მთავარი,სიახლეები

ლეოგრანდის მფლობელი: არ მიფიქრია გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება

29.11.2017 • 11960
ლეოგრანდის მფლობელი: არ მიფიქრია გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელმა, ეროლ ავგორენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს და ასევე, განმარტავს თურქულ პრესაში გაჟღერებულ საკუთარ განცხადებას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

„ძალიან ძნელია შევარჩიო სიტყვები, რომლებიც გამოხატავს ჩემს მწუხარებას მომხდართან დაკავშირებით. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯმენტის თითოეული წარმომადგენელი მზად ვართ, მივიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა სრულად დადგინდეს ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ მატერიალური მხარდაჭერა, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე თუ მათი ოჯახის წევრების დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია.

ამ მწუხარების ჟამს მადლობა გვინდა გადავუხადოთ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფო სამსახურების თითოეულ თანამშრომელს და სასტუმროს პერსონალის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იხსნეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე. ტრაგედიის დროს მე თავად ვიმყოფებოდი სასტუმროში და ჩემი თვალით ვნახე მათი თავდადება. ვნახე ნამდვილი გმირობის მაგალითები.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განმარტება მიმდინარე წლის 27 ნოემბერს თურქულ პრესაში ჩემ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, ვინაიდან მეექვსე სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი სავარაუდოდ გაემართა გასახდელისკენ. ერთი წამითაც არ მქონია აზრად ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის, პასუხისმგებლობის გადაბრალება. ძალიან ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა დატოვა ამგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება გამოძიება, 11-ვე ოჯახს ვუხდი ბოდიშს იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუმრების სიცოცხლე ვერ შევინარჩუნეთ”.

ამავე თემაზე: 

ყვავილები “ლეოგრანდში“ დაღუპულთათვის

„ლეოგრანდის“ მეპატრონის პირველი კომენტარი ხანძრის შემდეგ

შს სამინისტრო: დაღუპულია საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე

 

გადაბეჭდვის წესი