მთავარი,სიახლეები

რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო

29.09.2017
რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს.

სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით სავსე დარბაზში მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდების არსი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა სამი მეგობრის მისამართით ცეცხლი იმ მოტივით გახსნა, რომ ის დაივიწყეს. გასროლის შედეგად 34 წლის რუსლან ზ. დაიღუპა.

გამოძიების ვერსიით, ნუკრი ლ.-ს მკვლელობის ჩადენის დღემდე ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც ძირითადად სახლში იმყოფებოდა. 5 აგვისტოს მან სამ მეგობარს დაურეკა და შეხვედრა სამების მონასტერთან სთხოვა.

„უკვე საღამოს 10 იქნებოდა, როცა დარეკა, მაგრამ მაინც გავყევით, რადგან შეხვედრა სურდა, თან ეკლესიაში ვერ ავედი და თქვენთან ერთად მინდა ასვლაო. წავიდნენ,“ – გვიყვება გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ნუკრი ლ. იმ საღამოს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მანქანაში კუსტარულად დამზადებული სანადირო თოფი ედო, რომელიც ამ დრომდე ამოღებული არ არის. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ნუკრიმ მეგობრებს ჰკითხა, რის გამო დაივიწყეს იგი, შემდეგ კი მანქანის საბარგულიდან თოფი ამოიღო და გაისროლა. გასროლის შემდეგ ნუკრი ლ. საკუთარ მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.

„ამ საქმეში მთავარია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც თვითმხილველები არიან. თუ მათი ჩვენებები არ შეიცვლება, დიდი ალბათობით გამამტყუნებელი განაჩენი დადგება,“ – დასძინა მოსამართლემ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ ბრალდებულს ასევე უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ბრალდებულმა თქვა, რომ მას ამის სურვილი არ აქვს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. მან დაცვის მხარეს უარი უთხრა აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლაზე. „არაფერი შეცვლილა, ადამიანი გარდაცვლილია, ბრალდებული დააკავეს სულ სხვა რაიონში და არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე,“ – თქვა მოსამართლემ და უკვე ახმაურებული დარბაზიდან გავიდა.

მთავარ ფოტოზე: სასამართლო პროცესი/29.09.2017

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: