დღეს, 29 სექტემბერს „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პი დეველოპმენტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ.#22-ში სავაჭრო ცენტრი Black Sea Mall-ი ოფიციალურად გახსნა.
Black Sea Mall-ი ჰიპერმარკეტ კარფურსა და ოცდაორი უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდის მაღაზიას აერთიანებს. „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“, „არაი თუმოროუ“, „პარფოისი“, „ივ როშე“, „დელფოსი“, „პეპელა“, „ოვს ქიდსი“, „პენტი“ და „ბატა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბრენდების, რომელთა პროდუქციაც ახალ სავაჭრო ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ.
Black Sea Mall – ში უკვე 300-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
„ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ:
„Black Sea Mall-ი არის ცენტრი, რომელიც სიხარულს და ბედნიერებას მიანიჭებს მოსულ სტუმრებს. აქ ყველაფერია შვილებსა თუ მეგობრებთან ერთად გართობა- დასვენებისთვის: სათამაშო მოედანი, გასართობი კუთხე, „ვენდისისა“ და „დანქინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები.
ბათუმს უდაოდ სჭირდებოდა კიდევ ერთი დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.
ყოველი ადამიანი, რომელიც იპოვის სამუშაო ადგილს თავის ქალაქში, არის ბიზნესით დაკავებული ადამიანის მთავარი მოტივაცია.“
„ემ პი დეველოპმენტს“ თბილისში სამი სავაჭრო ცენტრი აქვს უკვე გახსნილი. ამ ცენტრების, ისევე როგორც ბათუმის Black Sea Mall-ის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი კარფურია.
„ემ პი დეველოპმენტი“ სავაჭრო ცენტრების გახსნას პარტნიორ „კარფურთან“ ერთად, თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს.
Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ 10.000.000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. რეგიონის ეკონომიკური წინსვლისა და ადგილობრივთა დასაქმების თვალსაზრისით Black Sea Mall-ი აჭარაში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. აქ გართობა-დასვენების, ყოველდღიური და საოჯახო საყიდლებისთვის კომფორტული, სასიამოვნო სივრცე გელოდებათ.
ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარიძე დაესწრო, რომელმაც რეგიონისთვის Black Sea Mall-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად მომავალშიც არაერთ პროექტზე აპირებს მუშაობას.