სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ აძლევს საარჩევნო კომისიის წევრი ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო ბუკლეტს ამომრჩევლის ბარათთან ერთად. ამომრჩეველი კომისიის წევრს ეკითხება, აქვს თუ არა მას სააგიტაციო მასალის გავრცელების უფლება. კომისიის წევრი ამომრჩეველს პასუხობს, რომ სააგიტაციო მასალა მას საარჩევნო შტაბში დაურიგეს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო კომისიის წევრი ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და იგი მარინა ჟღენტია.
„ეს არის კანონდარღვევა და ეს არ უნდა მოხდეს არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან. სწორედ ამიტომ ეს ქალბატონი აღარ იქნება საარჩევნო კომისიის წევრი,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
მირდატ ქამადაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა ვიდეოს იმ ნაწილზეც, სადაც მარინა ჟღენტი ამბობს, რომ სააგიტაციო მასალა შტაბში დაურიგეს. „ჩემთვის უცნობია, სად ნახა ეს ბუკლეტები. მთავარი არის ის, რომ ეს იყო კანონდარღვევა,“ – დასძენს მირდატ ქამადაძე.
ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ვიდეოს შესახებ ახლახან გაიგეს და მას აუცილებლად შეისწავლიან. „ჯერჯერობით საჩივარი არ შემოსულა და განხილვაც არ დაწყებულა,“ – გვითხრა ოლქის მდივანმა, ნანი ცივაძემ.
ამ შემთხვევაზე მოკვლევა დაიწყო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.
„გავრცელებული მასალის საფუძველზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი აქვს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას კანონის დარღვევით, ვინაიდან საარჩევნო კომისიის წევრს ცალსახად ეკრძალება რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მხარდამჭერ, ან სხვა ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობა. ვინაიდან კომისიის წევრმა არ დაიცვა კანონის მოთხოვნები, მასზე შეიძლება გატარდეს სანქცია 2 000 ლარის ოდენობით. დარღვევის განხილვასა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოლქი, რომელიც შემდგომ განსახილველად ეგზავნება სასამართლოს,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
მთავარი ფოტო: კადრი ფეისბუქით გავრცელებული ვიდეოდან
დღეს, 29 სექტემბერს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პი დეველოპმენტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#22-ში სავაჭრო ცენტრი Black Sea Mall-ი ოფიციალურად გახსნა.
Black Sea Mall-ი ჰიპერმარკეტ კარფურსა და ოცდაორი უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“, „არაი თუმოროუ“, „პარფოისი“, „ივ როშე“, „დელფოსი“, „პეპელა“, „ოვს ქიდსი“, „პენტი“ და „ბატა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდების, რომელთა პროდუქციაც ახალ სავაჭრო ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ.
Black Sea Mall – ში უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
„ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ:
„Black Sea Mall-ი არის ცენტრი, რომელიც სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებს მოსულ სტუმრებს. აქ ყველაფერია შვილებსა თუ მეგობრებთან ერთად გართობა- დასვენებისთვის: სათამაშო მოედანი, გასართობი კუთხე, „ვენდისისა“ და „დანქინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები.
ბათუმს უდაოდ სჭირდებოდა კიდევ ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.
ყოველი ადამიანი, რომელიც იპოვის სამუშაო ადგილს თავის ქალაქში, არის ბიზნესით დაკავებული ადამიანის მთავარი მოტივაცია.“
„ემ პი დეველოპმენტს“ თბილისში სამი სავაჭრო ცენტრი აქვს უკვე გახსნილი. ამ ცენტრების, ისევე როგორც ბათუმის Black Sea Mall-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კარფურია.
„ემ პი დეველოპმენტი“ სავაჭრო ცენტრების გახსნას პარტნიორ „კარფურთან“ ერთად, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.
Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ 10.000.000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. რეგიონის ეკონომიკური წინსვლისა და ადგილობრივთა დასაქმების თვალსაზრისით Black Sea Mall-ი აჭარაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. აქ გართობა-დასვენების, ყოველდღიური და საოჯახო საყიდლებისთვის კომფორტული, სასიამოვნო სივრცე გელოდებათ.
ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარიძე დაესწრო, რომელმაც რეგიონისთვის Black Sea Mall-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად მომავალშიც არაერთ პროექტზე აპირებს მუშაობას.
შპს „რივიერა ბიჩი“ აჭარის მთავრობას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, პირდაპირი წესით და უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია პირობას დებს, რომ გადაცემულ ტერიტორიაზე იახტკლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოაწყობს.
ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სწორედ ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ ამ თემაზე დღეს, 29 სექტემბერს, სხდომაზე იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა, წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ექვსი წევრი იყო ოპოზიციიდან.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის მიწერილ წერილში კომპანია მთავრობას ხელშეკრულების დადებიდან ცხრა თვეში იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავებას ჰპირდება.
კომპანია იახტკლუბის გამართულად ფუნქციონირებისთვის ტერიტორიაზე წყალგაყვანილობისა და ელექტროკომუნიკაციების მოწყობას გეგმავს. გეგმების ჩამონათვალშია ბენზინგასამართი სადგურის, ტექნიკური სერვისის ოფისის და ასევე, იახტების განსათავსებელი, ე.წ. მშრალი დოკის, ასევე კვების ობიექტების მშენებლობა.
მთავრობისთვის მიწერილ წერილში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ უკვე არსებული პრომინადით უზრუნველყოფს მესამე პირთა შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას.
საბოლოო ჯამში კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
საკრებულოს განკარგულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებაზე აჭარის მთავრობას საკუთრების უფლება შეუწყდება და დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს.
კომპანია იახტკლუბის გადაცემას 25-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად [ წლიური გადასახადი – ერთი ლარი] იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების უპირატესი უფლების ქონის პირობით ითხოვს.
კომპანია „რივიერა ბიჩი“ 2012 წელსაა დარეგისტრირებული, მესაკუთრე „სილქ როუდ გრუპ ლიმიტედია“, რომელიც ოფშორულ ზონაში, მალტაშია დაფუძნებული.
გარდა ამისა, დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხზე რამდენიმე მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და პლაჟის მართვაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს.
დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას ვეღარ ახერხებდა.
„დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე – გიორგი ქ. რომელსაც ჰქონდა მინდობილობა იმ კაცისგან, ვისთვისაც ფული მქონდა დასაბრუნებელი. მითხრა, რომ ის მოაგვარებდა საქმეს. ამ პირს გადავეცი გასული წლის დეკემბერში 16 ათასი ამერიკული დოლარი. აღმოჩნდა, რომ მან ეს თანხა მიითვისა და მე ისევ ვალი მაქვს გადასახდელი,“ – ამბობს დავით გაიე.
„გამოძიებამ დაკითხა ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გიორგი ქ. რომელიც ადასტურებს ფულის აღების ფაქტს. ის ამბობს, რომ თანხას აუცილებლად დააბრუნებს. გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენის შესახებ, მაგრამ უკვე გავიდა ორი თვე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მფარველობენ ამ კონკრეტულ მოქალაქეს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.
რატომ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუკი გამოძიება დასრულდა? -„ბათუმელებს“ ამ საქმის ზედამხედველმა პროკურორმა, ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მიმდინარეობს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები და „სტანდარტის შესაბამისად მოხდება ბრალის წარდგენა“.
„ფორმალურად ყოველთვის შეუძლია ამის თქმა პროკურატურას, რომ გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები, რითაც დგინდება დანაშაულის ნიშნები, უკვე ჩატარებულია,“ – დასძენს ადვოკატი რამინ პაპიძე.
აქვს თუ არა პროკურატურას შესაძლებლობა, გააჭიანუროს კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენის პროცესი? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ პირისთვის ბრალის წარდგენა პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამისთვის გათვალისწინებული ვადა შეზღუდული არ არის.
არსებობს თუ არა მექანიზმი, რაც გამორიცხავს პროკურორის არაკეთილსინდისიერებას? – პაატა დიასამიძის თქმით, „თუკი პროკურორი ვინმეს ხელს აფარებს, ეს დანაშაულია პროკურატურის მხრიდან. პროკურორის მხრიდან ჩადენილი დანაშაული პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა უნდა გამოიძიოს, თუმცა ასეთი შემთხვევა არ მახსენდება…“
საია იცავს, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც გასული წლის აგვისტოში თქვა, რომ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს. გამოძიების დაწყებიდან ერთ წელზე მეტი დრო გავიდა. ამის მიუხედავად, საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ერთი და იმავე შინაარსის წერილს იღებს საგამოძიებო უწყებიდან – „მიმდინარეობს გამოძიება“.
„მიმდინარეობს გამოძიება“ გიგა ჩხაიძის საქმეზეც. იგი 12 მარტის დილით დააკავეს ბათუმის აქციის შემდეგ. სასამართლო პროცესზე მოქალაქემ პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა – ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, რომელიც მან სამსახურიდან ამოიღო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძე გაამართლა. ამავე სასამართლო პროცესზე გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკურად შეურაცხყვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება. გიგა ჩხაიძის დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურამ უარი თქვა. შესაბამისად, მას არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, სადაც მისი ფიზიკური დაზიანების ხარისხია შეფასებული.
2017 წლის 2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.
დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს.
„ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში და სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა.
მათ საკვების და წყლის ფულიც კი არ აქვთ. ჩემს ძმას ვესაუბრე და მთხოვს, რომ ერთ-ერთი პირის ანგარიშზე 50 დოლარი ჩავურიცხო, რომ წყალი იყიდონ,“ – გვეუბნება რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.
ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებული მეზღვაურები ლიბიაში პატიმრობაში იმყოფებიან. „ჩვენთვის უცნობია რას ითხოვენ ისინი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ. იქნებ ხელისუფლება ჩაერიოს და გაარკვიოს ვითარება. ჯერჯერობით ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს,“ – აცხადებენ ისინი.
როგორც დაკავებული მეზღვაურის ახლობლები ამბობენ, სამი ქართველი მეზღვაური, მათ შორის კაპიტანი, ტანკერ Rex 30-ზე ეკიპაჟის სხვა რვა წევრთან ერთად, აგვისტოში მეკობრეებმა აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ტანკერი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო საკონსულო სამმართველოს უფროსი, გრიგოლ მაგრაქველიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ დაკავებული მეზღვაურების შესახებ მათ ინფორმაცია 13 სექტემბერს მიიღეს.
„ამჟამად ჩვენი მოქალაქეები გადაყვანილი არიან ტაჟურას ციხეში და ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს ლიბიის პროკურატურა იძიებს. მოსამართლემ მათ 30 დღით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა.
ლიბიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს განთავსებული, რაც გარკვეულწილად სირთულეს წარმოადგენს ამ საკითხთან მიმართებაში. სირთულეს ქმნის საკონსულო დაცვის კუთხითაც და პრობლემას ქმნის ლიბიაში შიდა პოლიტიკური პროცესებიც,“ – გვეუბნება ის.
გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ეგვიპტის საელჩოს დახმარებით ცდილობს ჩართვას: „ასევე ვთხოვეთ ლიბიაში უნგრეთის ელჩს დახმარება. რადგან 11-დან 5 მეზღვაური არის თურქეთის მოქალაქე, ჩვენი საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ჩავრთეთ თურქულ მხარესთანაც, მათთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ამ მომენტისთვის განიხილება ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ოპტიმალური გზების მოძიება“.
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ახლობლები დახმარებას ითხოვენ
„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.
სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით სავსე დარბაზში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდების არსი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა სამი მეგობრის მისამართით ცეცხლი იმ მოტივით გახსნა, რომ ის დაივიწყეს. გასროლის შედეგად 34 წლის რუსლან ზ. დაიღუპა.
გამოძიების ვერსიით, ნუკრი ლ.-ს მკვლელობის ჩადენის დღემდე ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც ძირითადად სახლში იმყოფებოდა. 5 აგვისტოს მან სამ მეგობარს დაურეკა და შეხვედრა სამების მონასტერთან სთხოვა.
„უკვე საღამოს 10 იქნებოდა, როცა დარეკა, მაგრამ მაინც გავყევით, რადგან შეხვედრა სურდა, თან ეკლესიაში ვერ ავედი და თქვენთან ერთად მინდა ასვლაო. წავიდნენ,“ – გვიყვება გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუკრი ლ. იმ საღამოს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მანქანაში კუსტარულად დამზადებული სანადირო თოფი ედო, რომელიც ამ დრომდე ამოღებული არ არის. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ნუკრიმ მეგობრებს ჰკითხა, რის გამო დაივიწყეს იგი, შემდეგ კი მანქანის საბარგულიდან თოფი ამოიღო და გაისროლა. გასროლის შემდეგ ნუკრი ლ. საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.
„ამ საქმეში მთავარია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თვითმხილველები არიან. თუ მათი ჩვენებები არ შეიცვლება, დიდი ალბათობით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება,“ – დასძინა მოსამართლემ.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს ასევე უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ბრალდებულმა თქვა, რომ მას ამის სურვილი არ აქვს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. მან დაცვის მხარეს უარი უთხრა აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე. „არაფერი შეცვლილა, ადამიანი გარდაცვლილია, ბრალდებული დააკავეს სულ სხვა რაიონში და არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,“ – თქვა მოსამართლემ და უკვე ახმაურებული დარბაზიდან გავიდა.
2017 წლის 30 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები“-ს ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“.
კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოების ჩართვა აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და სტუდენტები: ისტორიკოსები, არქეოლოგები, ბიოლოგები, გეოგრაფები და არქიტექტორები, რომლებიც თავიანთი სპეციალობების მიხედვით წარმოგვიდგენენ საკუთარ ხედვას კულტურული ლანდშაფტის დაცვასა და პრევენციის საშუალებებზე.
კონფერენცია გარდა მეცნიერული კვლევის შედეგებისა მიზნად ისახავს მომავალი თაობის ჩართვას საკითხების განხილვაში თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.
კონფერენცია იმართება ყოველწლიურად ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებათა ერთობლიობას. 2014 წლიდან ამ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.
ქედის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამირან ცინცაძე, სახელისუფლებო პარტიამ პროპორციული სიის პირველ ნომრად დაასახელა ქედაში. რა გააკეთა მოსახლეობისთვის მუშაობის სამწლიან პერიოდში, რის გაკეთება ვერ შეძლო და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას? – „ბათუმელების“ კითხვებს ამირან ცინცაძე პასუხობს.
ბატონო ამირან, რამდენად შესრულდა თქვენი წინასაარჩევნო დაპირება?
ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას – წყლისა და გზის პრობლემის მოგვარება, თითქმის შესრულდა. ვერ ვიტყვი 100%-ით მეთქი, მაგრამ უმეტესი ნაწილი გაკეთებულია. სოფლებში ცენტრამდე გზები მოწესრიგდა, შიდა გზებია დარჩენილი. შეიძლება ყველა საკითხი ვერ გადაწყდა, მაგრამ სადაც საქმე კეთდება, შესაბამისად, მას დროც სჭირდება.
რას გულისხმობთ, კონკრეტულად რა ვერ გადაწყდა?
მაგალითად, წყალის საკითხი, ზოგიერთ სოფელში მოსაგვარებელია შიდა გზების პრობლემა, რაც სამომავლოდ გაკეთდება.
თქვენ ახსენეთ წყლის და გზის პრობლემის მოგვარება, თუ გაქვთ დათვლილი რა თანხა დასჭირდება?
ციფრები ზუსტად არ მახსოვს, სასმელ წყალთან დაკავშირებით სამომავლოდ 2-3 პროექტი იქნება, რომელიც 3 მილიონზე მეტი ლარი დაჯდება. რაც შეეხება შიდა გზების რკინა ბეტონითა თუ ასფალტის საფარით მოწესრიგებას, დიდი თანხა არ დასჭირდება, განსახორციელებელ სამუშაოებს ბიუჯეტი გაწვდება, ბიუჯეტი თითქმის გაორმაგდება.
რამდენი იქნება 2018 წლის ბიუჯეტი?რის ხარჯზე მოხდება თანხის გაორმაგება? ადგილობრივი შემოსავალი გაიზარდა თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერი გაიზრდება ?
სავარაუდოდ 20 მილიონამდე, ადგილობრივი შემოსავალიც გაიზარდა, 220-კილოვატიანი ხაზის მშენებლობით მუნიციპალიტეტში მილიონ ნახევარზე მეტი თანხა შემოვა.
რამდენი პროექტის ავტორი ხართ ქედის საკრებულოში?
როგორც ასეთი პროექტი, მე თვითონ არ მქონია, მაგრამ ყველა შემოსული პროექტი განვიხილეთ და დამტკიცდა.
რომელ პროექტს გამოყოფდით?
ნაპირგამაგრების პროექტი, რაზეც ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საუკუნის პროექტად ჩავთვლი გაზიფიცირებას, ზესოფელი-გულები-ხუნკუდის წყალსადენს, რომელიც მილიონამდე ლარი დაჯდა.
თუმცა თქვენ მიერ დასახელებულ სოფლებში წყლის პრობლემა არ მოგვარებულა, ონკანამდე წყალი არ მისულა, მოსახლეობისთვის შეძენილი წყლის მილები ჯერ კიდევ გამგეობის ეზოში აწყვია…
როცა წყალსადენის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა, ამ სამუშაოებში არ შედიოდა წყლის მოსახლეობამდე მიყვანა, მილები შეძენილია და თვითონ მოსახლეობა მიიყვანს.
რამდენად დამოუკიდებელია ქედის თვითმმართველობა დღეს?
არასდროს ყოფილა ვინმეს ზემოდან ეკარნახა, პირიქით თვითმმართველობა უფრო და უფრო ძლიერდება.
რამდენიგასვლითისხდომაჩატარდასამიწლისგანმავლობაში და რა საკითხები განიხილეთ?
გასვლითი სხდომა ერთხელ ჩატარდა სოფელ მერისში, არ მახსოვს რა საკითხები განვიხილეთ.
საკრებულოსოპოზიციაგადანაშაულებთიმაში, რომმათმიერინიცირებულპროექტებს [სოციალურ პროექტებს] ბლოკავდით.რატომარითვალისწინებდითთქვენიკოლეგებისმოთხოვნებს? ერთგვარად პოლიტიკური დატვირთვა ხომ არ ჰქონდა?
ეს იყო მხოლოდ პოპულიზმი, არ შემოუტანიათ ისეთი საკითხი, რომ ოდნავი ყურადღების მიქცევის ღირსი ყოფილიყო, არაფერი პოლიტიკური არ ყოფილა.
რამდენად გაუმჯობესდა სოციალური ფონი?
პენსია მოიმატა, ყველას აქვს შესაძლებლობა რაღაც გააკეთოს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობას აქვს შანსი პროექტი დაწეროს და დაფინანსებაც მიიღოს. ამდენი ტურისტი მახუნცეთში კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა, ტურისტი რომ ამოდის და ადგილობრივები ვაჭრობენ შემოსავალია, აბა რაა?!
თქვენ საუბრობთ, რომ სოციალური ფონი გაუმჯობესდა, თუმცა რეალურად სოფლებიდან მიგრაცია მატულობს, რასაც სოციალური ფონი განაპირობებს, რა შეიძლება გაკეთდეს მიგრაციის შესაჩერებლად?
მახსოვს, როდესაც წინასაარჩევნო შეხვედრებს ვმართავდით, მოსახლეობას ვთავაზობდით თხილის, მოცვის, ვაზის ნერგებს უფასოდ, რომ გაეშენებინათ კულტურები და 3-5 წელში შემოსავალი ექნებოდათ, მოსახლეობა ზარმაცობს, ყურძნის ისეთი ნერგი უნდა, რომ პირდაპირ მოისხას, ასე არ არის. მესმის რომ მოსახლეობას შეიძლება ისეთი შემოსავალი არ ჰქონდეს საქართველოში, როგორც შვეიცარიასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ხომ უნდა დაიწყო ფუნდამენტის ჩასხმა? გააშენოს თხილი, ყურძენი, მოცვი… მეფუტკრეობას მიჰყოს მოსახლეობამ ხელი, რომელსაც სახელმწიფო უწყობს ხელს.
როგორ ფიქრობთ, თხილის იმ ფასით, რაც წელს არის, შეძლებს ფერმერი წლიდან-წლამდე ოჯახის რჩენას? თან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქედა მცირე მიწიანი მუნიციპალიტეტია?
წელს შეიძლება დაბალი იყო თხილის ფასი, მაგრამ თხილს ფასი ყოველთვის ჰქონდა და ექნება.
ქედის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი, რამაზ ბერიძე გადანაშაულებთ იმაში, რომ მისი მოთხოვნა, „გიორგობის“ დღესასწაულზე დახარჯული თანხები საკრებულოს შეესწავლა, არ დაკმაყოფილდა. რატომ არ დაინტერესდით დახარჯული თანხის მიზნობრიობით?
თუ ხედავდა, რომ დანაშაული იყო, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, მე რას მეუბნება? ჩემი რა შესასწავლია გიორგობის დღეზე ვინ რა დახარჯა და ვინ რა გააკეთა? ეს ჩემი საქმე არ არის.
არ ფიქრობთ, რომ საკრებულომ ფინანსური დანახარჯებისმონიტორინგი უნდა განახორციელოს? თუნდაც რამდენად ხარისხიანად კეთდება სამუშაოები?
რა თქმა უნდა, მონიტორინგი უნდა განხორციელდეს და ხორციელდება კიდეც, მაგრამ თუ ფიქრობს, რომ დანაშაულს ჰქონდა ადგილი, პირდაპირ სამართალდამცავებისთვის უნდა მიემართა და არა საკრებულოსთვის.
თქვენი თავმჯდომარეობის დროს, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ნუსხაში სოფელ ძენწმანში არსებული 102 კვადრატული მიწის ნაკვეთი თავისუფალი მიწის სახით შევიდა, მაშინ, როდესაც მიწაზე მაღალჩინოსანი პოლიციელის მამას უკანონო შენობა ჰქონდა მოწყობილი და სამეწარმეო საქმიანობას ასრულებდა, რატომ დამალეთ რეალური ფაქტი?
საკრებულოზე შემოვიდა საკითხი, რომ მიწა შესულიყო საპრივატიზაციო ნუსხაში, ჩავსვით და რა არის დანაშაული?
ხომ იცოდით მიწაზე შენობა ფუნქციონირებდა და რატომ დაუჭირეთ მხარი მიწის თავისუფალი სახით პრივატიზებას? რატომ დამალეთ რეალური ფაქტი?
როცა აუქციონი გამოცხადდება, მაშინ გაარკვიონ, თუ როგორაა და რა არის, მე ვიცოდი, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობდა.
პროფესიით ექიმი ხართ, შესაბამისად, თქვენ უკეთესად იცით რა სჭირდება სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, რა გააკეთა საკრებულომ მათთვის?
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს საკრებულო ვერაფერში ვერ დაეხმარება, არსებობს ხელისუფლება, მთავრობა და ის გადაწყვეტს, რა სჭირდება.
თვითმმართველობას მინიმუმ ადაპტირებული გარემოს შექმნა ხომ შეუძლია მაინც?
30 სექტემბერს, 13 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლაში გაიმართება დისკუსია თემაზე – „რატომ სჭირდება ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც თურქეთისა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანას.“ დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
შეხვედრის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლია“. შეხვედრა იმართება დისკუსიათა ციკლის – „საუბრები ევროპაზე“ – ფარგლებში.
პროექტის მხარდამჭერია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი [EWMI], ფინანსური მხარდამჭერები: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სამშენებლო კომპანია „გზები“.
სკოლა „ნიკეში“ არც წელს დავარღვიეთ ტრადიცია და სახელმძღვანელოებით დავასაჩუქრეთ 10-ქულოსანი მოსწავლეები.
გვინდა გამოვყოთ ჩვენი შესანიშნავი ექვსეული – ბადრი ბერიძე, ლანა თურმანიძე, მარიამ რამიშვილი, ნიცა კონცელიძე, მაგდა მეგრელაძე, მარიამ ფარტენაძე, რომლებმაც წარჩინებით გაიარეს კემბრიჯის საერთაშორისო ტესტირება, უმაღლესი ქულები დააგროვეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებს სერტიფიკატი გადასცა კემბრიჯის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ჯონ ითსმა.
აქვე, გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარჩინებით ჩააბარეს მისაღები გამოცდები, მოიპოვეს სხვადასხვა კატეგორიის გრანტები და დაადგნენ სტუდენტური ცხოვრების გზას. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და ვუსურვებთ ჩვეული შემართებით დასახული მიზნების განხორციელებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, პირველ რიგში, მიწის პრობლემის მოგვარებას აპირებს, თუმცა ვერ ამბობს, რატომ უნდა ენდოს ხელვაჩაურის მოსახლეობა მას ამჯერად. თეიმურაზ დუმბაძე 2008 წლიდან 2012 წლამდე ხელვაჩაურის გამგებელი იყო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ყველაზე მწვავედ მიწის პრობლემა ხელვაჩაურში, კონკრეტულად კი, გონიოში. თეიმურაზ დუმბაძემ გვითხრა, რომ მუნიციპალიტეტის პირველ პირად დაბრუნება უნდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, არამედ იმიტომ, რომ შეჩერებული პროექტები აამუშაოს.
ბატონო თეიმურაზ, რა პროგრამების განხორციელებას გეგმავთ მერობის შემთხვევაში?
პირველ რიგში, მყისიერად უნდა მოგვარდეს წყლის პრობლემა, ასევე გაზიფიცირება, მიწის დაკანონების პრობლემა უნდა მოიხსნას…
კონკრეტულად გვითხარით, მაგალითად, წყლის პრობლემა რამდენ სოფელს აწუხებს და რა ფინანსური რესურსი დასჭირდება მის მოგვარებას. სად ნახავთ ამ ფულს?
წყლის პრობლემა ბევრ სოფელს აწუხებს. შესაძლოა მთლიანად სოფელს არა, მაგრამ ცალკეულ დასახლებას ისევ არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ვერ აგვარებს ამ პრობლემას წლების განმავლობაში, რადგან ეს არ არის მათთვის პრიორიტეტი… ჩემი გათვლებით, მოსახლეობის წყლით სრულად უზრუნველყოფას 5-6 მილიონი ლარი დასჭირდება. ამ ფულს ვნახავთ იქედან, რომ აღარ გაიცემა პრემია და დანამატები. საერთოდ, ეს ცნებები გაუქმდება და საჯარო მოხელეები მიიღებენ მხოლოდ დამსახურებულ ხელფასებს. ეს დაზოგავს ბიუჯეტში მილიონ 200 ათას ლარს. გარდა ამისა, მილიონი ლარის გამოთავისუფლება არის შესაძლებელი იმ თანხებიდან, რაც გათვალისწინებულია თანამდებობის პირების კომფორტის შესაქმნელად, მაგალითად, კაბინეტების კეთილმოსაწყობად, ავეჯისთვის… დანარჩენ თანხას გამოვძებნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტიდან.
რომელ ინფრასტრუქტურულ პროექტს შეაჩერებთ კონკრეტულად?
არის ასეთი პროექტები, რომელთა შეჩერებაც შეიძლება, ან მოგვიანებით განხორციელება, მაგალითად, სოფლებში სტადიონების რეაბილიტაცია და ასე შემდეგ… რაც შეეხება გაზიფიცირებას, ეს სამუშაოებიც უნდა დასრულდეს დროულად. 2012 წლამდე რამდენიმე სოფელში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი, მას შემდეგ კი, პროცესი გაჩერდა. ჩვენ არაერთხელ დავინტერესდით, რატომ შეაჩერა „სოკარმა“ სამუშაოები, მაგრამ ვერ მივიღეთ გამგეობისგან და ვერც კომპანიისგან პასუხი. ჩვენ გვქონდა გეგმა – 2015 წლამდე ხელვაჩაურის დაბლობში მდებარე სოფლების სრულად გაზიფიცირება უნდა მომხდარიყო.
თქვენ ახსენეთ მიწის დაკანონების პრობლემა. რა გეგმა გაქვთ ამ კუთხით?
მოგეხსენებათ, მიწის რეფორმა არ ჩატარებულა თავის დროზე ხელვაჩაურსა და ქობულეთში. ეს იყო შეცდომა, როცა წინასწარ შესწავლის გარეშე გადაეცათ მოქალაქეებს მიწები საკუთრებაში. ეს არ შეეხება მხოლოდ გონიოს. უფრო სწორად, შეცდომა მიდგომაში კი არ იყო, არამედ განხორციელებაში. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ კონკრეტული თანამდებობის პირებმა დაუშვეს შეცდომები… დრო არ იყო საკმარისი, რომ ბოლომდე მიგვეყვანა ეს პროცესი.
ანუ, ხელვაჩაურის მერად უნდა აგირჩიონ იმიტომ, რომ ეს შეცდომა გამოასწოროთ?
მარტო იმისთვის არა, რომ შეცდომები გამოვასწოროთ. ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც მე დავტოვე 2012 წელს და არაფერი შეცვლილა. იგივე მიწის საკითხზე რა მოგვარდა ამ წლების განმავლობაში? მიწის საკითხი მუნიციპალურ დონეზე ვერ მოგვარდება, მაგრამ ამ თემას სჭირდება შესაბამისად გააქტიურება, რომ არ დაზარალდნენ მოქალაქეები.
რატომ უნდა გენდოთ თქვენგან უკვე დაზარალებული ამომრჩევლები?
იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი პრაქტიკა და გამოცდილება… როცა საუბრობთ დაზარალებულებზე, გასაგებია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ ამის პარალელურად ათასობით ადამიანმა დაიკანონა მიწა ხელვაჩაურში. ძირითადად, ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მდებარე ექვსი მეურნეობის მიწის მფლობელები დაზარალდნენ, მათ შორის, გონიოელები.
კონკრეტულად რა პროგრამებისთვის დაიხარჯება ხელვაჩაურის ბიუჯეტი, თქვენი მერობის შემთხვევაში?
ძირითადად ეს იქნება სოციალური პროგრამები. ახლაც არის სოციალური ჯგუფებისთვის სახელმწიფო პროგრამები, რაც არაა საკმარისი. სოციალურად დაუცველებს, ასევე სოციალურად დაუცველ პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ, მაგალითად, უფასო მედიკამენტების პროგრამა. წამლის ფასი ორჯერ, ან სამჯერ გაძვირდა. წამლის შეძენის საშუალება ხშირად მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენ ამისთვის აუცილებლად გამოვყოფთ თანხებს.
თქვენ იყავით გამგებელი 4 წლის განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ კონკრეტული საქმის საკეთებლად საკმარისი დრო უკვე გქონდათ?
ჩვენ ვერ მოვასწარით ბევრი პროგრამის განხორციელება, მათ შორის, პერსპექტიული განვითარების გეგმა ვერ მივიყვანეთ ბოლომდე. ძალიან ბევრი დაწყებული საქმე გაჩერდა შუაში…
თუ საქმეს აკეთებდით, რატომ წააგეთ არჩევნები, რას ფიქრობთ ამაზე?
ხელვაჩაურის გადასახედიდან ვერ გეტყვით ამას. ალბათ, მოსახლეობის მთლიანი განწყობა იყო ასეთი. ეს ძირითადად განაპირობა მაშინდელი ჩვენი ოპონენტების მხრიდან უსამართლო ბრალდებებმა და არასწორმა პიარკამპანიამ. შემდეგ კი დაინახა მოსახლეობამ, რომ საქმეს ვაკეთებდით…
თუ ასეა, რატომ ვერ მოიგო თქვენმა პარტიამ გასული წლის არჩევნები იგივე ხელვაჩაურში? საპარლამენტო არჩევნების შედეგი ხომ არ აჩვენებს იმას, რომ მოსახლეობას არ სურს თქვენზე არჩევანის გაკეთება?
თქვენ ალბათ ნახავდით კადრებს, როგორ ყალბდებოდა არჩევნები, მასობრივ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. წესიერი არჩევნები რომ ჩატარებულიყო, სხვა შედეგი დაიდებოდა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ ჰქონიათ მსგავსი შეფასება, რომ გაყალბდა არჩევნები.
ვიდეოკადრები ჩვენ გავავრცელეთ და რატომ არ ჩაწერეს მერე ანგარიშებში, ან რატომ არ ჰქონდათ შეფასება, არ ვიცი. მე ვიცი რეალურად, რაც მოხდა. წელს უფრო მობილიზებული ვიქნებით, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ამომრჩევლის ხმა.
ამ მოწვევის საკრებულოში თქვენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელმძღვანელობდით. როგორ გამოიყენეთ ეს შანსი, რა ინიციატივები გქონდათ?
ჩვენ გვქონდა დაახლოებით 15 ინიციატივა, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი გაიზიარეს. დანარჩენზე უარი გვითხრეს პოლიტიკური მიზეზის გამო. რაც გაითვალისწინეს, ის შეეხებოდა სარფში მუნიციპალურ საიჯარო ნაკვეთებზე გადასახადების შემცირებას. ზღვის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მოიჯარეებმა ვერ ისარგებლეს საკურორტო სეზონით. ინიციატივა გვქონდა ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ვისაც აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, სათბურების, ან ფუტკრის ოჯახების გადაცემა. გასაგებია, რომ მსგავსი პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, მაგრამ სოციალურად დაუცველს არ აძლევენ. ინიციატივა გვქონდა სოციალურად დაუცველებისთვის სახურავების გადაცემაზე, რაზეც ასევე უარი გვითხრეს. გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა მსხვერპლიც იყო რაიონში, ამ სახურავის პრობლემის გამო…
რის შეცვლას აპირებთ ტურიზმის კუთხით?
პოტენციალი ტურიზმის კუთხით არის ძალიან დიდი. არა მარტო სარფი, არამედ მაჭახლის ზონა, ყოროლისთავი, თხილნარი… ჩვენ გვქონდა მონახაზი, რა უნდა გაკეთებულიყო, მაგალითად, მაჭახლის ხეობაში. ჩვენი წასვლის შემდეგ, მაჭახელა მხოლოდ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადეს, მეტი არაფერი შეცვლილა. არც ტურისტული ბილიკები მოწყობილა და არც საპიკნიკე ადგილები. აგროტურიზმის განვითარებაც არის შესაძლებელი მაჭახელას ხეობაში.
თქვენი ერთ-ერთი ოპონენტი – ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნებიდან“ ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. თქვენი აზრით, რატომ შეარჩია იგი მმართველმა პარტიამ ხელვაჩაურში მერობის კანდიდატად?
ჯუმბერ ვარდმანიძესთან, როგორც პიროვნებასთან, არაფერი მაქვს საპრეტენზიო, მაგრამ, ჩემი აზრით, არაფერი იცვლება. ხელვაჩაურში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა პუტინ-მედვედევის სცენარი გაათამაშოს – ამჟამინდელი გამგებელი, ნადიმ ვარშანიძე, საკრებულოს თავმჯდომარედ გადმოჰყავთ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – მერად მიჰყავთ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ნადიმი იქნება, თუ ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მერი. პიროვნება ვერაფერს შეცვლის, თუ მიდგომა არ შეიცვლება, რეალურად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ისინი ვერ იღებენ…
თქვენს ხელისუფლებაზეც იმავეს ამბობდნენ, დამოუკიდებელი არ არის თვითმმართველობაო…
ასეა, კი და ეს შეცდომა აღარ უნდა გავიმეოროთ. ოპოზიციაში ყოფნამ ბევრ თემას შეგვახედა სხვანაირად. შეცდომები, რაც დავუშვით, აღარ უნდა განმეორდეს.
თეიმურაზ დუმბაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი
2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში, ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირმა. ამჟამად კი მათგან 8 დასაქმებული სხვადასხვა დეპარტამენტში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელს საქართველოში სულ დაჯილდოვდა 8 კომპანია და მხოლოდ 2 მათგანი იყო ბათუმიდან, რამდენადაც „ჰილტონ ბათუმი“ არის პირველი, რომელიც მაგალითს აძლევს სხვა კომპანიებს დაასაქმონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები „ჰილტონში“იმედოვნებენ, რომ ბევრად მეტი კომპანია აიღებს მათგან მაგალითს და ისინი ერთად შექმნიან დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სამუშაო ბაზარზე.
ჰილტონ ბათუმს სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგების, დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში 8 შშმ პირი ყავს დასაქმებული
პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგებისა და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია. მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება.
„ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება.
ყველა ბავშვი, ფაქტობრივად, კლინიკიდან ერთი საათის შემდეგ გაეწერა, რაც მოწმობს იმას, რომ რაიმე დიდ ინტოქსიკაციაზე არ იყო საუბარი“.
მინისტრი ამბობს, რომ პირველადი გამოკითხვის მიხედვით არ იკვეთება წყლის ან საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები.
„წყალი გამოირიცხა, რადგან მხოლოდ 3-4 ბავშვს ჰქონდა დილით დალეული, სკოლის ბუფეტშიც რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა საკვები მიღებული, ამიტომ წყალი და საკვები ალბათ ვერ იქნებოდა ინტოქსიკაციის წყარო.
რისკებიდან გამომდინარე ჩვენ მაინც ვთხოვეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს და მიმდინარეობს სკოლის შესწავლა. წინა დღით რამდენიმე მოსწავლე ამ ბავშვებიდან დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა საერთო სურათს ეს მაინც ვერ გვაძლევს. რაიმე ქიმიურ ხსნარს რომ გემოეწვია, ვერც ეს დასტურდება ჯერჯერობით, რადგან იმ კლასში მანამდე სხვა ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ინტოქსიკაცია არ ჰქონიათ.
ამიტომ, რეალური მიზეზი რომ დადგინდეს, მაინც საჭიროა დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევა და ბავშვების დეტალური გამოკითხვა, რომ რაიმე ბავშვურ თამაშებს არ ჰქონდეს ადგილი“.
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში დღეს, 28 სექტემბერს, 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე, რომლებსაც ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო.
ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად უფასოდ. რა თქმა უნდა, თავიდან არ დავიჯერე, რომ მეცხრეკლასელს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა მაინც ვცადე და გადავწყვიტე, ბათუმის პირველ ტურზე მივსულიყავი.
პირველი ტესტირების დაწყებამდე, გონებაში უკვე ამერიკული სკოლის საგნებს ვარჩევდი, ვოცნებობდი დიდ ქალაქებსა და ამერიკულ ცხოვრებაზე. ამავე დროს, ვწერდი ტესტებს, ესეებს, გავედი გასაუბრებაზე და გადავლახე სამივე ეტაპი. მაგრამ სატელეფონო ზარი, რომელიც პროგრამაში გამარჯვებას მაუწყებდა, დიდხნიანი ლოდინის შემდეგაც არ გაისმა.
ამის მიუხედავად, შემდეგ წელს მაინც ვცადე ბედი. უკვე ნაკლები თავდაჯერებულობით, მაგრამ მეტი შრომით. ჩავაბარე ყველა საჭირო აპლიკაცია და გავიარე ყველა ტესტირება, ბოლოს კი ის სანატრელი ზარიც გავიგონე.
მალე აღუწერელი სიხარული ვიზის ანკეტების შევსებით გამოწვეულმა ნერვიულობამ შეცვალა, გაფრენამდე ორი-სამი კვირით ადრე კი გაურკვევლობის შეგრძნება დამეუფლა. არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვისთან, ან როგორ დამხვდებოდნენ ამერიკელები. თუმცა რეალობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გაფრენამდე ცოტახნით ადრე გამაგებინეს, რომ ერთ წელიწადს კალიფორნიის შტატში გავატარებდი, პატარა ქალაქში, რომელიც ლოს ანჯელესიდან ისევე იყო დაშორებული, როგორც ბათუმი თბილისიდან.
პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ ეს ქვეყანა ძალიან განსხვავდებოდა საქართველოსგან. არც უკეთესი, არც უარესი – უბრალოდ განსხვავებული და ამიტომაც საოცარი. ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ხალხმა გამაოცა. მაღაზიის გამყიდველიდან დაწყებული, სკოლის დირექტორით დამთავრებული, ყველა მესალმებოდა, მომიკითხავდა და მიღიმოდა. მალევე შევამჩნიე, რომ ამერიკული ღიმილი ჰოლივუდის ფარგლებს სცდება და ზრდილობის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა.
დღეს უკვე საქართველოში ვარ. ის ამერიკული წელი კი თითქოს სიზმარია. სიზმარი, სავსე ამერიკული ფილმების სიუჟეტებით: იქაური სკოლა, უამრავი ახალი ემოცია, მასპინძელი ოჯახი, რომელმაც ნამდვილი შვილივით მიმიღო. მეტიც – უამრავი გამოწვევა, საკუთარი შესაძლებლობების დაცდა და ახალი მწვერვალების დაპყრობა. საბოლოოდ, FLEX-ის პროგრამამ მომცა ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ამერიკული წელი. რა თქმა უნდა, ამ წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მომცა პიროვნული ზრდა, მეტიც – FLEX-იმ მთელს ჩემს ცხოვრებაზე იმოქმედა. ასეთი ემოციების განცდის შემდეგ, ყველას ვურჩევდი იგივე გამოსცადოს. ამ წელმა მიჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. საზღვარგარეთ წასვლას კი ჩემთვის ერთი მიზანი აქვს: შენს ქვეყანაში უკეთეს ადამიანად დაბრუნება. დაბრუნება სურვილით, რომ პატარა პრობლემა მაინც მოაგვარო და უკეთესობისკენ შეცვალო შენი ქვეყნის სიტუაცია.
მოკლედ, თუკი ხართ მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, დაბადებული 2001 წლის 1-ელი იანვრიდან 2003 წლის 15 ივლისის ჩათვლით, მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა FLEX-ში. ბათუმში ტესტირება 10 საათზე, 7 ოქტომბერს, მეათე საჯარო სკოლაში გაიმართება.
ორი წლის წინ არც მე მჯეროდა ოცნებების ახდენის, თუმცა თუ ოცნება მიზნად იქცევა, შეუძლებელი არაფერია.
„ბიზნეს დეველოპმენტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, აჭარის მთავრობას მწვანე კონცხზე 6 346 კვ.მ პლაჟს, მისი დასუფთავების, მოვლა- პატრონობისა და კეთილმოწყობის პირობით, 49 წლის ვადით უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ნაკვეთისა [2333 კვ.მ] და ერთი შენობის [104,30 კვ.მ] პირდაპირი წესით შეძენას გეგმავს, მომავალში ამ ნაკვეთებზე ორი მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით.
როგორც ბათუმის საკრებულოში გაგზავილი წერილებიდან ირკვევა, მთავრობა თანახმაა კომპანიას მიწის ნაკვეთები იმავე პირობით გადასცეს, რა პირობითაც ის ამას ითხოვს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს, ოფიციალურად, წერილობით აცნობა. ბათუმის მერმა კი საკრებულოს მიმართა.
დათანხმდება თუ არა ბათუმის საკრებულო საკუთარი ქონების მთავრობისთვის გადაცემას იმ პირობთ, რომ მთავრობა ამ ქონებას პირდაპირი წესით გაასხვისებს, ეს ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოჩნდება. საკითხი საკრებულომ კენჭისყრით უნდა გადაწყვიტოს.
საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, მთავრობა მოთხოვნილი ნაკვეთებიდან 6 364 კვ-მ მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ, ხოლო 2333 კვ.მ-ს ინვესტიციის განხორციელების პირობით გაასხვისებს, როგორც ამას ინვესტორი ითხოვდა.
„ბიზნეს დეველოპმენტის“ წარმომადგენლის ინფორმაციით კომპანიას დამატებითი ნაკვეთები უკვე დაწყებული მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობის „წარმატებით დასრულებისთვის“ სჭირდება. კომპანია დამატებით რესტორნის, ღია საცურაო აუზისა და საბაგიროს მოწყობას გეგმავს, რომელიც ბოტანიკური ბაღის ქვედა შესასვლელს და პლაჟს, ბაღის ზედა შესასვლელთან დააკავშირებს.
„ბიზნეს დველოპმენტს“ მწვანე კონცხზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, 2017 წლის თებერვალში კომპანიამ ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები [3239,62 კვ.მ და 4912,07 კვ.მ] ასევე, მათზე დამაგრებული 13 640 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად შეიძინა.
ინვესტორმა, რომელსაც აუქციონზე კონკურენტი არ ჰყოლია, 1 კვ/მეტრ მიწის ნაკვეთში დაახლოებით 337 ლარი გადაიხადა მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში მიწის საბაზრო ფასი გაცილებით მაღალია. ამჯერად კი, მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობას უსასყიდლოდ, ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ ითხოვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი 2015 წლის ბოლოს გაასხვისა. აუქციონში „ბიზნეს დეველოპმენტი“ მაშინაც უკონკურენტო იყო.
მწვანე კონცხი / 2016 წ. / თორნიკე თავაძის ფოტო
სასწავლებლის შენობის გაყიდვამდე „ბათუმელებს“ ინფორმირებულმა პირმა შეატყობინა, რომ ტერიტორიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. ივანიშვილის მწვანე კონცხთან დაკავშირებული გეგმების შესახებ „ბათუმელები“ მანამდეც წერდა. მწვანე კონცხზე საქართველოს ყოფილი პრემიერის – ბიძინა ივანიშვილის პროექტის ე.წ. პანორმა ბათუმის შესაძლო განხორციელებაზე არაოფიციალურად საუბრობენ.
„ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მისი მფლობელია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, ეს კომპანია კი ობშორულ ზონაში, პანამაშია დარეგისტრირებული.
„ბიზნეს დეველოპმენტის“ დაკვეთით მწვანე კონცხზე დასასვენებელ კომპლექსს კომპანია „ზიმო“ აშენებს. კომპლექს „მაგნოლიას“ [Magnolia – Resort & SPA] პროექტის ინიციატორი და ინვესტორი კი ბიძინა ივანიშვილია. ამის შესახებ ივანიშვილისვე დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ განაცხადეს.
მთავარი ფოტო: მწვანე კონცხი / მანანა ქველიაშვილის ფოტო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად წამლობითი ღონისძიებების გასატარებლად ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგება დაიწყო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, „დიფენტრინის“ სახეობის ქიმიური შემადგენლობის პრეპარატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა. აჭარის რეგიონისთვის სულ 13 000 ლიტრი პრეპარატია შეძენილი, აქედან ბათუმის მუნიციპალიტეტს 2 100 ლიტრი, ქობულეთს – 5 300, ხელვაჩაურს – 4 200, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტს – 1400 ლიტრი პრეპარატი გადეცა.
მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ „პრეპარატის განაწილება მუნიციპალიტეტებში, ფერმერების რაოდენობის შესაბამისად მოხდა. საშუალოდ ერთ ფერმერს მინიმუმ 250 მილიგრამი პრეპარატი გადაეცემა, რაც 250 ლიტრ წყალში იხსნება, ეს კი სრულიად საკმარისია ერთი ფერმერული ნაკვეთის დასამუშავებლად. თუ ფერმერები ზუსტ წამლობას განახორციელებენ, მწერი მომავალში ნაკლები ოდენობით იქნება. მუნიციპალიტეტებს პრეპარატები კვირას გადავეცით, ხოლო მოსახლეობაზე პრეპარატის გადაცემა ორშაბათს დაიწყო. ფერმერებმა მანამდე უნდა დაამუშაონ საკარმიდამო ნაკვეთები და მიმდებარე ტერიტორიები, ვიდრე მწერი გამოსაზამთრებლად გადაადგილებას დაიწყებს“.
ხომ არ არის დაგვიანებული ფაროსანასთან ბრძოლა საკარმიდამო ნაკვეთებში, მაშინ როდესაც ფაროსანა უკვე მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებშია შესული? – მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ წამლობა 25 ოქტომბრამდეა რეკომენდებული. სოფლებში, მოსახლეობას კი პრეპარატს თემის რწმუნებული და გამგებლის წარმომადგენლები დაურიგებენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ აცხადებდნენ, რომ აჭარის მთის სოფლებში, აზიური ფაროსანას გავრცელების დონე მავნეობის ეკონომიკურ ზღვარს არ აღემატებოდა, მწერის გარემოში გავრცელების ინტენსივობა მხოლოდ დაბალ ზონაში გამოიკვეთა და ქიმიური ღონისძიებებიც შესაბამისად, მხოლოდ დაბლობში ხორციელდება.
ფაროსანააზიური ფაროსანა სახლში და სახლის ფანჯარაზე / ქედა, სოფელი ბზუბზუ / ეკა ბარამიძის ფოტოები
ბათუმში სომხური დიასპორა ყველაზე მრავალრიცხოვანია. ამ ქალაქში დაახლოებით რვა ათასამდე სომეხი ცხოვრობს. მულტიკულტურული ქალაქის ნიშა ბათუმმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დამდეგს მოიპოვა, როცა ბათუმის პორტმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა და ქალაქიც ეთნიკურად უფრო მრავალფეროვანი გახდა.
ბათუმში მცხოვრები ეთნიკური სომხები აქტიურად მონაწილეობდნენ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და კულტურულ ცხოვრებაში. სომხურ თემს ბათუმის საკრებულოში ხმოსნებიც ჰყავდა. ცნობილი სომეხი კომერსანტი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე მანთაშევი კი, ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობდა. წლების განმავლობაში ბათუმის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებდა. ამ უბანს დღემდე მანთაშევის უბანს ეძახიან.
სომხები წუხან იმის გამო, რომ საბჭოთა ხელისუფლება შეგნებულად ცდილობდა ეთნიკური იდენტობების წაშლას. რუსული პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს ბათუმელი სომხების ნაწილი რუსულად საუბრობს და არა მშობლიურ ენაზეო – ამბობენ ისინი.
კარინა კარდაშიანი
კარინა კარდაშიანი ბათუმის დრამატული თეატრის გრიმიორია. მისი ბაბუაც გრიმიორი იყო. ბებია და ბაბუა ბათუმში 1924 წლამდე ცხოვრობდნენ. სწორედ ამ წელს დაიბადა კარინა კარდაშიანის მამა, შემდეგ კი ბაბუა თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. „როცა კოტე მარჯანიშვილმა თეატრი გახსნა, ბაბუა, იოსებ კარდაშიანი მიიწვია გრიმიორად. ბაბუას 12 მოსწავლე ჰყავდა, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა თეატრში დასაქმებულან. ეს ხელობა მან მამასაც ასწავლა,“- გვიყვება ოჯახის ისტორიას კარინა.
კარინას ოჯახი თბილისში მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს ცხოვრობდნენ. 1952 წელს, როცა ბათუმში თეატრი გაიხსნა, იოსებ კარდაშიანს მოწვევა ბათუმიდანაც მიუვიდა:
„ბაბუამ უარი თქვა ბათუმში დაბრუნებაზე, სადაც დავიწყე, იქ დავამთავრებო – უთქვამს. ბათუმის თეატრში კი მამა წამოვიდა.
სანამ ბინას მივიღებდით, ბათუმის თეატრის შენობაში ერთი დიდი ოთახი გამოგვიყვეს საცხოვრებლად და აქ დავიბადე მე. ასე, რომ შემიძლია პირდაპირი მნიშვნელობითაც ვთქვა, რომ „თეატრი ჩემი სახლია,“- გვეუბნება კარინა კარდაშიანი.
კარინას ოჯახი თეატრში ექვსი წელი ცხოვრობდა, შემდეგ კი ნურიგელის ტბასთან ახლოს მისცეს ბინა. „მაშინ ეს ადგილი არ იყო ასეთი ლამაზი. ძველი ქოხები იდგა, ძველი ციხეც აქ იყო, ძველი ინსტიტუტის შენობა… მამას ისე არ მოეწონა ეს ადგილი, თბილისში ხომ არ დავბრუნდეთო – ამბობდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც ამ ქალაქში დავრჩით და მას შემდეგ ბათუმი ჩემი ქალაქი და ჩემი სახლია. როცა მატარებელი წვიმიან, ძველ ნაცრისფერ სადგურში შევიდოდა, ვამბობდი, რომ სახლში ვარ“.
კარინა ამბობს, რომ ყველაზე მეტად ამ ქალაქში მაინც ძველი უბნები უყვარს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს და უფრო მეტი მოგონებები მაქვსო.
„ბათუმი ყოველთვის იყო პორტი, თეთრი გემები, რომლებსაც ველოდებოდით სანაპიროზე. მახსოვს ის დღე, როცა საკრუიზო გემი „ადმირალი ნახიმოვი“ ჩაიძირა, როგორ განვიცდიდით. მთელ ეკიპაჟს ვიცნობდით… ეს იყო ბათუმი, ზღვა და გემები. დღეს ეს ხიბლი ცოტათი მოაკლდა ქალაქს. როცა სანაპიროზე თეთრი გემი გამოჩნდება, ძველი მოგონებები ისეც ცოცხლდება ჩემში,“ – ამბობს კარინა.
კარინა კარდაშიანი ქართულად კარგად საუბრობს. ამბობს, რომ სომხური ენა თითქმის დავიწყებული ჰქონდა, რადგან მაშინ განათლებას რუსულ სკოლაში იღებდნენ. ქართულის სწავლაში კი, როგორც გვეუბნება, გარემო დაეხმარა – „ის დიდი ეზო, სადაც ბავშვები ერთად ვთამაშობდით და სულ ერთად ვიყავით. ზაფხულობით მშობლები მარნეულში, სოფელ შულავერში მგზავნიდნენ ნათესავებთან და იქ ვსწავლობდი სომხურს. სომხურ ენასთან და კულტურასთან ნაკლებად მქონდა შეხება,“ – ამბობს კარინა.
კარინა კარდაშიანი ტურიზმის სპეციალისტია და წლების განმავლობაში გიდად მუშაობდა. 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური და სოციალური გარემო შეიქმნა, მან პროფესია შეიცვალა და თეატრში დაიწყო მუშაობა. „ტურიზმი, ფაქტობრივად, გაიყინა. მაშინ დედისგან ვისწავლე ჩვენი საოჯახო პროფესია – გრიმიორობა და მეც თეატრში წავედი. თავიდან დედას ვეხმარებოდი, მაგრამ შემდეგ დავრჩი. წლების განმავლობაში გრიმიორად ტელევიზიაშიც ვმუშაობდი და წელს წამოვედი იქედან“.
კარინა ამბობს, რომ თეატრი მისთვის ცალკე სამყაროა. „თეატრი არის არა მოგონება, არამედ ჩემი მშობლები, რომლებიც ძალიან მიყვარდა და დღეს მაკლია“. იგი მიიჩნევს, რომ ბათუმის ხიბლი ყოველთვის იყო მულტიკულტურა „და იმედია ასე დარჩება. დღეს შეიძლება უფრო მეტად დავხურეთ კარები და ადამიანები ნაკლებად ხედავენ ერთმანეთს, მაგრამ ეთნიკური მრავალფეროვნება, რომელიც შლიდა „უცხოს“ განცდას, ამ ქალაქში ისევ დარჩება.
მე ეთნიკურად სომეხი ვარ, ქმარი რუსი მყავს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად შენს იდენტობას შენი ენა განსაზღვრავს. აუცილებელია იცოდე სახელმწიფო ენა, მაგრამ მნიშვნელოვანია შეინარჩუნო მშობლიური,“ – ამბობს კარინა.
სეირან ბაროიანი. ვაგან აბრამიანის ფოტო
სეირან ბაროიანი ფოტოგრაფი და რეპორტიორია. როგორც გვეუბნება, მისი გვარი ბათუმში 1915 წლიდან ცხოვრობს. როგორც დედის, ასევე მამის მშობლები ბათუმში ერთდროულად ჩამოვიდნენ, ისინი თურქეთიდან და ირანიდან ეთნიკური სომხების დევნას გამოექცნენ. „დედის მამაც მრავალშვილიანი იყო და მამისაც. ერთს შვიდი შვილი ჰყავდა, მეორეს – ხუთი. ჩემი მშობლებიც ბათუმში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ.
მამაჩემის მამა არდაგანის ტბის მიმდებარედ დასახლდა. მაშინ იქ კაზაკებისთვის ყაზარმები იყო აშენებული. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ყაზარმები გაათავისუფლა და დევნილი სომხები შეასახლა. იქ, ერთ ოთახში, დასახლდა ბაბუა, 1918 წელს იქ დაიბადა მამაჩემიც.
მამაჩემის მამა ირანიდან გამოიქცა, დედის მამა კი – თურქეთიდან. ბაბუას ერთი ძმა სახლის წინ მოკლეს ირანში, ერთი კი – ბათუმში, ნურიგელის ტბაში დაიხრჩო, როცა ცხენები გადაჰყავდათ. მხოლოდ ერთი ძმა დარჩა ირანში, დაიმალა და გადარჩა. მისი შთამომავლები დღესაც იქ ცხოვრობენ. ირანში ბაროიანების გვარის ერთი სოფელი ცხოვრობდა. მეორე ბაბუა კი მთიან სოფელ მუშში ცხოვრობდა,“ – გვეუბნება სეირან ბაროიანი.
„1933 წლამდე ბაბუაჩემი ირანის მოქალაქე იყო, შემდეგ აიძულეს, რომ საბჭოთა კავშირის პასპორტი აეღო. ბაბუას ირანში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს. უთხრეს, შვილები დატოვე და წადიო. შვილები კი არ მიატოვა, რა თქმა უნდა.
ბაბუას ჰყავდა ოთხი ძროხა, ორი ცხენი და ჰქონდა ორი დროგი, მაგრამ გააკულაკეს. ამ დროგებით პორტიდან საქონელს ეზიდებოდა. ომის წლებში, როცა შიმშილობა დაიწყო, ზღვაზე დელფინების დახოცვაც დაიწყეს. ერთადერთი საშველი მაშინ ამაში იყო. ამიტომ აღარ მოდიან დელფინები ბათუმის სანაპიროსთან ახლოს,“ – ამბობს სეირანი.
სეირან ბაროიანის ბაბუა დედის მხრიდან მურადიანი იყო. ისიც პორტში მუშაობდა, ბროკერად.
„მაშინ პორტით სუნთქავდა ბათუმი, ახლაც ზღვით სუნთქავს. ბაბუა ფიზიკურად ძალიან ძლიერი კაცი იყო, 50-ფუთიან ფქვილის ტომრებს ცალკ-ცალკე იჭერდა ხელში. მეტსახელად „კაპიტანს“ ეძახდნენ. თუმცა, ორივე ბაბუა ადრე გარდაიცვალა. მძიმე ცხოვრებამ მაინც თავისი კვალი დაატყოო,“ – გვიამბობს სეირანი.
იგი მამის ისტორიასაც იხსენებს. „მისი ცხოვრებაც საშინელი იყო. საბჭოთა კავშირმა არანაირი სიკეთე არ მოუტანა ადამიანებს. მთელი ბავშვობა შრომაში გაატარა მამამ, ოთხი კლასი ძვლივს ისწავლა, რადგან ოჯახს სჭირდებოდა მისი დახმარება, შემდეგ ჯარში გაიწვიეს, იქედან კი – ომში. კიევთან ტყვედ ჩავარდა. გამოიარა რამდენიმე კონცლაგერი და ბოლოს კუნძულ ტექსელზე მოხვდა ჰოლანდიაში. ომის დასრულების შემდეგ მამას საბჭოთა მთავრობამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცა“.
სეირან ბაროიანის მამა სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა, თუმცა ის 6 წლით გააციმბირეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, მას ოჯახთან ცხოვრების უფლება მაინც არ მისცეს. ის ანასეულში დასახლდა და იქედან ჩამოდიოდა ოჯახის სანახავად.
ბათუმის პორტი 1986 წელს. სეირან ბაროიანის ფოტო.
სეირან ბაროიანი ამბობს, რომ სწორედ საბჭოთა პერიოდში იშლებოდა ეროვნებებისა და ეთნოსების იდენტობა. ბავშვები რუსულ სკოლებში დადიოდნენ და მშობლიურ ენაზე ვეღარ საუბრობდნენ. დღეს ძალიან დიდია ამ რუსული კვალის გავლენა როგორც სომხებზე, ასევე ქართველებზეც.
„საბჭოთა პერიოდში დაიკარგა ბევრი კარგი წეს-ჩვეულება და დამახინჯდა კულტურა. საქორწილო რიტუალიც კი დამახინჯდა. გინახავთ სადმე პატარძალს ეზოში ჩამოაცვა საქორწინო ბეჭედი? ასეთი რამ არც ევროპაშია მიღებული და არც ჩვენთან იყო. ეს არის საბჭოთა წესების გავლენა,“ – გვეუბნება ის.
სეირანი მიიჩნევს, რომ ბათუმი კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას ყოველთვის ახერხებდა და სწორედ ამაში იყო მისი განსაკუთრებულობა. „პატარა და კოხტა ბათუმი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, თავისი დიდი ეზოებით. რა თქმა უნდა, იქაც იყო ჩხუბი და დავა. ერთი ფიცრის გამო შეიძლება ეჩხუბათ მეზობლებს, მაგრამ მეორე დღეს მაინც რიგდებოდნენ და ერთ სუფრაზე ისხდნენ. ეთნიკური თუ რელიგიური იდენტობის გამო, ერთმანეთთან გაუცხოება არასდროს გვქონია. ბუნებრივია, დღეს ქალაქი იზრდება, ვითარდება, იცვლება ურბანული ქსოვილი, მაგრამ ბათუმი თავის ბუნებას მაინც ინარჩუნებს“.
