მთავარი,სიახლეები

ბათუმელი გიორგი მელიქაძე უფსალას უნივერსიტეტში

27.11.2017 • 5074
ბათუმელი გიორგი მელიქაძე უფსალას უნივერსიტეტში

ბათუმელი გიორგი მელიქაძე შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, განათლების სოციოლოგიას სწავლობს.  გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგისტრატურა კი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ადმინისტრირების მიმართულებით დაასრულა.

„ოთხჯერ მქონდა მცდელობა, ევროპულ უნივერსიტეტში რომ გამეგრძელებინა სწავლა, თუმცა სრული სტიპენდიის მოპოვება მხოლოდ წელს მოვახერხე. განათლების სოციოლოგიის მიმართულებით ნაკლები სპეციალისტი გვყავს, ამიტომ აქ მიღებული ცოდნა, ვფიქრობ, დამეხმარება სიღრმისეულად შევისწავლო ეს მიმართულება,“-გვეუბნება გიორგი მელიქაძე.

გიორგის თქმით, განათლების სოციოლოგიის მიმართულებით დღეს საკმაოდ ბევრი კითხვაა, „თუნდაც განათლების და ბაზრის დამოკიდებულება. მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ საკითხის მიმართ, რადგან განათლებაში მხოლოდ ბიზნესპრინციპებით ხელმძღვანელობა და განათლების სფეროს  მთლიანად საბაზრო მოთხოვნებზე დაქვემდებარება, არ მგონია სწორი და ეფექტური.  შესაძლებელია ვცდები კიდეც, ამიტომ აქ სწავლა და საკითხის სიღრმისეული შესწავლა დამეხმარება გავთავისუფლდე სუბიექტური განწყობებისგან.

როცა საუბრობენ იმაზე, რომ „ყველაფერს ბაზარი არეგულირებს“, ვფიქრობ, ესეც ნაივური მსჯელობაა, რადგან გლობალური ბაზარი არ არის ისეთი სფერო, რომლის წინასწარმეტყველება ბოლომდე შესაძლებელია.

ბოლომდე არავინ იცის, რამდენ წელიწადში გახდება ესა თუ ის პროფესია ბაზარზე უფრო მოთხოვნადი. სიტუაცია რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად იცვლება ხოლმე, ამიტომ  პროფესიების წინასწარი სელექცია ხშირად ბუნდოვან დასკვნებზე დაყრდნობით კეთდება,“-გვეუბნება გიორგი.

გიორგის თქმით, 90-იან წლებში იყო მოსაზრება, რომ ბაზარს მხოლოდ იურისტები, ეკონომისტები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები სჭირდებოდა. თუმცა წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პროფესიებზე ჭარბმა არჩევანმა დასაქმების პრობლემა შექმნა.

„დღეს გვყავს უამრავი იურისტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა თუ სხვა სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი პროფესიით დასაქმებას ვერ ახერხებენ, ან სრულიად სხვა სფეროში საქმდებიან. ეს არის ბაზრის ილუზორული კვლევის შედეგი. ასეთი მიდგომები აიძულებს მოსახლეობას, აირჩიონ ე.წ. პრესტიჟული პროფესიები, შემდეგ კი დადგნენ უმუშევრობის წინაშე. ამიტომ დასაქმების ბაზრის შესახებ გულიბრყვილო წარმოდგენებს უნდა შევეშვათ და ადამიანებმა უნდა ისწავლონ და აკეთონ ის საქმე, რისი ნიჭიც აქვთ რეალურად. რეალური სიტუაცია გვაჩვენებს შემდეგ იმას, ვინ სად და როგორ გადანაწილდება შრომის ბაზარზე,“-ამბობს გიორგი მელიქაძე.

გიორგის აზრით, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები უხეშად არ უნდა იღებდნენ უცხო ქვეყნის გამოცდილებას ამა თუ იმ სფეროში. „მთავარია, ლოკალური კონტექსტის კვლევა გაძლიერდეს ქვეყანაში, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს საგანმანათლებლო სფეროს, რადგან სპეციფიკური კულტურული, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, მით უმეტეს განვითარებული ქვეყნებისგან.

ცოტა ხნის წინ განათლების სტრატეგიის დოკუმენტი დაიდო, ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ დოკუმენტს. მაგრამ ვფიქრობ, დოკუმენტი, რომელმაც რეალური ცვლილებები უნდა მოიტანოს, მით უმეტეს როცა ეს განათლების სფეროს ეხება, და განათლების სფერო ვერ იტანს ხშირ ცვლილებებს, აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ არგუმენტებს და იმედს ვიტოვებ, რომ ეს  დოკუმენტიც მსგავს კვლევებს ეყრდნობა.

ვერანაირი საერთაშორისო პრაქტიკა ვერ იქნება ბოლომდე ეფექტური, თუ არ იქნება გათვალისწინებული ლოკალური კონტექსტები,“-გვეუბნება გიორგი მელიქაძე.

გიორგი ამბობს, რომ  საერთაშორისო განათლების ცენტრისგან მიღებული დაფინანსება ავალდებულებს, სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ სამი წელი საქართველოში იმუშაოს. „ასევე მაქვს ვალდებულება, ვასწავლო რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა მაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ერთი წელი დავრჩე უცხოეთში და ვიმუშაო, ან სწავლა გავაგრძელო დოქტორანტურაში.“

შვედეთში, უფსალას უნივერსიტეტში, სასწავლო სტიპენდია გიორგი მელიქაძეს აჭარის განათლების სამინისტრომ დაუფინანსა. გიორგი ამ პროგრამაზე ორი წელი ისწავლის.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: