მთავარი,სიახლეები

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

26.11.2017
მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა გადაიწევს

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძის მოწყობის ვადა 2018 წლის თებერვლამდე გადაიწევს. სამუშაოებისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2,5 მილიონი ლარი გამოყო და გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით ხელშეკრულება შპს „გზა“-სთან, ტენდერის გარეშე გააფორმა. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო.

„სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ მონაკვეთზე უსაფრთხოების ზომების გაზრდის უზუნველსაყოფად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში“ – აცხადებდა დეპარტამენტი მიმდინარე წლის ივლისში, ხელშეკრულების გაფორმებამდე.

საგზაო დეპარტამენტში ამჯერად აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა იმითაა განპირობებული, რომ „შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარმა სამმართველომ ტურისტული სეზონის გამო არ გასცა ნებართვა ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის შეზღუდვაზე, რის გამოც შეუძლებელი შეიქნა საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისად სამუშაოების დროულად დაწყება“.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლისას დადგინდა, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ეროზიულ ზონას და ამის გამო, სრულყოფილი გეოლოგიური დასკვნის შედგენამ მოითხოვა დაგეგმილზე მეტი დრო. ამასთან, საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, ჩაქვი-მახინჯაურის გზის მონაკვეთზე საავტომობილო გვირაბის მიმდებარედ შეუძლებელი ხდება მარცხენა მხარეს ასასვლელის მოწყობა შემოვლითი გზის გარეშე. ასევე აღსანიშნავია, რომ საპროექტო გზის ზონაში განთავსებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რომლის გამოსყიდვის აუცილებლობა ზუსტდება საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში“.

ავტოტრანსპორტის მოსატრიალებელი კვანძი გვირაბთან მახინჯაურის მხარეს გაკეთდება. „მახინჯაურიდან გასული ავტომანქანა, საჭიროების შემთხვევაში, გვირაბის მისასვლელიდან უკან დაბრუნებას ამ კვანძის საშუალებით შეძლებს. ეს კვანძი უფრო ქალაქში მოძრაობისთვისაა გათვლილი“ – ამბობენ დეპარტამენტში.

მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი. ამ ადგილიდან დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზა. აქვე მოეწყობა ავტომობილების მოსაბრუნებელი კვანძი. მანანა ქველიაშვილის ფოტო / არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: