მთავარი,სიახლეები

მეხანძრე: ხანძრის კერა ლეოგრანდის საქვაბეში იყო

25.11.2017
მეხანძრე: ხანძრის კერა ლეოგრანდის საქვაბეში იყო

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის დაწყების დროს, თვითმხილველების თქმით, შუქი არ იყო გამორთული და ის მოგვიანებით გაითიშა. სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის თქმით, შუქის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარებების პარალიზება გამოიწვია: „ზოგიერთ ნომერში კარს ვერ აღებდნენ და ხალხი შველას ითხოვდა, ყველაფერი ჩაბნელდა“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპანიას შუქი ხანძრის გამო არ გამოურთია და ის ადგილზე, სასტუმროში გათიშეს.

იყო თუ არა ელექტროენერგიის გამორთვის აუცილებლობა? – „ბათუმელები“ ერთ-ერთ მეხანძრეს დაუკავშირდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობაში იყო ჩართული.

„ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ ავარიულ განათებას და სახანძრო დანადგარებს რაც შეეხება, ასეთ დროს მუშაობს ცალკე რეჟიმში.  სასტუმროს საევაკუაციო გზებში, ნაწილში ავარიული განათება იყო, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ეს ავარიული განათება არ იყო საკმარისი და მეხანძრეებს სპეციალური ფანრების გამოყენება დაგვჭირდა. ცეცხლსაქრობი ბალონები ხელმისაწვდომ ადგილებზე კი იყო, მაგრამ მეხანძრეებს არ გვისარგებლია, რადგან გვქონდა წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები“, – ამბობს მეხანძრე.

მისივე თქმით, ცეცხლის კერა სასტუმროს საქვაბეში იყო, „სადაც გათბობისა და ვენტილაციის დანადგარებია განთავსებული“.

ლეოგრანდში ხანძრის გაჩენის დროს ბათუმის მთელ რიგ უბნებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. როგორც „ბათუმელებს“ სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელმა უთხრა, ბუნებრივი აირი ხანძრის გაჩენამდე არც სასტუმროს მიეწოდებოდა.

მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

ევაკუაციის დაწყება ლეოგრანდში / არჩილ კახაძის ფოტო

ევაკუაციის დროს. სასტუმრო ლეოგრანდი / თედო ჯორბენაძის ფოტო

24 ნოემბერს ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 10 საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე. სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: