მთავარი,სიახლეები

2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

22.11.2017 • 4722
2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი 317 000 ლარია.

სატენდერო პირობის მიხედვით, 2018 წლის  საახალწლო ღონისძიებისთვის მთავარი სცენის გაფორმებას მერია  ბათუმის „ღირშესანიშნავი შენობების“  მაკეტებით გეგმავს.  მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს შენობებია: შერატონის, რედისონის, პორტა ბათუმის, რედკოს შენობა, შუქურა, ანბანის კოშკი და  სასტუმრო პიაცა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, საახალწლო დღეებში მოეწყობა ოცდაერთი  წარმოდგენა ბათუმის დიდ ეზოებში, კონკრეტული ადგილები ჯერ დაზუსტებული არ არის. პრეტენდენტმა თითოეული წარმოდგენისთვის სატვირთო მანქანის სცენად გადაქცევა უნდა უზრუნველყოს.

მანქანა-დეკორაციას უნდა ამშვენებდეს სამმეტრიანი მორთული და განათებული ნაძვის ხე, ორი  დეკორატიული, საახალწლო მორთული და განათებული სახლი, ოთხი განათებული ირემი და სასაჩუქრე ყუთი, დეკორატიული სკამი და თოვლის ბაბუას წითელი სავარძელი.

40-წუთიანი საახალწლო საბავშვო შოუსთვის კი მიმწოდებელს დასჭირდება: 10 ანიმატორი, მათ შორის სანტა კლაუსი, ელფები, ზღაპრების გმირებით. თითოეული წარმოდგენის დროს  მონაწილეებმა ბავშვებს ჰელიუმის ბუშტები და კანფეტები ,,მამალო” უნდა დაურიგონ.

საბავშვო ღონისძიებების ჩამონათვალშია: ბავშვების სახეზე მოხატვა, ბუშტებისგან ფიგურების დამზადება, საახალწლო ფოტოსტენდი, სამაჯურების დამზადება, ტანგამი, საბურავებისგან გაკეთებული დიდი თოვლის ბაბუა, ხელნაკეთი ფიფქების დამზადება, ხატვის კონკურსის ორგანიზება. თამაშები: ოთხ მწკრივში მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, რბოლა, ბურთის სროლა, თევზაობა, ჯენგა,  ოჩოფეხები; მიმების და ზღაპრის გმირების წარმოდგენა.

45-წუთიანი საცირკო წარმოდგენა, რომელშიც უნდა მონაწილეობდნენ კოსტიუმირებულ ბაგირზე მოსიარულე, ილუზიონისტი, მონოციკლზე მოსიარულე, სახტუნარაზე მოსიარულე კლოუნები. პროგრამა უნდა იყოს გასართობი საბავშვო ხასიათის.

სატენდერო პირობები ითვალისწინებს კიდევ ოთხი საცირკო საახალწლო წარმოდგენის დადგმას; წარმოდგენა უნდა იყოს არანაკლებ 40-წუთიანი და მონაწილეობდეს არანაკლებ 15 მსახიობი; ღონისძიება უნდა შეიცავდეს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: დასარტყამი ინსტრუმენტები, ცეცხლოვანი შოუ, აკრობატული ნომრები, ჟონგლიორები, მონოციკლი, საჰაერო აკრობატიკა, სპეციალური დეკორაცია და მუსიკა.

დაგეგმილია ასევე თევზების კარნავალი, ცეცხლოვანი შოუ, აკრობატი თოვლისა ბაბუებისა და თოჯინების თეატრის, ასევე მარიონეტების თეატრის წარმოდგენა. ქალაქის საახალწლოდ გაფორმებისთვის სატენდერო პირობების ჩამონათვალშია მისალოცი ბანერიც.  ბანერი უნდა იყოს ორმხრივი დეკორატიული ე.წ. შესასვლელი თაღის მსგავსი და განათებული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: