Batumelebi | ერთადერთი ბრალდებული, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს ერთადერთი ბრალდებული, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს – Batumelebi
RU | GE  

ერთადერთი ბრალდებული, რომელიც „ბათუმის აქციის საქმეზე“ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს

 

“იქ რომ ვანდალიზმი იყო, ვიცით. ამას არავინ ხდის სადავოდ. ლაშა დეკანაძეზე ისაუბრეთ, თუ შეიძლება,” – ასე შეაწყვეტინა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ პროკურორ რამაზ შავაძეს დასკვნითი სიტყვა. დღეს, 10 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანმა მხარეების დასკვნითი სიტყვები მოისმინა ლაშა დეკანაძის საქმეზე. ლაშა დეკანაძე ერთადერთია 19 ადამიანს შორის, ვინც „ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივ ძალადობაში მონაწილეობისთვის დააკავა პროკურატურამ და ბრალს არ აღიარებს.

“ნუ ნერვიულობს, დაწყნარდეს,”- უთხრა მოსამართლეს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ. მოსამართლემ ადვოკატს შეახსენა, რომ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის საშუალება მასაც ექნებოდა და პროკურორებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა.

ადვოკატის რეპლიკამდე პროკურორმა რამაზ შავაძემ ყველა ის პოლიციელი ჩამოთვალა, ვინც 11 მარტის ღამეს დაზიანება მიიღო. პროკურორმა დეტალურად ჩამოთვალა ავტომანქანებიც, რომლებიც მასობრივი ძალადობის დროს, 11 მარტის ღამეს დაწვეს.

პროკურატურის ვერსიით, ლაშა დეკანაძე აქციაზე, პოლიციის შენობის წინ ავტომანქანით მივიდა. “თავდაპირველად მანქანით წრიულ მოძრაობებს აკეთებდა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და დაიწყო გინება პოლიციელების მისამართით, ის ისროდა ქვებს პოლიციის შენობისკენ… შემდეგ ის შეუერთდა ჯგუფს, სადაც ამზადებდნენ და ისროდნენ ე.წ. მოლოტივის კოქტეილებს,”- აღნიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ. მისი თქმით, ლაშა დეკანაძემ კონკრეტულად ერთ პოლიციელს – სერგი ბზიშვილს მიაყენა ქვის სროლით სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

„სიცრუეა, რომ ლაშა დეკანაძე ქვებს ისროდა. ამას არავინ ამბობს ორი პოლიციელის გარდა,“ – უთხრა პროკურორს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ საქმეში არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ლაშა დეკანაძის ბრალეულობას. ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურამ 300-მდე პირი დაკითხა ამ საქმეზე, მაგრამ პოლიციელების გარდა ვერავინ თქვა, რომ ლაშა დეკანაძემ ესროლა ქვები პოლიციელებს. დავით ჯაფარიძემ მთავარი აქცენტი ტელევიზიების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებზე გააკეთა, სადაც არ ჩანს ლაშა დეკანაძის მხრიდან ძალადობის ფაქტი.

„კადრებიდან გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა მამუკა ბეჟანიძემ და სერგი ბზიშვილმა იცრუეს, რადგან სასამართლოში თქვეს, რომ პოლიციის შენობასთან მივიდნენ დაახლოებით 04:20 საათზე და ზუსტად პოლიციის შენობის წინ ესროლა ქვა სერგი ბზიშვილს ლაშა დეკანაძემ. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პერიოდში პოლიციის შენობის წინ არავინ დგას, ჩახერგილია გზა ნაგავსაყრებით და მანქანა იწვის… ამას გარდა, პოლიციელმა მამუკა ბეჟანიძემ თქვა, რომ ის იყო პოლიციელის ფორმით, სერგი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. თუკი აგრესიის გამოხატვა სურდა ლაშა დეკანაძეს პოლიციის მიმართ, სამოქალაქო ფორმაში მყოფ ადამიანს რატომ ესროდა ქვას?“

რეპლიკის უფლებით სარგებლობის დროს პროკურორმა რამაზ შავაძემ არაფერი თქვა იმაზე, რომ პოლიციელების ჩვენება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ვიდეოკადრებით ნაჩვენებ რეალობას. პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ კი მხოლოდ ეს თქვა: „ტელევიზიების კადრები არ იყო უწყვეტ რეჟიმში გადაღებული.“

„თქვენი ვალდებულებაა ამტკიცოთ პირის ბრალეულობა,“ – ჩაილაპარაკა ადვოკატმა. მან ისაუბრა იმაზეც, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს ლაშა დეკანაძეს სცემეს და გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებულია.

„ექსპერტიზის დასკვნა უკვე დაიდო, მას არავითარი სერიოზული დაზიანება არ აქვს,“ – თქვა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

„იმიტომ, რომ ექსპერტიზამ მონაცემები ცემიდან ორი კვირის შემდეგ აიღო,“ – უპასუხა პროკურორს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ლაშა დეკანაძე 12 მარტს, დილით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ იგი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. ამ ფაქტს სასამართლოს ყველა პროცესზე აპროტესტებდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე. “შეუძლებელია ერთი და იმავე შემთხვევის გამო ადამიანს მიედავო ადმინისტრაციული წესით და სისხლის სამართლითაც,”- ამბობდა ის.

“ადმინისტრაციული დაკავების დროს ლაშა დეკანაძემ აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და თქვა, რომ ნასვამი იყო… გარდა ამისა, მას ადმინისტრაციული სახდელი დაედო იმის გამო, რომ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე სიტყვიერად შეურაცხყო პოლიციელები,”- დასძინა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ლაშა დეკანაძემაც. მან თქვა, რომ ბოლომდე გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას, თუკი მოსამართლე ლევან გელოვანი მას ციხეში დატოვებს.

„ნასვამი ვიყავი, მაგრამ მახსოვს, რომ არაფერი დამიშავებია… პირიქით, იქ მივედი მანქანით, მუსიკას ავუწიე და ხალხს ვეუბნებოდი, დაწყნარდით, აგრესია არ გინდათ-მეთქი. თუ რამე დავაშავე, რატომ ვერ თქვა ეს სამასმა მოწმემ? რატომ ვერ დააფიქსირა ვერც ერთმა ტელევიზიამ? 15 ტელევიზია იქნებოდა იქ… მე ქვა არ მისვრია. სად არის ის ქვა, რომელიც მე ვისროლე? იქნებ მაჩვენოთ“.

ლაშა დეკანაძე 23 წლისაა, იგი პროფესიით მეზღვაურია.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ მასობრივი ძალადობისთვის დაკავებულ 18 პირს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება ბრალის აღიარების შემდეგ გაუფორმა. ამავე საქმეზე ბრალდებულები არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზებას ედავება გამოძიება. დანაშაულს არც ეს ორი ბრალდებული აღიარებს. საქმის განხილვას მოსამართლე დავით მამისეიშვილი განაგრძობს.

ლაშა დეკანაძის მიმართ სასამართლო უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი