მთავარი,სიახლეები

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში გაიყიდა

27.11.2017
ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში გაიყიდა

მეექვსე მცდელობა წარმატებით დასრულდა, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  9 მილიონ 200 ათას ლარად და პირობით გაყიდა. ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

შენობა შპს „სთარ კაპიტალმა“ იყიდა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული და მისი დამფუძნებელი, ასევე კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი, ზურა ნასყიდაშვილია.

ბოლო მცდელობისას სამინისტრო ძეგლს 15 მილიონ ლარად და პირობით ყიდდა, ამჯერად კი ძეგლის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარი იყო და ინვესტორმა ფასი ერთი ბიჯით – 200 000 ლარით გაზარდა.

აუქციონის პირობების მიხედვით,  მემედ აბაშიძის ქუჩაზე, #25-სა და გამსახურდიას #12-ში გაიყიდა 2380, 7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა და დამხმარე ნაგებობები, ჯამში,  2 623, 4 კვ.მ.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2018 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრამდე უნდა დაფაროს. არაუმეტეს  ხუთი თვის ვადაში კი, ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან  გააფორმოს ხელშეკრულება.

მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში ევალება ასევე სამინისტროს წარუდგინოს საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან  გაფორმებული ხელშეკრულება. საათი ბათუმის მერიის საკუთრებაა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა 24 თვის ვადაში ამ შენობაში არანაკლებ ოცნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და  არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს;

გარდა ამისა, მყიდველს დაევალება 30 მოქალაქის დასაქმება სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში. დასაქმებულთა არანაკლებ  90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

შეცდომის გასწორება: ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიის [„ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა ბათუმში გაიყიდა”] თავდაპირველ ვერსიაში დაშვებული იქნა შემდეგი უზუსტობა, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის  შენობა შეისყიდა შპს „სთარმა“, რომლის დამფუძნებელიც არის ირანის მოქალაქე. ეს ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008