დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმის მერობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა – კახა ცისკარიძემ და გოჩა გუგუნავამ. აღმოჩნდა, რომ მათ რეგისტრაციის გავლის უფლება აღარ აქვთ. 21 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატებს სულ სამი დღე ჰქონიათ რეგისტრაციისთვის.
„ეს უნდა ჩავთვალოთ კანონის ხარვეზად, რადგან რეალურად სამი დღე ჰქონდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენ საინიციატივო ჯგუფებს, შემდეგ კი ერთკვირიანი ვადა ხელმოწერების შესაგროვებლად,“ – ამბობს ირმა პავლიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი.
„საარჩევნო კოდექსის მიხედვით“, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარადგინოს. საინიციტივო ჯგუფის დარეგისტრირების ბოლო დღეა კენჭისყრამდე, ანუ 21 ოქტომბრამდე 57-ე დღე. 25 აგვისტომდე დარეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღისა შეუძლია დაასახელოს ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ასეთი საინიციატივო ჯგუფი ბათუმის საარჩევნო ოლქში არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ ეყოლება.
ხარვეზებზე საუბრის დროს საიას იურისტი აქცენტს „თანაბრობაზე“ აკეთებს, როგორც სამართლიანი საარჩევნო გარემოს ერთ-ერთ მთავარ პირობაზე. ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველებს შემჭიდროვებულ ვადებში უწევთ კანონით განსაზღვრული საფეხურების გავლა.
„უნდა ყოფილიყო შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. პრეზიდენტმა არჩევნების დღის ოფიციალურ გამოცხადებამდეც საჯაროდ აღნიშნა, რომ არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართებოდა და საარჩევნო სუბიქტებს, მათ შორის, დამოუკიდებელ კანდიდატების მსურველებს მოუწოდა მომზადებულიყვნენ. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს და კიდევ ცესკოს რამდენიმე შეხვედრა არ იყო საკმარისი. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და შესაძლოა, შევიმუშავოთ შესაბამისი რეკომენდაცია, რადგან თანაბარი სათამაშო ველი არის ერთ-ერთი მთავარი პირობა სამართლიანი არჩევნებისთვის,“- გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.
თვითმმართველობის წინა არჩევნების დროს, 2014 წელს, დამოუკიდებელ კანდიდატებს არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. არჩევნების შემდეგ „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა და შეიცვალა კანონი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქის მერი, ასევე საკრებულოს წევრი შესაძლებელია საინიციტიავო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი გახდეს.
კანონის მიხედვით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოში რეგისტრაციისთვის უნდა წარადგინოს კონკრეტულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის ერთი პროცენტის ხელმოწერები. ბათუმის შემთხვევაში, დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველს დაახლოებით 1300 კაცის ხელმოწერა დასჭირდებოდა.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია. 15 ივლისამდე ცესკოში დარეგისტრირდნენ ის პარტიები, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი არ ჰყავთ. სხვა პარტიების და ბლოკების რეგისტრაციის ბოლო ვადა კი, საინიციატივო ჯგუფების მსგავსად, 25 აგვისტო იყო. საარჩევნო სუბიექტებს კანდიდატების დასახელება 21 სექტემბრამდე შეუძლიათ.
კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ.
„საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ შემოსულა მერობის კანდიდატის წარდგენით,“- განაცხადა ციალა შავაძემ.
მისივე თქმით თვითმმართველობის არჩევნებზე სამი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, მეშვიდე, მეცხრე და მეათე ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში. მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში ეთერ მანელიშვილი გეგმავს კენჭისყრას, მეცხრეში – ნოდარ მამულაძე, მეათეში კი – ჯემალ პაქსაძე. ეს კანდიდატები საკრებულოს წევრობაზე დარეგისტრირდნენ. არჩევნებში მონაწილეობამდე მათ ჯერ მხარდამჭერთა სიები უნდა შეაგროვონ და ოლქში წარადგინონ.
რაც შეეხება პარტიებს, ციალა შავაძის განმარტებით, მათთან დაკავშირებით სხვა ვადებია დადგენილი: „ჯერ საინიციატივო ჯგუფები რეგისტრირდება, შემდეგ პარტიები და მაჟორიტარები. მათთვის ვადის ათვლა 21 სექტემბრიდან იწყება.“
„იერუსალიმში ცხოვრებისას სულ ბათუმი მენატრებოდა. ახალ ბულვარში მინდოდა წასვლა და სეირნობა. საქართველოში როგორც კი ჩამოვედი და ბათუმში ჩამომიყვანეს, მაშინვე მოვითხოვე, ახალ ბულვარში წამიყვანეთ-მეთქი,“ – ამბობს 11 წლის ანასტასია მიხელაშვილი (მიხაელი), რომელსაც ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება.
ანასტასია ორ წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც საცხოვრებლად ისრაელში წაიყვანეს. ბაღში იარა იერუსალიმში და ახლა განათლებას ივრითზე იღებს. ბილინგუალია. ლაპარაკობს ივრითზე, რუსულ და ქართულ ენებზე. სწავლობს არაბულს და ინგლისურს.
„ივრითზე ვსწავლობ, გვასწავლიან ასევე არაბულს, რადგან არაბები ჩვენთან ომში არიან და თუ რამე მოხდა ჩვენ უნდა ვიცოდეთ არაბული. პირველ ადგილზე სკოლაში ყურადღება ეთმობა ენებს. მაღალ კლასებში უნდა ვისწავლოთ იაპონური და ესპანური. ჩვენთან, ისრაელში პირველ კლასში პირველი რასაც გვასწავლიან არის ის, რომ თუ დედ-მამამ გცემა, მაშინვე უნდა დარეკო პოლიციაში. ჩვენთან, იერუსალიმში ქუჩაში ბევრი პოლიციელია. მიდიხარ შენთვის, შეიძლება გაგაჩერონ და გკითხონ საიდან ხარ? ვინ ხარ? დედაშენი გცემს? მამაშენი გცემს? ასე მეკითხებიან. მაღიზიანებს ეს და დიდად არ მომწონს.
ისრაელში გადასვლით ძალიან შემეცვალა ცხოვრება. რვა წელია იქ ვარ. პირველ კლასიდან ყველა გეკითხება, საიდან ხარ, ვინ ხარ, რა გვარის ხარ. ჩვენ მასწავლებლებს და სკოლებს უფრო უყვართ ებრაელები. მე ცოტა მიჭირდა თავიდან, იმიტომ რომ მე ქრისტიანი ვარ და ეგენი ებრაელები არიან. ქრისტიანები და ებრაელები არც ისე კარგად არიან,“ – იხსენებს ანასტასია.
მესამე წელია ზაფხულის არდადეგებს საქართველოში ბებოსთან ატარებს. ამბობს, რომ საქართველოში ყოფნისას ივრითზე საუბარი ენატრება, ისრაელში კი ქართული ხმის გაგონება უნდა.
„როცა იერუსალიმში დავბრუნდები, რა მომენატრება და ხალხის დამოკიდებულება. აქ ყოველდღე მეუბნება ვიღაც – გამარჯობა, როგორ ხარ. იქ არავის აინტერესებს როგორ ვგრძნობ თავს. ჩემ საუკეთესო მეგობარ გოგოს ჰქვია ადი. იქ ყველა დამოკიდებულია ტელეფონზე. თუ მე და ჩემი მეგობარი გვერდიგვერდ ვზივართ, მარტო ტელეფონებში ვთამაშობთ ან ვლაპარაკობთ. აქ ასე არაა. აქაურ მეგობრებთან მგელობანას და დამალობანას ვთამაშობ. მეხმარებიან ქართული უფრო კარგად ვისწავლო, ტელეფონი არც მახსოვს ხოლმე“.
ანასტასია მიხელაშვილი
ანასტასიას თქმით, იერუსალიმში ცხოვრების მიუხედავად, დედა ცდილობს ქართული ტრადიციები შეუნარჩუნოს.
„მაგალითად ისრაელში ახალი წელი არის სექტემბერში. ეს დღე ჩვენთვის ჩვულებრივი დღეა. ახალ წელს 1 იანვარს აღვნიშნავთ, როგორც ქართველები. ქრისტიანი ვარ, მაგრამ შაბათს ვლოცულობ. ისრაელში პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ შაბათის მზის ჩასვლამდე უქმეა. ჩემი ჩვევები არც აქ დამივიწყებია, შაბათს სანთელს ვანთებ და ვლოცულობ“.
მიუხედავად მისი ახლანდელი საცხოვრებელი ადგილისა, საკუთარ მომავალს ვერც ისრაელში ხედავს და ვერც საქართველოში.
„მე ვხედავ ჩემს მომავალს ნიუ იორკში. ჩემი ოცნებაა გამოვიდე მოდელი. მაგრამ თუ მოდელი ვერ გამოვედი, გამოვალ თარჯიმანი. ძალიან ადვილად ვსწავლობ ენებს, რამდენიმე ენა ვიცი უკვე. მხატვრულ წიგნებს რუსულად ვკითხულობ. „რომეო და ჯულიეტა“ მიყვარს. სკოლაში გვეუბნებიან, რომ ყველა გოგო უნდა წავიდეს ჯარში, რომ გოგოებმა თავიანთი თავი თვითონ უნდა დაიცვან. მე არ მინდა ჯარში წასვლა, მაგრამ ჩემს მეგობრებს უნდათ. ალბათ წავლენ კიდეც,“- ამბობს ანასტასია.
ანასტასიამ თავისი პირველი სამსახური, როგორც თარჯიმანმა, „ბათუმელებს“ გაუწია. მარშუტკაში, რომლითაც დანიშნულების ადგილას წავედით პატარა მოუსვენარი გოგო არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ყველას გააგებინა, იცით ჩემგან ინტერვიუ აიღეს, მალე დაიბეჭდება და პოპულარული გავხდებიო. მერე გადაწყვიტა თავის სასურველი პროფესიებისთვის ჟურნალისტობაც მიემატებინა, მგზავრებს ჩამოუარა და ექსპრომტად ინტერვიუებიც ჩაწერა.
ანასტასია ერთადერთი ქართველი ებრაელი არაა, ვისი ოჯახიც ისრაელში წავიდა, მათ შორის იყო 18 წლის მეგი აფხაზავა. მისი დედა ებრაელია. თვითონაც. მეცხრე კლასში იყო, როცა სასწავლებლად ისრაელში წავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, ივრითი ისწავლა, საქართველოში დაბრუნდა და სწავლა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გააგრძელა. „ბათუმი არის ჩემი სამშობლო“, – ამბობს მეგი.
„ნავსადგურის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ოთხი წელი ვსწავლობდი ისრაელში, ნეთანიაში. მეცხრე კლასიდან წავედი, თუმცა სწავლის დამთავრების შემდეგ აღარ მომინდა იქ დარჩენა. დედაჩემი ებრაელია, მამაჩემი ქართველი. ქართულ-ებრაული ტრადიციები ერთადაა ჩვენს ოჯახში შერწყმული. მაგალითად, ახალ წელს ჩვეულებრივადაც აღვნიშნავთ – პირველ იანვარს და სექტემბერშიც, როცა ებრაული ახალი წელი დგება. როდესაც ვსწავლობდი, მქონდა სასწავლო ვიზა. ახლაც თავისუფლად შემიძლია გადასვლა, მაგრამ ისრაელში ალბათ არ დავბრუნდები“, – ამბობს მეგი აფხაზავა.
ბათუმის სინაგოგა
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მუდმივად ცხოვრობს 1 405 ებრაელი, მათ შორის 71 – ბათუმში. ბათუმში ებრაელები, ძირითადად, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ გამოჩნდნენ. დავით იაკობაშვილის ბაბუა 1921 წელს ჩამოვიდა ბათუმში ქუთაისიდან.
„იმის მერე ცხოვრობდნენ ბათუმში. აქ დაიბადა მამაჩემი და მეც. ისრაელში ერთხელ ვიყავი მხოლოდ. ჩემი დის შვილისშვილის ქორწილში. განცდა მქონდა როგორც ყველა ქართველს. ჩავფრინდები, დამაბრუნებენ უკან თუ შემიშვებენ? მე ეროვნება პასპორტში არ მიწერია, ჰოდა, ეგენი გხვდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეს. ჩავედი, შემეკითხნენ, გავეცი პასუხები, მითხრეს მობრძანდითო, ვიყავი ორი კვირა და დავბრუნდი უკან. არ მდომებია არასდროს დიდი ხნით დარჩენა,“ – ამბობს დავით იაკობაშვილი.
დავითს სხვა ებრაელებთან ერთად პარასკევ საღამოს, ლოცვის წინ, სინაგოგაში შევხვდი. ებრაელები ათი ადამიანის შეკრებას ელოდებოდნენ იმისთვის, რომ ლოცვა დაეწყოთ.
„ადამიანს ყოველთვის შეუძლია ილოცოს, მაგრამ სრულყოფილად რომ ილოცოს, მინიმუმ უნდა შეგროვდეს 10 მამაკაცი. როცა 10 კაცი არ გროვდება, სრულყოფილი რიტუალი არ ტარდება,“ – მიხსნის დავითი.
ემილ კრუპნიკი, ებრაელთა დიასპორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სინაგოგაში ებრაელები ძირითადად შაბათს და დღესასწაულებზე დადიან. ასევე ხშირად აკითხავენ ბათუმის სინაგოგას ის ტურისტული ჯგუფები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოდიან.
„თემი დაკავებულია რელიგიური, განათლებისა და ქველმოქმედების საკითხებით. დიდი ყურადღება ეთმობა ტრადიციებსა და ებრაელი ხალხის ისტორიას. ასევე საქართველოს ისტორიას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ გვქონდა ებრაული სკოლა, სადაც ბავშვები დადიოდნენ – 30-40 ბავშვი. ორი ჯგუფი გვყავს მოსწავლეების, უფროსები და უმცროსები, ისინი სწავლობენ ივრითს, ისტორიას, თორას… ახლა არდადეგებია, მაგრამ საქმე ის არის, რომ გარკვეული ფინანსური შეფერხება აქვს სკოლას. თუმცა, ვფიქრობ, ამ პრობლემას ჩვენი მეგობრების, სპონსორების დახმარებით გადავჭრით“.
სინაგოგასთან არსებობდა სასადილო, სადაც ნებისმიერ ებრაელს შეეძლო მისვლა და სადილის მირთმევა. თუმცა ახლა სასადილო დაკეტილია. დახმარების პროგრამები, რომლითაც ებრაულ თემს ეხმარებოდნენ კი შეჩერებული.
„ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელიც არამარტო საქართველოშია, სასადილო ჩანაცვლდა იმით, რომ თითქმის ყველა ებრაელი, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს და მათი სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობენ, დახმარებას იღებს პროდუქტებით. აქ კეთდებოდა ადრე სადილი და აქ მოდიოდნენ, ახლა კი სახლში იღებენ სხვადასხვა პროდუქტს და იმას ამზადებენ, რაც მათ სურთ. თემის ბაზაზე არის საქველმოქმედო ცენტრი, ადრე ფოთსა და ბათუმში ცალკე იყო, ახლა გააერთიანეს ეს ცენტრები. ისინი ეხმარებიან მატერალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, იღებენ წამლებს, პროდუქტებს, გათბობის საშუალებებს და ა.შ.,“ – ამბობს ემილ კრუპნიკი.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბათუმში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის მეორე ნომერი იქნება, რაზეც თავად ირაკლი მიქელაძე ამბობს: „… ამაზე გუნდი მუშაობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამდე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო.
ირაკლი მიქელაძე 2017 წლის დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში, ბათუმის საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა – ის ამ პერიოდში გერმანიაში იმყოფებოდა. ამის მიუხედავად, მან ამ პერიოდში აიღო როგორც ხელფასი, ასევე პრემია – მთლიანობაში 16 450 ლარი.
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომლის მშენებლობაზეც მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, არაადაპტირებული იქნება. მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი დაასახელეს: „მაქ ეტლით მოსარგებლეთათვის ლიფტის დამონტაჟებაც კი ვერ მოხერხდება“.
ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, ადაპტირებული ხიდის დაპროექტება თავიდანვე განიხილებოდა, თუმცა „მაქ იცით, რომ არის სარკინიგზო ხაზი. რკინიგზაზე გადასასვლელის მოწყობას კი, გარკვეული ნორმების დაცვა სჭირდება, რაც მაქ ვერ ხერხდებოდა – ზომები, სიმაღლე. დახრილობით ვერ მოეწყობოდა ეტლით გადასასვლელი, ვიფიქრეთ ლიფტიც, მაგრამ საპროექტომ საბოლოოდ უარი თქვა ლიფტის მოწყობაზეც. ამიტომ, ხიდი დაპროექტდა ასე – რკინიგზის ლიანდაგებს გადადის ქვეითი ფეხით, ჩვეულებრივად, როგორც ახლა და შემდეგ ადის ხიდის კიბეებზე. ამ ხიდის საშუალებით კი გადავდივართ საავტომობილო მაგისტრალზე და არა რკინიგზაზე“.
თამარ მეფის გამზირზე, რკინიგზასა და საავტომობილო მაგისტრალზე გადასასვლელები არც ახლაა ადაპტირებული.
17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა.
იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა.
HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია „ბენეჩეტს“ დაუკავშირდა თანხმობის მისაღებად და ტანკერი სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო. კაპიტნის გარდა ეკიპაჟის რვა წევრი ქართველი იყო.
HELEN M-ის ამოცანა ემიგრანტებით დატვირთული გემის ირგვლივ მანევრირება და ასე შტორმული ღელვის შესუსტება იყო, რათა იტალიის სასაზღვრო ძალების კატარღებს ემიგრანტების გემთან მიახლოება და მათი მშვიდობიანად გადმოსხმა შეძლებოდათ.
სამაშველო ოპერაცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საღამოს მშვიდობიანად დასრულდა. ემიგრანტები იტალიელმა მესაზღვრეებმა გადასხეს და ნაპირზე გადაიყვანეს.
ემიგრანტები გემზე
„ხმელთაშუა ზღვა არ არის ოკეანე, რომ ადვილად დაიკარგო, მაგრამ ზამთარი და გაზაფხული აქ შტორმულია. შტორმი იყო იმ დღესაც და ჩვენ ვიყავით ყველაზე ახლოს მყოფი დიდი გემი, რომელიც დაეხმარებოდა იტალიის სანაპირო დაცვას ემიგრანტების გემის ირგვლივ ღელვის შესაკავებლად.
მთელი ეკიპაჟი გულშემატკივრობდა ამ პროცესს. საღამოს, უკვე ბინდდებოდა, როცა გვითხრეს მადლობა და დავემშვიდობეთ. ორი ფეხმძიმე ქალი იყო გემზე, უკვე წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილი. აფრიკიდან მოდიოდა გემი, სად მიდიოდნენ ისიც არ იცოდნენ მგონი. მთავარი იყო, თავი დაეღწიათ იმ ქვეყნისათვის, სადაც იმყოფებოდნენ. გვითხრეს, რომ თავიანთი ქვეყნიდან ხის ნავებით გამოვიდნენ და შემდეგ ტუნისის პატარა გემი მიეშველათ“, – ყვება როსტომ ცერცვაძე, HELEN M-ის ეკიპაჟის წევრი. იგი, ისევე როგორც ეკიპაჟის სხვა ქართველი წევრები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დააჯილდოვა ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის. ეს ჯილდო წელს დაარსდა საქართველოში.
ჯილდო გადაეცათ ეკიპაჟის წევრებს: როსტომ ცერცვაძეს, გელა გოგუაძეს, ირაკლი სარჯველაძეს, გიგლა ბერიძეს, ლევან მაჭუტაძეს, გაიოზ კუბლაშვილს, ნოდარ ჯაყელს, დავით ყურშუბაძეს და ომარ გორგოშაძეს.
როსტომი ეკიპაჟის ერთადერთი წევრია, რომელიც ჯილდოს გადაცემის მომენტში ხმელეთზე იყო. ეკიპაჟის სხვა წევრები შორეულ ნაოსნობაში იმყოფებიან და ჯილდო მათი ოჯახის წევრებს გადაეცათ.
როსტომი ხუმრობს, რომ ის პირველი ზესტაფონელი მეზღვაურია, რომელიც დააჯილდოვეს: „დედაჩემმა მკითხა, კი მაგრამ, ბათუმში მეზღვაურების მეტი რაა, ზესტაფონელს რომ მისცეს ჯილდოო. ისე მოხდა, რომ ხმელეთზე ვარ ახლა“.
უკვირდათ და ბევრს ეხუმრებოდნენ მაშინაც, როცა ეს პროფესია აირჩია და ზესტაფონიდან ბათუმში ჩამოვიდა, მეზღვაური რომ გამხდარიყო. ამბობს, რომ მეზღვაურობა მამის ოცნება იყო, რომელსაც საზღვაო სასწავლებელში თავის დროზე მშობლებმა არ მისცეს სწავლის უფლება – „ზღვაში დასაკარგი შვილი ჩვენ არ გვყავსო“. თუმცა მამას ზღვაზე ოცნება არ შეუწყვეტია.
„სულ გვესმოდა ეს თემა სახლში… საკმარისი იყო მეზღვაური გამოჩენილიყო კინოში და ოჯახში სხვა ატმოსფერო იქმნებოდა. მე ავყევი მამას და ჩამოვედი ბათუმში. აქ მეგობრები მეხუმრებოდნენ, ზესტაფონში ზღვა არ არის და რად გინდა მეზღვაურობაო. ვპასუხობდი, მე რომანტიკამ მომიყვანა ამ პროფესიაში და თქვენთვის, უბრალოდ, სამსახურია-მეთქი.
ისე მოხდა, რომ ერთხელ ფოთში შემოვედი გემით და მამა გემზე ავიყვანე, ღამე გაათია ჩემს კაიუტაში. მისმა მეგობრებმა მითხრეს მერე, დაფრინავდა, გემის ამბებს ისე ყვებოდაო. ერთი წელიც არ იყო გასული ამის შემდეგ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ისე წავიდა, რომ გემზე მოხვდა.
ერთ-ერთი მთავარი ამ პროფესიის არჩევისას ისიც იყო, რომ მეზღვაურობა მოგზაურობას ნიშნავდა, რაღაცის ნახვა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის ფაქტორი იყო. ჩვენი ცხოვრება ურთიერთობებია, ასე არ არის?! რაც უფრო მრავალფეროვან ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა, უფრო წარმატებული ხარ, უფრო საინტერესო…“
როსტომ ცერცვაძე, „სელფი“ გემზე
როსტომი უკვე 13 წელია ცურავს. პრაქტიკანტობიდან უფროსი მექანიკოსი გახდა და მეზღვაურის პროფესიასაც ისე რომანტიკულად დიდი ხანია აღარ უყურებს, როგორც ადრე. ამბობს, რომ ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ხმელეთზე დარჩენილ ოჯახზე გამუდმებული ფიქრი და ყოველ ჯერზე ახალი ეკიპაჟია. მეზღვაურები ამ გამოწვევის წინ ყოველი რეისის წინ დგანან, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათ ახალ ეკიპაჟთან უწევთ მუშაობა.
„გემზე მთავარია ადამიანები. დამწყებებისთვის უფრო ძნელია, მერე თანდათან ეჩვევი. სულ 20, მაქსიმუმ 25 ადამიანთან ხარ თვეების მანძილზე. არ გამოვა ისე, რომ არ ცნობ რაღაცას ან ვიღაცასთან ურთიერთობა არ გინდა, შეუძლებელია ეს გემზე. არ აეწყობი? შენ არავინ არ აგეწყობა. ხშირად ვამბობ ხოლმე, მეწისქვილეზე მეტი დრო აქვს მეზღვაურს საფიქრად, როცა მარტო რჩები, ბევრ რამეზე ფიქრობ. საქართველოდან როცა არ გადის ადამიანი, არ უწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, ხელს აიქნევს: „ეს არ მინდა, ეს ასეა…“ ასე არ არის, სამყარო დიდია, ხალხი – მრავალფეროვანი. დღესაც ისეთი კანოებით დადის ხალხი ზოგან, ჩვენ რომ წიგნებში წაგვიკითხავს, ზღვის მოქცევას მოჰყვებიან, ბაზარში რომ ჩამოვიდნენ, რაღაცას ყიდიან და მიქცევაზე ზღვას მიჰყვებიან სახლში.
სხვათა შორის, ჩვენ ვწუწუნებთ, მაგრამ საქართველო ისეთ ქვეყანად ყალიბდება, ბევრი იოცნებებდა ასეთ ქვეყანაზე. კი, მეტი გვინდა, წინ ვიხედებით და ეს სწორია. აზია-ევროპის საზღვარზე ვართ, ევროპისკენ ვიწევთ და თუ დააკვირდებით, ტურისტებს, რამდენი შემოდის აზიის ქვეყნებიდან… მოსწონთ, იმიტომ, რომ შეიძლება ველოსიპედზე დაჯდე, ჩადრი მოიხადო… ეს კარგია.“
გემზე დრო ნელა გადის. სამუშაოს დასრულების შემდეგ მეზღვაურები თავიან კაიუტას მიაშურებენ და ხმელეთზე მყოფ ოჯახის წევრებსა და ნათესავ-მეგობრებს ელაპარაკებიან ინტერნეტით. როსტომი ამბობს, რომ ინტერნეტმა მეზღვაურის პროფესია ბევრად უფრო შეამსუბუქა.
მაშინ, როცა შტორმი რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება, წნევა ეცემა და მეზღვაურებს თავის ტკივილი სტანჯავთ, მთავარი ნერვებია. საქმე არ იცდის, გემზე სამუშაოები იმავე ტემპით უნდა გაგრძელდეს. შტორმი შეიძლება ერთ კვირასაც გაგრძელდეს და მეტ ხანსაც, ამიტომ თავის ხელში აყვანაა საჭირო.
როსტომი ამბობს, რომ არასდროს დაუთვლია, ზუსტად რამდენი დღე არ გადასულა ზღვიდან ხმელეთზე: „თუმცა 40 დღის მანძილზე რომ მიწა ვერ დაინახო, იშვიათია. ეს წყნარი ოკეანის მაქსიმუმია. ხან შეიძლება პორტში არ შევიდეს გემი და ხმელეთზე ვერ გადახვიდე, მაგრამ ნაპირს უახლოვდები, მიწას ხედავ. ოთხი თვე ყოფილა ისე, რომ არ ჩავსულვარ გემიდან. ერთხელ ამერიკაში ვიყავით, პორტში შევედით და რადგან ვიზა არ გვქონდა, ვერ ჩავედით. ამაში განსაკუთრებული არაფერია მეზღვაურისთვის. გემზე თუ დგახარ მყარად, უკვე კარგია.“
როსტომი ყვება, რომ ბოლო რეისი, რომლის ფარგლებშიც ეკიპაჟმა სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, მისთვის განსაკუთრებული იყო:
„ისე გავიდა ხუთ თვეზე მეტი, არ მიგრძვნია თითქმის. ძალიან კარგი ეკიპაჟი იყო. რეისებიც ისეთი იყო, შავ ზღვაში შემოვედით, ხმელთაშუა ზღვაში… იცით როგორ არის?! შავი ზღვა, ხმელთაშუა ზღვა „შენია“, ჰავა, კლიმატი ნაცნობია, შენს კონტინენტთან ხარ ახლოს. სტამბულს გავივლით და ვიცით, რომ ახლოს ვართ ქვეყანასთან, სახლთან.
ნამდვილი ცხოვრება არის ხმელეთზე. გემზე ეს გვაძლებინებს, ხმელეთზე მომხდარი ამბები. იქ ამით საზრდოობ.“
აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია.
„მოთხოვნა არის დაბალი, რის გამოც არც ერთ კლინიკას არ უღირს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების შენახვა,“ – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი – თბილისის დამწვრობის ეროვნული ცენტრიც კი, არ მუშაობს სრული დატვირთვით.
ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გახსნას პალატა დამწვრობის მიმართულებით და ერთი ქირურგიც გადაამზადოს.
„ჯერჯერობით ნაადრევია პალატის გახსნაზე საუბარი, რადგან დამწვარ პაციენტს განსაკუთრებით სტერილური გარემო სჭირდება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიმდინარე სამუშაოების გამო, ისედაც შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ. განახლებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში საერთო ქირურგიაში იქნება ერთი მიმართულება დამწვრობაც. მანამდე იქ მომუშავე ქირურგებიდან უნდა შევარჩიოთ რომელიმე, ვინც გადაემზადება დაახლოებით რვა თვე. ამ ხარჯებს ვიღებთ საკუთარ თავზე. ამ პალატაში იქნება შესაძლებელი პაციენტის მართვა, თუმცა, მაგალითად, თუკი კანის გადანერგვა იქნება საჭირო და ტრანსპლანტოლოგი, ამისთვის ისევ მოგვიწევს პაციენტის გადაყვანა თბილისში,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.
16 აგვისტოს გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად ბათუმში სამი ადამიანი დაშავდა. ერთს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, მეორე თბილისის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული კი აფეთქებიდან სამ დღეში გარდაიცვალა. მას კანის დაახლოებით 90 პროცენტი ჰქონდა დამწვარი. დაშავებული თავდაპირველად კლინიკა „მედინაში“ მოათავსეს, შემდეგ კი, თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდებოდა.
„ქართული ოცნების“ შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით თავად სულიკო თებიძეც ადასტურებს: „საუბარი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შემოთავაზება იყო, რომ ან სიით ვიყარო კენჭი, ან მაჟორიტარ კანდიდატად. მე დავაფიქსირე, რომ ისევ განათლების სფეროში მირჩევნია, ამიტომ გადაწყვეტილი არაფერია.“
სულიკო თებიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილეა 2012 წლიდან. 2008-2011 წლებში კი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა 2008 წლამდეც.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატია – კახაბერმა 28 აგვისტოს, ბათუმში, 6 მაისის პარკში ჟურნალისტებთან იმ ოფიციალურ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ბათუმის მერად კენჭისყრა გადააწყვეტინა. მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბათუმში 2 000-მდე ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ამის შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდება, როგორც ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ცისკარიძემ „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერობა?
2017 წლის 21 ოქტომბერს მინდა მივიღო მონაწილეობა ქალაქ ბათუმის მერის არჩევნებში, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა. რეგისტრაციისთვის საჭიროა 2000-მდე ხელმოწერა, დიდი იმედი მაქვს, გამოხატავს ბათუმი თანადგომას და ერთად შევცვლით ბათუმის მერის სტერეოტიპს.
რა სტერეოტიპი არსებობს, რა გინდათ, რომ შეცვალოთ?
ალბათ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბათუმს მეტი პოპულარიზაცია ესაჭიროება, ბათუმი უნდა გადაიქცეს ხელოვნების ქალაქად და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ადამიანი იყოს მოქმედი [ხელოვანი], შესაძლოა იყოს ისეთი ადამიანი, როგორიც ვარ მე, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია, რომ პოპულარიზაცია გაუკეთოს თავის ქალაქს.
ბათუმში თქვენს შტაბს ვინ უხელმძღვანელებს?
ეს ყველაფერი ჩემს შემთხვევაში იმდენად განსხვავებულია, რომ მაქვს სურვილი, პრეცენდენტი შევქმნათ და ჩვენი ქალაქის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ და რამდენი ადამიანი იქნება ჩემთან ერთად.
როგორ წარმოგიდგენიათ, ტექნიკურად როგორ შეიძლება ეს მოხდეს?
კახაბერი – კახა მერი. ეს ფორმულირებაა, თუ როგორ ტრანსფორმაციას განვიცდი მე ცხოვრებაში.
პოლიტიკით დაინტერესება რამ გამოიწვია?
მინდა ეს სტერეოტიპიც დავანგრიოთ. ყველგან, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მერი არ არის პოლიტიკოსი, მას ეხება ქალაქი, ქალაქის პოპულარიზაცია. ჩვენს შემთხვევაში რას მოითხოვს ქალაქი, რა არის მისი პრიორიტეტი? შეგვიძლია ამ თემაზე კითხვა დავუსვათ ვინმეს. მე მაგალითად დღემდე ვერ გამიგია რა არის ჩვენი ქალაქის პრიორიტეტი. საუბარია იმაზე, რომ ერთ-ერთი მთავარი არის ტურიზმი, თუმცა რა იზიდავს ტურიზმს, ეს არავის დაუფიქსირებია. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ბათუმის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ხელოვნება, გართობა, რომელიც მიმზიდველია ტურისტებისთვის, თუმცა ეს ჩვენთან ვერ ხდება სათანადო დონეზე.
კონცეფცია გაქვთ, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს?
ბათუმი უნდა გადაიქცეს ხელოვნების ქალაქად. ჩემი განცხადება დააფიქრებს ბევრ საინტერესო, ხელოვან ადამიანს, ბევრ ნიჭიერ ბათუმელს, რომელიც წასულია ბათუმიდან, ეს გამოიწვევს რაღაც სტერეოტიპების შეცვლას ჩვენთან, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც მე ვარ, იყოს, ვთქვათ, ქალაქის მერი.
შეხვდით ხელოვანებს, რომელთაც ალბათ თქვენს მხარდამჭერ ჯგუფად მოიაზრებთ?
დიახ, საკმაოდ დიდ რაოდენობის ხალხს შევხვდი, უბრალოდ განცხადება გავაკეთე დღეს. მათ მხარდაჭერას ჩემ მიმართ ისიც ამყარებს, რომ მე ვარ დამოუკდიებელი კანდიდატი, ყველა ჩემს მეგობარს აქვს სურვილი ჩემი მხარდაჭერის, იმიტომ, რომ ისინიც ასე უყურებენ ამ ქალაქს, ჩვენ საყვარელ ბათუმს, რომელიც უნდა იყოს ხელოვნების ქალაქი.
პოლიტიკურ სიმპათიებს რაც შეეხება, დამოუკიდებელი კანდიდატი ხართ, მაგრამ რა მიმართულებით ხედავთ საკუთარ თავს პოლიტიკაში?
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, ქალაქის მერი არ არის სავალდებულო წავიდეს დიდ პოლიტიკაში, ესაა ქალაქის მენეჯმენტი, იდეების განხორციელება, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, მე მაწუხებს, ჩემს სამეგობროს, ჩემს საახლობლოს, მაგრამ როგორც ხედავთ, მე დღეს ვარ მარტო, აბსოლუტურად ფორმატიდან ამოვარდნილია ეს ყველაფერი, შესაბამისად ეს არის სიახლე და მოულოდნელობა, ეს უკვე საინტერესოა. ვნახოთ, რამდენად აქტიური იქნება ბათუმის მოსახლეობა.
საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1,51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად, სხვადასხვა საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების/აქსესუარების შეძენა-მონტაჟს მოხმარდება.
მერიას უკვე დაგეგმილი აქვს, კონკრეტული ქუჩა და ადგილი ქალაქში როგორ უნდა მორთოს და სად რამდენი და რა ფორმის აქსესუარი განათავსოს. ეს დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის პირობებში. სატენდერო თანხა 1 მილიონ 510 ათასი ლარია. ტენდერი 15 სექტემბერს დასრულდება.
წინასაახალწლოდ ქალაქის ქუჩები 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა მოირთოს; სამუშაოებში შედის საახალწლო ნაძვის ხეების მონტაჟი და დემონტაჟი ევროპის მოედანზე და შინდისის გმირების სკვერში.
მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად ევროპის მოედანზე დაიდგმება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მისი ანთების რიტუალის შესაძლებლობაც. შინდისის გმირების სკვერში კი, 7 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხეს დადგამენ.
სადემონტაჟო სამუშაოები (დასაწყობებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობში) უნდა განხორციელდეს 2018 წლის 15 თებერვლამდე;
შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი, ასევე დაზიანებული (რომელიც ექვემდებარება შეკეთებას შემდგომში გამოყენების შესაძლებლობით) და შემდგომში გამოსაყენებლად უვარგისი ყველა საახალწლო აქსესუარის რაოდენობრივი ჩამონათვალის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს 2018 წლის პირველ მარტამდე.
ყველა დაზიანებული, მაგრამ რემონტს დაქვემდებარებული და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი საახალწლო აქსესუარის შეკეთება შემდგომი დასაწყობებით უნდა განხორციელდეს 2018 წლის 25 მარტამდე.
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დამონტაჟებული საახალწლო ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, მანათობელი აქსესუარებისა და კონსტრუქციების მოვლა-პატრონობა მათ დემონტაჟამდე.
ხვამლის მთა ლეჩხუმში, მდინარეების: რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მდებარეობს. ხვალმზე ასვლა რამდენიმე გზით შეიძლება, ყველაზე პოპულარული მარშრუტია სოფელი ტვიშიდან (მდინარე რიონის ხეობა) ან სოფელ ოყურეშიდან (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხვამლზე ფეხით ასვლას საშუალოდ 4-6 საათი სჭირდება,მთის ძირამდე მისვლა მაღალი გამავლობის მანქანითაც შესაძლებელია. საფეხმავლო გზა ხვამლისკენ დაუსახლებელ ტერიტორიაზე და ტყეზე გადის.
თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად აკითხავენ. მე, პირადად, ლეჩხუმის მხარეში მოგზაურობა ტვიშიდან დავიწყე.
გზა სოფელ ტვიშიდან ერთ-ერთია იმ რამდენიმეს შორის, რომელსაც ლეგენდებისა და მითების მთასთან – ხვამლთან მიჰყავხარ. ქუთაისიდან ტვიშამდე გზა მდინარე რიონის ხეობაში, მთებს შორის გადის. ალაგ-ალაგ დასახლებულ ტერიტორიაზე 5-6 კილომეტრი ისე შეიძლება გაიარო, არავინ შეგხვდეს რიონისპირიდან მომავალი მეთევზეების გარდა, მხარზე გადებული, ორკაპა ჯოხზე აცმული თევზებით რომ მიდიან სახლებისკენ.
ცხელი და ხმაურიანი ქალაქიდან მთებს შორის მოქცეულ პატარა სოფელში მოგზაურობის დაწყებიდან სულ რაღაც ორ საათში აღმოვჩნდი. რიონის პირას გაშენებული სოფელი ტვიში განუმეორებელი ადგილია იმითაც, რომ მხოლოდ აქ მოდის ცნობილი ყურძენი „ტვიშის ცოლიკაური“, რომლისგანაც ასევე ცნობილი ღვინო იწურება. ერთი კილოგრამი ყურძენი ხუთ ლარად გაყიდეს აქაურებმა გასულ შემოდგომაზე. როგორც ტვიშის მკვიდრმა ელისო ჩარკვიანმა ამიხსნა, იმ მიკროკლიმატის საშუალებით, რომელსაც ერთი მხრივ, რიონიდან წამოსული ქარი და მეორე მხრივ, სოფლის თავზე წამომართული კლდეები ქმნიან, ცოლიკაურის ჯიშის ყურძნის შაქრიანობა 27 გრადუსს აღწევს.
ტვიში მოზრდილი სოფელია ბევრი კარჩარაზული სახლით. ამ სახლების მეპატრონეები, ზოგიერთი დიდი ხნის წინ, ზოგიერთიც სულ ახლახან ქალაქში გახიზნულა. აქ ჩასული მოგზაური ღამის გასათევად იმდენს იხდის, რამდენიც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ტვიშელები ასე გეუბნებიან.
მოგზაურობის პირველ დღეს მეც ტვიშში დავბინავდი და ჩემს მეგზურთან ერთად საინტერესო ადგილების მოსანახულებლად გავემართე. პირველი გაჩერება სოფლის ბოლოში მდებარე ჩანჩქერი ვერძისთავა იყო. ვერძისთავა ხვამლიდან იღებს სათავეს. მთაზე კარსტული ჭაა, რომლის სიღრმეც 16 მეტრია. მას თეკენთერის ჭას ეძახიან. მასში ჩასასვლელად წიფლის ხის ფუღურო უნდა გაიარო. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ჭაში ვერძის თავი ჩაუგდიათ, რომლის ერთი ნახევარი ჩანჩქერს ტვიშის მხარეს (მდინარე რიონის ხეობა) გადმოუტანია, მეორე კი – სოფელ ოყურეშის მხარეს (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ვერძისთავა ნახევარი წელი ტვიშში გადმოდის, ნახევარი წელი კი – ოყურეშში.
ტვიშში ვერძისთავას რომ გასცდები და გზას ალპანასკენ გააგრძელებ ველურ ბუნებაში, სრულ სიმწვანეში ჩაძირული ნიკორძირის ჩანჩქერს გადაეყრები. კლდის წვერიდან ვარდნილი წყალი წელიწადის ყველა დროს სუფთა და კამკამაა. ჩანჩქერის ძირში მცირე საბანაო ადგილი ზაფხულობით ყოველთვის ხალხით არის სავსე. ტვიშელი და მისი მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის ნიკორძირი თავშეყრის ადგილია.
ალპანადან გზას ცაგერისკენ დავადექი, მინდოდა მდინარე ლაჯანურის ხეობაში მდებარე კურორტი ლაშიჭალა მომენახულებინა. ლაშიჭალა – ტყეში ჩაფლული ბალნეოლოგიური კურორტი წელიწადში მხოლოდ სამი თვე ფუნქციონირებს. აქ დასასვენებლად, ძირითადად, დასავლეთ საქართველოდან მიდიან, კურორტი განსაკუთრებით ქუთაისშია პოპულარული.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ათეული წელია ლაშიჭალა დამსვენებლებს მასპინძლობს, აქ ინფრასტრუქტურა სრულიად გაუმართავია, – მაისის ბოლოს ლაშიჭალაში ასვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მდინარე ლაჯანურზე გადებული ხიდი დაზიანებული იყო, შესაბამისად, მასზე გადასვლა ვერ შევძელი.
ლაშიჭალასთან ახლოსაა კურორტი ძუღური. „ძუღურის“ წყალი ცნობილია, როგორც დიაბეტის სამკურნალო საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ლეჩხუმში ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა მოგიყვება მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, დანარჩენ საქართველოში „ძუღურის“ წყალი ცოტა ვინმეს თუ გაუგია. წყალს ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო წყლის კატეგორია მიანიჭა და დაადგინა, რომ მინერალური წყალი სასარგებლოა დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის, რკინა დეფიციტური ანემიისა და პოდაგრის სამკურნალოდ. მეორე წელია „ძუღურის“ წყლის ჩამოსხმა განახლდა და აფთიაქებში იყიდება.
ძუღურის წყალი სათავეს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე იღებს. ხეობაში დასვენების მსურველები სამკურნალო წყლის სათავესთან ცხენებით ადიან და ღამეს კარვებში ათევენ.
ორბელიდან ცაგერში გადასვლა ჯვრის უღელტეხილის გადავლითაა შესაძლებელი. უღელტეხილის წვერიდან ლეჩხუმის სუნთქვისშემკვრელი ხედები იშლება.
ცაგერს თავზე სამი ციხის ნანგრევი გადმოჰყურებს, ციხეებს – „დაჰკარი“, „დაუხვდი“ და „არ გაუშვა“ ჰქვია. ოდესღაც, ომის დროს, ამ ციხეებს მოსახლეობა თავს აფარებდა. ციხეებს შორის კი, ვიწრო გვირაბები იყო გაყვანილი. ცაგერშივეა მწვანე თეატრი. პატარა მდინარეზე აშენებულ თეატრში ზაფხულობით ფესტივალი იმართება.
ციხეები – “დაუხვდი” და “არ გაუშვა”
„ჩვენ არც რაჭველები ვართ და არც სვანები, ლეჩხუმელები ვართ“, – ყველაზე ხშირად ამ ფრაზას მოისმენ ლეჩხუმელებისგან. ქვემო სვანეთს, რაჭასა და იმერეთს შორის მოქცეული ლეჩხუმი ტურისტულად მიმზიდველი რეგიონია, თუმცა დღეისათვის მხარის ტურისტული პოტენციალი აუთვისებელია. ცაგერში არ არსებობს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, არც ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ბილიკებია მარკირებული.
ხედი მწვანე თეატრიდან
ლეჩხუმის მთავარი სიმდიდრე ხვამლის მთაა. მიუხედავად ამისა, ხვამლზე ასასვლელი ტურისტული სერვისი ცაგერში არ არსებობს. მეგზური, რომელიც ხვამლზე გამყვებოდა, კითხვა-კითხვით და ნაცნობების დახმარებით ვიპოვე.
მდინარეების – რიონისა და ცხენისწყლის ხეობაში მოქცეული ხვამლის მთისკენ ოთხი გზა მიდის. ერთი ტვიშიდან სოფელ ლახეფას გავლით. ლახეფა უშუალოდ ხვამლის ძირშია გაშენებული და თავზე 200-მეტრიანი უზარმაზარი კლდე გადმოჰყურებს, მეორე გზა სოფელ ვანისჭალიდან ადის, მესამე – სოფელ ნაყურალეშიდან (ეს გზა ყველაზე რთულად სავალია), მეოთხე კი – სოფელ ოყურეშიდან. თავიდან ვფიქრობდი, ლახეფას გავლით ავსულიყავი ხვამლზე, თუმცა შემდეგ გადავწყვიტე ლეჩხუმისთვის წრე დამერტყა, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში გადავსულიყავი და ხვამლზე ოყურეშის მხრიდან ავსულიყავი.
ხვამლზე ასვლა ოყურეშიდან დავიწყე. იქ, სადაც სოფელი მთავრდება და ხვამლისკენ მიმავალი გზა იწყება, აბრა დგას, რომელიც გვეუბნება, რომ მთამდე მისასვლელად სულ რაღაც 12 კილომეტრის გავლა მოგვიწევს. გზა ტყეზე გადის. მანქანით (მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით) გზის გავლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება, ფეხით კი – 6-7 საათი. რაც უფრო მაღლა ადიხარ, ჰაერი მით უფრო გამჭვირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. გზად მწყემსების დროებითი სადგომებია. მწყემსების კარავს რომ მივაღწიეთ, თითქმის მოვედითო, მეგზურმა. თუმცა, ამ „თითქმის მოვედიდან“ ერთი კილომეტრის გავლის შემდეგ, ძველმა, საბჭოთა ნივამ, ამოიოხრა და გაჩერდა. დარჩენილი მანძილი ხვამლამდე ფეხით გავიარეთ. ალაგ-ალაგ ჯერ ისევ თოვლი იყო გზაზე, ტყეში კი წვიმდა და ნისლში იყო გახვეული ყველაფერი. ნახევარი საათი სიარულის შემდეგ საკარვე ადგილს მივაღწიეთ. როგორც ჩემმა მეგზურმა ამიხსნა, სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ღამისთევით მიდიან ხვამლზე. ცოტა დავისვენეთ და მთაზე ასვლა დავიწყეთ. ნისლში გზა არ ჩანდა, არამარკირებული ბილიკების გამო კი, საერთოდაც ალალბედზე მივდიოდით. ბოლოს, როგორც იქნა, ნისლში გახვეული სალოცავი გამოჩნდა. 10 კილომეტრი სიგრძისა და 7 კილომეტრი სიგანის ხვამლის მთა ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს.
XII საუკუნის სალოცავის ნაშთებზე აგებული წმინდა გიორგის ეკლესიამდე ასვლა ხვამლზე მოსახვედრად ყველაზე „ადვილი“ მარშრუტია. სხვა მხრივ, ხვამლის მთა მიუდგომელია და იქ მოხვედრა სპეციალური აღჭურვილობის ქონასთან ერთად, კლდეზე ცოცვის უნარებსაც მოითხოვს.
„როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“ – ეს ფრაზა ასულდგმულებს ყველა მკვლევარს, რომელიც ხვამლისკენ მიიწევს. ლეგენდის მიხედვით, მთაზე ქართველ მეფეთა განძთსაცავი იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ხვამლზე არაერთი ექსპედიცია ჩატარებულა, მეფეთა განძთსაცავის არსებობის რაიმე ნივთიერი მტკიცებულება დღემდე არ არის ნაპოვნი.
ხვამლს ადრე „ხომლი“ ერქვა. სულხან-საბას განმარტებით, ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს. ექსპედიციებისას გამოქვაბულებში აღმოჩენილი პიქტოგრამები, ზოდიაქოს ნიშნების გამოსახულებით, მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ ოდესღაც აქ უძველესი ობსერვატორია იყო განთავსებული.
ლეგენდების მიხედვით, ხვამლი, იგივე ხომლი, არის მისტიური მთა, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე.
უკან ჩამოსვლისას ნისლში გზა დაგვებნა და კარგა ხანს ვიარეთ წრეზე, სანამ საკარვე ადგილებამდე ჩამოსასვლელ ბილიკს ვიპოვიდით.
ცაგერიდან ქუთაისში უკვე მდინარე ცხენისწყლის ხეობის გავლით დავბრუნდი. ამ გზაზე სოფელ ყუმისთავის სიახლოვეს მდებარეობს პრომეთეს სახელით ცნობილი მღვიმე. თუ ლეჩხუმში სამოგზაუროდ ჩემ მიერ განვლილ მარშრუტს აირჩევთ, გირჩევთ, დრო მოიტოვოთ პრომეთეს მღვიმის სანახავად.
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება. შესაბამისი პროექტი მერიას შესყიდული აქვს და მშენებლობაზეც ტენდერი გამოცხადებულია. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
ხიდის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ეს არის საწყისი თანხა ტენდერში, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ ერთი კვირის წინ დაამტკიცა.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდი შეადგენს 24 თვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;
საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ბათუმის მერიის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
პეტრას ციხის ირგვლივ ღობის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 101 ათას 617 ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული. ძეგლის ირგვლივ ლითონის სექციური ღობის [188 ცალი სექცია] მოწყობაა დაგეგმილი.
სააგენტოში აცხადებენ, რომ შემოიღობება ციხის ტერიტორია რკინიგზის ხაზის გასწვრივ, და ზღვის მხრიდან ავტომაგისტრალამდე მონაკვეთში [ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მხრიდან ტერიტორია არ შემოიღობება].
„სააგენტომ შეიძინა პეტრას ციხის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი და შემოღობვა ამ პროექტის ნაწილია. აქ არის საკმაო ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ სანახაობრივი თვალსაზრისით გარკვეული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რადგან თავად ციხე კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლია, მას ვერ შევეხებით და შიგ დამატებით რაღაცაებს ვერ გავაჩენთ. რომ არ შემოვღობოთ და ვიდეო სათვალთვალო სისტემა არ დავაყენოთ, იქ შეიქმნება იმ ინფრასტრუქტურის დაცვის პრობლემა, რასაც მოვაწყობთ“- განაცხადა „ბათუმელებთან“ გოჩა კახიძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა.
მისივე თქმით, შემოღობვის შემდეგ მეორე აქტივობა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტითაა გათვალისწინებული, იქნება ციხის მიმდებარედ არსებული ლიმონარიუმის გაწმენდა, გასუფთავება და ქიმიური დამუშავება“.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე პეტრას ციხის შემოღობვა შესაბამის ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერი გამოცხადებულია და ის 15 სექტემბერს დასრულდება.
სატენდერო პირობის თანახმად:
[checklist]
პრეტენდენტს 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში უნდა გააჩნდეს გამოცდილება არანაკლებ 300 000 ლარის სამშენებლო სამუშაოებისა;
პრეტენდენტს ამავე პერიოდში უნდა გააჩნდეს გამოცდილება არანაკლებ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა.
[/checklist]
ამ პირობებს მიმწოდებლების მხრიდან უკვე მოჰყვა კრიტიკული გამოხმაურება შესყიდვების ვებგვერდზე:
[crosslist]
მიმწოდებელი 1: „მოგესალმებით. მოთხოვნილი გაქვთ რომ,საჭიროა 300 000-ის გამოცდილება, ეს გასაგებია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე – სექციებით ღობის მოწყობისას რაშიასაჭირო კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების გამოცდილება? როცა ზუსტად ანალოგიური სამუშაოები შესრულებული გვაქვს სკოლებში, პარკებში, საბავშო ბაღებში, დიდი რაოდენობით, მაგრამ მაინც არა გვაქვს უფლება მივიღოთ მონანაწილეობა თქვენს ტენდერში. ეს იქნება უსამართლობა [რომელიმე კომპანიისათვის მიკერძოება]. გთხოვთ გააუქმოთ მეორე მითხოვნა, რათა თქვენს ტენდერში ყველა გამოცდილმა კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა“.
მიმწოდებელი 2: „ღობის მოწყობისას რა საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების გამოცდილება?“
„ენერგო-პრო ჯორჯია“ წინსვლაში, ქარსაფარ ზოლში დარგული წიწვოვანი მცენარეების მოჭრას აპირებს – ამის შესახებ „ბათუმელებს“ სოფელ წინსვლიდან აცნობეს.
ამ სოფელში ამბობენ, რომ სულ ათ ძირამდე ფიჭვის და ნაძვის ხე არის მონიშნული მოსაჭრელად: „მრავალწლოვანი ხეების მოჭრის იდეა [დაახლოებით, 20-30 ხის] ერთი წლის წინ გაჩნდა, მოტივაცია არის ის, რომ თითქოს სადენები ეხება ამ ხეებს. ჩვენ ვიცით, რომ სადენებს შეხება არ აქვთ ხეებთან, მაგრამ რომც ჰქონდეთ, სრულიად ჯანსაღი ხეების მოჭრა არც ამ შემთხვევაში შეიძლება. იმ ტოტების ათლა შეიძლება, რომლებიც ეხება სადენებს. ამასთან, ეს არის ქარსაფარი ზოლიც“.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებს აჭარაში, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
ხელვაჩაური, სოფელი წინსვლა, ჩიხი 2 / მოსახლეობა აცხადებს, რომ ზოგიერთი ხე აქ მონიშნულია მოსაჭრელად
ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში, ბათუმში, 28-29 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები ჩატარდება და ის ლიანა ისაკაძის მეუღლის, თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება.
26 აგვისტოს, ბათუმში ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების” მიმდინარეობისას ლიანა ისაკაძის მეუღლე თამაზ ჩაჩავა ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა. თამაზ ჩაჩავა გუშინ გარდაიცვალა.
„ბათუმში კონცერტები ლიანა ისაკაძის გარეშე ჩატარდება და ის მისი მეუღლის თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება. თავად მუსიკოსები ასე შეთანხმდნენ. ლიანა ისაკაძეს ბათუმში 29 აგვისტოს უნდა დაეკრა; 28-ში კი არის ჯაზი და კლასიკა ერთად და ბატონ თამაზს უნდა ემღერა. ამიტომ ცვლილებები შევიდა პროგრამაში. რაც შეეხება უცხოელ მუსიკოსებს, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ჩამოვა ბათუმში და ყველა მიიღებს ფესტივალში მონაწილეობას“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის განათლების და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება გალაკონცერტს თბილისში, ჯერ უცნობია მასში მიიღებს თუ არა მონაწილეობას ლიანა ისაკაძე.
„ღამის სერენადები“ ბათუმში 26 აგვისტოს გაიხსნა. გეგმის თანახმად, ფესტივალი 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და „მსოფლიო ვირტუოზების“ გრანდიოზული გალაკონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა დაიხუროს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მომაცემებით, 2017 წელს უმაღლეს სასწავლებლებში 28 176 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამათგან, ცენტრის ინფორმაციით, 10 500-ზე მეტი აპლიკანტის სწავლას სახელმწიფო სრულად ან ნაწილობრივ დააფინანებს.
წელს გამოცდებზე, ჯამში, 41 500 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრის გამო პროცესს 2 500 მათგანი გამოეთიშა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საბოლოო შედეგები დღეს, 27 აგვისტოს, გამოაქვეყნა.
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა.
იაპონური ბაღი ბათუმის ბულვარში, უნივერსიტეტის მოედნის მიმდებარედ, 1020 კვ.მ-ზე მოეწყობა. ბაღში განთავსდება წყლის სარკე, გუბურა, ჩანჩქერი, ბილიკი ფლეთილი ქვისაგან, გაზონი, ბამბუკის ზოლი, დეკორატიული განათება, იაპონური კარიბჭე, ორი ცალი.
იაპონური ბაღის კარიბჭე ბათუმის ბულვარში / ფოტომონტაჟი
„ბათუმის ბულვარი“ ბაღის მოწყობაში მაქსიმუმ 151 ათას 680 ლარს გადაიხდის. გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერი, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. იაპონური ბაღის მოწყობის სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 65 დღეში უნდა დასრულდეს.
საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით „ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამობრძანების ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო თანხა შეადგენს 343 310 ლარს“.
ინფორმაცია, რომ ინდოეთიდან 6 თვით ქეთევან დედოფლის ნაწილებს ჩამოიტანენ და საქართველოს რეგიონებში მოატარებენ, რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, ქეთევან დედოფლის ნაწილების საქართველოში ჩამოტანის პარალელურად, მოეწყობა გამოფენები და საერთაშორისო კონფერენციები, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები.
„ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის შესაბამის განკარგულებაში კი აღნიშნულია:
[checklist]
ეთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოსა და მუნიციპალიტეტებს, მუნიციპალიტეტებში მოძრავი გამოფენების ლოკაციების უზრუნველყოფა;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს – დავით ლორთქიფანიძეს მიეცეს ინდოეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და საქართველოს სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება.
[/checklist]
აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით კი:
[checklist]
2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის 254 310 ლარის გამოყოფა;
საქართველოს ფინანსთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა 2018 წელს საჭირო თანხა – 89 000 ლარის ოდენობით გაითვალისწინონ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას.
[/checklist]
მთავრობის ცნობით, ქეთევან დედოფლის ნაწილების დროებით საქართველოში ჩამოტანაზე ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურთან შეთანხმება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, იქნა მიღწეული.
ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლ 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.
ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოასვენეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.
2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY –მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.
დღეს, 26 აგვისტოს, ბათუმში ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის IX საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადების” მიმდინარეობისას ლიანა ისაკაძის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა ცუდად გახდა, რის გამოც კონცერტი შეწყდა.
მუსიკოსის მეუღლე სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.
„ღამის სერენადები“ ბათუმში დღეს გაიხსნა. გეგმის თანახმად, ფესტივალი 31 აგვისტოს ლიანა ისაკაძის, იუსტუს ფრანცისა და “მსოფლიო ვირტუოზების” გრანდიოზული გალაკონცერტით თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა დაიხუროს.
წელს ბათუმობას კომპანია ფავორიტი ედვერთისმენთი გაუწევს ორგანიზებას. ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოავლინა. ფავორიტი ედვერთისმენთის გარდა ტენდერში კიდევ ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. წელს მერია ბათუმობის დღესასწაულისთვის 210 925 ლარის დახარჯვას აპირებდა.
„ფავორიტი ედვერთისმენმა“ ბათუმის მერიას „ბათუმობის“ ორგანიზება 179 998 ლარად შესთავაზა, ეს იყო ყველაზე ნაკლები თანხა, რაც ტენდერში დაფიქსირდა.
ბათუმობა ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირას იმართება. წელს ბათუმობა 2 და 3 სექტემბერს გაიმართება.
წინასწარი პროგნოზით 2 და 3 სექტემბერს მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ხანმოკლე წვიმა იქნება ღამის საათებში.
ბათუმში მცხოვრებმა თეო გურგენიძემ „ბათუმელებს“ მოაწოდა ფოტომასალა, რომელშიც, როგორც თავად გვწერს, მოცემულია ბათუმში, #8 ავტობუსში არსებული ვითარება. თეო გურგენიძის თქმით, ეს მუნიციპალური ავტობუსი ბონის დასახლების მიმართულებით მოძრაობს.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი 300-300 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ცემის შემთხვევას, ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას თუ ჰქონდა ადგილი, ეს გამოძიების შედეგად დადგინდება.
მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ, მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო კადრები ნახა. კადრებიდან ისმის, როგორ აგინებენ თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებს დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომანქანაში.
“ეს ადასტურებს იმას, რომ მაშინაც უკმაყოფილო ვიყავით პოლიციელების მოქმედებით,” – უთხრა ლევან ბერიანიძემ მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებამდე.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, პაატა დიასამიძის მოსაზრებით, ვიდეი ჩანაწერი სასამართლოს საქმისთვის არ უნდა დაერთო, რადგან იგი ასახავდა დაკავების შემდეგ პერიოდს.
“ამ კადრებით დასტურდება, რომ თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა სართალდამცველებს”, – თქვა მოსამართლემ, ვიდრე დარბაზს დატოვებდა.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
“რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?”- ეს შეკითხვა პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს.
“აგრესია და კრიტიკა მოდის იმისგან, რომ პოლიცია დაცვის ნაცვლად დაგვცინის, ან თვითონაც გვირტყამს,”- უპასუხა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ.
25 აგვისტოს დილით ბულვარში დაკავებული თორნიკე კუსიანის და ლევან ბერიანიძის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “თანასწორობის მოძრაობის” წევრები ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. დაკავებამდე ამ ორ პირს და სამ ტრანსგენდერ ქალს ბათუმის ბულვარში რამდენიმე პირი თავს დაესხა.
“როცა მივედით ადგილზე ის ველობილიკზე ეგდო და სისხლი სდიოდა…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ირაკლი მიქელაძემ. ის პოლიციის მე-6 განყოფილებაში მუშაობს.
მოწმე პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ მათი ადგილზე მისვლის დროს ხალხმრავლობა იყო, სიტუაციის გარკვევას ეცადნენ, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს ლევან ბერიანიძემ და თორნიკე კუსიანმა.
პოლიციელებს გაუჭირდათ იმის დასაბუთება, როგორ იხულიგნეს და გაუწიეს წინააღმდეგობა ძირს დაგდებულმა ადამიანებმა, რომლებსაც ცემისგან სისხლი სდიოდათ.
პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ მოსამართლეს უთხრა, რომ ისინი ხმაურს შეესწრნენ:
“პოლიციელებმა ამ ორს პირს მოუწოდეს სიმშვიდისკენ, მაგრამ ამის ნაცვლად პოლიციელებს დაგვიწყეს გინება, არ ითანამშრომლეს ჩვენთან. ჩხუბი სხვა პირებთან ამ დროს უკვე დამთავრებული იყო. თქვენ რის გამრკვევი ხართო, ასე გვეუბნებოდნენ”.
“თუ პოლიციის დახმარება არ გვინდოდა, რატომ დავრეკავდით 112-ში? აი, ტელეფონი, სადაც ჩანს, რომ პოლიციას მივმართეთ საშველად”,- მიმართა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ.
“არ ვიცი, თქვენ რიდის დარეკეთ და სად,” – უპასუხა ლევანს დავით ბაკურიძემ, პოლიციის მე-6 განყოფილების კიდევ ერთმა თანამშრომელმა.
“რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ ეს ორი პირი იყო სამართალდამრღვევი და არა სხვა?” – ჰკითხა პოლიციელ ირაკლი მიქელაძეს პაატა დიასამიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა.
“იქ მხოლოდ ეს ორი პირი იგინებიდა უმისამართოდ. როცა მოვიკითხეთ, რა ხდებოდა, ჩვენ დაგვიწყეს გინება, სხვა არ ხმაურობდა,” – თქვა პოლიციელმა.
დისკუასიაში მოსამართლე ჩაერთო:
“თუკი ხალხმრავლობა იყო, რატომ არ გამოკითხეთ სხვები? საქმეში არაა წარმოდგენილი რომელიმე სხვა პირის ახსნა განმარტება.”
“ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება… იქ ყველას ეჩქარებოდა სახლისკენ, დილის 5 საათი იყო”, – უთხრა მოსამართლეს პოლიციელმა ავთანდილ ბერულავამ.
“სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო,” – ჩაილაპარაკა ლევან ბერიანიძემ. ის დეტალურად მოუყვა მოსამართლეს, როგორ წააქციეს პოლიციელებმა და ურტყამდნენ წიხლებს.
“პიდარასტები ხართო, გვეუბნებოდნენ, რას გევხართო… როცა ვკითხე, რატომ არ დააკავეთ ის პირები, ვინც თავს დაგვესხა-მეთქი, შემაგინეს, თქვენ და თქვენნაირებსო, ვინ უნდა დაგიცვათ თქვენო… პოლიციის განყოფილებიდან იზოლატორში როცა გადავყავდით, მხოლოდ მაშინ მომცეს ტელეფონზე დარეკვის უფლება”.
მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. სასამართლო სხდომის პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სასამართლოს შენობასთან სლოგანებით: “ბათუმის მე-6 განყოფილება დაისჯებით”, “ნუ დადგები ძალადობის მხარეს”.
თუ რა ღირს სატელეფონო საუბრის ერთი წუთი ციხეში და რამდენს იხდიან პატიმრები ამ სერვისში, „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ დაადგინა. „არაფერს ამბობენ ჩვენთვის უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების და წუთების შესახებ. დღემდე არ გვასარგებლებენ ჩამოჭრილი წუთებით…“ – ეს ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით. პატიმრები სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვაზე ხშირად საუბრობენ.
პატიმარი ნუგზარ თ. გვწერს, რომ დაწესებულებაში დამონტაჟებულ ტელეფონებს არ აქვთ ეკრანი და ვერ ახერხებს სატელეფონო საუბრის აღრიცხვას. ის კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს – ცხელი ხაზი სახალხო დამცველთან, ან ადვოკატებთან:
„ეს გაკეთებულია საჩვენებლად. რეალურად ჩვენ ვერ ვახერხებთ საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზით სარგებლობას და შეგვიძლია მხოლოდ ჩვენთვის ყოველთვიურად განკუთვნილ დროში [გვეკუთვნის თვეში 2 სატელეფონო საუბარი. თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა] და ჩვენი ხარჯით დარეკვა, რაც პირდაპირ ზღუდავს ჩვენს უფლებას, დაწესებულების მხრიდან განხორციელებულ სამართალდარღვევის შესახებ შესაბამის ორგანოებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა მოხდეს დროული რეაგირება. ეს ემსახურება იმას, რომ დაწესებულებამ მოიგოს დრო და შემდეგ თავი იმართლოს…“
სასჯელაღსრულების სამინისტრო არ უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ცხელი ხაზით“ სარგებლობა ფასიანია და მისით სარგებლობა პატიმარს ნებისმიერ დროს არ შეუძლია:
„კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ხარჯზე სატელეფონო საუბრების განხორციელების შესაძლებლობას, მათ შორის, არც სახალხო დამცველის აპარატთან. თუმცა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში დაუბრკოლებლად შეუძლიათ შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და შეხვდნენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს“, – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
„ვუერთდები სახალხო დამცველის მოთხოვნას პატიმრებისთვის „ცხელი ხაზით“ ნებისმიერ დროს და უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ. სახალხო დამცველთან დაკავშირება ხშირად შესაძლოა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდეს,“ – ამბობს ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი.
ციხეში სატელეფონო კომუნიკაციის პრობლემებზე ხშირად მისდის შეტყობინება ომბუდსმენის აპარატსაც. მაგალითად, როცა პატიმარს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აუკრძალეს ტელეფონით სარგებლობა: „ან, მაგალითად, საკნიდან საკანში გადაუძახა, ამის გამო დასაჯეს და ვეღარ ისარგებლა სატელეფონო საუბრის უფლებით. ძირითად შემთხვევაში სამართლებრივი დასაბუთება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას აქვს, თუ რატომ შეუზღუდეს პატიმარს ესა თუ ის უფლება, მათ შორის, ტელეფონზე დარეკვა. ერთ-ერთი პატიმარი ამბობდა, რომ დარეკა, არავინ უპასუხა და მაინც ჩამოეჭრა თანხა. ამ საკითხზე საქმისწარმოება მიმდინარეობს, უნდა დადგინდეს ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სპეციალურად ჩამოაჭრეს თანხა,“ – გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ პატიმრების საჩივრები პენიტენციურ დაწესებულებებში სატელეფონო სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით მხოლოდ გასულ წლებში არსებობდა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, სატელეფონო მომსახურების მომწოდებელი კომპანიის შერჩევის მიზნით ჩაატარა შესაბამისი კონკურსი. კონკურსის შედეგად შეირჩა კომპანია, რომელიც წამობრივი დამრგვალების სისტემით, ყველაზე დაბალი ტარიფებითა და ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ინდივიდუალურად მორგებული სატელეფონო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული სისტემა მსჯავრდებულებს საშუალებას აძლევთ ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე, მარტივი კომბინაციით მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე ბალანსის შესახებ. ამასთან, ნებისმიერი სახის პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, სატელეფნო მომსახურების კომპანია დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას, მათ შორის მსჯავრდებულის მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიასა თუ საჩივარზე,“ – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროდან, სადაც უპასუხოდ დატოვეს „ბათუმელების“ შეკითხვა – რის გამო ჩატარდა კონკურსი, როცა პატიმრები თავად იხდიან სატელეფონო საუბრის საფასურსს, რომელი კომპანია ემსახურება პატიმრებს და როგორია ტარიფი.
თავად პატიმრების ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს სატელეფონო მომსახურებას კომპანია „ო ენდ ემ ჯგუფი“ აწვდის. ისინი დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებში ყიდულობენ ხუთლარიან ბარათებს.
2017 წლის პირველ ივნისს „პატიმრობის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაიზარდა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში [„ბათუმის მე-3 დაწესებულება] მყოფი მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. თუ აქამდე მათ თვეში მხოლოდ 1 სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება ჰქონდათ და ისიც მხოლოდ 10 წუთის ხანგრძლივობით, ამჟამად, თვის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ 2 სატელეფონო საუბრის უფლებით, თითოეული არაუმეტეს 15 წუთის ხანგძლივობით. ასევე, წახალისების სახით შეიძლება დამატებით მიეცეთ 1 სატელეფონო საუბრის უფლება.
სატელეფონო საუბრები ხორციელდება მხოლოდ პატიმრების მიერ წინასწარ მითითებულ 5 სატელეფონო ნომერზე, რომელშიც არ შედის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის და ადვოკატის ნომრები. შესაბამისად, მსჯავრდებულს მათთან დასაკავშირებლად ნომრების წინასწარ მითითება არ სჭირდება.
ცირა ჭანტურია, „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ამბობს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის უფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია პატიმრის რესოციალიზაციასთან:
„ეს რესოციალიზაციის ნაწილია. საერთაშირისო პრინციპების დონეზე კონკრეტულად ტელეფონით სარგებლობის უფლება ცალკე გაწერილი არ არის, მაგრამ გარესამყაროსთან ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმრისთვის,“ – ამბობს ცირა ჭანტურია.
ჩემი მეგობრების უმრავლესობა, ვინც ჟურნალს გადაშლის და კულინარიის რუბრიკის გასწვრივ ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავს, ჯერ გაოცდება და მერე ალბათ შეიცხადებს: „სერიოზულად?!“
ბევრი-ბევრი წლის მანძილზე მე ვიყავი ადამიანი, ვინც მიიჩნევდა, რომ კერძების მომზადებაზე დახარჯული დრო გაფლანგულია და იმ დროში, რაც საშუალოდ ერთი კერძის მომზადებას სჭირდება, შეიძლება ადამიანმა რამე უფრო ღირებული გააკეთოს, ვიდრე აჯაფსანდლის მომზადება ან თუნდაც ხაჭაპურის გამოცხობაა; ეს უკანასკნელი დღემდე ვერ ვისწავლე.
ხუთი წლის წინ, როცა ბათუმში საცხოვრებლად გადმოვედი, დავიწყე ცხოვრება ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გარეშე, როგორიცაა: ტაფა, ქვაბი და სხვა სამზარეულოში საჭირო ნივთები.
სულ მიკვირდა ადამიანების, რომლებიც კულინარიით ერთობოდნენ და რომელთათვისაც სამზარეულოში რაიმეს გაკეთება განტვირთვის საშუალება იყო. სუპერშესაძლებლობების მქონედ წარმომედგინა ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველა სანელებლის სახელი სცოდნოდა, ბაზარში სწორად აერჩია ყველი, იცოდა სად იყიდებოდა კარგი ხორცი და თევზი. მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ელოდებოდნენ ახალი კარტოფილის შემოსვლას, რომ მერე კამასთან, ახალ ტყემალთან ერთად ეჭამათ ან შეეძლოთ სულგუნის ზვინებს შორის სწორად ამოერჩიათ ის ერთი, რომლისგანაც კარგი ელარჯი გაკეთდებოდა.
და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ერთ დღეს არ „შევხვდი“ სპაგეტის. შეხვედრა შედგა იტალიაში, აპენინზე, ჩემი მეგობრის სახლში… მოჯადოებული ვუყურებდი 20 წუთზე ნაკლებ დროში, ხელების უსწრაფესი მოძრაობით, როგორ მოამზადა მანამდე ჩემთვის უცნობი კერძი – Spaghetti Al Pomodoro (სპაგეტი პომიდვრით). უცნობი იმიტომ, რომ ბათუმისა და თბილისის კაფეებში ხშირად კეტჩუპმოსხმული მაკარონი მოაქვთ და გეუბნებიან, ესაა სპაგეტიო. მეორე დღეს ცხოვრებაში პირველად მოვამზადე სპაგეტი და გამიჩნდა ინტერესი გავცნობოდი იტალიურ სამზარეულოს.
კარგი სპაგეტის მომზადების საიდუმლო ინგრედიენტების კარგად შეზავებაშია. თუ გსურთ, თქვენ მიერ მომზადებული სპაგეტის გემო არასოდეს დაგავიწყდეთ, პირველ რიგში, მაკარონი, იგივე პასტა (ასე უწოდებენ იტალიაში და არამხოლოდ) შეარჩიეთ. კონკრეტულ ფირმას ვერ გირჩევთ, მაგრამ სასურველია შეფუთვაზე მოხარშვის დრო 7-8 წუთი იყოს მითითებული.
დაგჭირდებათ:
[checklist]
ზეითუნის ზეთი – „ექსტრა ვირჯინი“
სამი-ოთხი კბილი ნიორი
კანგაცლილი პომიდორი
ბაზილიკი, იგივე რეჰანი
ღრმა ტაფა
[/checklist]
კანგაცლილი და ქილაში შენახული პომიდორისგან სპაგეტისთვის საჭირო სოუსის მომზადებას საშუალოდ 10 წუთი სჭირდება, ხოლო ცოცხალი პომიდვრისგან მომზადების პროცესი შესაძლოა 20 წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს.
ავადუღოთ წყალი, ჩავამატოთ ორი სუფრის კოვზი მსხვილი მარილი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავყაროთ მაკარონი. კარგად მოვურიოთ გრძელი ჩანგლით, მაკარონის ჩხირები ერთმანეთს რომ არ მიეწებოს. სპაგეტს მოსახარშად საშუალოდ 8 წუთი სჭირდება (ყოველთვის დააკვირდით და გაითვალისწინეთ შეფუთვაზე მითითებული მომზადების დრო). კარგი სპაგეტი, როგორც იტალიელები ამბობენ, მოხარშული უნდა იყოს Al dente – კბილზე უნდა იგრძნობოდეს.
რაც შეეხება პომიდვრის სოუსს. ტაფა ან მცირე ქვაბი დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ გონივრული ოდენობის ზეითუნის ზეთი და ჩავამატოთ დანის ტარით გაჭყლეტილი ორი კბილი ნიორი. დაახლოებით ერთი წუთი დავტოვოთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ოდნავ ოქროსფერი არ გახდება. შემდეგ ჩავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი. პერიოდულად ვურიოთ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ჩავამატოთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ნახევარი სუფრის კოვზი შაქარი.
შაქარი მცირე საიდუმლოა პომიდვრის სოუსის რეცეპტის ამ ვერსიისთვის. ის გემოებს ანეიტრალებს და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის. ბოლო ეტაპია ბაზილიკის, იგივე მწვანე რეჰანის ფოთლების ჩამატება სოუსში. ეს სოუსს უფრო არომატულს ხდის. შეგიძლიათ გამხმარი ბაზილიკის გამოყენებაც.
მას შემდეგ, რაც პასტა მოიხარშება, წყალს გადავწურავთ, სოუსიან ქვაბში ჩავყრით, კარგად მოვურევთ და თეფშებზე გავანაწილებთ. თეფშზევე მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი (იტალიური ყველის სახეობა), რომელიც ყველაზე მეტად უხდება სპაგეტის, თუმცა შესაძლებელია სხვა ყველიც გამოვიყენოთ.
პატარა რჩევები:
[checklist]
მე პირადად, როგორც წესი, პატარა ქვაბს ვიყენებ ტაფის ნაცვლად. სოუსი ასე უკეთესი გამოდის და ამას გარდა, მოხარშული პასტა, წყლის გადაწურვის შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ სოუსიან ქვაბში ჩაყაროთ.
თუ გსურთ ნივრის სულ სხვა გემური თვისებები აღმოაჩინოთ, გირჩევთ, ორის ნაცვლად ოთხი-ხუთი კბილი ჩააგდოთ. მას შემდეგ, რაც სოუსი მომზადდება, ნიორი რბილდება, ხოლო მის ნახლეჩებში პომიდვრის სოუსია გამჯდარი. თუ მას გასინჯავთ, მიხვდებით, რომ აბსოლუტურად შორს დგას იმ გემოსგან, რა გემოსთანაც დღემდე ნიორი ასოცირდებოდა თქვენთვის.
იტალიაში „სპაგეტი პომიდვრით“ მიჩნეულია საკმაოდ იაფ კერძად. მე თუ მკითხავთ, სპაგეტი ყველაზე გემრიელი რამაა ყველაზე ადვილად მოსამზადებელ კერძებს შორის.
ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნატალია მგელაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. იგი ინგლისური ენის სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერია.
ნატალია მგელაძე ამბობს, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა მას განათლების სამინისტრომ შესთავაზა:
„ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ნდობის გამოცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლებთან ერთად, ამ საქმეს კარგად წარვმართავთ. ჯერჯერობით სამსახურში შევხვდი მხოლოდ სკოლის ადმინისტრაციის წევრებს, რომლებიც ამჟამად არ არიან შვებულებაში, პედაგოგები შვებულებიდან გამოვლენ პირველი სექტემბრისთვის და მათთან შეხვედრის დიდი მოლოდინები მაქვს.
– რის გაკეთებას აპირებთ პირველ ეტაპზე?
– ჯერჯერობით ვეცნობი მიმდინარე საკითხებს, რისი გადაწყვეტაც სასწრაფოა, რომ მოვამზადოთ სასწავლო პროცესი. ვმუშაობთ მცირე საორგანიზაციო დეტალებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტურად დავიწყოთ 15 სექტემბერი, ესაა საათობრივი ბადე, სასწავლო გეგმა და ბევრი სხვა ნიუანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ჯამში.
– იცნობთ სკოლოს მასწავლებლებს?
– მე გახლავართ საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი და ტრენერი, ამიტომ ძირითადად უფრო ინგლისური ენის მასწავლებლებთან მქონდა პროფესიული ურთიერთობა. პედაგოგიურ კოლექტივს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და დაფუძნებული იქნება პროფესიულ სტანდარტზე, რომელიც გვავალდებულებს, ვიმუშაოთ კოორდინირებულად და შეთანხმებულად.
– რისი შეცვლა გსურთ, რა ამოცანა გაქვთ საკუთარი თავისთვის დასახული?
– ეს სკოლა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად ფლაგმანი იყო წლების განმავლობაში. მე მინდა, რომ პირველი საჯარო სკოლა რეგიონისთვის იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, დასაყრდენი სკოლა. მრავალრიცხოვანი კონტინგენტი გვყავს, 2 200-ზე მეტი მოსწავლე ირიცხება აქ. ჩემი მხრიდან არის პროფესიული ინტერესი და სერიოზული გამოწვევა, რომ სკოლამ უპასუხოს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც არის დღეს საგანმანათლებლო სტრუქტურებისადმი წაყენებული და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ დავაკმაყოფილოთ სტანდარტი, რომ სკოლას ჰქონდეს საუკეთესო სკოლის სტატუსი.
– წინა დირექტორის გათავისუფლების მიზეზი აუდიტის დასკვნა გახდა. თუ იცნობთ მას პირადად და რას ფიქრობთ ამ თემაზე?
– დღემდე მქონდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა. ქალბატონ მედეას პირადად არ ვიცნობ. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, წავიკითხე, მაინტერესებდა დეტალები, თუმცა სიღრმისეულად ამ საკითხს ჯერჯერობით არ ვიცნობ.
სწავლის დაწყებისას, რასაკვირველია, ვაპირებ შეხვედრას სამეურვეო საბჭოსთან, გვაქვს რაღაც საკითხები შესათანხმებელი. მაქვს იმედი, რომ ეს გუნდი ჩემთან ერთად იმუშავებს შეთანხმებულად და მოვინდომებთ, რომ ამ სკოლამ განათლების სისტემაში თავისი სიტყვა თქვას.
საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად 32 წლის მამუკა ბახტაძე 2013 წლის მარტში დანიშნეს. ამ დაწესებულების დირექტორის რანგში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2014 წელს აქვს შევსებული მამუკა ბახტაძეს. მას ამ წელს შემოსავლის სახით 241 334 ლარი მიუღია, როგორც გენერალური დირექტორს და შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძის ყოველთვიური ხელფასი 20 111 ლარი იყო ოთხი წლის წინ.
მომდევნო წელს ისევ იზრდება მამუკა ბახტაძის ხელფასი – 248 652 ლარამდე, რაც თვეში 20 721 ლარია.
ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოს რკინიგზის შეფს 2016 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს დაფიქსირებული – 289 591 ლარი, თვეში 24 132 ლარი. როგორც გენერალური დირექტორს, შპს ჯორჯია ტრანზიტისა და შპს ჯრ ტრანზიტ ლაინის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს.
მამუკა ბახტაძეს შევსებული აქვს 2017 წლის ქონებრივი დეკლარაციაც. ამ წლის მონაცემებით, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს, შემოსავლის სახით, მიღებული აქვს 284 688 ლარი, ანუ ყოველთვიურად 23 714 ლარი.
“საქართველოს რკინიგზასთან” უკვე მე-11 დღეა რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ. 24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა.
მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან ე.წ. გონიოს ხიდამდე არსებული გზის შეკეთება-მოასფალტებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 1 086 750 ლარია გათვალისწინებული. ეს გზა მახოს ხიდის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება.
მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 3 წელია.
„წელს შესრულდება პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლებიც გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე ჩატარდება. მეტი ვერ მოესწრება. მთლიანობაში გზა 5,7 კილომეტრი სიგრძისაა და მისი სრული რეკონსტრუქცია 2018 წლის აგვისტომდე დასრულდება. ალბათ მომავალი წლის იანვარში გამოვაცხადებთ მეორე ტენდერს. მთლიანობაში, ამ გზისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 8 მილიონ 229 ათასი ლარი დაიხარჯება,“ – გვითხრეს აჭარის გზების დეპარტამენტში.
კითხვაზე, არის თუ არა გათვალისწინებული ის ფაქტორი, რომ ამ ტერიტორიაზე ბათუმის შემოვლითი გზა უნდა აშენდეს, დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ „ჭოროხის გზას“ და დასაგეგმ „შემოვლით გზას“ ერთმანეთთან საერთო არ ექნება.
„ჭოროხის გზის“ სრული, კაპიტალური შეკეთება-რეაბილიტაციით, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად განიტვირთება ტრაილერებისგან და სატვირთო ავტომანქანებისგან ბათუმი-ახალციხის გზა ანგისიდან მახოს ხიდამდე მონაკვეთში,“ – აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, გზაზე სამუშაოების პარალელურად ნაპირგამაგრების სამუშაოებიც ჩატარდება რაც პროექტითაა გათვალისწინებული. ამავე პროექტით დაგეგმილი მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, „ჭოროხის გზაზე“ მძიმეწონიანი ავტომანქანებიც თავისუფლად იმოძრავებენ.
„ჭოროხის გზა“ და აუქციონზე გატანილი ნაკვეთი
„ჭოროხის გზის“ მშენებლობის გამო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გზის მიმდებარედ არსებული ნაკვეთის იჯარით გაცემაზე გამოცხადებული აუქციონი შეწყვიტა.
სამინისტროში განმარტეს, რომ გზის გაყვანას გარკვეული ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები უნდა დააკორექტირონ.
დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ, ბათუმის მერია ერთ-ერთ ქუჩისთვის სახელის თვითნებურად გადარქმევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქი ინვესტორის, ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე გაჩნდა ახალი აბრა წარწერით – „ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.
სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განმარტა, რომ ამ ქუჩაზე სახელის გადარქმევის მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს პეტიციით მიმართეს. საკრებულომ იმსჯელა, თუმცა დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ბათუმის საკრებულოში პეტიცია ქალაქის ერთ-ერთი პატარა ქუჩის სახელის გადარქმევის მოთხოვნით 2017 წლის იანვარში შევიდა. ამ ქუჩას წარმოშობით ლაზი ბიზნესმენის, ნურეთინ ჩარმიქლუს სახელი საკრებულოს გადაწყვეტილებით 2010 წელს მიენიჭა. მის სახელს ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მშენებლობა უკავშირდება. გარდა ამისა, იგი საქართველოს საპატიო კონსულია ქალაქ იზმირში.
„თამაზ თურმანიძეს განსაკუთრებულად მივესალმოთ,“ – ასე დაიწყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ. როგორც დარბაზში მსხდომების კომენტარებით გაირკვა, საკრებულოს წევრი ექვსი თვეა არც საკრებულოში და, შესაბამისად, არც სხდომაზე გამოჩენილა.
„შენი ხმაც გაგვაგონე“ – ასეთი რეაქცია ჰქონდათ საკრებულოს წევრებს მას შემდეგ, როცა თამაზ თურმანიძემ სხდომაზე საკითხის განხილვისას თავმჯდომარეს ანიშნა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდა.
თამაზ თურმანიძეს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა 6 თვის განმავლობაში სხდომებს, ამიტომ სხდომების გაცდენის მიზეზებს „ბათუმელებმა“ ჰკითხა საკრებულოს წევრს.
„ … ჩემი აქ ყოფნის საჭიროება არ იყო. ჩემმა ამომრჩეველმა ყოველთვის იცის, სად და როგორ მიპოვოს და აუცილებელი არაა საკრებულოს სხდომაზე დასწრება, რომ რამე საქმე გააკეთო. შეიძლება არც იყო საკრებულოს წევრი, მაგრამ ქალაქის ყველა მცხოვრები ვალდებულია, რომ ქალაქისთვის რამე გააკეთოს. პრობლემა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ რაღაც მიზეზების გამო“, – ეს განმარტა თამაზ თურმანიძემ.
ამ დროს თამაზ თურმანიძეს საუბარში ჩაერთო საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე: „ ნახე, რა მაგარია, პოპულარული ხარ უკვე… ბატონი თამაზი სულ ჩვენთან არის, გვერდით, ექვსი თვე ვინ თქვა? – მე ხშირად ვხვდები ბატონ თამაზს სხდომასთან დაკავშირებით“. ამ რეპლიკის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.
„თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით,” – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა.
„თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დღეს დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. დაკავებულებს თან სამი ტრანსსექსუალი ქალი ახლდათ. სამართალდარღვევაში მიჩნეულების განმარტებით, მათ თავდაპირველად უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც ბულვარში მოპედით იმყოფებოდა.
„შემდეგ სხვები მოვარდნენ. გვაგინებდნენ და გვცემდნენ. პოლიციელები მოვიდნენ, მაგრამ გაშველების ნაცვლად, ჩვენ მოგვდგნენ ისინიც… მერე დაგვაკავეს და პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გადაგვიყვანეს. საათობით არ გვაძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების უფლებას, არც უფლებები განუმარტავს ვინმეს, ვითხოვდით ექიმს,”- ამბობს ლევან ბერიანიძე. მან ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილას იყო ვიდეოკამერებიც.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს დაკავებულების და პოლიციის წარმომადგენლის პოზიციები არ მოუსმენია. საქმის განხილვა გადაიდო, რადგან ადვოკატმა ანა მდინარაძემ სამი მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. მოწმე პოლიციელების წარმოდგენას აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა ხვალისთვის გადადო.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე ტრანსგენდერმა ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბათუმის ბულვარში ლევან ბერიანიძესთან და თორნიკე კუსიანთან ერთად იმყოფებოდა.
„გამოვედით ღამის კლუბიდან და თავს დაგვესხა რამდენიმე პირი იმიტომ, რომ ტრანსსექსუალები ვართ. მალევე პოლიციაც მოვიდა და პოლიციელებიც თავდამსხმელებს შეუერთდნენ, გვცემდნენ. მე სადღაც ბუჩქებში გადამათრიეს. ამ დროს დააკავეს ლევანი და თორნიკე. ალბათ, მეც დამაკავებდნენ, ისევ იქ რომ ვყოფილიყავი,”- გვითხრა ტრანსგენდერმა ქალმა.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საარჩევნო საინფორმაციო სტენდების შეძენას ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 39 676 ლარი დაიხარჯება. მერია 28 ახალ სტენდს შეიძენს.
იმისთვის, რომ სტენდი ქარმა არ წააქციოს, კონსტრუქციის ძირში ბეტონის ფილები დამაგრდება.
სტენდები მერიას ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა ჩააბაროს. ტენდერი 2017 წლის პირველ სექტემბერს დასრულდება.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო საინფორმაციო სტენდები ბათუმში 7 ადგილზე განთავსდება:
ახალი სტენდი / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდანძველი სტენდები ევროპის მოედანზე / თედო ჯორბენაძის ფოტო
წელს, საზღვაო სეზონზე, ზღვაში ქვეწარმავლის არსებობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებ ფეისბუქშიც გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა.
როგორ ხვდებიან ქვეწარმავლები შავ ზღვაში? „ბათუმელებთან“ ამაზე განმარტება გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა.
„შავი ზღვისთვის ქვეწარმავლების მუდმივი წარმომადგენლობა ზოგადად სახასიათო არ არის, ისინი წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შემტკნარებულ უბნებში. ასეთი უბანი მრავლად არის მდინარეების შესართავებში, და ზოგჯერ ეს ფორმები გვხვდება არაშემტკნარებულ უბნებშიც, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში.
მე თვითონაც არაერთხელ მინახავს ჩვეულებრივი და წყლის ანკარა არაგამტკნარებულ, არამედ მლაშე, მარილიან წყალში. ეს ქვეწარმავლები ზღვაში აღწევენ ჭაობებიდან და ტბებიდან. ამ საზღვაო სეზონზეც იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ქვეწარმავლების ზღვაში გასვლა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძირითადად დაკავშირებული იყო არდაგანის ტბაში მიმდინარე საქმიანობასთან. ამ ტბაში გაწმინდეს ფსკერი, ამოიღეს შლამი და ამ დროს ქვეწარმავლების ნაწილმა გადაინაცვლა მიმდებარე არხში, საიდანაც ისინი ზღვაში მოხვდნენ.
ზღვაში აღწევს ჩვეულებრივი და წყლის ანკარა. ესენი არ არიან შხამიანი ფორმები და მათგან არანაირი საფრთხე არ მომდინარეობს. აბსოლუტურად უწყინარი ფორმებია, უბრალოდ ვიზუალური კუთხით არასასიამოვნოა, თორემ სხვა მხრივ საფრთხეს არ შეიცავს,“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.
ბათუმის საკრებულომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღრა და დაამტკიცა. საკრებულოს განკარგულების მიხედვით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების გამოკვრა-გამოფენა დასაშვებია ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე მესაკუთრეების თანხმობით.
სააგიტაციო მასალის გამოკვრა აკრძალულია საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.