მთავარი,სიახლეები

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა

29.11.2017 • 1983
ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა

ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა.

„ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან ანთაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი აზრით, მერიამ გარკვეული ქუჩები წინასაარჩევნოდ გეგმის გარეშე მოაწყო და ახლა ამის გამო შედის ბიუჯეტში ცვლილება.

„თუ წინასაარჩევნოდ განვახორციელეთ ქუჩების რეაბილიტაცია პროგრამის გარეშე, მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზრდილიყო. მე კი გეუბნებით, რომ პირიქით, თანხა დაიზოგა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი“, – უპასუხა ოპოზიციას არჩილ ვანაძემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.

„წინასწარ თუ დაგეგმეთ, წინასწარ რატომ არ მოხდა ეს ცვლილება? ასე არ ხდება, რომ კომპანია თვითნებურად აკეთებს სამუშაობს, ან არ აკეთებს გარკვეულ ქუჩებს და შემდეგ აძლევს ვინმე ფულს,“ – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

„ეს გამოწვეული იყო ტექნიკური პრობლემებით. ბონის დასახლებაში რაც დაგეგმილი იყო, ვერ განხორციელდა, მაგრამ უფრო მეტი გაკეთდა ჭაობში. ჩვენ რა პროგნოზიც გვქონდა, ჯამში იმაზე მეტი გაკეთდა,“ – დასძინა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.

„მოკლედ, რატომ კარგად მუშაობთო, იმას გვეკითხებიან, ბატონო არჩილ,“ – ჩაურთო რეპლიკა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ.

საბოლოოდ საკრებულომ მხარი დაუჭირა ქუჩების რეაბილიტაციაზე მორჩენილი თანხის სხვა პროგრამებისთვის გადანაწილებას. საკითხს მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა არჩილ მამულაძემაც, რომელმაც თავდაპირველ გამოსვლაში ამ ცვლილებას „დანაშაული“ უწოდა.

რატომ ვერ განხორციელდა იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რაც დაგეგმილი იყო? – არჩილ ვანაძემ გვიპასუხა, რომ შეფერხება გამოიწვია საკანალიზაციო სისტემის ტესტირების უარყოფითმა შედეგმა ზოგიერთ ქუჩაზე. „ტესტირებამ აჩვენა, რომ არსებობდა წნევის პრობლემა ამ საკანალიზაციო სისტემაში. იქ  რომ ქუჩის რეაბილიტაცია მომხდარიყო, შემდეგ ხელახლა იქნებოდა გასაკეთებელი,“ – განმარტა არჩილ ვანაძემ.

რატომ დაგეგმა მერიამ იმ ქუჩების რეაბილიტაცია, სადაც საკანალიზაციო სისტემის გამართვა დასრულებული არ იყო? – მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს ტექნიკური დეტალებია, რასაც პასუხი კეთლმოწყობის სამსახურმა უნდა გასცეს და თითოეული ქუჩის შესახებ მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ბათუმის ბიუჯეტი ჯამში შემცირდა 369 ათასი ლარით. ცვლილება განპირობებული იყო იმით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტის შეცვლის უფლება არ გვქონდა, ამ დროს სხვადასხვა პროგრამაში არის ხარჯების ეკონომია, შემცირდა სხვადასხვა პროექტის დაფინანსება. დაზოგილი თანხით გადანაწილდება სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამებზე, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში, ასევე მრავალშვილიან დედებზე. გაიზრდება ბათუმის ავტოტრანსპორტის დაფინანსებაც,“ – უთხრა არჩილ ვანაძემ ჟურნალისტებს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დაფინანსების გაზრდაზეც გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ საკრებულოს სხდომაზე. ცვლილების მიხედვით, ამ უწყებას დაფინანსება ეზრდება დიზელის საწვავის შესაძენად.

„წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ გაიზარდა აქციზი დიზელზე. რატომ ვერ გათვალეთ წინასწარ, რომ დიზელის ფასზე ეს აისახებოდა?“ – იკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

„როცა დავგეგმეთ, მაშინ დიზელის ფასი იყო დაახლოებით 1.5, ახლა არის 2-ზე მეტი. წინასწარ ამის პროგნოზირება შეუძლებელია, საწვავის ფასის დინამიკას ვერ განსაზღვრავ,“ – მოკლედ უპასუხა შეკითხვას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა.

მთავარ ფოტოზე: იუსუფ ფაღავას ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება.

ბათუმის საკრებულოს სხდომა / 29.11.2017

გადაბეჭდვის წესი


ასევე: