მთავარი,სიახლეები

სპეცოპერაციის გზით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

28.11.2017
სპეცოპერაციის გზით დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ქობულეთში 25 ნოემბერს სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გამოაცხადა. დაკავებულ ქალს დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა ედება ბრალად. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წარდგენილი.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ სხდომის დახურვა მოითხოვა. „ამ მოთხოვნას დავეთანხმეთ ჩვენ, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნაა დეტალები არ გასაჯაროვდეს. საბოლოოდ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე მოსამართლემ უარი თქვა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ბიძინა ბერიძემ.

სასამართლო სხდომა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება დაიხუროს, მაგალითად, როცა განიხილება სახელმწიფო საიდუმლოება, ან მცირეწლოვანთან სექსუალური კავშირის შემთხვევაა. სასამართლო სხდომები არ იხურება ისეთ საქმეებზე, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება ან შენახვა.

გამოძიების ვერსიით, აქვს თუ არა ქობულეთის სპეცოპერაციას კავშირი თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან?  – ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „პროკურორმა სხდომის დახურვა მოითხოვა იმ მოტივით, რომ მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები,“ – დასძინა ბიძინა ბერიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, იგი დაახლოებით ბოლო ერთი წელია ცხოვრობს ბათუმში. მას ასევე საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ნაქირავები ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, პირველი სკოლის წინ.

დაცვის მხარემ სასამართლოს ბრალდებულის გათავისუფლება შესთავაზა ორიათასლარიანი გირაოს უზრუნველყოფით, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: