მთავარი,სიახლეები

300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

25.11.2017 • 9329
300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია.

გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას რეაგირებას დაჰპირდა 2015 წლის 10 მაისსაც. მაშინ ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მაშინაც საჯაროდ დადეს პირობა, რომ შეცვლიდნენ კანონს და სახანძრო უსაფრთხოება კონტროლს დაექვემდებარებოდა.

2015 წელს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შეუძლია ის სასტუმროები შეამოწმოს, რომელიც 28 მეტრზე მაღალია და სადაც 100 ნომერზე მეტია, გაიწერა ტექნიკური რეგლამენტიც. ეს ცვლილება არ შეხებია მცირე ტიპის სასტუმროებს, როგორიც იყო, მაგალითად, სასტუმრო „არმაზი“ ქობულეთში.

ცვლილება შეეხო სასტუმრო „ლეო გრანდს“, რადგან აქ 182 სასტუმრო ნომერია. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სასტუმრო „ლეო გრანდი“ 2017 წლის ივლისში 100 ლარით დაუჯარიმებია. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასტუმროს დაჯარიმების კონკრეტულ მიზეზებზე კომენტარი დღის ბოლოს გაკეთდება.

რა ბერკეტი აქვს სააგენტოს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში და რამდენად ეფექტურია ჯარიმა? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე  განმარტავს, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სასტუმროს მაქსიმუმ 300 ლარით დაჯარიმება შეუძლია [სასტუმრო „ლეო გრანდში ერთი სტანდარტული ნომრის ფასი 190 ლარია]. რეაგირების სხვა ბერკეტი სააგენტოს არ აქვს. საიას იურისტის შეფასებით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ზედამხედველობის მექანიზმი არაეფექტურია.

„არაფექტურობა ჩანს იქედანაც, რომ სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმი. აქ ხაზგასმით წერია, რომ სააგენტო არაა ვალდებულია შეამოწმოს ყველა სასტუმრო. ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ხშირ შემთხვევაში ისეა გაცემული, რომ სახანძრო მანქანაც ვერ შედის,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

ვინ არის პასუხისმგებელი იმის გამო, რომ კანონი სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ეფექტური არ არის? – საიას იურისტის თქმით, ეს საკანონმდებლო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. „თუმცა, მთავრობასაც შეეძლო გაეწერა მექანიზმები დადგენილებასა და რეგლამენტში. ზოგადად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ეს“, – დასძენს პაატა დიასამიძე.

მაშინ, როცა სასტუმრო „ლეო გრანდი“ ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო, არ მოქმედებდა რეგულაცია, რომლითაც მერია სახანძრო უსაფრთხოებას შეამოწმებდა. 2017 წლის პირველი იანვრიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს უფლება აქვს მშენებარე კომპანიას მოსთხოვოს პროექტში სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინება.

„ჩვენ ამას ვთხოვთ კომპანიებს პირველი იანვრიდან“, – გვიყვება ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი ახალაძე: – „ეს ეხება მესამე და მეოთხე კლასის მშენებლობებს, ანუ შენობებს, რომლის სიმაღლეც 12 მეტრზე მეტია. სავალდებულოა, კომპანიამ წარმოადგინოს ცალკე ექსპერტიზის დასკვნა სახანძრო უსაფრთხოებაზე. ამის გარეშე მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა.“

არქიტექტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ეს რეგულაცია არ ვრცელდება 2017 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებზე. ირაკლი ახალაძე განმარტავს, რომ ბათუმის მერია რეკომენდაციით მიმართავს იმ კომპანიებს, რომლებიც ქალაქში მომეტებული რისკის მქონე მშენებლობებს აწარმოებენ, ან აპირებენ მშენებლობას.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: