ნეტგაზეთი • RU

„ლეოგრანდში“ დაღუპული ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი ჯერ კიდევ პროზექტურაშია

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გარდაცვლილი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის ცხედარი, „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დრომდე პროზექტურაშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ უფლება გაასაჯაროონ ინფორმაცია იმის შესახებ, გადაასვენეს, თუ ისევ პროზექტურაში რჩება ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ცხედარი: „ის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო და დეტალებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოთ“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანის საელჩოს და დახმარება შესთავაზეს: „ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია საქართველოში ირანის ელჩთან. რა თქმა უნდა, გამოვხატეთ ჩვენი სამძიმარი და ჩვენი დახმარება მაქსიმალურად შევთავაზეთ. ადგილზე, ბათუმში არის ირანის გენერალური კონსული, საკონსულო თავიდანვე იყო ჩართული პროცესში და, შესაბამისად, ელჩმა გვითხრა, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობა არ იყო საჭირო. თუმცა მადლობა გადაგვიხადა ყურადღებისთვის და თუ რამე დაგვიკავშირდებოდა. შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია საკონსულოს ექნება“.

ირანის გენერალურ საკონსულოში გვითხრეს, რომ დეტალურ ინფორმაციას ხვალ, 27 ნოემბერს, მოგვაწვდიან.

შსს-ს ინფორმაციით, „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძართან დაკავშირებით საქმეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. დეპარტამენტში  სასტუმროს თანამშრომლებისა და თვითმხილველების დაკითხვა ამ წუთებშიც გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი:
სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სასტუმროს შენობაში ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com