მთავარი,სიახლეები

ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს

27.11.2017
ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს

ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლითა და ტალახით ივსება.

„ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ მისვლამდე დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი არის დაზიანებული, არადა, ბავშვები ბაღში დადიან, სკოლაში. ამ ბოლოს უფრო გართულდა ვითარება, რადგან მარშუტკაც უარს ამბობს აქ გავლაზე. გზა განსაკუთრებით მაშინ დაზიანდა, როცა წყლის მილები ჩასვეს და თამარის დასახლებისკენ წყალი გაიყვანეს. გარდა ამისა, სამშენებლო ნარჩენებსაც აქ გვიყრიან. ასფალტის ნატეხები ჩემი სახლის გვერდით დაყარეს. ყველა უწყებას მივმართეთ, მაგრამ კაციშვილი მომსვლელი არ არის, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე?“

ფაღავას ქუჩაზე მცხოვრებლების თქმით, ბარცხანაში მდებარე „აჭარგაზის“ ტერიტორიის შემდეგ გზის საფარი კარგია. ეს გზა ხელვაჩაურის სოფლებისკენ – ჩელტა, ჩაისუბანი, წიქარაული -მიდის.

ოთარ დუმბაძე: „აჭარგაზთან“ მისვლამდე გზა ბათუმს ეკუთვნის და მერიამ უნდა გააკეთოს. დაახლოებით 60 ოჯახს გვაქვს პრობლემა… ბარცხანის ხიდთან არის დისპეტჩერი და მას ვუკავშირდებით ტელეფონით, რომ ხაზის მიკროავტობუსი # 52 ამოვიდეს. ამ ბოლოს აღარ ამოდის, რომც დაურეკო. ტაქსიც უარს ამბობს აქეთ წამოსვლაზე. ზაფხულში უფრო დადიოდნენ, როცა წყალი არ დგებოდა და ტალახი არ იყო და ახლა მართლა შეუძლებელია გავლა.“

ბათუმის მერიაში ვერ გვითხრეს, როდის მოგვარდება გზის პრობლემა იუსუფ ფაღავას ქუჩაზე და როდიდან იმოძრავებს იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა და სისტემა ამჟამად სატესტო რეჟიმშია, სავარაუდოდ, ორი-სამი თვის შემდეგ გზა მოშანდაგდება. მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის გამოძებნის მერია თანხას იუსუფ ფაღავას ქუჩის კეთილმოსაწყობად.

იუსუფ ფაღავას ქუჩა, ბარცხანა/27.11.2017

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: