთამხმების მთავარი პირობაა.

„ლაშა არის უდანაშაულო და თავად პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ მას არაფერი დაუშავებია. ის ძალიან ბევრ კადრშია დაფიქსირებული. მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება არაფერს ცვლის,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლევან გელოვანმა მოისმინა, რა ეტაპზეა საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის. შეთანხმება წერილობითი ფორმით ამ დროისთვის 19 დაკავებულიდან მხოლოდ ექვსზე არ არის წარმოდგენილი.

ადვოკატი მზია დიასამიძე ამბობს, რომ პროკურატურას საბოლოო შეთანხმება არ მიუღწევია არც შალვა ფევაძესთან.

„ვიდეოკადრში ჩანს, რომ შალვა უკვე დაზიანებულ მანქანაზე ადის… ადმინისტრაციული წესით დასჯად ქმედებაზე სისხლის სამართლებრივად არ უნდა აგოს ადამიანმა პასუხი. შალვა ფევაძესაც, სხვების მსგავსად, წელიწადნახევრიან რეალურ სასჯელს სთავაზობს პროკურატურა, რაც მიუღებელია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მზია დიასამიძემ.

უკვე მიღწეული საპროცესო შეთანხმებებიც დღეს, 21 აგვისტოს, მხარეებს მოსამართლისთვის არ წარმოუდგენიათ. ტექნიკური დეტალების დაზუსტებისთვის ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე დღე ითხოვეს.

პროკურატურა „ბათუმის აქციის“ მონაწილე ბრალდებულებს სთავაზობს პატიმრობას ერთი წლით და ექვსი თვით, ასევე პირობით მსჯავრს – სამი წლის ვადით.

ამ საქმეზე დაკავებულ სხვა პირებთანაც ანალოგიური პირობით გააფორმა საპროცესო შეთანხმება პროკურატურამ. გამონაკლისი ის ბრალდებული აღმოჩნდა, ვინც მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.

მერაბ ღოღობერიძეს, ირაკლი ჩხვირკვიასთან ერთად, „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. 19 ბრალდებულის გარდა, მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკვიას საქმეს ცალკე განიხილავს მოსამართლე დავით მამისეიშვილი.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვამდე ადვოკატებმა დასვეს შუამდგომლობა, პროცესი გადადებულიყო, რადგან მტკიცებულებებს სადავოდ აღარ ხდიან ბრალდებულები ლაშა დეკანაძის გარდა.

„უნდა დაიკითხონ მხოლოდ ის პოლიციელები, ვისაც უშუალოდ შემხებლობა აქვთ ლაშა დეკანაძესთან,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ, ლაშა დეკანაძის ინტერესების დამცველმა.

მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის მოსამართლე ლევან გელოვანი მოწმე პოლიციელების ჩვენებების მოსმენას განაგრძობს.

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა:

„აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

[crosslist]

  • კაკლის ხე ( Juglans regia L) – 2 ინდივიდი;
  • ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 3 ინდივიდი;
  • კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 452 ინდივიდი;
  • კეთილშობილი დაფნა (Laurus nobilis L.) – 10 ინდივიდი“.

[/crosslist]

„სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ უნდა აცნობოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ; მოჭრილი მერქნული რესურსი კი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების სხვადასხვა სახეობები. აჭარის ტერიტორიაზე ეს სახეობებია ძირითადად, კოლხური მუხა, ჩვეულებრივი წაბლი, კაკლის ხე, უთხოვარი და სხვ.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

5862 კვ/მ მიწა 1 ლარად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზისთვის

ჯამში 5862 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავრობამ საკუთრებაში სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. კერძო კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემა თურქეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება.

მიწის ნაკვეთები მდებარეობს აჭარაში, კერძოდ, დაბა ხელვაჩაურსა და ხელვაჩაურის სოფლებში: კაპანდიბი, მახო, ერგე, სიმონეთი, მირვეთი, მარადიდი, კირნათი.

საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობაა:

  • საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
  • „თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზის აშენება და ამავე მემორანდუმით განსაზღვრულ ვადაში ექსპლუატაციაში გაშვება.

„ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 1 ლარად გადასაცემი მიწის ნაკვეთების ფართობი და მისამართები:

12

 

ქონების ჩამორთმევა ბათუმსა და ხელვაჩაურში ავტობანის მშენებლობის გამო

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესაბამისი უფლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებებით მიენიჭა, რომლებსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო ჯავახაძე აწერს.

„ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეთა ერთ ნაწილთან მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილთან, ესენია:

ნიაზ ჭანიძე, ბიძინა ბეჟანიძე, გოჩა ჯაფარიძე, ლეილა გოგიაშვილი, ჯამბულ ჩიკვაიძე, შპს „ლუგო,“ სს „ავტომობილისტი 96,“ შპს „ჩემპიონი-2“ვახტანგ ართმელაძე, ლია ართმელაძე, მარგო ბერიძე, ნინო ართმელაძე, ტარიელ ართმელაძე; ავთანდილ მახარაძე; ემზარ ბაკურიძე; ლელა ახვლედიანი, რამაზ ახვლედიანი; არჩილ ბერიძე; სერგო იონახი; შადიე ჩიჯავაძე; ლეილა გოგვაძე; შპს „კვადრი“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ექსპროპრიაციის უფლება ვრცელდება შემდეგ უძრავ ქონებაზე:

[checklist]

  • ხელვაჩაური, სოფელი განთიადი; მესაკუთრეები ვახტანგ ართმელაძე, ლია ართმელაძე, მარგო ბერიძე, ნინო ართმელაძე და ტარიელ ართმელაძე. საექსპროპრიაციო ფართობი 2018 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
  • ხელვაჩაური, სოფელი განთიადი; მესაკუთრე ტარიელ ართმელაძე, საექსპროპრიაციო ფართობი 162 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
  • ხელვაჩაური, სოფელი განთიადი; მესაკუთრე ავთანდილ მახარაძე, საექსპროპრიციო ფართობი 1278 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
  • ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი; მესაკუთრე ემზარ ბაკურიძე, საექსპროპრიაციო ფართობი 223 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;
  • ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30; მესაკუთრე ლელა ახვლედიანი და რამაზ ახვლედიანი, საექსპროპრიაციო ფართობი 221 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
  • ქ. ბათუმი, ახალგაზრდობის ქუჩა №30ა; მესაკუთრე ლელა ახვლედიანი, საექსპროპრიაციო ფართობი 658 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
  • ქ. ბათუმი, დასახლება მახინჯაური, ქუჩა ამაღლება, №28-ის მიმდებარედ; მესაკუთრე არჩილ ბერიძე, საექსპროპრიაციო ფართობი 134 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები;
  • ხელვაჩაური, სოფელი მწვანე კონცხი; მესაკუთრე სერგო იონახი. საექსპროპრიაციო ფართობი 2001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
  • ხელვაჩაური, დაბა მახინჯაური, საერთო ფართი 1580 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები (საექსპროპრიაციო სრულად), ხელვაჩაური, სოფელი მახინჯაური, მიწის ნაკვეთის 1581 კვ.მ (საექსპროპრიაციო 258 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები) და ქალაქი ბათუმი, დაბა მახინჯაური 692 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები (საექსპროპრიაციო სრულად) მესაკუთე შადიე ჩიჯავაძე;
  • ქ. ბათუმი, დაბა მახინჯაური, ხიმშიაშვილის ქუჩა №21; მესაკუთრე ლეილა გოგვაძე, საექსპროპრიაციო ფართობი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები;
  • ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა/სოფელი სალიბაური; მესაკუთრე შპს „კვადრი“, საექსპროპრიაციო ფართობი 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
  • ხელვაჩაური, სოფელი ორთაბათუმი; მესაკუთრე ნიაზ ჭანიძე. საექპროპრიაციო მიწის ნაკვეთობი 3576 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
  • ხელვაჩაური, სოფელი განთიადი, საექსპროპრიაციო ფართობი 704 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები; სოფელი განთიადი, საექსპროპრიაციო ფართობი 1054 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნარგავები; სოფელი განთიადი, ქუჩა მე-16, N13ა, საექსპროპრიაციო ფართობი 413 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დანარგავები. მესაკუთრე ბიძინა ბეჟანიძე.
  • ხელვაჩაური, სოფელი ქვედა სამება, მესაკუთრე გოჩა ჯაფარიძე. საექსპროპრიაციო ფართობი 426 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
  • ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა, მესაკუთრე ჯამბულ ჩიკვაიძე. საექსპროპრიაციო ფართობი 2337 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
  • ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, აღმაშენებლის №9, მესაკუთრე შპს „ჩემპიონი-2“. საექპროპრიაციო ფართობი 5219 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
  • ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის №258, მესაკუთრე შპს „ლუგო“, საექსპროპრიაციო ფართობი 5559 კვ.მ, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა და ნარგავები.
  • ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371, მესაკუთრე სს „ავტომობილისტი 96“, საექსპროპრიაციო ფართობი 17 672 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა; ქალაქი ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №371, მესაკუთრე სს „ავტომობილისტი 96“, საექსპროპრიაციო ფართობი 5828 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.
  • ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა, მესაკუთრე ლეილა გოგიაშვილი. საექსპროპრიაციო ფართობი 224 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.

[/checklist]


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტს. პროექტი ითვალისწინებს მონაკვეთს მახინჯაურიდან მდინარე ჭოროხამდე. გზის მთლიანი მონაკვეთი შეადგენს 14.3 კმ, ხოლო სიგანე 14 მეტრს. ბათუმის შემოვლითი გზა აღმოსავლეთიდან უვლის ქალაქ ბათუმს და მთელს სიგრძეზე გადის ხელვაჩაურის რაიონში. გზის უმეტესი ნაწილი გაივლის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას. პროექტი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთის (ასაქცევი) – სარფის საავტომობილო გზაზე არსებული საავტომობილო გვირაბის სამხრეთ პორტალის შემდეგ სოფ. მახინჯაურის მისადგომებთან.

პროექტის ფარგლებში იგეგმება გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მოწყობა. გზის მშენებლობისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ტექნიკური პარამეტრები: გზის ხარისხი – საერთაშორისო ავტომაგისტრალი, საანგარიშო სიჩქარე – 100 კმ/სთ, გზის საფუძვლის სიგანე – 14 მ, სავალი ნაწილის სიგანე – 7 მ, სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ, მოპირკეთებული გვერდულების სიგანე – 2.5 მ, მოსაპირკეთებელი გვერდულების სიგანე – 1 მ, საფარის ტიპი – ასფალტ-ბეტონი გზისათვის, ცემენტ ბეტონი – 5 გვირაბისათვის.

ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. გონიო-კვარიათის ქუჩების და ტროატუარებისთვის ბიუჯეტიდან 963 700 ლარის დახარჯვა იგეგმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს 51 700 ლარით ტროტუარის კეთილმოწყობის დაფინანსებას ჭავჭავაძის ქუჩაზე – თბილისის მოედნიდან „პლაზამდე“. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მოეწყობა ქვეითთა გადასასვლელი ხიდი ბარცხანაში, თამარ მეფის ქუჩაზე, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. თანხა გათვალისწინებულია სასაფლაოზე მისასვლელი გზებისთვისაც 288 ათასი ლარის ოდენობით.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიცავს სახურავებზე თოვლდამჭერების მონტაჟს – 49 261 ლარი.  სახურავების შეკეთებისთვის ბათუმის მერია ამჯერად მხოლოდ 4 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტის ფარგლებში მერია აპირებს ორი სახლის ფასადის შეღებვასაც, რაშიც სავარაუდოდ 65 ათას ლარს გადაიხდის.

ბათუმის მერია აპირებს სარაგბო კლუბი „ბათუმის“ დაფინანსების გაზრდასაც ჯამში – 120 ათასი ლარით. ცვლილების მიხედვით, იზრდება ამ კლუბში შრომის ანაზღაურებაც 38 ათასი ლარის ოდენობით.

ბათუმის მერია ასევე აპირებს, მოაწყოს სილამაზის კონკურსი „მის საქართველო“ 50 ათას ლარად.

ცვლილებების პროექტის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ღონისძიება – ექსკურსია ქუთაისში უსინათლოთა კავშირის წევრებისთვის. ამისთვის 1600 ლარი დაიხარჯება.

 

 

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში.

კიდევ ერთი სილამაზის კონკურსის – Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობას გათვალისწინებული აქვს 61 967 ლარი. ბათუმის მერია კონკურსის ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის წესით ჩატარებას ითხოვდა თუმცა შესყვიდების სააგენტოსგან თანხმობა ვერ მიიღო. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ამ კონკურსის ორგანიზებაზე მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ბათუმს სილამაზის კონკურსის [„მის საქართველოს“ გამოვლენა] ჩასატარებლად ამჯერად თანხა აჭარის მთავრობამ გამოუყო.

მთავარ ფოტოზე: კონკურსი „მის საქართველო 2015“

186 ათასი ლარი თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის ასაშენებლად

ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენება იგეგმება. გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა მიიღოს. თუკი საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებას დაამტკიცებს, ხიდის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდება. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 186 100 ლარი იქნება.

თამარ მეფის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აშენებაზე მერიამ გადაწყვეტილება ავტოსაგზაო შემთხვევების გახშირების შემდეგ მიიღო. ბოლოს, 9 ივლისს, ამ ქუჩაზე 12 წლის ბავშვს დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა. ბიჭი გარდაიცვალა.

ხვალ, 21 აგვისტოს, ბათუმის საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, რაც ჯამში 2 მილიონ 182 673 ლარს მოიცავს. ცვლილებები ძირითადად ინფრასტრუქტული სამუშაოების დაფინანსებას შეეხება.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე იმუშავა სახანძრო სამსახურმა და ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ჩააქრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი გაჩერებულ ავტომანქანას გაუჩნდა, რომელშიც არავინ იჯდა. დაწყებულია გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

გიორგი დონაძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე მაყურებელს ნამდვილი სანახაობა ელის

La Moneta & Flamenco – ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე  ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.

„შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”.  ფლამენკოს მოცეკვავე ჯადოქრები ესპანეთიდან  Black Sea Arena-ზე  ცეცხლოვან შოუს გვპირდებიან. ისინი სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე  ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან და 35 წუთი დაეთმობათ. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი უნიკალური  ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ – ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

„ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული. ზოგჯერ “ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს.

„მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ“ – აღნიშნავს დონაძე.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები განმარტავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის განცხადებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გახდა  და დასაწყისისთვის ეს მისასალმებელია. მისივე თქმით, ფესტივალისთვის “Black Sea Arena”  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ სცენარზე ცენტრის რეჟისორმა მუშაობა დაწყებულია: „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე – ეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა“.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და   “Check in Georgia”-ს ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ  სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარსდგა და  ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena” სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

 

Untitled

 

 

5 წლის ბავშვს ქუჩაში მანქანა დაეჯახა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაგნოლიას“ საცხოვრებელ სახლთან 5 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში გადაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბავშვს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

„დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, ბავშვი იმყოფება „ემერჯენსის“ განყოფილებაში, უტარდება კვლევები და იმყოფება ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ.

მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, რა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ჯარისკაცი ავღანეთში მისიაზე: ფულისთვის არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ვეღარ დაბრუნდე

საერთაშორისო სამხედრო მისიაში საკონტრაქტო სამსახურზე „ბათუმელების“ სტატიას სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ხოლო მკითხველთა აგრესიულმა ჯგუფმა, სამხედრო მისიაში მყოფი ჯარისკაცების მიმართ ასეთ ფრაზებიც კი გამოიყენა: „დაგიქირავებს მკვლელად, ან საზარბაზნე ხორცად“. „300 დოლარის მონა ხარ, აბა რა ხარ?“, „მერე იტყვიან: იქ საქართველოს იცავდაო…“

დისკუსიაში ჩაერთვნენ საერთაშორისო მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცებიც. ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა:

„…სამწუხაროდ, ჩვენ მტრებად მარტო ის მიგვაჩნია, ვინც ჩვენს ოჯახს შეეხო (ჩვენში ქართველი ერი იგულისხმება). დღეს რომ თქვენ მშვიდად დაიძინებთ საკუთარ ოჯახთან ერთან და შიში არ გექნებათ, რომ ვიღაც შაჰიდის ქამრიანი ზიანს არ მიაყენებს თქვენს ოჯახს, ეს პრობლემა გადაწყვიტა ლაშას [ჯარისკაცი ავღანეთში] იქ ყოფნამ. ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვენატრება დედა, მამა, ცოლი, შვილი, და თუ ძმა. ჩვენც გვიყვარს ცხელ ამინდში ცივი ლუდი და ზღვის პირზე ზაგრის მიღება, მაგრამ ამ ყველაფრიდან შორს ყოფნით იმიტომ ვიტანჯავთ თავს, რომ თქვენ მშვიდად იძინოთ და თითოეული ჩვენთაგანის ოჯახების მიერ შექმნილი საქართველო ტერორიზმის ქვეშ არ იყოს და როგორც ჩვენს, ის თქვენს შვილებს და ოჯახის სხვა წევრებს არაფერი დაემართოს.“

ამონარიდი კიდევ ერთი კომენტარიდან: „მე ჩემი ქვეყნის ჯარისკაცი ვარ და ვაკეთებ იმას, რაც ჩემს ქვეყანას ჭირდება. გგონია რაიმე თანხით ანაზღაურდება ჩემი ან ჩემი მეგობრების სიცოცხლე, რომლებიც შეიძლება დაიღუპონ? მიდით, აბა, და რომელიმე დაღუპული ჯარისკაცის დედას, ან შვილს ჰკითხეთ, თუ აუნაზღარდა დანაკარგი. ვიღაცისთვის ადვილია კომპიუტერის კლავიატურასთან ჯდომა და იმის წერა, ვინ რას აკეთებს საქართველოსთვის…“

„ბათუმელები“ ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ერთ-ერთ ჯარისკაცს ესაუბრა საზოგადოების ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და საერთაშორისო მისიის მნიშვნელობაზე. კობა ოშხერელი წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტია. პირველად იგი 2004 წელს  წავიდა ერაყში მისიის შესასრულებლად.

„მაშინ არ იყო ასე აქტიური მისიები“, – გვიყვება კობა ოშხერელი. – „მე 2002 წელს შევუერთდი სამეხდრო შეიარაღებულ ძალებს. პირველად ამერიკელებმა მაშინ ჩაგვიტარეს წვრთნა ქართველ სამხედროებს. იქ ვინც მიდის მშვიდობის დასაცავად, ყველას მაღალი აქვს მოტივაცია, რომ მშვიდობას იცავს, მაგრამ იმ პერიოდში იყო სხვა მომენტიც – სხვა ცოდნის მიღების და რეალურ სიტუაციაში შემეძლო საკუთარი შესაძლბელობების გამოცდა… არასდროს დამავიწყდება, როგორ გავოცდით იქაური სამხედროების ტექნიკური აღჭურვილობით, სამხედრო შესაძლებლობებით და არა მარტო ამით. სამშობლოში დაბრუნებულს, მახსოვს, ყველაზე მეტს ამერიკული ჯარის ურთიერთობებზე ვყვებოდი. სულ სხვა დამოკიდებულება იგრძნობდა ოფიცერსა და სერჟანტს შორის, უშუალოდ ჯარისკაცებს შორის. თავიდანვე წითელ ზონაში მოვხვდი. მაშინ სამი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ. მერე კიდევ შვიდი…“

კობა ოშხერელი არ მალავს, რომ მისიის მონაწილე ჯარისკაცებსაც უკითხავთ მისთვის: „რატომ ვართ აქ?“. ამბობს, რომ პასუხი ამ კითხვაზე არაა რთული, რადგან მშვიდობა ყველაზე ფასეულია: „მითქვამს, რომ ვერ ვიქნებით მარტო. მიპასუხია ჯარისკაცისთვის, რომ რუსეთი გვიპყრობს და საქართველო, ეს ერთი ბეწო ქვეყანა, მარტო არ უნდა დარჩეს ამ დიდ ბრძოლაში. მერე შეშფოთება და აღშფოთება გვიშველისო? დაუბრუნებიათ კითხვა. ჩემი აზრით, შეშფოთებაც საქმეა, როცა მსოფლიო თანამეგობრობა გვერდით გიდგას და აგრძნობინებს შენს მტერს, რომ არა ხარ მარტო“, – ამბობს ჯარისკაცი.

მისიის მონაწილის თქმით, საერთაშორისო მისიის მონაწილე სხვა ჯარისკაცები სხვა ქვეყნებიდან მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ქართველებისგან განსხვავებით, „თუმცა, მაგალითად, ჩეხეთს ის პრობლემა არ აქვს, რაც ჩვენ. ხელფასი მაღალიც რომ იყოს, ფინანსების გამო ხომ არ წახვალ იქ, საიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე?“ – კითხულობს კობა ოშხერელი.

სამხედრო მოსამსახურის თქმით, ქართველი ჯარისკაცები საერთაშორისო მისიაში განსაკუთრებული სამხედრო მომზადებით და მაღალი ნდობით გამოირჩევიან. მისია ექვსთვიანია. გამგზავრებამდე შერჩეული ჯარისკაცები ხუთთვიან მომზადების კურსს საქართველოში გადიან, შემდეგ – ერთ თვეს გერმანიაში. იქვე ტარდება ტექნიკური შემოწმება და ჯარისკაცის გამოცდა. „ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, გერმანიიდან ვინმე დაწუნებულიყო  და საქართველოში დაუბრუნებინათ,“ – დასძენს ჯარისკაცი.

ფოტოზე: ქართველი ჯარისკაცები საერთასორისო სამშვიდობო მისიაში, მარცხნიდან პირველი – კობა ოშხერელი.

ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ლაშა კომახიძე იქნება

„დაველოდოთ მოვლენებს“ – ასე უპასუხა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ შეკითხვას ბათუმის მერობის კანდიდატობაზე. მინისტრმა გვითხრა, რომ მერობის კანდიდატის ოფიციალურ დასახელებამდე არ არის ბევრი დრო დარჩენილი და „მერე ყველა ყველაფერს გაიგებს“.

მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელენ პარტია „ქართულ ოცნებაში“. პარტიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება კანდიდატების წარდგენა და ამ დღეს უნდა დაველოდოთ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც ერთ-ერთ გადაწყვეტილების მიმღები პირიც ადასტურებს, ბათუმში მერობის კანდიდატად ლაშა კომახიძის წარდგენა საბოლოოდ შეთანხმებული საკითხია.

ლაშა კომახიძემ 2016 წლის ივლისში, ზურაბ პატარაძის მთავრობაში დაიკავა მინისტრის სავარძელი. მანამდე, 2008 წლიდან იგი გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე ლაშა კომახიძე ჯერ „საზღვაო ბანკის“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტი და შემდეგ საინვესტიციო განყოფილების უფროსი იყო. 2001-2003 წლებში აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის თანაშემწედ, შემდეგ კი, აჭარის ხაზინის უფროსად მუშაობდა.

ბათუმის მერობის კანდიდატს „ქართული ოცნებიდან“ დამთავრებული აქვს უნგრეთში ბუდაპეშტის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

ლაშა კომახიძის ქონებრივი მდგომაროების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული გარდაიცვალა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული პირი დღეს დილით გარდაიცვალა. დაშავებული გუშინ კლინიკა “მედინადან” გადაიყვანეს თბილისის დამწვრობის ცენტრში. მას აფეთქების შედეგად კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი.

აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული მკურნალობას განაგრძობს თბილისის დამწვრობის ცენტრში.

 

„საუბრები ევროპაზე“ ბახმაროში – დისკუსია ქალთა უფლებებზე

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“.

20 აგვისტოს, ბახმაროში, არტ-კაფეში, დღის პირველ საათზე გაიმართება დისკუსია თემაზე:

ქალთა უფლებები და სოციალური დაცვა საბჭოთა კავშირში, თანამედროვე ევროპასა და საქართველოში – როგორია ევროპული სტანდარტი?

დისკუსიას გაუძღვება იურისტი და ფსიქოლოგი ანა არგანაშივილი. დისკუსიის მოდერატორი იქნება ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა.

დისკუსიას კურორტთან ახლოს მცხოვრები მემთეურები დაესწრებიან.

დისკუსიის დაწყების დრო: 13:00 საათი

მისამართი: კურორტი ბახმარო, არტ-კაფე 

დასწრება თავისუფალია. 

 

ბიძინა ივანიშვილი ქობულეთში ხის შესარჩევად ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, 18 აგვისტოს  ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. გელაურში გვითხრეს, რომ ივანიშვილი ხეებს ათვალიერებდა.

20900669_1647523991965890_8793159610467375723_o (1)

ბიძინა ივანიშვილი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს შეკვეთილში, საკუთარ რეზიდენციასთან ახლოს აშენებს, სადაც ამ დრომდე აჭარიდან, ძირითადად ჩაქვიდან, ბუკნარიდან, ციხისძირიდან და ბობოყვათიდან ათობით მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს ხმელეთითა და ზღვით. ხის გადატანას პერიოდულად თან ახლდა სახმელეთო, ცენტრალური გზის გადაკეტვა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

ეკოლოგების თქმით, მრავალწლოვანი ხეების ამოღების შედეგად მწვანე კონცხსა და ციხისძირში შესაძლოა მეწყრული კერები გააქტიურდეს.

ამავე თემაზე: 

ივანიშვილის დანატოვარი

16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400  ლარი  შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან  კი 9 079 100; 1 470 000 ლარი  შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა.

ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 ლარი, კლუბის მაგიდიდან – 48.000 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის სახით კი, ბიუჯეტში  62 500 ლარი შევიდა.

მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 6 თვის ბიუჯეტის ფაქტიურმა შემოსულობებმა  91 051 300 ლარი შეადგინა, რაც შემოსულობების 2017 წლის მთლიანი გეგმიური მაჩვენებლის 56.2%-ია. შემოსულობებიდან გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებზე  23 512 800 ლარი მოდის, [შემოსულობების – 25.8%]. გრანტებისა და ფინანსური დახმარების სახით მიღებულ შემოსავლებზე – 36 710 200 ლარი [შემოსულობების – 40.3%], სხვა [არასაგადასახადო] შემოსავლებზე –  22 302 6 ათასი ლარი (შემოსულობების – 24.5%), არაფინანსური აქტივების კლებაზე (ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებულ შემოსულობაზე) – 8 525 700  ლარი (შემოსულობების – 9.4%).

 

 

 

 

yy

გაზგასამართი სადგურის აფეთქებისგან დაშავებული თბილისში გადაჰყავთ

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ. პაციენტს რამდენიმე წუთის წინ დაატოვებინეს კლინიკა „მედინა”.

„დაშავებული გადაჰყავს რეანომობილს. ის ისევ მართვით სუნთქვაზეა დამოკიდებული და ტრანსპორტირება ხორციელდება ყველა წესის დაცვით,” – უთხრა “ბათუმელებს” ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პაციენტის გადაყვანა გუშინაც განიხილებოდა, მაგრამ მისი მეუღლე ამის წინააღმდეგი იყო.

დაშავებულს კანის დაახლოებით 90 პროცენტი დამწვარი აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული უკვე ორი დღეა თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადის მკურნალობას. მას კანის დაახლოებით 30 პროცენტი აქვს დამწვარი.

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში.

ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას აიძულებდნენ – ცემით და გაუპატიურების მუქარით.

“ჩვენ 17 100 ლარის გადახდა მოგვთხოვეს, გვცემეს და გვითხრეს, რომ გაგვაუპატიურებდნენ…”- მიმართა მოსამართლეს ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ბექირ შიბშეკმა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, იგი სამ მეგობართან ერთად სარფის საბაჟოდან 24 იანვრის საღამოს ბათუმისკენ ტაქსით წამოვიდა.

“ტაქსისტს ვთხოვე, სადმე ისეთ ადგილზე მივეყვანეთ, სადაც დავსხდებოდით… კლუბში მიგვიყვანა. როცა შევედით, ხალხი ბევრი არ იყო, მაგრამ მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული… ხილი და წვენი შევუკვეთეთ… მერე ორი გოგო თავისით მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, დასხდნენ და კოქტეილები შეუკვეთეს… გოგოების ხმა არ გვესმოდა, რადგან მუსიკა ხმამაღალი იყო. ჩვენ ქალაქში გავლა გვინდოდა და ანგარიში მოვითხოვეთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაგვიძახა ერთმა ბიჭმა, აქეთ, ოთახში მოდითო, ხელში ქვითარი ეჭირა”, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა სიტუაცია თანხის გამოძალვამდე მოწმის სახით დაბარებულმა დაზარალებულმა.

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა ოთახი, სადაც მას და მის მეგობრებს ფული გამოსძალეს.

“მახსოვს, კარგად განათებული არ იყო ის ოთახი… ყვითლად იყო შეღებილი კედლები და ერთ კუთხეში ვიდეოთვალიც იყო… როგორც კი შევედით, ქვითარი გვაჩვენეს – 17 100 ლარი უნდა გადაიხადოთ, თორემ თავს მოგაჭრითო… გვირტყამდნენ. საბოლოოდ, ჩემი ბარათებიდან მოხსნეს თანხა – 1 489 ამერიკული დოლარი და 4 692 ლარი. ჯიბეებიც დაგვიჩხრიკეს. სულ 180 ლირი აღმოგვაჩნდა. ესეც წაიღეს”, – თქვა მოწმემ.

რა მოხდა თანხის გამოძალვის შემდეგ? – პროკურორის ამ კითხვაზე მოწმემ თქვა, რომ რამდენიმე წუთით ისინი „თანხის გამოძალვის ოთახში” მარტო დატოვეს.

“ამ დროს რატომ არ დაურეკეთ პოლიციას?”- ჰკითხა მოწმეს პროკურორმა.

„ძალიან შეშინებული ვიყავით… გვინდოდა, იქედან გამოგვეღწია. შემოვიდნენ და გვითხრეს, სიკეთეს გაგიკეთებთ, ტაქსი სარფამდე ჩაგიყვანთო. ტაქსით წავედით. მართლა სიკეთე გვეგონა იმ მომენტში ეს”, – აღნიშნა მოწმემ.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა.

 

IMG_20170818_143524

 

იკომოს საქართველოს დასკვნა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში დაგეგმილ მშენებლობაზე

შეაჩერებს თუ არა ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მშენებლობას სასამართლო საქმის განხილვის დასრულებამდე, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. კომპანია „დარ ბილდინგს“ ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს. ორგანიზაცია „ბათომში“ კი მიიჩნევენ, რომ ბარათაშვილის 24-ში შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა ამ ქუჩის ისტორიულ განაშენიანებას დაარღვევს. „ბათომმა“ ამასთან დაკავშირებით სასამართლოს  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივნის, ხელოვნებათმცოდნე ნატო ცინცაბაძის  დასკვნა წარუდგინა.

დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:

ნ . ბართაშვილის ქუჩაზე N24-ში მდებარე ტერიტორიაზე 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტთან დაკავშირებით

„ნ. ბართაშვილის ქუჩაზე, N24-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია 7-სართულიანი საცხოვრებელი სახლის აგება, მდებარეობს ისტორიულ ბათუმში, ქ. ბათუმის ისტორიული

ნაწილის სახელმწიფო დაცვის ზონაში. პროექტით დაგეგმილი ნაგებობა არ შეესაბამება ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სივრცით-არქიტექტურულ გარემოს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში მოქმედი რეჟიმები:

“თავი VIII

კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები და მათი რეჟიმები

მუხლი 37. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონისა და რეჟიმის დადგენა

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონად განისაზღვრება ტერიტორია, სადაც გამოვლენილია ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა უძრავი ობიექტების დიდი კონცენტრაცია, ავთენტიკური სახით შენარჩუნებული ქუჩათა ქსელი, განაშენიანება, გეგმარებითი სტუქტურა და მორფოლოგია.

2. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დადგენის მიზანია მასში დაცული ძეგლების ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცით-­‐არქიტექტურული გარემოს, განაშენიანების ტრადიციული ფორმებისა და იერსახის შენარჩუნება, ქალაქის ისტორიული ნაწილის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის (დაგეგმარების სტრუქტურა, მორფოლოგია, შენობების მასშტაბი, ხასიათი, სილუეტი, იერსახე, ლანდშაფტი და სხვა), დაცვისა და შენარჩუნების უზრუველყოფა, სარეაბილიტაციო, სამშენებლო და სხვა სამუშაოთა რეგულირება, ქალაქის გარემოს გაჯანსაღება, დეგრადირებული ურბანული ქსოვილის ისტორიულ სახესთან მაქსიმალურად მიახლოება, ისტორიული განაშენიანების ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის რეალიზაცია.

3. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ქალაქგეგმარებითი და სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ისტორიული გარემოს დაგეგმარების, განაშენიანების, ლანდშაფტის შენარჩუნება, მათი დაკარგული ელემენტების აღდგენის შესაძლებლობა.

4. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-­‐საკომუნიკაციო ქსელს;

ბ) სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი (შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გაათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, თავდაპირველი სახით აღადგინოს მისი ისტორიული გარემო და სხვა).

5. საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს.

შენობა ორგანულად უნდა ერწყმოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებს და გარემოს, არ უნდა უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს“.

დამუშავებული პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის კანონით გათვალისწინებულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მუხლს:

1. პროექტით გათვალისწინებული შენობის მოცულობა ერთმნიშვნელოვნად უმასშტაბოა, მსხვილია და დაუშვებლად მაღალი. ისტორიული ბათუმისთვის დამახასიათებელია

ერთი, ორი და სამ სართულიანი ინდივიდუალური ტიპის საცხოვრებელი სახლები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ისტორიული ურბანული ქსოვლის მასშტაბს და მასში გაბნეული საზოგადოებრივი ნაგებობები მაქსიმუმ ოთხ სართულიანი იყო. საპროექტო ნაგებობა 7 სართულიანი მრავალბინიანი “კორპუსია”. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარედ, ბარათშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების მეორე კვეთაში, უკვე მიმდინარეობს ისტორიული გარემოსთვის შეუფერებელი მასშტაბის ჩარევა და ბალანსი ტრადიცულსა და უხეშ განვითარებას შორის დარღვეულია, დაგეგმილი ნაგებობისგანხორციელება საბოლოოდ გაანადგურებს ამ კვარტლის ისტორიულობას.

2. პროქტით გათვალისწინებული შენობის გეგმარებითი სტრუქტურა შეუსაბამოა ისტორიულად ჩამოყალიბებული ბათუმის საცხოვრებლების გეგმარებითი სტრუქტურასთან და სივრცის ორგანიზაციასთან, რაც გამოწვეულია იმით, რომ (საზოგადოება “ბათომის” მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის Nმ/1429 ბრძანებით გაფორმებულია სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო არეალისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ-2-ის გაზრდაზე 4, 8-კოეფიციენტამდე. ამან გამოიწვია არსებული განაშენიანების მოცულობის დაუშვებლად გამმსხვილება. საპროექტო ნაგებობა თითქმის 4-ჯერ უფრო დიდია ვიდრე აქ ადრე არსებული 2 სართულიანი შენობა.

შესაბამისად მივიღებთ ე.წ. “კორპუსს”, რომელსაც არ გააჩნია ეზოსა და ნაგებობას შორის ტრადიციული სივრცითი თანაფარდობა და უზომოდ აღემატება ისტორიულად ჩამოყალიბებულ დაგეგმარების სტრუქტურას, მორფოლოგიას, შენობების მასშტაბს, .

3. საქართველოს კანონი, “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას უშვებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც შესაბამისმა უწყებამ კოეფიციენტის ცვლილების დაშვება უნდა დაასაბუთოს: ქალაქგეგმარებითი აუცილებლობით, საჯარო ინტერესის (ამ შემთხვევაში ეს არის კულტურული მემკვიდრეობა) არ შელახვისა და გათვალისწინების არგუმენტებით, და საკომპენსაციო ღონისძიებების არსებობით. საზოგადოება “ბათომის” მიერ მოწოდებულ მასალებში არ ჩანს ასეთი დასაბუთება და გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო ქ. ბათუმის მანიციპალიტეტის მერმა ასეთი გადაწყვეტილება. საქმე გვაქვს ბოლო წლებში გავრცელებულ მავნე პრაქტიკასთან, როდესაც სპეციალური (ზონალური ) შეთანხმება, გამონაკლისის ნაცვლად, ყოველდღიურ პროცესად იქცა და ამ შემთხვევაში სათანადო დასაბუთებაც არ ახლავს. პრობლემა იმდენად აღიარებულია, როგორც მანკიერი პრაქტიკა, რომ პარლამენტში განსახილველად წარდგენილია ახალი სამშენებლო კოდექსის პროექტი, რომელიც გამორიცხავს ზონალური შეთახმების გამარტივებული წესით გაცემას.

4. დაგეგმილი „კორპუსის“ დიზაინი ეწინააღმდეგება საპროექტო არეალის გარშემო ჩამოყალიბებული განაშენიანების იერ-სახეს, ფორმებს და ტიპს. ფასადების ფენესტრაცია და რიტმი გამომდინარე მისი მრავალბინიანი „კორპუსის“ ტიპოლოგიიდან გადატვირთული და უნიფიცირებულია, რაც შეიძლება მისაღები იყოს თანამედროვე ბათუმში, დაცვის ზონის გარეთ, მაგრამ არა ისტორიულ ბათუმში. პროექტის დოკუმენტაციას თან ახლავ ხელოვნებათმცოდნის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ეხება ისტორიული განაშენიანების მასშტაბის პრობლემას და ახალმშენებლობისთვის იძლევა რეკომედაციას: დაცული იქნას მოცულობის (ადრე აქ არსებული) ორსართულიანობა და სადა არქიტექტურული ხასიათი. ნაცვალად ორი სართულისა წარმოდგენილია შვიდი სათრული და უკიდურესად აქტიური საფასადო დიზაინი. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ზონალური შეთანხმების უსაფუძვლობას.

5. დაგეგმილი ნაგებობა არ ემსახურება ურბანული კონსერვაციის პრინციპების და კულტურული მემკვიდრეობის კანონის (თავი VIII) მიზანს: გაანთავისუფლოს საპროექტო არეალი დისონასის შემტანი ელემენტებისგან, არამედ თვითონ შეაქვს დისონანსი ბათუმის ისტორიულ განაშენიანებაში. მისი აშენება საბოლოოდ დაუკარგავს ამ უბანს შანს მომავალში განხორციელდეს დაზიანებული ისტორიული გარემოს გაჯანსაღებისა და მდგრადი განვითარების კომპლექსური ურბანული კონსერვაციის ღონისძიებები.

ბათუმში, ნ. ბართაშვილის ქუჩაზე N24-ში მდებარე ტერიტორიაზე 7 სართულიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი ასევე ეწინააღმდეგება ადგილობრივად და საერთაშორისოდ

აღიარებულ დოქტრინებში გაცხადებულ ისტორიულ განაშენიანებაში ახალმშენებლობების, ე.წ.  Infill design – “შევსების დიზაინის” ყველა პრინციპს. (იხ. დან.: 1; 2;) სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ საპროექტო არეალი ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, რაც ზრდის საპროექტო ობიექტის ურბანულ მნიშვნელობას. კუთხის ნაგებობა, როგორც წესი განსაზღვრავს მთელი კვარტლის მასშტაბსა და ხასიათს. ამ პროექტის გახორციელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისტორიული კვარტლის იდენტობას, მის ადამიანურ, დაბალსართულიან მასშტაბს, ქუჩათა ფასადების რიტმის უწყვეტობას, რაც სავალალო გავლენას იქონიებს მთლიანად ისტორიული ბათუმის ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ და ისტორიულ მახასიათებლებსა და ფასეულობებზე.

ნატო ცინცაბაძე,  „იკომოს საქართველოს“ გენერალური მდივანი

საექსპერტო დასკვნა განხილულია “იკომოს” საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და დასახლებების სექციაზე. 13.07.2017.

თბილისი. 14.07.2017

# E13-07/2017“

DJ მათიას ვებერი Sky Bar Nephele-ში სექტემბრის სეზონს გახსნის [ანონსი]

2  სექტემბერს „ჰილტონ ბათუმში“ „სქაი ბარ ნეფელეში“ შემოდგომის სეზონს გერმანელი DJ Matthias Weber-ი ცეცხლოვანი ელექტრონული მუსიკით გახსნის.

 

დასაწყისი: 22:00

დასწრება უფასოა.

ადგილების წინასწარ დასაჯავშნად დარეკეთ : +995 422 222 299

https://www.facebook.com/skybarnephele/

 

 

მოსამართლე: სამედიცინო დასკვნის მიხედვით მერაბ ღოღობერიძეს ოპერაცია არ სჭირდება

“უკვე ნათელია, რომ მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა სასამართლო პროცესის გაჭიანურებას,” – ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი სხდომა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

სამედიცინო კლინიკა “მედინას” დასკვნის მიხედვით, მერაბ ღოღობერიძეს ქირურგიული ოპერაცია არ სჭირდება და მას მხოლოდ მკურნალობის კურსი დაუნიშნეს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს ის კლინიკაა, სადაც მერაბ ღოღობერიძემ ოპერაციის გაკეთება თვითონ ისურვა.

მერაბ ღოღობერიძეს ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად “ბათუმის აქციის საქმეზე” მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. დღევანდელ პროცესზე მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია გამოცხადდა. მერაბ ღოღობერიძემ მოსამართლეს წერილი გამოუგზავნა და პატიმრობიდან გათავისუფლება სთხოვა.

“თუ სურს, რომ შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიების საკითხი, უნდა გამოცხადდეს სასამართლოში და წარმოადგინოს დასაბუთება,” – თქვა მოსამართლემ. მან აღნიშნა ისიც, რომ ციხის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის ტრანსპორტირება მის ჯანმრთელობას პრობლემას არ შეუქმნიდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის თქმით, მერაბ ღოღობერიძე ვეღარ შეძლებს პროცესის გაჭიანურებას. მან პროკურორს მიმართა, რომ მოწმეების მობილიზება მოახდინოს, რადგან 12 სექტემბრიდან თითქმის ყველა დღე გაიმართება პროცესები.

დღევანდელ სხდომაზე არც ბრალდებულების ადვოკატები გამოცხადდნენ. მოსამართლემ თქვა, რომ მათ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატები ჩაანაცვლებენ, თუკი მორიგ სხდომაზეც არ მოვლენ.

პირველი აგვისტოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრომ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მერაბ ღოღობერიძეს სამოქალაქო  სექტორის კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის რეკომენდაცია მისცეს, მაგრამ ბრალდებულმა ოპერაციის ჩატარება საკუთარი ხარჯებით კლინიკა “მედინაში” ისურვა.

“განცდა მაქვს, რომ თქვენზე ძალიან დიდი ზეწოლა იქნება,” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ. მისი თქმით, პატიმრობის საფუძველი არ არსებობს. მოსამართლემ ბრალდებულს უთხრა, რომ ამ ეტაპზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?

„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს.

„ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ ეხება მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ ადგილს,“ – გვითხრა გიგა პაიჭაძემ, ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტმა. მისი თქმით, ფეისბუკი არ სარგებლობს Google-ს რუკებით, რომელიც ზუსტად აჩვენებს მისამართებს.

„ცოტა ხნის წინ ფეისბუკმა გამოაცხადა ვაკანსია ქართული ენის მცოდნე თანამშრომელზე. როგორც ჩანს, თავად სოციალური ქსელის ადმინისტრაციაც დაინტერესებულია იმავე ლოკაციების სიზუსტით. მიზეზი არის საკვლევი, ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუ რატომ ხდება ასე. შესაძლებელია თავად კომპიუტერის სისტემაზეც იყოს დამოკიდებული… მომხმარებელს შეუძლია ფეისბუკის გრაფიდან – Help მიმართოს ფეისბუკის ადმინისტრაციას და ხარვეზის გამოსწორება სთხოვოს,“ – ამბობს გიგა პაიჭაძე.

ციფრული ტექნოლოგიების კიდევ ერთი სპეციალისტი, მირიან ჯუღელი კი მიიჩნევს, რომ ლოკაციების დიდი ნაწილი თავად მომხმარებლების მიერ არის შექმნილი:

„მაგალითად, ბათუმში, ანბანის კოშკთან დაჩეკინებისას, ადამიანს შეუძლია მიუთითოს, რომ პირობითად მულღაზანზარში ჩეკინდება. თუკი ის ამ ქცევას ხშირად გაიმეორებს და შემდგომ სხვებიც დაჩეკინდებიან, ეს ადგილი შედარებით უფრო პოპულარული გახდება სამომავლოდ. დაახლოებით იმავე პრინციპით მიუთითა ვიღაცამ ესა თუ ის ლოკაცია არასწორად, რაც შემდეგ პოპულარული გახდა.“

მირიან ჯუღელი განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიუთითებს ლოკაციის შეცდომაზე, მეტია შანსი, რომ ფეისბუკმა გაითვალისწინოს ეს პრობლემა და დროულად გამოასწოროს. „გარდა ამისა, ფეისბუკზე არსებობს ქართველების მიერ შექმნილი ჯგუფი, სადაც მუდმივად იწერება არასწორი ლოკაციების შესახებ, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები ერთად ცდილობენ რედაქტირებას და შეცდომის გამოსწორებას“, – დასძენს მირიან ჯუღელი.

qobuleti

ნიღბიანმა პირმა ბათუმში ერთი ახალგაზრდა დაჭრა და სამს თავს დაესხა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში ნიღბიანი, შეიარაღებული პირი ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა. დანით დაჭრილი ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც თვითმხილველი “ბათუმელებს” მოუყვა, სამი ბიჭი და ერთი გოგო მარკეტთან იდგნენ, თავდამსხმელი კი მათთან მოტოციკლით მივიდა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრა. თვითმხილველის თქმით, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ცეცხლსასროლი იარაღი თავდამსხმელს ხელიდან გააგდებინეს. საბოლოოდ, ნიღბიანმა პირმა დანით დაჭრა ერთ-ერთი ახალგაზრდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანით ხელში დაჭრილია ერთ-ერთი ახალგაზრდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მიმდინარეობს გამოძიება 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა.

received_1976749912570863

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა მშენებლობიდან გადმოვარდნილ მუშას მრავლობითი დაჟეჟილობა  და კიდურების დაზიანება დაუფიქსირა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულ შუახნის მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლის შესაბამისად, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია

16 აგვისტოს ხანძრის შედეგად დაშავებული ადამიანების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქების შემდეგ საავადმყოფოში ორი პირი გადაიყვანეს. „ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა, ვისი სხეულის 90 პროცენტი დამწვარია, ისევ კრიტიკულია,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი.

მინისტრი განმარტავს, რომ დამწვრობის ეროვნულ ცენტრთან  კონსულტაცია გაიარეს და მიიღეს რჩევა, რომ ამ ეტაპზე პაციენტის თბილისში გადაყვანა არ შეიძლება. პაციენტი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. „მკურნალობა არის სტანდარტული და იგი მიმდინარეობს დამწვრობის ცენტრის მუდმივი კონსულტირების პირობებში. რაც შეეხება გადაყვანას, ამ რისკის გაწევა არ ღირდა, რადგან მხოლოდ ტერფებია დამწვრობას გადარჩენილი“, – დასძენს ზაალ მიქელაძე.

ხანძრის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, რადგან მას სხეულის დაახლოებით 30 პროცენტი აქვს დამწვარი. „ამ შემთხვევაში გვაქვს პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობა და დიდი შანსია კანის აღდგენის,“ – გვითხრა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

ხანძრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაშავებულია სამი ადამიანი, თუმცა მესამე დაშავებულის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მინისტრი ვარაუდობს, რომ, სავარაუდოდ, დაშავებულებს შორის იგულისხმებოდა მეხანძრეც, რომელმაც დიდი ოდენობით კვამლი ჩაყლაპა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ადგილზევე აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება.

ამავე თემაზე:

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

 

„ბათომი“ მერიის წინააღმდეგ- საქმის განხილვა გადაიდო

ორგანიზაცია „ბათომი“  ბათუმის მერიის მიერ გამოცემულ იმ სანებართვო აქტებს ასაჩივრებს, რომლის საფუძველზეც კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში ბარათშვილის 24-ში ისტორიული შენობა დაანგრია. ორგანიზაციამ სასამართლოს ჯერ კიდევ მანამდე მიმართა, ვიდრე კომპანია შენობის დემონტაჟს განახორციელებდა.

დღეს დანიშნულ საქმის განხილვაზე სასამართლო დარბაზში კომპანიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ საქმის განხილვის შესაძლო გადადების საფუძვლად მიიჩნია: „ ვინაიდან ძირითადი კითხვები გვაქვს კომპანიასთან“- განმარტა მოსამართლემ.

საქმის გადადება მოითხოვა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა  ნათია მიქელაძემაც.  მან სარჩელის დაზუსტებისთვის დრო მითხოვა:

„ … გვაქვს ინფორმაცია, რომ  ისტორიული სახლის ადგილზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც ჩვენ მოგვართავთ დაზუსტებული სარჩელით“

მერიის იურისტმა მოსამართლეს სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა და შესაბამისი დოკუმენტიც წარუდგინა.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბარათაშვილის 24-ში, ისტორიული განაშენიანებიდან გამომდინარე, შვიდსართულიანი სახლის მშენებლობა დაუშვებელია.

კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ მას იცავდა ჩანაწერი კანონში ძეგლის დაცვის ზონაში არსებული შენობების შესახებ.

სახლის დანგრევის შემდეგ ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ კომპანიამ შენობა ბარათაშვილის 24-ში ნებართვის გარეშე უკანონოდ დაანგრია.

კომპანია ბარათაშვილის #24- ში 7-სართულიანი, მრავალფუნქციური სახლის აშენებას გეგმავს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ტერიტორია „დარ ბილდინგს“ ეკუთვნის.

კომპანია „დარ ბილდინგი“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია.

 

 

ურეცეპტოდ გაყიდული 206 მედიკამენტის გამო ორი აფთიაქი დაჯარიმდა

სამი აფთიაქის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა მოსამართლე სალიხ შაინიძემ დღეს, 17 აგვისტოს განიხილა. აფთიაქების დაჯარიმება სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ მოითხოვა. სამივე შემთხვევაში სააგენტომ სხვადასხვა სახის მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დააფიქსირა, ასევე აფთიაქებს გარე პერიმეტრზე არ აქვთ განთავსებული კანონით სავალდებულო ვიდეო სათვალთვალო კამერები. ერთ-ერთ პროცესზე მოსამართლემ იკითხა: კი მაგრამ რა ღირს ეს ვიდეო სათვალთვალო კამერა?

„ძვირი არ ღირს, მაგრამ განსაკუთრებული ტექნიკური მოცემულობის კამერის შეძენას გვავალდებულებს კანონი. მე უკვე გამოვიწერე ამერიკიდან და მალე მივიღებ,“ – უპასუხა მოსამართლე სალიხ შაინიძეს აფთიაქი „ფარმას“ ხელმძღვანელმა, ირინე ქამადაძემ. ამ აფთიაქში სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ, ორთვიანი შემოწმების პერიოდში, 143 სხვადასხვა ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვა დააფიქსირა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ჩაიწერა ისიც, რომ აფთიაქს არ აქვს ვიდეო სათვალთვალო კამერა.

„იქნებოდა, „ნიმესილზეც“ რომ ხარვეზს დაგიდგენენ… როცა ასეთ მედიკამენტზე ადამიანი მოდის აფთიაქში, რეცეპტი რომ არ ჰქონდეს, წამლის გარეშე, არ წავა უკან“, – თქვა 500 ლარით დაჯარიმებულმა ირინე ქამადაძემ, ვიდრე იგი სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა.

„ვეთანხმები ყველაფერს, რაც მეკუთვნოდა, ის მივიღე,“ – მიმართა მოსამართლეს აფთიაქი „თელას“ დირექტორმა, ნინო ბასილაძემ. მის აფთიაქში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ შემოწმება პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე ჩაატარა. ამ პერიოდში რეცეპტის გარეშე 63 მედიკამენტის გაყიდვა დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ აფთიაქის ხელმძღვანელი 500 ლარით დააჯარიმა, თქვა, რომ შესაძლოა ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის კუთხით კანონმდებლობა დასახვეწია, მაგრამ კანონი უნდა შესრულდეს.

„მარტო ვიდეო კამერის პრობლემა რომ ყოფილიყო, გაფრთხილებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ურეცეპტო გაყიდვა პრობლემაა… მესმის, რომ შესაძლოა, ეს საკითხი დასახვეწია, მაგრამ ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტროში დასასმელი თემაა,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლემ სამართალდამრღვევს.

„ადამიანები მოდიან რჩევის მისაღებად და როცა იღებენ რჩევას ჩვენგან, ითხოვენ მედიკამენტსაც. მიმაჩნია, რომ ფარმაცევტებს უნდა ჰქონდეთ გარკვეულ მედიკამენტებზე რეცეპტის გამოწერის უფლება. ბუნებრივია, ეს ყველა ფარმაცევტს არ უნდა შეეძლოს და ამისთვის შესაბამისი პროცედურა უნდა არსებობდეს,“- უთხრა აფთიაქი „თელას“ ხელმძღვანელმა, ნინო ბასილაძემ „ბათუმელებს“.

რაც შეეხება ვიდეო კამერას, ნინო ბასილაძე ამბობს, რომ აფთიაქისთვის შესაბამისი ვიდეო სათვალთვალო კამერის შეძენას დაახლოებით 1500 ლარი სჭირდება და ამისთვის თანხა ვერ გამოძებნა.

მესამე პროცესზე აფთიაქი „ჩიკოს“ დაჯარიმებას მოითხოვდა სამედიცინო რეგულირების სააგენტო. სასამართლო დარბაზში აფთიქის ხელმძღვანელის მეუღლე გამოცხადდა, რომელსაც შესაბამისი მინდობილობა თან არ ჰქონდა. ამ მიზეზით საქმის განხილვა მოსამართლემ გადადო.

„შეგვამოწმეს, მაგრამ ვადაგასული არაფერი აღმოუჩენიათ. ძირითადად ურეცეპტოდ გაყიდული მქონდა ანტიბიოტიკები. ასევე ვერ ვიყიდე ვიდეო კამერა, ძალიან ძვირი ღირს ეს“, – გვითხრა სასამართლოს ფოიეში რუსუდან ლომიძემ.

სამივე შემთხვევაში აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯარიმა არ გაუპროტესტებიათ, თუმცა არც ის დაუმალავთ, რომ ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის პრობლემას სასამართლო პროცესი ვერ დაასრულებს. სამედიცინო რეგულირების სააგენტომ უარი უთხრა „ბათუმელებს“ ეპასუხა კითხვაზე – როგორ აპირებს სახელმწიფო პრობლემის მოგვარებას, აფთიაქების მუდმივი დაჯარიმებით, თუ ახალი მექანიზმის შემუშავებით.

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მონაცემებით, ფარმაცევტულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 459 ფაქტი, მათ შორის, აჭარაში 77.

 

აჭარის მთავრობის შეთავაზება ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს

ბათუმში, გუშინ, 16 აგვისტოს ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება. ამის შესახებ  მედიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განაცხადა:

„…ამ დილით დაზარალებულ მოსახლეობას ბათუმის მერიაში  შევხვდით. ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვთავაზობთ დროებითი ფართით უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ბინის ფართების შეთავაზებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მივიღეთ. გამოძიების დასრულებამდე ვთავაზობთ მოსახლეობას გადავცეთ კონკრეტული ბინები.

ასევე არის მეორე შეთავაზება, მოხდება დაზარალებული სახლების რემონტი. ველოდებით მოსახლეობისგან დასტურს და შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ საბოლოო ჯამში მოხდება მოლაპარაკება მოსახლეობასთან და ფართები  გადაეცემათ საკუთრებაში, მოხდება ჩანაცვლება, მათი საცხოვრებელი ფართები გადაეცემა სახელმწიფოს. ამ ეტაპზე ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს.“

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი კუსტარული გაზგასამართი სადგურის აფეთქებამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ოთხი სახლი დაზიანდა. დამწვრობა მიიღო ორმა ადამიანმა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აჭარის მთავრობა ადგილზე გაეცნო მდგომარეობას და აგრძელებს დაზარალებულებთან მუდმივ კომუნიკაციას.

 

პეტრას ციხესთან, ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპოვეს

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მაშველებმა გამთენიისას იპოვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საბანაოდ გუშინ, საღამოს შევიდა ზღვაში ჩაქვის სანაპირო ზოლში. სამძებრო სამუშაოები, რაშიც პოლიციაც იყო ჩართული, ღამით შეწყდა. სამაშველო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაო დილით განახლდა და მაშინვე იპოვეს მამაკაცის ცხედარი ციხისძირში, ზღვის სიღმეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძოიებს 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა უკვე შეწყვიტეს

მაშველებმა ჩაქვში, ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცის ძებნის სამუშაოები უკვე შეწყვიტეს. ამ უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ძებნა გათენებისთანავე განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართული იყო პოლიციაც. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 112-ზე შებინდებისას შევიდა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ გაუჩინარებული პირი იდენტიფიცირებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ საქართველოს მოქალაქეა თუ უცხოელი. ამ უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

„არ უნდა გამოევლინა მერიას არაფერი,“ – კატეგორიულად უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ შეკითხვას მერიის პასუხისმგებლობის შესახებ, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაიწვა ექვსი საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანები.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა თქვა ისიც, რომ გაზგასამართი სადგური იყო „კუსტარული და უნებართვო“, თუმცა მერი ვერ ხედავს მერიის პასუხისმგებლობას, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური დაახლოებით სამი წელი მუშაობდა უნებართვოდ. მერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე, როგორც განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ობიექტზე, ნებართვას „სხვა კომპეტენტური უწყება“ გასცემს. ეს „კომპეტენტური უწყება“ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურია, ხოლო „მერიის ზედამხედველობამ უნდა გამოავლინოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობა“. გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ გაზგასამართი სადგური, რომელიც ასევე ხანძრის შედეგად დაიწვა, შენობა-ნაგებობას არ წარმოადგენდა.

„პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ეკისრება ბათუმის თვითმმართველობას, მას უნდა მოეხდინა რეაგირება უკანონო გაზგასამართ სადგურზე,“ – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. იურისტი განმარტავს, რომ შესაძლოა, ნებართვის გამცემი ორგანო მერია არ იყო, მაგრამ „ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში პირდაპირ წერია საფრთხის შემცველ ობიექტებზე ზედამხედველობა. მერიას მინიმუმ უნდა მოეძიებინა და ინფორმაცია მიეწოდებინა შესაბამისი უწყებებისთვის,“ – დასძენს გიორგი ხიმშიაშვილი. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა სახელმწიფო უწყებებსაც, ვისაც კანონით ევალებოდა ზედამხედველობის განხორციელება.

კანონით, განსაკუთრებული რისკის შემცველ ობიექტებზე შესაბამის ლიცენზიას ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო გასცემს. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით, ნებართვის გაცემის დროს მნიშვნელოვანია გაზგასამართი სადგურის რეზერვუარის სიდიდე. მცირე სადგურების შემთხვევაში ნებართვას ადგილობრივი თვითმმართველობაც გასცემს.

ნახანძრალზე დღეს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც გამოჩნდა. „კონტროლი არის, უკაცრავად, შეუსაბამო“, – უთხრა „ბათუმელებს“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობის და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თემურ ახვლედიანმა.  „კუსტარულ და უნებართვო გაზგასამართ სადგურზე“ პასუხისმგებლობა არც მან აიღო და ისიც დასძინა, რომ შესაძლოა, ასეთი სადგურები ქალაქში სხვაგანაც არსებობდეს.

„გამორიცხული არ არის, შეიძლება არსებობდეს ასეთი ობიექტები… ზედამხედველობას ახორციელებს და ინსპექტირებას შესაბამისი ორგანოები, უნდა მიმართონ მფლობელებმა და ახლობლებმა და წარმოადგინონ უსაფრთხოების სერტიფიკატი, მანამდე უნდა გაიარონ ეტაპები, რაც მათ გამართულობას დაადასტურებს და ექსპლუატაციისთვის ვარგისიანობას. ასე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სახლში გახსნას რაღაც, ღვინის ცისტერნაში ჩაასხას გაზი და გაზარდოს წნევა… მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენგან ადმინისტრაციული წესით,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან თემურ ახვლედიანმა.

ხანძრის შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

mexanzre

 

dazaralebulebi

naxanzrali
მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ექვსი ვაკანსია აჭარის ფინანსთა სამინისტროში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ექვს ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ურბანული განვითარების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

კონკურსი  3 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განცხადების გადარჩევა, მეორე წერითი დავალება, ხოლო მესამე ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების, ასევე კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას კონკურსანტები, განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და უნდა გააგზავნონ განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: https://www.hr.gov.ge.

შსს: ოზურგეთში მასპინძელს სტუმარი სანადირო თოფით ჰყავს მოკლული

 

ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ დამატებითი ინფორმაცია მოაწოდა. საუბარია 14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სანადირო თოფით მოკლა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 წელს დაბადებული ბ.ბ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.

Exit mobile version