სეირან ბაროიანი ქართულად გამართულად მეტყველებს. ამბობს, რომ ის ყოველთვის ქართულ კულტურულ გარემოში ტრიალებდა, თუმცა ეთნიკური იდენტობის პრობლემა არასდროს შექმნია. „იდენტობა ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ზოგმა იდენტობა შეიძლება სამშობლოშიც კი დაკარგოს, ზოგმა კი სრულიად უცხო გარემოში შეინარჩუნოს. შარლ აზნაური საფრანგეთში დაიბადა, არ უცხოვრია სომხეთში, მაგრამ ყოველთვის ამბობს, რომ ეთნიკური სომეხია. აი, ეს არის იდენტობა.
იმისთვის, რომ ადამიანმა ეთნიკური იდენტობა შეინარჩუნოს, მნიშვნელოვანია არ დაივიწყოს ენა, კულტურა და რელიგია. ჩემთვის სულერთია რომელ ეკლესიაში შევალ და ავანთებ სანთელს, ქრისტიანობა ჩემთვის ყველგან ქრისტიანობაა, მაგრამ მაინც სომხურ ეკლესიაში მივდივარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი იდენტობის ნაწილია,“ – გვეუბნება ის.
სეირან ბაროიანის თქმით, მისმა შვილებმა გარკვეული მიზეზების გამო სომხური ნაკლებად იციან, რადგან განათლება რუსულ სკოლაში მიიღეს. მინდა, რომ მშობლიური ენა ისწავლონო – ამბობს.
სომხურ ოჯახებში შენარჩუნებულია სამზარეულო ტრადიციები. აქ ყველაზე ხშირად ტოლმა მზადდება, პოპულარული კერძია „ჰარისა“, რომელიც მოხარშული პურის მარცვლებისგან და ქათმისგან კეთდება. ხშირად ამზადებენ სომხურ მწვადს – „ხოროვაძეს“. „კეთდება „აპური“, რომელიც მაწონზე დამზადებული კერძია.
სეირან ბაროიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არმენოფობია ზოგჯერ ვლინდება, რასაც გაუნათლებლობა უწყობს ხელს. რეპორტიორი ამბობს, რომ რის გამოც ყველაზე მეტად გული წყდება, მისი ფოტოარქივია, რომელიც 2004 წელს განადგურდა.
„1998-ში სააგენტო – აჭარის ფოტოქრონიკა შევქმენი, სადაც მილიონამდე ფოტო ინახებოდა, თუმცა „ვარდების რევოლუციის“ დროს ეს არქივი მთლიანად განადგურდა. მინდოდა არქივს სტატუსი ჰქონოდა და დარჩენილიყო ქალაქისთვის და არა ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი დაიკარგა,“ – ამბობს ის.
ჟანა კარაპეტიანი
ჟანა კარაპეტიანიც ბათუმში დაიბადა. ბათუმში ცხოვრობდნენ მისი მშობლები და ბაბუა-ბებიებიც. ამბობს, რომ ის უკვე მეხუთე თაობაა. „ეთნიკურად სომეხი ვარ, მაგრამ ჩემი მიწა აქ არის. ბათუმს არავისზე და არაფერზე არ გავცვლი,“ – გვეუბნება ის.
ჟანას ცხოვრებაც თეატრს უკავშირდება. ის ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობების ჩაცმაზე ზრუნავს. ამბობს, რომ თეატრში შემთხვევით მოხვდა და შემდეგ დარჩა კიდეც. „ჩემი მეგობარი გალინა, რომელიც ბერძენი ქალი იყო, 91 წელს, სამი თვით საბერძნეთში წავიდა. მთხოვა, რომ მის ნაცვლად მემუშავა. შემდეგ ისე მოხდა, რომ დავრჩი და დღემდე იქ ვმუშაობ.
წლების განმავლობაში ბათუმის ტყავის ქარხანაში ვმუშაობდი. ჩემ ირგვლივ ყველა რუსულად საუბრობდა. სომხური სკოლა მაქვს დამთავრებული, მაგრამ გარემო რუსულენოვანი გვქონდა. ამის გამოა, რომ სომხების დიდი ნაწილი რუსულად უფრო საუბრობს,“ – ამბობს ჟანა.
ჟანას ოჯახი ბათუმში 1900 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ რაც ბათუმში სომხური ეკლესია აიგო. „ჩვენი ოჯახი გოგებაშვილზე, პორტის სახლს რომ ეძახიან, იქ დასახლდა. ბაბუა, ჯაზონ კარაპეტიანი, პორტში ცვლის უფროსად მუშაობდა. ჟანას მამა კაპიტანი იყო, დედა კი – ექიმი.
ბაბუამ ჩვენს სახლში ერთი ოზურგეთელი ოჯახი შეიკედლა. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ. ერთ-ერთს ჟენია ერქვა. რადგან ჩვენს ოჯახში ქალიშვილი არ ჰყავდათ, იმ გოგონებს, როგორც დებს, ისე იღებდნენ ბაბუას შვილები,“ – გვიყვება ჟანა.
ჟანა ამბობს, რომ ბათუმი მის მეხსიერებაში ყოველთვის არსებობს, როგორც ვარდებისა და თეთრი გემების ქალაქი. „მახსოვს ის ბათუმი, როცა ვარდების სუნი პორტამდე აღწევდა. მამაჩემი მეუბნებოდა, როცა გემი ნაპირს უახლოვდება, იქაც კი ვგრძნობ ვარდების სუნს, რომელიც ქარს ნაპირიდან მოაქვსო. ახლა ის ბულვარი აღარ არის. პორტში 33 გემი იდგა და ვერ წარმომედგინა ბათუმი გემების გარეშე. როცა მამას უთხრეს – „კაპიტანო კარაპეტიანო, შენი გემი გაიყიდა“, მან ინსულტი მიიღო. ბათუმის სანაპირომ თითქოს რაღაც დაკარგა, მაგრამ ის მაინც ჩემი სახლია,“ – ამბობს ჟანა.
2009 წელს ბათუმის სომხურ სამოქციქულო ეკლესიაში ახალი მოძღვარი არარატ გუმბალიანი მოვიდა. ის ოჯახთან ერთად სომხეთიდან წამოვიდა და მას შემდეგ ბათუმში ცხოვრობს. სასულიერო პირის მეუღლე, სონა ოვანესიანი სომხური კულტურის ცენტრისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელია, რომელიც ბათუმში 2015 წელს გაიხსნა. სონა ამბობს, რომ ბათუმი პირველი დღიდანვე შეიყვარეს, რადგან სტუმართმოყვარე ქალაქია.
სომხური კულტურის ცენტრი ბათუმში
„პირველივე დღიდან თვალშისაცემი იყო ის, რომ ეთნიკური სომხები მშობლიურ ენაზე არ გვესაუბრებოდნენ. მიმაჩნია, რომ ადამიანი სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, დედა ენა უნდა იცოდეს და შეინარჩუნოს. სწორედ ეს გახდა მიზეზი საკვირაო სკოლის და კულტურის ცენტრის დაარსების,“ – გვეუბნება ის.
ცენტრის დაარსებამდე ეთნიკური სომხები მშობლიურ ენას ეკლესიაში სწავლობდნენ, ახლა კი ცენტრში დადიან. გაკვეთილები ბავშვებსაც უტარდებათ და ზრდასრულებსაც, ვისაც სურვილი აქვს.
სონა ოვანესიანის თქმით, სომხური კულტურის ცენტრი ბათუმში სომხური ეკლესიის ეპისკოპოსის ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივით დაარსდა. კულტურის ცენტრში 250 მოსწავლე დადის და ისისნი სომხურ ენასთან ერთად ხელოვნებასაც სწავლობენ.
„მუსიკას ვასწავლით, ეროვნულ ცეკვებს, ლიტერატურას. იმართება კინოჩვენებები, მოქმედებს თეატრალური ჯგუფებიც. გვინდა, რომ ბათუმში სომხური თეატრიც განვავითაროთ,“- გვეუბნება სონა ოვანესიანი.
სონა ოვანესიანის თქმით, სომხური კულტურის ცენტრი ყოველწლიურად ბავშვებს ერევანში, სომხურ ოჯახებში აგზავნის, რომ ახალგაზრდა თაობამ თავიანთი ეროვნული კულტურა უკეთ გაიცნოს.
გოგონათა ანსამბლი ბათუმის სომხური კულტურის ცენტრში.
სომხური კულტურის ცენტრში მასწავლებლად მუშაობს დიანა აკოპიანი. მან ქართული უნივერსიტეტი დაამთავრა, ამიტომ ქართულ ენას კარგად ფლობს. კარგად იცის მშობლიური ენაც. დიანას ოჯახი ბათუმში დიდი ხანია ცხოვრობს, ამბობს, რომ ამ ქალაქში ბევრი ნაცნობი ჰყავს და თავს კარგად გრძნობს.
„შენარჩუნებული გვაქვს სომხური სამზარეულო, რელიგიური ტრადიციები. მე ორი შვილი მყავს და ისინიც კარგად საუბრობენ როგორც მშობლიურ, ასევე ქართულ ენაზე. ჩვენს ეროვნულ იდენტობას ამ ქალაქში საფრთხე არ ექმნება,“ – ამბობს დიანა.
______________________
მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში.
მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. რესურსცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები.
მადონა გოგიტიძის თქმით, ბავშვების საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მშობლები ინფორმირებულნი არიან. სკოლის დირექტორს „ბათუმელები“ ვერ დაუკავშირდა.
ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს.
„დავით ქარცივაძის დანიშვნა იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა. ჩვენ ცესკოს გადაწყვეტილებას ველოდებით ამ საკითხზე. მივიჩნევთ, რომ ეს არის თანაბრობის და კონკურენტუნარიანი გარემოს პრინციპის დარღვევა,“ – აღნიშნა დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.
„ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლოა იგი დაკავშირებული იყო, მაგრამ ამჟამად დავით ქარცივაძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. ძალიან სუბიექტურია ასეთი შეფასება, ვინ არის ანგაჟირებული და ვინ – არა,“ – მიიჩნევს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე.
ბათუმის ოლქის იურისტის განმარტებით, მართალია, დავით ქარვივაძე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაშია, მაგრამ მას შეუძლია არ გახდეს დეპუტატი, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. „კანონი არ ავალდებულებს დავით ქარცივაძეს იმას, რომ აუცილებლად უნდა გახდეს დეპუტატი,“ – დასძენს ზვიად სურმანიძე.
როგორ შეიძლება პირი მივიჩნიოთ პოლიტიკურად ნეიტრალურად, როცა იგი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში და ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაშია? – ეს კითხვა ბათუმის საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელისთვის გვინდოდა დაგვესვა, მაგრამ ციალა შავაძემ გვითხრა, რომ ტრენინგს ატარებს, არ სცალია და კომენტარს მის ნაცვლად ოლქის იურისტი გააკეთებს.
დავით ქარცივაძე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მე-4 ნომერი იყო. იგი პარტიის წევრი ოფიციალურად არ არის, მაგრამ ისევ საარჩევნო სიაშია. ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ დეპუტატის მანდატი შეუწყდება, დეპუტატი გახდება დავით ქარცივაძე, ანუ პირი, რომელიც ამ ეტაპზე ბათუმის საოლქო კომისიამ „პოლიტიკურად ნეიტრალურ და არაანგაჟირებულ პირად“ მიიჩნია.
კანონის პირდაპირ დარღვევას ვერ ხედავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, თუმცა მიიჩნევენ, რომ ოლქს უპირატესობა უნდა მიენიჭებია იმ პირისთვის, ვისაც წარსულში ან ახლა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის. „ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, თუკი საოლქო კომისია შეარჩევდა წარმომადგენელს, ვისაც აშკარად გამოხატული პოლიტიკური ბმა არ ექნებოდა რომელიმე პარტიასთან. ამ შემთხვევაში საოლქო კომისიაც იღებს ვალდებულობას ამ პირის ნეიტრალურობაზე“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.
დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოდუს ვივენდის“ დამკვირვებელი იყო. 2016 წლის მაისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, დავით ქარცივაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.
ფოტოზე: მარცხნიდან პირველი, პირველ რიგში, დავით ქარცივაძე
ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“.
სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, რომლებზეც განთავსებულია დამატებითი პლასტმასის ურნები,“ – ამბობენ მერიაში.
ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ.
ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, გორგილაძისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთასთან, 90 წლის არკადი მელქოიანი უკვე 75 წელია არეულ საათებს ასწორებს, რომ რეალური დრო პატარა მექანიზმში არც წინ გაიჭრას და არც ზედმეტად ჩამორჩეს.
არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო
ჯიხურში, ერთ კედელზე, შესაკეთებელი და შეკეთებული საათები ჰკიდია, მეორეზე – მომღიმარი შვილების, შვილიშვილებისა და ცოლის ახალგაზრდობის ფოტოები.
დედ-მამა ადრე გარდაეცვალა და იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. სარჩო რომ ჰქონოდა, თხუთმეტი წლისამ მეზობლისგან მესაათეობა ისწავლა.
„15 წლიდან მესაათედ ვმუშაობ, ომი იყო, ყველაფერი მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით, ხალხი შიმშილობდა, მაგრამ ომის დამთავრების მერე ყველაფერი შეიცვალა და ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში და მერეც ბათუმში ორად-ორი მთავარი ქუჩა იყო – ლენინისა და სტალინის, სადაც ხალხი სასეირნოდ გამოდიოდა. გოგო-ბიჭებიც აქ ხვდებოდნენ ძირითადად ერთმანეთს. 18 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი ცოლი რომ დავინახე პირველად სტალინის ქუჩაზე. ლამაზი იყო და ძალიან მომეწონა. ცხრამეტისამ უკვე ცოლად შევირთე, მას შემდეგ ჩემთვის მთავარი ოჯახია, ცოლ-შვილი და ახლა უკვე შვილიშვილებიც. ასეა ეს, ყველა ოჯახის კაცისთვის, მეც ოჯახის კაცი ვარ და ჩემთვისაც ასეა“.
არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო
ყოველთვის დროის სვლას აკონტროლებს, მაგრამ დრო მისთვისაც ისე გადის, როგორც ყველასთვის, ერთი განსხვავებით: იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ მუშაობისას გატარებულ დროს შრომის საათებად ვერ აღიქვამს. შვებულებით არასოდეს უსარგებლია და დაუსვენია, „თუ არ ჩავთვლით წლების წინ, ერთ ზაფხულს ბორჯომში რამდენიმედღიან დასვენებას.“
ბათუმში ყველას იცნობს და ყველა იცნობს. სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მოსწონს ქალაქის სიახლეები, ახალი შენობები და ბევრი ტურისტი ქალაქის ქუჩებში. ქალაქი ლამაზი და კარგია, როცა ხალხია ბედნიერიო, მიიჩნევს. ახსოვს ბავშვობის დროინდელი, 20-30-იანი წლების ბათუმის მშვიდი ქუჩები, შოლტიანი მეეტლეებითა და ცხენებშებმული ფაეტონებით, როცა ვერსად ნახავდით ავტომობილს.
დარდობს, რომ მოხუცდა და ისე ვეღარ ხედავს უსათვალოდ, როგორც ადრე. შვილები სთხოვენ, შინ იყოს და აღარ იმუშაოს, მაგრამ უსაქმოდ ყოფნა არ უნდა, თან პენსიაც არაფერში ჰყოფნის, თითქმის მთლიანად წამლებში ეხარჯება და მესაათეობით დამატებითი შემოსავალი აქვს.
„პენსია რაში უნდა მეყოს? რომ არ ვმუშაობდე, გამიჭირდებოდა. არსებობა ცხოვრებას ხომ არ ნიშნავს?! ოთხმოცდაათი წლის მოხუცი ვარ და ვგრძნობ, როგორ მიძნელდება ნელ-ნელა შრომა. დრო რომ უკან დაბრუნდეს, სხვა პროფესიას არ ავირჩევდი, რაც არ უყვარს ადამიანს, ის არც გამოუვა. დავუკრავ მე ახლა ფორტეპიანოზე? ვერა. მომწონს რასაც ვაკეთებ, წვრილ დეტალებში ცქერა და დაშლა-აწყობა. ადრე ბევრი ნაწილი არ იშოვებოდა და თვითონ უნდა ჩამოგვესხა უწვრილესი დეტალები, ახლა ყველაფერი იყიდება და საქმეც გაგვიმარტივდა მესაათეებს. ბევრი კლიენტი არ მყავს, როგორც ადრე, მაგრამ შემოივლიან ხოლმე ანტიკვარული, ძველი საათი თუ გაუფუჭდა ვინმეს. მუდმივი კლიენტები არ მყავს, რამდენჯერ უნდა გაუჩერდეს ადამიანს საათი? თუ უჩერდებათ მოდიან, თუ არა და ჯიხურთან ჩავლისას გამარჯობას ხომ მაინც მეტყვიან“.
არკადი მელქოიანი. თამარ ნერგაძის ფოტო
ქალაქის ყველაზე ხანდაზმული მესაათე დროზე გვიმხელს თავის აზრს:
„ისე გავიდა ჩემი ოთხმოცდაათი წელი, მგონია, გუშინ დავიბადე. დროისგან ის უნდა დაგრჩეს, რისი მიღებაც გინდა, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან, ძალიან სწრაფად გადის და სწორად უნდა გამოიყენო. სანამ დრო და საათი იარსებებს, იარსებებენ მესაათეებიც”, – ასე ფიქრობს ქალაქის ყველაზე ასაკოვანი მესაათე, 90 წლის არკადი მელქონიანი.
ციფრულ ერაში კიდევ რამდენ ხანს იარსებებს საათი, რომელიც ფუჭდება და შეკეთებას საჭიროებს? არიან ქალაქში ახალგაზრდები, რომლებსაც მომავალში მესაათეობა სურთ? თუ ამ პროფესიის ხალხიც მხოლოდ ძველ ფოტოებს შემორჩება? – ასეთ კითხვებზე პასუხს მხოლოდ დრო სცემს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ქალაქის ქუჩებში აუჩქარებლად სეირნობისას ორი ქუჩის კვეთასთანაც ჩავიაროთ, სადაც ბათუმის ყველაზე ხნიერი მესაათე დროს ჩაჰკირკიტებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის, გოგიტა გოგიტიძის მიმართ ადმინისტრაციული სამარათალდარღვევის ოქმი შედგა.
ოქმის შედგენის მიზეზი გახდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტომასალის განთავსება.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
გოგიტა გოგიტიძე უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში უმცროს სპეციალისტად მუშაობს. ის ამბობს, რომ „ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იმყოფებოდა და ის, როგორც პრესსამსახურის თანამშრომელი, თავმჯდომარის აქტივობას აშუქებდა: „ფოტო მხოლოდ ფეისბუქგვერდზე დავდე და თავმჯდომარის მოთხოვნით ერთ საათში ავიღე.“
იმავე მიზეზით ბათუმის საოლქო კომისიამ დააჯარიმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი თამარ დიასამიძე, ხოლო შუახევის საოლქო კომისიამ სხეფის სკოლის პედაგოგი – მარინა დარჩიძე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის 8 სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერი ჩამოწვა 6 საცხოვრებელ სახლთან, აქედან ორი ოჯახი დროებით ახლობელთან გადავიდა საცხოვრებლად.
„ერთი ოჯახი ლეღვაში ცხოვრობს, მეორე – წყავროკაში. ამჟამად ადგილს სწავლობენ გეოლოგები. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები, მათ შორის, სოფელ ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩამოწვა მეწყერი. სულ 17 ერთეული ტექნიკური საშუალება მუშაობს,“ – გვითხრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ რომანაძემ.
ქობულეთის გამგეობის მონაცემებით, მეწყერმა გზების პრობლემა შექმნა სოფლებში: ქაქუთში, ლეღვაში, წყავროკაში, აჭყვისთავში, მუხაესტატეში, ალამბარში, ცეცხლაურში. მეწყრისგან ძირითადად შიდა სასოფლო გზები იწმინდება. სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზები კი უკვე გაწმენდილია.
ადიდებულმა მდინარემ გუშინ წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ხიდი წაიღო.
გამგებლის მოადგილის, მალხაზ რომანაძის ინფორმაციით, გუშინ ღამით ჩაიკეტა ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაც, თუმცა მალევე გახსნეს.
მთავარ ფოტოზე: სტიქია ქობულეთში/ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტო/24.09.2017
„ძალიან რთულია მისცე ჩვენება საკუთარი შვილის წინააღმდეგ,“ – ეს ერთ-ერთმა დედამ უთხრა მოსამართლეს და ცრემლიანი მზერის დამალვა სცადა. მან პოლიციას საშველად მას შემდეგ მიმართა, როცა შვილმა ბებიასაც სცემა. სპეციალისტების თქმით, დედები უკიდურეს სიტუაციაში მიმართავენ სამართალდამცველებს, რადგან უჭირთ იმის გამჟღავნება, რომ შვილები მათზე ძალადობენ.
ოჯახში ძალადობის მუხლით სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებში რთული არ არის იპოვო საქმე, სადაც შვილები გასამართლდნენ, მაგალითად, იმიტომ, რომ არასრულწლოვანმა შვილმა დედას მუცელში დანა დაარტყა; 20 წლის ბიჭმა უსინათლო დედას სცემა; ან კიდევ: შვილისგან ძალადობით დაღლილმა დედამ მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტომით სცადა თვითმკვლელობა…
*****
ეს ამბავი გასული წის გაზაფხულზე მოხდა. 16 წლის აზამ [სახელები შეცვლილია] საკუთარი დედა მუცელში დანით დაჭრა.
„დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ბათუმში, ჯა…..ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ან……ვამ, ცივი იარაღის, დანის გამოყენებით, დედას ირ…..ვას მიაყენა მუცლის წინა კედლის ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო…“ – ვკითხულობთ მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ ხელმოწერილ განაჩენში. სასამართლომ არასრუწლოვნის ინტერესი გაითვალისწინა და აზას ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – გამოსაცდელი ვადით. არასრულწლოვანმა საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ სამი თვე გაატარა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნახავთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს შეფასებასაც. „მოზარდს აქვს ემოციური და ქცევითი პრობლემები. ასევე დაფიქსირდა ქცევითი თავისებურებები -კონფლიქტური ქცევა, იმპულსურობა და თამბაქოზე დამოკიდებულების პრობლემა. ვლინდება წარსული ძალადობრივი ქცევები, როგორც არასრულწლოვნის მხრიდან, ისე დედის მხრიდანაც. მოწოდებული ინფორმაციით, მას ურთიერთობა აქვს არაკეთილსაიმედო პირებთან. მოზარდს უჭირს თვითკონტროლი, გამოხატავს აგრესიას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების მიმართ,“ – აღნიშნულია დასკვნაში.
პრობაციის სააგენტოს სოციალური მუშაკის ინფორმაციით, განაჩენის გამოტანამდე, აზას ურთიერთობები დედასთან მოგვარდა, ასევე ბებიასთან, რომელიც დედა-შვილთან ერთად ცხოვრობს.
დედის დაჭრამდე აზას მინდობით აღზრდაში გადაცემა სურდა ოჯახს, რაზეც გოგოს უარი უთქვამს. აზა არაერთხელ გაქცეულა სახლიდან…
სოციალური მუშაკი აღნიშნავს იმასაც, რომ აზას გარკვეული აქვს თავისი მომავალი, აპირებს უცხო ენების შესწავლას და კაზინოში დასაქმებას, „ფიქრობს, რომ ამაში მეგობარი დაეხმარება, რომელიც კაზინოში მუშაობს მაღალ პოზიციაზე… მოზარდს აქვს გამოკვეთილი ჰობი და ინტერესები, რაც უკავშირდება ხატვას და ცეკვას. არასრულწლოვანი მოტივირებულია, რომ მისი ცხოვრება ძირეულად შეიცვალოს და გახდეს წარმატებული ადამიანი,“ – ამ სიტყვებით სრულდება პრობაციის სააგენტოს დასკვნა აზას შესახებ.
„სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი რაში უნდა დამეხმაროს, სასაცილოა…“ – მოგვწერა აზამ. ჩვენ მას „ფეისბუქში“ ვესაუბრეთ:
„ჩემი რაღაც მინდა შევქმნა, მაგრამ არ ვიცი, რა… ბევრი იდეა მაქვს, რომელსაც ვერ ვახორციელებ, ალბათ, ვერც ვერასდროს ვიზამ… სულ სხვა ცხოვრება მინდა. მინდა, რამე ვისწავლო, მაგალითად, სასტუმროს ადმინისტრირება, მაგრამ ყველაფერს ფული უნდა. სოციალურ დახმარებასაც არ გვაძლევენ… დიდი სიამოვნებით წავიდოდი საერთოდ აქედან და ჩემს ცხოვრებას მივხედავდი. ვიღაცა უნდა დამეხმაროს. ეს პირობითი სასჯელი, მაინც იძირება ადამიანი მაგ მომენტში. სკოლაში აღარ დავდივარ. მუშაობა მინდა და ამიტომ. დედასთან ისევ ვჩხუბობ. რატომ? ერთმანეთისთვის დათმობა ვერ ვისწავლეთ. მე ფინანსურად მათზე დამოკიდებული არ ვარ, ისინი არიან ჩემზე დამოკიდებული. სახლში ნაწილობრივ არ ვარ. მე საიდან მაქვს შემოსავალი? მეგობრები მეხმარებიან…“
აზას რეაბილიტაციის პროცესში ჩართულმა ერთ-ერთმა სოციალურმა აგენტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არასრულწლოვანი გოგო, სავარაუდოდ, პროსტიტუციაში იყო ჩართული. ამ თემაზე დასმულ კითხვაზე აზამ მოგვწერა, რომ აღარ სცალია ჩვენთან სალაპარაკოდ.
როგორია ამჟამად პრობაციის ეროვნული სააგენტოს დასკვნა დედის დაჭრისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერზე და რას სთავაზობს სახელმწიფო არასრულწლოვანს? – პრობაციის ეროვნული სააგენტოდან წერილობით გვიპასუხეს, რომ სასჯელის მოხდის გეგმას თითოეული პრობაციონერის შემთხვევაში ინდივიდუალურად ადგენენ – დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით.
„სასჯელის მოხდის დაწყებისთანავე, 2017 წლის თებერვალში, ა.უ.-ს შეხვდა სოციალური მუშაკი პრობაციის ბიუროში, რომელიც შემდეგ საცხოვრებელ მისამართზეც ეწვია. ზიანის რისკის შეფასებისას გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთო, თუმცა პრობაციონერმა უარი განაცხადა ფსიქოლოგთან თანამშრომლობაზე და მხოლოდ სოციალურ მუშაკთან შეხვედრებს დათანხმდა. ა.უ.-სთან დაკავშირებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ საჭიროებების გათვალისწინებით, სასჯელის აღსრულების გეგმა გაიწერა. გეგმაში აქცენტები დასმულია სხვადასხვა, კონკრეტულად ამ პირობით მსჯავრდებულისთვის აუცილებელი მიმართულებებით. სასჯელის მოხდის გეგმის განხორციელების პროცესში, მასთან გამართული შეხვედრებისას, კონკრეტული პოზიტიური ცვლილებები დაფიქსირდა, რასაც ადასტურებდა ოჯახის სხვა წევრიც,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებულ წერილში.
„ბათუმელები“ აზას სახლშიც ესტუმრა იმისთვის, რომ მის დედას გავსაუბრებოდით. აზას ბებიამ გვითხრა, რომ შვილი და შვილიშვილი შინ არ არიან და არ იცის, როდის დაბრუნდებიან. ბებიას თქმით, დედა-შვილს ახლა კარგი ურთიერთობა აქვს და აღარ ჩხუბობენ.
„ეს გოგო თვითონ მსხვერპლია… მან უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის და იმის, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას. ახლა ფსიქოლოგის მუშაობა მასთან ყველაზე მნიშვნელოვანია, მას სჭირდება საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება,“ – ამბობს მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგი, ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა „ძალადობის კრიმინოლოგია“ და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
კრიმინოლოგი საუბრობს მოძალადის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე, ბავშვებზე, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან. „მე ვხედავ ამ არასრულწლოვანს, რომელმაც გააპროტესტა ის, რაც მის თავს ხდება. მან სხვა ალტერნატივა ვერ დაინახა. სახელმწიფოსგან უმოქმედობა ამ დროს დანაშაულია. ჩვენ ხშირად პრობლემას მაშინ ვხედავთ, როცა ურემი გადაბრუნდება. ვიდრე ტრაგიკული შემთხვევა მოხდება, მანამდე უნდა იზრუნოს სოციალურმა სამსახურებმა მსგავს რისკჯგუფზე, მით უმეტეს ბავშვებზე და, რაც მთავარია, ჩვენ კონფლიქტის აგრესიის გარეშე მოგვარება უნდა ვისწავლოთ. ჩვენს შვილებს უნდა დავანახოთ, რომ შესაძლებელია ადამიანებს შორის ურთიერთობა აგრესიის გარეშე“, – დასძენს მორის შალიკაშვილი.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„ის უკვე მოკვდა…“[/highlight]
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ერთ-ერთი მაღლივი კორპუსის მეთერთმეტე სართულის ბნელ სადარბაზოში კარს არავინ მიღებს. მეზობლების კარებზე ვაკაკუნებ. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი კარი იღება და შუახნის ქალი გამოდის. ვეუბნები, რომ იმ უსინათლო ქალის ამბავი მაინტერესებს, რომელსაც შვილმა სცემა. უკვე მოკვდაო, მპასუხობს ის. მერე იქვე მაჩერებს და მიყვება, რა მოხდა გარდაცვალებამდე….
გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 20 წლის ირაკლი ხ.-ს, ორივე წელი პირობით გამოსაცდელი ვადით. ირაკლის დედის მიმართ ძალადობაში დაედო მსჯავრი. განაჩენში წერია, რომ მან „დედას, რომელიც არის უსინათლო, ზურგის არეში დაარტყა ხელი, ასევე სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა პირსახოცი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.
„ხშირად კამათობდნენ ხმამაღლა, დედას ხმამაღალი მუსიკა არ უყვარდა… მეგობრებიც ხშირად ამოყავდა შვილს, ხმაურობდნენ, ბიჭი ფულს დედას სთხოვდა“, – მიყვება მეზობელი. – „ახლა საერთოდ ვეღარ ვნახულობთ ირაკლის. პლაჟზე შეზლონგებს აქირავებსო, ასე თქვეს. ხანდახან გვიან ღამით მოდის და დილით ისევ მიდის. ადრე ბარაკში ცხოვრობდნენ თურმე, იქ დაბადებულა ეს ბიჭი. ბოლო სამი წელია აქ არიან. როგორც ვიცი, მერიამ მისცა ეს ერთოთახიანი ბინა. კარგად გაცნობა ვერც კი მოვასწარი… ერთხელ თავისით შემოვიდა დედა და წნევის გაზომვა მთხოვა. მერე მე თვითონ შევდიოდი და წნევას ვუზომავდი. ვიცოდი, უსინათლო რომ იყო. მეუღლის სახელს არ ახსენებდა. დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. ძალიან ნერვიულობდა ამ ამბავს, რომ პოლიციისთვის მოუწია მიმართვა. პოლიციელებიც ხშირად მოდიოდნენ მერე. სოციალურ დახმარებას იღებდა დედა-შვილი. ქალს სიმსივნე ჰქონდა. 55 წლის იყო მგონი…“
ირაკლის მოძებნა მეც ვცადე პლაჟზე. მისთვის მინდოდა მეკითხა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გაასამართლა და დედა გარდაიცვალა. პლაჟზე ირაკლის ვერ მივაგენით.
„თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ… მეტადონის პროგრამას გავდიოდი, წამლებს ვსვამდი, ძალიან ცუდად ვიყავი, არ ესმოდათ ჩემი… არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. მე მხოლოდ საკუთარ თავს ვაზიანებდი. მეტი აღარ შემეძლო,“ – ასე უპასუხა დედისა და მამის მიმართ ძალადობაში ბრალდებულმა ცოტნემ მოსამართლის შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?
ბათუმის საქალაქო სასამართლო. მანანა ქველიაშვილის ფოტო
ოჯახში ძალადობის გარდა ცოტნეს კიდევ ერთი მუხლით წაუყენა პროკურატურამ ბრალი – დედის თვითმკვლელობამდე მიყვანა. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემდეგ ცოტნეს დედა მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. ამი შემდეგ შეიტყო პოლიციამ ცოტნეს მოძალადეობის შესახებ. სასამართლო სხდომაზე ბრალის არსი პროკურატურამ ასე ჩამოაყალიბა:
„მან თავის დედას ხელები მოუჭირა ყელში, რამაც ჰაერის უკმარისობა და მისი გონების დაბინდვა გამოიწვია, ხოლო მამას ხელების გამოყენებით სახის არეში მიაყენა დარტყმები. ბრალდებულის მიერ განხორციელებულმა ძალადობამ მისი მშობლების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია… სისტემატიურად განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის, ფიზიკური ძალადობების, პატივისა და ღირსების დამცირების შედეგად, ლ.დ.-მ საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადახტომით სცადა თვითმკვლელობა, რის გამოც მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგადაც ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება და მისი გადარჩენა მოხერხდა.“
მოსამართლე ირაკლი შავაძემ ცოტნეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ერთი წელი რეალური პატიმრობით, ორი – პირობით გამოსაცდელი ვადით. ცოტნე ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. მისი ადვოკატი, ნიკოლოზ კანკავა, არ გამორიცხავს შეწყალების გაფორმებას, თუმცა მისი ინფორმაციით, მსჯავრდებულის მამა ამის წინააღმდეგია.
„დედა დედაა და აპატია. მამა არ პატიობს შვილს, ის იყო მთავარი მოწმე ამ საქმეში. მათ შორის მამაშვილური ურთიერთობა ფორმალობაა, მაგრამ ძალადობა ამ ოჯახში აღარ იქნება“, – გვითხრა ადვოკატმა ნიკოლოზ კანკავამ.
კითხვაზე, რატომ გამორიცხავს შვილის მხრიდან განმეორებით ძალადობის ჩადენას, გვითხრა, რომ ცოტნე უკვე აღარ მოიხმარს ნარკოტიკს და მან ციხეში დაასრულა შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამა. „კონფლიქტის ძირითადი მიზეზი ეს იყო. ის მოძალადე მართლა არაა. უბრალოდ, რაღაც მომენტში კონტროლი დაკარგა,“ – დასძინა ადვოკატმა.
მორის შალიკაშვილი, კრიმინოლოგი: „ამ დედამ ფანჯრიდან გადახტომით სცადა ერთგვარად გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. ცხადია, ნარკოტიკის მოხმარება იქნებოდა მთავარი მიზეზი კონფლიქტის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ფინანსურად კარგ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ვიცით, როგორ გადადიან ყველაფრის გაყიდვაზე ნარკოტიკის მომხმარებლები, ოღონდაც ნარკოტიკი მიიღონ. ამ ბიჭს, როგორც ჩანს, ისევ უჭირს იმის აღიარება, რომ მის გამო მოხდა ეს ტრაგედია. ეს შემთხვევაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოძალადის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის აუცილებლობას“.
ცოტნეს ოჯახი ძველ ბათუმში, ერთ ლამაზ ქუჩაზე, კერძო სახლში ცხოვრობს. იქ მისულს მეზობლებმა მითხრეს, რომ ცოლ-ქმარი ტრაგედიის შემდეგ ძალიან ჩაიკეტა, არ დაგელაპარაკებიან, მაგრამ მაინც სცადეო… მწვანებალახიან ეზოს გავდივარ და ვამჩნევ, მეორე სართულის ფანჯარას ქალი უახლოვდება, შეშფოთებულ მზერას მახვედრებს, არაფერს მეკითხება.
„რა გნებავთ?“ – მესმის პირველი სართულის კარიდან მოულოდნელად გამოსული კაცის ხმა. ვუხსნი, რის გამოც მივედი მათთან. „ვერ დაგელაპარაკებით“, – მოკლედ მპასუხობს ის და კარს მძიმედ ხურავს.
„გთხოვთ, ნუ გაგვახსენებთ ამ ტრაგედიას“, – მითხრა ისევ ფანჯარასთან მდგომმა ქალმა იმავე მზერით, მაგრამ ჩუმი ხმით.
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]„დედაზე ძალადობის ამბავი უფრო ჩაკეტილია, ვიდრე ცოლზე“[/highlight]
ეს ელისო ამირეჯიბმა გვითხრა, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ კოორდინატორმა. მისი დაკვირვებით, დედებს რცხვენიათ და ფუთავენ ძალადობის შემთხვევებს. ისინი მხოლოდ მაშინ მიმართავენ პოლიციას, როცა დაძაბულობა ოჯახში უკიდურეს ზღვარზეა.
ელისო ამირეჯიბი გამოყოფს საერთო მახასიათებლებსაც, რაც ამ ისტორიებს აერთიანებს – მშობლებს ბუმერანგივით უბრუნდებათ შვილებზე ბავშვობის დროს განხორციელებული ძალადობა:
„მოძალადე შვილები წარსულში იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, ან ხედავდნენ, როგორ სცემდა მამა დედას. მათ ძალადობრივი ქცევა დასწავლილი აქვთ. ერთგვარი წრეა, საიდანაც ვერ გავდივართ. ერთი შემთხვევა იყო, შვილი მამას სცემდა. მოძალადე ამბობდა, რომ ასე იქცეოდა, რადგან ადრე მამა ძალადობდა დედაზე. ამ ყველაფერზე პასუხი არის გაეროს კვლევაშიც, სადაც ჩანს, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის დასაშვებია და მისაღები ბავშვზე ძალადობა. ჩვენ ძალადობრივ გარემოში ვზრდით ბავშვებს და ეს ნორმა გვგონია. ეს უბრუნდებათ შემდგომში მშობლებს ბუმერანგივით,“ – გვითხრა ელისო ამირეჯიბმა.
დასახმარებლად მიმართავენ მოხუცი დედები „ღირსეულ სიბერესაც“. ეს ორგანიზაცია, ძირითადად, ქობულეთის მოსახლეობასთან მუშაობს. იურისტი მარინე ჟღენტი ბოლო შემთხვევაზე გვიყვება, როცა ბებიას სახლიდან გაგდებით შვილიშვილი დაემუქრა:
„სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. შვილიშვილმა ქონება გადაიფორმა და ბებიას სახლიდან გაგდებით ემუქრებოდა. ბებია ახლა შვილიშვილისთვის ნაჩუქარი ქონების დაბრუნებას ითხოვს, ჩვენ მას ადვოკატირებას ვუწევთ. შვილიშვილმა უძრავი ქონება მეორე ბებიას სახელზე გადააფორმა მას შემდეგ, როცა გაიგო, რომ ბებია უჩიოდა. მოხუცი ქალი ამჟამად მეორე შვილის ოჯახში ცხოვრობს. მოდავე ბიჭის მამა კი გარდაცვლილია…“
„ღირსეულ სიბერეში“ მოგიყვენ ისტორიებს, როგორ აიძულებდნენ მოხუცს, მაგალითად, დაეთმო პენსია შვილებისთვის. ერთი მოხუცი ქალი ღია ცის ქვეშ დარჩენილა იმის გამო, რომ შვილიშვილმა სახლი გაუყიდა. ამჟამად იგი ბათუმის თავშესაფარში ცხოვრობს.
მოხუც დედაზე ძალადობის შემთხვევა განიხილა ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლომაც. ამ შემთხვევაში მოძალადე შვილმა დედა თმებში ხელის ჩავლებით იატაკზე ათრია. ამ კონფლიქტამდე მოძალადეს გამოძიება სხვა პირისთვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას ედავებოდა, რის გამოც მას ხელვაჩაურის სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა მსჯავრდებულმა იმავე დღეს დედაზე იძალადა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა მოძალადეს 2 წლითა და 6 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
„მთავარი დამნაშავე საზოგადოებაა, რომელიც აგრესიას კონფლიქტის მოგვარების საშუალებად განიხილავს…“ – ამბობს კრიმინოლოგი, პროფესორი მორის შალიკაშვილი. ის მიიჩნევს, რომ პრობლემა არ მოგვარდება, ვიდრე არ შეიცვლება დამოკიდებულება თავად აგრესიის მიმართ:
„ჩვენ გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ აგრესია ცუდია. პირიქით, აგრესიის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია არსებობა. მაგალითად, მიდიხარ ავტომანქანის გასარეცხად. თუ გინდა, რომ ყურადღება მოგაქციონ და ადეკვატურად მოგემსახურონ, მინიმუმ, ცოტა ხმა უნდა დაიბოხო და ისე ელაპარაკო. აგრესია ურთიერთობის ჩვეულებრივ ფორმად განიხილება. ეს ყოველდღიური ურთიერთობები ქმნიან ამ გარემოს. მაგალითად, ქალაქის არქიტექტურა და ურბანული მოწყობაც კი ერთ-ერთი მიზეზია, რაც ძალადობას იწვევს. ერთი მხრივ, ეს არის დამახინჯებული შენობები, მეორე – მწვანე სივრცის ნაკლებობა. შეზღუდული სივრცე აგრესიულ ფონს ქმნის.
ასევე მნიშვნელოვანია მამის ჩართვა აღზრდის პროცესში. პრობლემაა, როცა ქართველი მამები შვილის აღზრდას თავს არიდებენ. ეს შვილებში იწვევს თავდაჯერებულობის ნაკლებობას. თავდაჯერებულობის ნაკლებობა, ხშირ შემთხვევაში, არის ძალადობის მიზეზი და მოძალადე ცდილობს თვითდამკვიდრებას ძალადობრივი ქცევით,“ – ამბობს კრიმინოლოგი მორის შალიკაშვილი.
ძალადობის ისტორიებზე საუბრის დროს მორის შალიკაშვილს აქვს განცდა, რომ ეს უფრო ქალების წინააღმდეგ ძალადობაა და არა – დედების. განმარტავს, რომ როცა აგრესია არსებობს, ის ვიღაცისკენ უნდა მიემართოს. „მოძალადე ყოველთვის არჩევს ახლობელს და ობიექტს, ვისთანაც ძალადობა გაუვა“, – დასძენს კრიმინოლოგი. – „მამა ფიზიკურად უფრო ძლიერია. ამიტომ უმეტესად დედებზე ძალადობენ. გამოსავალი, პირველ რიგში, ლაპარაკის დაწყებაა იმაზე, რომ აგრესია ურთიერთობა არ არის.“
[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]
____________________
სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
ხვალ, 29 სექტემბერს, ბათუმის ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის [ბსუ] თანაორგანიზატორობით „ბათუმის სამეცნიერო პიკნიკი“ გაიმართება. სამეცნიერო პიკნიკი „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017“-ის ფარგლებში ჩატარდება.
ბსუ-ს ინფორმაციით, ბათუმის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი 20 კარავი დაეთმობა უნივერსიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სასწავლო დაწესებულებებს. წარმოდგენილი ორგანიზაციები საინტერესო ექსპერიმენტებს ჩაატარებენ და ინტერაქტიულ გამოფენებს წარმოადგენენ (იხილეთ ფესტივალის სრული პროგრამა).
ოფიციალური ინფორმაციით, „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით პირველად 2015 წელს აღინიშნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან ტრადიციას. ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის 24 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ქედაში, კორომხეთჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შუახევიჰესის მშენებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება დადებითად გადაწყდება, კასკადის მშენებლობა ქედაში 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება და ის მდინარე აჭარისწყალზე მოეწყობა – განაცხადა „ბათუმელებთან“ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსმა, დავით შარიქაძემ. მისივე ინფორმაციით, ჰესის ასაშენებლად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„სამშენებლო პროცედურებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დადებითად დასრულდება მოლაპარაკება და დაიწყება მშენებლობა. პირველადი სქემით, ჰესი 150 მეგავატი სიმძლავრის უნდა ყოფილიყო, თუმცა ეფექტურობის გაზრდის მიზნით საუბარია სიმძლავრის შემცირებაზე, დაახლოებით 100-120 მეგავატისა იქნება, თუმცა ტექნიკური დეტალები დასაზუსტებელია,“ – ამბობს დავით შარიქაძე.
ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე, რა მონაკვეთზე მოეწყობა კასკადი, ზუსტი ლოკაცია ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ წყალი დასახლებულ პუნქტებში არ შეგუბდება. ასევე აზუსტებენ დეტალებს, თუ სად გაიჭრება გვირაბები და რა მანძილზე.
კორომხეთჰესის გარდა, ქედაში მდინარე აკავრეთაზე მცირე გამომუშავების ჰესის მშენებლობაცაა დაგეგმილი.
დავით შარიქაძე ამბობს, რომ „მდინარე აკავრეთაზე პატარა ჰესის მოსაწყობად ინვესტორი არის, ამ დროისთვის კვლევები მიმდინაროებს, ამ შემთხვევაშიც ტექნიკური საკითხები ზუსტდება“.
ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ინფორმაციით, აკავრეთა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ოფიციალური საჯარო განხილვა ქედაში 2017 წლის 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
სექტემბრის ბოლო კვირა აჭარაში საუკეთესო პერიოდია მტაცებელ ფრინველთა მიგრაციაზე დასაკვირვებლად. ევრაზიიდან აფრიკის კონტინენტისკენ გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა გუნდები ერთი კვირის განმავლობაში იფრენენ ბათუმის ცაზე, რომელიც აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის, პირობითად კი „ბათუმის ძაბრის“ სახელითაა ცნობილი.
ბათუმის ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრი“ მსოფლიოში მესამე ადგილზე მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს.
24-30 სექტემბერს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წელს ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს აჭარაში. ფესტივალის მიმდინარეობისას ლექცია-სემინარები, პრეზენტაციები და ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე შემეცნებით-გასართობი ექსკურსიებია დაგეგმილი. მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის სათვალთვალო პლატფორმები კოლხეთის ეროვნულ პარკში, ჭოროხის დელტასა და სახალვაშო-ჩაისუბნის ტერიტორიებზეა მოწყობილი.
26 სექტემბერს სოფელ ჩაისუბნის სათვალთვალო პლატფორმაზე გაცნობითი ტური მოეწყო ფესტივალის მოწვეული სტუმრებისათვის. ღონისძიებას 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გარემოსდამცველები, ორნითოლოგები, გიდები, ტურისტები და მოხალისეები ესწრებოდნენ.
გიორგი ცეცხლაძის ფოტო
„როცა ფრინველები მიგრირებენ ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკის კონტინენტის მიმართულებით, აუცილებლად გაივლიან აჭარის რეგიონს. მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება მაგრამ ბინოკლით და ტელესკოპით ამ სანახაობის ნახვა გაცილებით ეფექტური და სასიამოვნოა,“ – აღნიშნა ჩვენთან ალექსანდრე რუხაიამ, ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
26 სექტემბრის ნისლიან დღეს ფრინველების დანახვა სახალვაშოს პლატფორმიდან შეუიარაღებელი თვალით ჭირდა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მიგრაციის დროს ღრუბელია, ნიშნავს თუ არა უამინდობა, რომ ტურისტების მოლოდინი ბუნებრივი პირობების გამო შეიძლება არ გამართლდეს?
ამ კითხვით ფესტივალის მონაწილეს, ფილიპ ჩოლენს მივმართეთ. ფილიპი ბელგიელი გარემოსდამცველია, მტაცებელი ფრინველების სახეობათა კონსერვაციის პროგრამაშია ჩართული და აჭარაში ყოველ წელს აკვირდება ფრინველთა მიგრაციას. ბავშვობაში ბაღებში ჩიტებზე დაკვირვება უყვარდა, მერე კი ორნითოლოგია მის გატაცებად იქცა.
„შეიძლება მთელი დღე აკვირდებოდე ბინოკლით ცას და ნისლის გამო ვერაფერი დაინახო, მაგრამ წამში გაიფანტოს ბურუსი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდეს გადამფრენ ფრინველთა უზარმაზარი გუნდები, ეს საოცარი სანახაობაა, ღირს მთელი დღე ყურადღებით იყო და გამოდარებას ელოდო. შეიძლება ხუთი წუთით მოაშორო ცას თვალი და ულამაზესი სანახაობა გამოტოვო. მიგრაციის პერიოდში დიდი პრობლემაა ფრინველებზე ნადირობა. ზოგიერთი სახეობის მტაცებლები გადაფრენისას გუნდ-გუნდად ეშვებიან დაბლა და მონადირეთა მსხვერპლი ხდებიან. პრობლემის აღმოსაფხვრელად გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმებისა, საჭიროა მოსახლეობისთვის, მონადირეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება იმ უნიკალური სახეობის ფრინველთა შესახებ, რომლებიც მიგრაციისას აჭარას გადაუფრენენ.
მე და ჩემი მეგობრები აქვე ახლოს, საოჯახო სასტუმროში ვრჩებით. ზოგიერთს ბათუმში იზოლირებულ, ლუქსნომრებში დარჩენა ურჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, საოჯახო სასტუმრო უფრო საინტერესოა ეკოტურისტისთვის: აკვირდები აქაურების ყოველდღიურობას, ცხოვრების წესს, მიირთმევ ოჯახში მომზადებულ ტრადიციულ კერძებს და ეს გეხმარება ახლოდან დაინახო ქვეყანა, რომელსაც ჯერ კარგად არ იცნობ. მეექვსე წელია ბათუმის ფესტივალზე ჩამოვდივარ და ყოველ წელს ვხედავ როგორ იზრდება ჩამომსვლელთა რაოდენობა. საქართველოს დიდი ტურისტული მომავალი აქვს“.
გიორგი ცეცხლაძის ფოტოგიორგი ცეცხლაძის ფოტოგიორგი ცეცხლაძის ფოტოგიორგი ცეცხლაძის ფოტო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, „ბათუმელებთან“ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს აჭარაში დიდი პოტენციალი აქვს. მხოლოდ გასულ წელს სოფელ სახალვაშოში, სადაც ერთ-ერთი სათვალთვალო პლატფორმაა მოწყობილი, საოჯახო სასტუმროებში 1500-ზე მეტმა ტურისტმა გაათია ღამე. ჩვენ წინასწარ გადავამზადეთ სასტუმრო-სახლების მეპატრონეები, რომლებსაც ტურისტები, მოწვეული სტუმრები უნდა მიეღოთ. ფესტივალის პერიოდში დამსვენებელთა რაოდენობა, ცხადია, კიდევ უფრო იზრდება. ასეთი ღონისძიებები მხოლოდ ტურიზმის ან ეკოტურიზმის ვიწრო ჩარჩოებში არ თავსდება, ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი სამეცნიერო საქმიანობის ნაწილია,“ – აღნიშნა მან.
გიორგი ცეცხლაძის ფოტოგიორგი ცეცხლაძის ფოტო
ფესტივალსა და ექსკურსიებში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინოკლებითა და გიდის მომსახურებით. მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში (577 90 90 93) ან ელექტრონულ მისამართზე: goo.gl
ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, იდეა კი საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას -BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის.
განსაკუთრებულ მტაცებელ ფრინველთა იდენტიფიცირების სირთულეები და გამოწვევები (მუქი და ინდური მცირე მყივანა არწივი – შემდეგი კვლევის სახეობებია) – ანდრეა კორსო (იტალია)
29 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკაში, „ამერიკულ კუთხეში“ ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედუარდ კურტისის ნამუშევრები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის თვალით დანახული ამერიკელი ინდიელების ცხოვრება.
ფოტოები ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცული კურტისის ფოტოების ასლებია. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები.
ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, განსაზღვრავს, თუ რა არის საჯარო ინფორმაცია . კანონი განმარტავს:
„საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, სამართლებრივად პასუხი სწორადაა მომზადებული და ამ პასუხის მიხედვით ირკვევა, რომ კრიტერიუმების შესახებ პროექტი ჯერ კიდევ სამუშაო დოკუმენტია და ის მომზადებული არ არის თუნდაც საიმისოდ, რომ მისი საჯაროდ განხილვა იყოს შესაძლებელი.
მერიის პასუხს ხელს აწერს მერიის აპარატის უფროსი ნუკრი დეკანაძე.
„ბათუმელებმა“ პროექტის ასლი მას შემდეგ გამოითხოვა, რაც „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ მისი არსებობის შესახებ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. ის პირდაპირ ეთერში ირწმუნებოდა, რომ „იაფი სახლის“ კრიტერიუმების პროექტი მზადაა და საკრებულოშია გადაგზავნილი. საკითხით „ბათუმელების“ დაინტერესების შემდეგ კი მან დააზუსტა, რომ კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტი მზადაა, თუმცა ის საკრებულოში გადაგზავნილი არ არის. ლაშა კომახიძის განმარტებით მან ამის შესახებ ინფორმაცია ბათუმის მოქმედ მერთან, გიორგი ერმაკოვთან გადაამოწმა.
მერიის ოფიციალური პასუხის მიხედვით კი, კრიტერიუმების პროექტი, რაზეც მერია უკვე სამი წელია მსჯელობს მზად ჯერ კიდევ არ არის. თუ ასეთი დოუკუმენტი არსებობს, თუნდაც ის დასამუშავებელი იყოს, რატომ იხელმძღვანელა მერიამ ადმინისტრაციული კოდექსით და გაასაიდუმლოვა პროექტი მაშინ, როცა თვითმმართველობის კოდექსი პროექტების დამტკიცებამდე გასაჯაროებას და მის განხილვაში საზოგადოების ჩართულობას ითვალისწინებს? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“ , რომელსაც იაფი სახლი უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოესი დღეები წვიმიანი იქნება. სინოპტიკოსები დღეს ღამით ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, ასევე ქარს – 15-20 მეტრი წამში სიჩქარით. ობსერვატორიაში ვერ გვითხრეს, კონკრეტულად როდის გამოიდარებს ბათუმში.
დღეს, 27 სექტემბერს ბათუმში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23 გრადუსია. ხვალისთვის სინოპტიკოსები 18-23 გრადუს სითბოს ელიან.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეს და ხვალ ზღვაზე შტორმიც იქნება – 4-5 ბალი.
ლგბტ თემისთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ბათუმში 28 და 29 სექტემბერს ჩატარდება. ტრენინგზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა.
ტრენინგზე „თანასწორობის მოძრაობის“ იურისტები: დიანა დავითაძე და ანზორ ხატიაშვილი ისაუბრებენ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, დისკრიმინაციაზე, პოლიციასთან ურთიერთობის დროს უფლებების დარღვევასა და ოჯახში ძალადობაზე. შეხვედრაზე კონკრეტულ შემთხვევებს და კაზუსებსაც განიხილავენ.
ტრენინგი დღის 4 საათზე დაიწყება და საღამოს რვამდე გაგრძელდება. მისამართი: „იდენტობის“ ბათუმის ოფისი, დავით კლდიაშვილის #1.
ტრენინგს ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციები: „იდენტობა“ და „თანასწორობის მოძრაობა“ მართავენ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ბათუმში გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ. ხეივანში შეკრებილებმა ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. ამ პერიოდში დაახლოებით 10 ათასი მოქალაქე დაიღუპა, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ჟიული შარტავა, 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
ბათუმის მერიამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ომში დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 300 ლარი გადასცა.
აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები გმირთა ხეივანში / 27.09.2017.
ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გურიაში, კურორტ ბახმაროში, დოღი იმართება. 19 აგვისტოს გამართულ დოღში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მონაწილეობდნენ. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ჩატარდა – ერთკილომეტრიან, ორკილომეტრიან, სამკილომეტრიან და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. გაიმართა ასევე ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღი.
მანანა ქველიაშვილის ფოტო
ერთკილომეტრიან დისტანციაზე დოღში პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით მოასპარეზე კუსა ბასილიამ და მისმა ცხენმა ცეცხლამ დაიკავეს.
ორკილომეტრიან დოღში გამარჯვება სოფელ სურების მკვიდრმა, სოსო რამიშვილმა და მისმა ცხენმა – ჩიმარდიმ მოიპოვეს.
ნახევრადწმინდა სისხლის ცხენების დოღში პირველი ადგილი ოზურგეთის საცხენოსნო კლუბის წარმომადგენელმა, თორნიკე თოდრიამ და მისმა ცხენმა პალიოტმა დაიკავეს.
სამკილომეტრიან დისტანციაზე გამარჯვება ქობულეთელმა ედნარ ტაკიძემ მოიპოვა ცხენით – ზურმუხტი, მეორე ადგილზე კი დოღის ერთადერთი ქალი მონაწილე, თეონა ტყებუჩავა გავიდა ცხენით – ზორო.
ტრადიციული დოღი ბახმაროში ხუთკილომეტრიანი მარულათი დასრულდა, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მერაბ შავაძემ გაიმარჯვა.
რა არის პრიორიტეტი ქალი ამომრჩევლებისთვის – ამის გასარკვევად სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი საქართველოს 10 რეგიონში გამოკითხვას ატარებს. ბათუმში ქალ ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირება ანონიმურად 6 მაისის პარკში, კოლონადებთან შეუძლიათ.
„მოსახლეობის 52 პროცენტი ქალია, მაგრამ ბოლო კვლევების მიხედვით ქალების ჩართულობა არჩევნებში ძალიან დაბალია. ჩვენი მიზანია, გაიგონ პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა, რა საჭიროებები აქვთ ქალ ამომრჩევლებს. სამწუხაროდ, წელსაც კანდიდატების უმრავლესობა კაცები არიან,“ – ამბობს ეთუნა ცოტნიაშვილი, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის კომუნიკაციის მენეჯერი.
გამოკითხვაში ქალ ამომრჩევლებს შეუძლიათ პრიორიტეტი მიანიჭონ სხვადასხვა საკითხს, რაც წინასაარჩევნოდ აქტუალურია. ასევე თვითონ დასვან პრობლემა, რასაც კანდიდატები არ ახმოვანებენ.
გამოკითხვის შედეგად ასევე დადგინდება, ანიჭებენ თუ არა უპირატესობას ქალი ამომრჩევლები იმ კანდიდატებს, რომლებიც ქალთა უფლებებზე აკეთებენ განსაკუთრებულ აქცენტს. გამოკითხვა ასევე გამოავლენს ქალების სურვილს საკითხზე – ვინ უნდა გაააქტიუროს ქალთა პრობლემები: საკრებულომ, გენდერულმა საბჭოებმა, თუ თავად ქალებმა.
„თითოეულ ქალაქში 100 ქალი გამოიკითხება, ქვეყნის მასშტაბით – 1000. ჩვენ გვაქვს ანკეტები სხვადასხვა ენაზეც. შესაბამისად, საინტერსო იქნება ეროვნული უმცირესობების პოზიციაც ამ საკითხზე. შედეგებს შევაჯამებთ და დაახლოებით 10 ოქტომბრამდე გამოვაქვეყნებთ. შემდეგ ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ პოლიტიკური პარტიების მონიტორინგს, რამდენად გაითვალისწინებენ პოლიტიკოსები ქალი ამომრჩევლების საჭიროებებს,“ – დასძენს ეთუნა ცოტნიაშვილი.
ბათუმში „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის“ პარტნიორი ორგანაზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტია“.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბოლო მონაცემებით, ბათუმში 139 676 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის იანვრის მონაცემებით კი, ბათუმში მთლიანობაში 155 500 ადამიანი ცხოვრობს. ორი სახელმწიფო უწყების ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, ბათუმში 18 წლამდე ასაკის 15 824 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მარტო ბათუმის საშუალო სკოლებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სწავლობს და ირიცხება ორჯერ მეტი – 37 350 მოზარდი.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ბათუმის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, დღეს ჯამში 29 840 მოსწავლე სწავლობს [აქედან 1841 მოსწავლე მე-12 კლასელია].
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაერთიანების საბავშვო ბაღებში დღეს 3-დან 6 წლამდე ასაკის 7510 ბავშვი ირიცხება. მისივე ინფორმაციით, ბაღებს გარეთ მიმდინარე თვეში დარჩა 1098 ბავშვი.
თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, უხეში გათვლებით, ბათუმში იმაზე გაცილებით [22 624-ით] ნაკლები ამომრჩეველია, ვიდრე ცესკოს საარჩევნო სიებშია დაფიქსირებული, ანუ 117 052 ნაცვლად 139 676-ისა.
თუ მივიჩნევთ, რომ ყველა მე-12 კლასელი დავუშვათ 18 წლისაა, ეს დიდად ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ ბათუმში 14 კერძო ბაღია, რომლებში რეგისტრირებული ბავშვების, ასევე ბათუმში მცხოვრები 3-წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა ამ დროისთვის არ დაგვიზუსტებია. ამ მონაცემების ჩათვლით კი, ბათუმის ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები გამოვიდოდა, ვიდრე ცესკოს მიერ დაფიქსირებული ამომრჩევლების რაოდენობაა.
„სიები, რაც უკვე გამოკრულია საარჩევნო უბნებში, შედგენილია 2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს, ელექტრონულადაც გადაამოწმოს საკუთარი თავი და თუ არ არის სიაში ან უზუსტობაა, მიმართოს საარჩევნო კომისიას. შესაბამისად არჩევნებამდე ეს სიები ამ ფორმით კიდევ დაზუსტდება,“ – გვითხრეს ცესკოს პრესსამსახურში.
არჩევნები 2016, ბათუმი / თედო ჯორბენაძის ფოტოები
მთავარ ფოტოზე: ამომრჩევლის თანმხლები ბავშვი სპაიდერმენის ფორმით. ფოტო „ბათუმელების“ 2016 წლის არქივიდან.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.