მთავარი,სიახლეები

ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით

27.09.2017 • 2825
ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა ცესკოს სიაში უფრო მეტია, ვიდრე სტატისტიკის მონაცემებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ბოლო მონაცემებით, ბათუმში 139 676 ამომრჩეველია რეგისტრირებული. სტატისტიკის დეპარტამენტის 2017 წლის იანვრის მონაცემებით კი, ბათუმში მთლიანობაში 155 500 ადამიანი ცხოვრობს. ორი სახელმწიფო უწყების ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, ბათუმში 18 წლამდე ასაკის 15 824 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, თუმცა მარტო ბათუმის საშუალო სკოლებსა და მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სწავლობს და ირიცხება ორჯერ მეტი – 37 350 მოზარდი.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის ინფორმაციით, ბათუმის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, დღეს ჯამში 29 840 მოსწავლე სწავლობს [აქედან 1841 მოსწავლე მე-12 კლასელია].

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაერთიანების საბავშვო ბაღებში დღეს 3-დან 6 წლამდე ასაკის 7510 ბავშვი ირიცხება. მისივე ინფორმაციით, ბაღებს გარეთ მიმდინარე თვეში დარჩა 1098 ბავშვი.

თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, უხეში გათვლებით, ბათუმში იმაზე გაცილებით [22 624-ით] ნაკლები ამომრჩეველია, ვიდრე ცესკოს საარჩევნო სიებშია დაფიქსირებული, ანუ  117 052 ნაცვლად 139 676-ისა.

თუ მივიჩნევთ, რომ ყველა მე-12 კლასელი დავუშვათ 18 წლისაა, ეს დიდად ვერაფერს შეცვლის, იმიტომ, რომ ბათუმში 14 კერძო ბაღია, რომლებში რეგისტრირებული ბავშვების, ასევე ბათუმში მცხოვრები 3-წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა ამ დროისთვის არ დაგვიზუსტებია. ამ მონაცემების ჩათვლით კი, ბათუმის ამომრჩეველთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები გამოვიდოდა, ვიდრე ცესკოს მიერ დაფიქსირებული ამომრჩევლების რაოდენობაა.

„სიები, რაც უკვე გამოკრულია საარჩევნო უბნებში, შედგენილია 2017 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით. ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს, ელექტრონულადაც გადაამოწმოს საკუთარი თავი და თუ არ არის სიაში ან უზუსტობაა, მიმართოს საარჩევნო კომისიას. შესაბამისად არჩევნებამდე ეს სიები ამ ფორმით კიდევ დაზუსტდება,“ – გვითხრეს ცესკოს პრესსამსახურში.

არჩევნები 2016, ბათუმი / თედო ჯორბენაძის ფოტო
არჩევნები 2016, ბათუმი / თედო ჯორბენაძის ფოტოები

მთავარ ფოტოზე: ამომრჩევლის თანმხლები ბავშვი სპაიდერმენის ფორმით. ფოტო „ბათუმელების“ 2016 წლის არქივიდან. 

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი – დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სორისის ფონდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: