მთავარი,სიახლეები

„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად

28.09.2017 • 2822
„ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ რჩეული ბათუმის ოლქის „ნეიტრალურ“ წარმომადგენლად

ბათუმის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიებში ერთ-ერთ წარმომადგენლად დავით ქარცივაძე შეარჩია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოლქის წარმომადგენელი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს. დავით ქარცივაძე კი „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირი. საოლქო კომისიის წარმომადგენელს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ უბანზე თავისუფლად შესვლის უფლება აქვს. მან მიმდინარე პროცესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ოლქს.

„დავით ქარცივაძის დანიშვნა იყო საარჩევნო კოდექსის დარღვევა. ჩვენ ცესკოს გადაწყვეტილებას ველოდებით ამ საკითხზე. მივიჩნევთ, რომ ეს არის თანაბრობის და კონკურენტუნარიანი გარემოს პრინციპის დარღვევა,“ – აღნიშნა დღეს, 28 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.

„ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია. პოლიტიკურ პარტიებთან შესაძლოა იგი დაკავშირებული იყო, მაგრამ ამჟამად დავით ქარცივაძე არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. ძალიან სუბიექტურია ასეთი შეფასება, ვინ არის ანგაჟირებული და ვინ – არა,“ – მიიჩნევს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე.

ბათუმის ოლქის იურისტის განმარტებით, მართალია, დავით ქარვივაძე „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაშია, მაგრამ მას შეუძლია არ გახდეს დეპუტატი, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. „კანონი არ ავალდებულებს დავით ქარცივაძეს იმას, რომ აუცილებლად უნდა გახდეს დეპუტატი,“ – დასძენს ზვიად სურმანიძე.

როგორ შეიძლება პირი მივიჩნიოთ პოლიტიკურად ნეიტრალურად, როცა იგი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა საარჩევნო კომისიებში და ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაშია? – ეს კითხვა ბათუმის საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელისთვის გვინდოდა დაგვესვა, მაგრამ ციალა შავაძემ გვითხრა, რომ ტრენინგს ატარებს, არ სცალია და კომენტარს მის ნაცვლად ოლქის იურისტი გააკეთებს.

დავით ქარცივაძე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის მე-4 ნომერი იყო. იგი პარტიის წევრი ოფიციალურად არ არის, მაგრამ ისევ საარჩევნო სიაშია. ეს გულისხმობს იმას, რომ თუკი უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ დეპუტატის მანდატი შეუწყდება, დეპუტატი გახდება დავით ქარცივაძე, ანუ პირი, რომელიც ამ ეტაპზე ბათუმის საოლქო კომისიამ „პოლიტიკურად ნეიტრალურ და არაანგაჟირებულ პირად“ მიიჩნია.

კანონის პირდაპირ დარღვევას ვერ ხედავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, თუმცა მიიჩნევენ, რომ ოლქს უპირატესობა უნდა მიენიჭებია იმ პირისთვის, ვისაც წარსულში ან ახლა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის. „ცხადია, უმჯობესი იქნებოდა, თუკი საოლქო კომისია შეარჩევდა წარმომადგენელს, ვისაც აშკარად გამოხატული პოლიტიკური ბმა არ ექნებოდა რომელიმე პარტიასთან. ამ შემთხვევაში საოლქო კომისიაც იღებს ვალდებულობას ამ პირის ნეიტრალურობაზე“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოდუს ვივენდის“ დამკვირვებელი იყო. 2016 წლის მაისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, დავით ქარცივაძე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა.

qarcivadze

ფოტოზე: მარცხნიდან პირველი, პირველ რიგში, დავით ქარცივაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: