მთავარი,სიახლეები

83 750 ლარი „მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტებისთვის ბათუმში

29.11.2017
83 750 ლარი „მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტებისთვის ბათუმში

ბათუმში დაგეგმილ საახალწლო კონცერტებში, სავარაუდოდ, ჯგუფები -„მგზავრები“ და „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიღებენ მონაწილეობას, რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათ, ჰონორარის სახით, 83 750 ლარს გადაუხდიან. ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „მგზავრები“ 67 500 ლარს, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობა“ 16 250 ლარს მიიღებს.

„მგზავრების“ კონცერტი ბათუმში მიმდინარე წლის 31 დეკემბერსაა დაგეგმილი, ხოლო „გამოუვალი მდგომარეობის“  – მომავალი წლის 2 იანვარს. კულტურის ცენტრი მუსიკალურ ჯგუფებთან ხელშეკრულებების გაფორმებას გამარტივებული შესყიდვით აპირებს.

„ქალაქის საახალწლო-სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიების მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კომისიის გადაწყვეტილებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტში მთავარ მონაწილედ დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტი, რაც ხელს შეუწყობს ღონისძიების მასშტაბურობასა და მოსახლეობის დაინტერესების ზრდას,“ – აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ „ბათუმის მუსიკალური ცენტრის“ განაცხადში.

მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, „მოლაპარაკებით და ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომლითაც გათვალისწინებულია ჯგუფის ყველა [7] წევრის ჰონორარი. მომსახურების გაწევა მოხდება 2017 წლის 31 დეკემბერს. ამასთან, ვინაიდან ჯგუფი არის მოთხოვნადი და საახალწლო დღესასწაულთან დაკავშირებით აქვთ სხვა შეთავაზებებიც, საჭიროა დროულად ხელშეკრულების გაფორმება“.

ჯგუფ „გამოუვალ მდგომარებაში“ 5 წევრია.


ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი კი – 317 000 ლარი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: