იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად

გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში.

კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს  (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი ადგილები) და ზრუნავენ მათი განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის; კონკურსი ასევე მიზნად ისახავს, გამოვლინდეს მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

კონკურსის შედეგად, 17 ოქტომბერს, სამ გამარჯვებულ მუნიციპალიტეტს გამოავლენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ერთ ერთი ყველაზე გარიყული და დისკრიმინირებული ჯგუფია საქართველოში. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი, არასწორი ცოდნისა და დისკრიმინაციული ცრურწმენების საფუძველზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ უარყოფითი განწყობის, სტიგმის მატარებელია. აღნიშნული სტიგმები, ნეგატიური დამოკიდებულება თუ პოზიტიური დისკრიმინაცია კი ხელს უშლის ბავშვებს და  ზრდასრულ ადამიანებს განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სისტემატურად ართმევს მათ უფლებას, იყვნენ თანასწორნი.

სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით და ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებების და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავცელებას.

Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

Area.ly არის პლატფორმა, რომელიც სასტუმროს მფლობელებს ერთი-ორად გაუადვილებს ბიზნესის მართვას. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, კომპანიამ მიაღწია პარტნიორობას  Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა სისტემებთან, რომლებიც ე.წ. “hospotality” ბაზრებზე ლიდერები არიან. დღეს კი Area.ly  მულტიენოვანი საიტია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი, ბევრად უფრო ოპტიმალურად უხელმძღვანელებს საკუთარ სასტუმროში მიმდინარე პროცესებს.

თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაჩნდა. მათ სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გადაჭრა ელექტრონულ ფორმატში. უფრო დეტალური კვლევისას კი გამოჩნდა, რომ საჭირო იყო სრულფასოვანი პლატფორმა უამარავი ოპერაციის სამართავად, რომლებიც სასტუმროების ყოველდღიური ცხოვრების რიტმის თანმდევი პროცესია. პროგრამული უზრუნველყოფით სასტუმროს საქმეების წარმოება ათწლეულების განმავლობაში სტანდარტად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უცებ კი აღმოჩნდა, რომ საქართველოში უკეთეს შემთხვევაში ექსელი წარმოადგენს სასტუმროს მართვის სისტემას და ძირითადად – ფურცლების და საწერი კალმების ამარა ხდებოდა ოპერირება. შესაბამისად, შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც ყველა პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს.

სტარტაპი Leavingstone-ს ეკუთვნის, რომლისთვისაც დამოუკიდებელი ბიზნესი სიახლე არ არის. სააგენტოს პორტფელში სარეკლამო სფეროსგან დამოუკიდებელი ორი სტარტაპი უკვე არსებობს: “ნებულა” (www.nebula.ge) და “ჯეოლაბი” (www.geolab.edu.ge). Area.ly Leavingstone-ის მესამე დამოუკიდებელი სტარტაპია, რომელიც დავეხმარება სასტუმროს მფლობელებს, საქმე ბევრად უფრო თანამედროვედ და მოწესრიგებულად აწარმოონ.

სისტემა საშუალებას აძლევს ამ კონკრეტული ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, რომ ცოცხალ რეჟიმში, ავტომატურად აკეთოს ის საქმე, რისთვისაც აქამდე ბევრი დრო დაეხარჯებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ სარგებლისა, სისტემის მთავარი მიზანი მაინც გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა. Area.ly-ს პარტნიორ სასტუმროებს არ სჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ სტუმრებს მიაწოდონ საკუთარ სერვისზე დეტალური, რეალურ დროში განახლებადი, ინფორმაცია. თანაც ეს ერთდროულად გააკეთონ  ყველგან, სადაც შეიძლება ეძებდეს მას თავად დამსვენებელი.

area.ly - არეალი

აქამდე ადმინისტრატორებს  უწევდათ ხელით ეკონტროლებინათ 4, მაქსიმუმ 5 ონლაინ ჯავშნების არხი და ესეც წარმოუდგენელი შრომისა და შეცდომების ფასად. ხდებოდა გადაჯავშნები ანუ, ერთდროულად შეიძლება მოსულიყო ორი სტუმარი ერთი და იმავე ნომრის ჯავშნით. Area.ly-ის დახმარებით კი, მათ შეუძლიათ საკუთარი სასტუმროს ნომერი გაყიდონ ათეულობით არხზე პარალელურად დამატებით ადამიანური რესურსის ჩართვის გარეშე. ერთი წყაროდან მოსული ცვლილება, მომენტალურად აისახება მთლიან სისტემაში. ასევე საშუალება აქვთ დანაკარგის გარეშე იქონიონ საკუთარი კლიენტების ელექტრონული ბაზა, ჰქონდეთ სტატისტიკა და აკონტროლონ დინამიკა. ყოველთვის შეუძლიათ ნახონ გაყიდვები და შეადარონ იგი ნებისმიერ პერიოდს.

უფრო დეტალურად კი, Area.ly-ს სამი მოდული აქვს: ადმინისტრაციული, ბუქინგის და ონლაინ ჯავშნების მოდული. მათზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმირი ადგილიდან, მთავარია კომპანიას ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტსა და ნებისმიერი სახის ციფრულ მოწყობილობაზე.

ადმინისტრაციული მოდული სასტუმროსთვის საჭირო ყველა ამოცანას ასრულებს: ჯავშანი, გაყიდვა, გაუქმება და ა.შ. აგრეთვე, ისეთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, როგორებიცაა: კლიენტის გადაყვანა სხვა ნომერში, დამატებითი დანახარჯების მიბმა ნომერზე, ინვოისის შექმნა და გადახდის დადასტურება. დამკვეთს შეუძლია შეისწავლოს საკუთარი ბიზნესის მუშაობის ტენდენციები, ცვალოს ფასები ნებისმიერი თავისთვის სასურველი პირობით, დაამატოს იუზერები ან თუნდაც ელექტრონულად აწარმოოს დოკუმენტაციის მართვა. ადმინისტრაციული მოდული არის საშუალება იმაზე დასაკვირვებლად, თუ რომელი გაყიდვების არხს რა მოაქვს სასტუმროსთვის რეალურად. მისივე საშუალებით კონტროლდება აქტიური და პასიური პერიოდები.

area.ly - არეალი

ბუქინგის მოდული კლიენტებთან უშუალო, სწრაფი და უპრობლემო კომუნიკაციის საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხერხით ეკონტაქტება დამკვეთი თავის კლიენტს, იქნება ეს სასტუმროს კუთვნილი ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია თუ ფეისბუქი. Area.ly მიაწვდის სასტუმროებს მზა ფუნქციონალს, რომელიც ყველგან მარტივად ინტეგრირდება. შესაბამისად, კლიენტებს შეეძლებათ უშუალოდ დამკვეთის ვებვერდის ან ფეისბუქგვერდის საშუალებით დაჯავშნონ ნომერი და აღარ გამოიყენონ შუამავალი არხი.

ონლაინჯავშნების მოდულს, არ სჭირდება ადმინისტრაციული მართვა. Area.ly-ს სისტემაში ჩართვით, დამკვეთის სასტუმრო მოხვდება ყველა იმ არხში, სადაც ინტეგრირებულია უკვე თავად Area.ly. ნებისმიერი ოპერაცია ერთი არხიდან, ავტომატურად მოხვდება ყველა სხვა დანარჩენში. ადმინისტრაციულ მოდულში განხორციელებული ცვლილება დამოუკიდებლად განახლდება ყველა არხისთვის. მაგალითად, თუ სასტუმროში ერთი კონკრეტული საიტიდან დაიჯავშნა ნომერი, ჯავშანი ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენ საიტებზეც. ადმინისტრაციულ მოდულში შეცვლილი ფასი კი ცოცხალ რეჟიმში წავა ონლაინარხებშიც.

Area.ly-ს კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ოფიციალური პარტნიორობა ისეთ მსხვიი არხებთან, როგორებიც არიან Booking.com, Expedia, Hotels.com,Tripadvisor და ა.შ. შესაბამისად,  მათთან კომუნიკაცია ხდება ძალიან სწრაფად. კომპანიაში არსებობს დახმარების ჯგუფი სასტუმროებისთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, ქართულენოვანია.

გარდა ამისა, ერთთვიანი საცდელი რეჟიმი შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც სისტემით დაინტერესდება. ეს პერიოდი საკმარისი დროა იმისთვის, რომ გაყიდვების ზრდით და ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებით მიღებული სარგებელი თვალსაჩინო გახდეს, რა საკვირველია, უფასოდ!

area.ly - არეალი

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ – საზმაუ ნახევარ მილიონად დეტექტიურ სერიალს გადაიღებს

დეტექტიური ჟანრის სერიალის გადაღებაზე სახელმწიფო შესყიდვა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაცხადა. სერიალის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 531 848 ლარია. აქედან, სავარაუდოდ, 200 ათას ლარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წელს გადაიხდის, 331 848 ლარს – მომავალ წელს.

„ვაკანსია მკვლელის თანამდებობაზე“ ამ სახელწოდების დეტექტიური სერიალის სცენარი უკვე მზადაა. სერიალი სულ 12 ეპიზოდისგან შედგება.

რამდენი დაიხარჯა დეტექტიური სერიალის სცენარის მომზადებისთვის? – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატენდერო კომისიის აპარატში გვითხრეს, რომ სცენარებზე ტენდერი არ გამოცხადებულა და იგი თავად მაუწყებელში მომზადდა.

სცენარის ხარჯები „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ არ გაგვიმხილა. გვითხრეს, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა, რომელიც წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის მერობის კანდიდატი: პატარაძესთან მექნება კარგი ურთიერთობა

„ხართ თუ არა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების მომხრე?“ – ეს შეკითხვა საარჩევნო შტაბში შესვლისთანავე დამისვა თენგიზ თავდგირიძემ, „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე. „პატრიოტთა ალიანსს“ მაშინ შეუერთდა, როცა ეს პოლიტიკური ძალა მეჩეთის აშენებაზე ბათუმში მოსახლეობის გამოკითხვას ატარებდა. მერად არჩევის შემთხვევაში, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეჩერებას აპირებს და მერე თითოეული მათგანის მენტალობის შემოწმებას. თენგიზ თავდგირიძე კიდევ ბევრ რამეს აპირებს, თუმცა კონკრეტულად ვერ ამბობს, რა ფინანსური რესურსით და როგორ.

ბატონო თენგიზ, ანუ ფიქრობთ, რომ მუსლიმ ქართველებს სალოცავის აგების უფლება არ აქვთ?

ჩვენ ჩავატარეთ საზოგადოების გამოკითხვა 2014 წელს. იქ გამოიკითხნენ საპატიო ბათუმელები, ინტელიგენცია, მხატვრები, არქიტექტორები, მუსლიმები. ყველას ინტერესი იყო ამ საკითხზე საზოგადოების პოზიციის გაგება. როცა საქმე ეხება ამხელა საკულტო ნაგებობის აშენებას და პარალელურად, ერთი მძლავრი ქვეყნის, თურქეთის ინტერესებში შედის ეს, საშიშროება არსებობს. როცა ბიძინა ივანიშვილი შეხვდა თურქეთში ერდოღანს, იქ დღის წესრიგში იდგა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, დავითოღლი ხვდებიან საქართველოს პატრიარქს და ისევ წამოიწია მეჩეთის მშენებლობის თემა. ეს შეკითხვა არ უნდა ჩნდებოდეს, როცა თურქეთის მხარე არ მალავს, რომ ბათუმი მისი განუყოფელი ნაწილია.

რას გულისხმობთ, სად თქვა თურქულმა მხარემ, რომ ბათუმი მისი ნაწილია?

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დავითოღლის განცხადება არ გინახავთ? ის ამბობს: „გასული საუკუნე ის გვერდია, რომელიც უკვე გადავფურცლეთ, ახლა კი ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირებს სარაევოს, დამასკოს და ბათუმს შორის. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობიანი გზებით, არავისთან არ ვიომებთ, საზღვრებსაც პატივს ვცემთ…“

თურქეთის ელჩმა საქართველოში განმარტა, რომ  აქ საუბარია კავშირის გამყარებაზე და არა იმაზე, რომ ბათუმის თურქეთის ნაწილია.

არა, ისინი ამბობენ, რომ ბათუმი თურქეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი ამ ტერიტორიას აუცილებლად დაიბრუნებენ… დავუბრუნდები გამოკითხვას მეჩეთის აშენებაზე. მაშინ დაახლოებით 63 ათასი ადამიანი გამოვკითხეთ ბათუმში და გამოკითხულთა 95 -მა პროცენტმა თქვა, ანუ 58 ათასმა ადამიანმა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში არ უნდა აშენდეს. ჩვენ ვემხრობით არსებული ორთა ჯამის გაფართოვებას. თან იქ ამის საშუალება არსებობს. ბათუმის შემოგარენში არის რვა მეჩეთი, თუ გინდათ, ჩამოგითვლით…

რატომ უშვებთ ბათუმელ მუსლიმანებს შემოგარენში და აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, არ აქვთ უფლება, ქალაქში ილოცონ?

იმიტომ, რომ ეს არის თურქეთის მხრიდან სულიერი ექსპანსიის მცდელობა. თურქეთმა ააშენა ძალიან ბევრი მეჩეთი აჭარის მაღალმთიანეთში, სკოლა-მედრესეებიც გახსნეს. წავიდეთ და ვნახოთ, რა მდგომარეობაა ამ მედრესეებში, რა მდგომარეობაში ამყოფებენ ბავშვებს, რა იდეოლოგიით ზრდიან… იცით, მე დედა მაჰმადიანი მყავს და შეუძლებელია ვინმემ ქსენოფობიაში დამადანაშაულოს. მამაჩემი, მამიდები და ახლო ნათესავებიც მუსლიმური წესით არიან დაკრძალული. თქვენ რა გგონიათ, ყველა მუსლიმი იზიარებს იმ პოზიციას, რომ ბათუმში ახალი მეჩეთი უნდა შენდეს?

ასე შესაძლოა ყველა ქრისტიანიც არ იყოს ახალი ტაძრის აშენების მომხრე. თქვენ უარს ამბობთ კანონის დაცვაზე, რომლითაც დაცულია რელიგიის თავისუფლება და თანასწორობა?

ასე არ არის. მე საფრთხეს ვერ ვხედავ, რომ ეკლესია თურქეთს შეეკვრება. მე მაქვს ჩემი პოზიცია, ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ და 1978 წლის აქციის მონაწილე ვარ. იმისთვის არ მიბრძოლია მე, რომ დღეს ეს მიგვეღო, ვისაც რა უნდა, ის ააშენოს. ძალა არის ხალხის ხელში, ეს უნდა ვიცოდეთ… რელიგიის შესახებ რომ კანონი მიიღო სააკაშვილმა, ჰკითხა ხალხს? ანტიდისკრიმინაციული კანონიც უსუფაშვილმა მიიღო სამარცხვინოდ.

რატომ არის, თქვენი აზრით, სამარცხვინო ანტიდისკრიმინაციული კანონი?

ფურცელი ყველაფერს იტანს. საქართველოს აქვს 8 ათასი წლის ისტორია, სახელმწიფოებრიობის 3 ათასი წლის ისტორია და 2 ათასი წლის მართლმადიდებლობის ისტორია. ერთი ფაქტი დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ვინმე შევავიწროვეთ, მაგალითად, ბათუმში? ეს კანონი ეხება სექსუალურ უმცირესობებს ასევე. ამისგან დაზღვეული არავინ არის, რომ ოჯახში ასეთი კატეგორიის ადამიანი გაჩნდეს. რამდენი ადამიანი ყოფილა, რომელიც ასეთი ყოფილა და თავისი ფიზიკური მანკი არ დაუფიქსირებია საჯაროდ, საფლავში ჩაიყოლა.

მანკია განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია? ეს სიძულვილის ენაა…

სიტყვაზე ნუ გამომეკიდებით. მე მერობის კანდიდატი ვარ და ჩემს სიტყვებზე პასუხს ვაგებ. მანკია, ადამიანური დეფექტია. ყველას უნდა, რომ ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს და ეს ნორმალურია. იყვნენ ადრე ადამიანები, ვინც ამას ამჟღავნებდნენ კიდეც, მაგრამ ამის გამო არავის შეუვიწროვებია ისინი ქუჩაში, ან სადმე. არაა გამორიცხული, რომ ეს დეფექტურობა თანდაყოლილი იყოს და მკურნალობას არ ექვემდებარებოდეს. მოკლედ, ეს ოჯახის საქმეა. აბა, ის მოგწონთ, რომ კაცი კაცს კოცნის ქუჩაში, ან ქალი – ქალს? წაიკითხეთ ალენ დალესის დოქტრინა. იქ წერია, რომ ჩვენ ყველა ოჯახში შევიტანთ გარყვნილებასო და წესიერ ხალხს ავტორიტეტს შევულახავთო. ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობს. მე ტრადიციული ოჯახის და ერის შვილი ვარ და არ მინდა, ქუჩაში ვინმე ამ გარყვნილებას ქადაგებდეს. ან ის რა არის, სკოლაში რომ უნდა შემოეტანათ ამ საგნის სწავლება. მე როგორ უნდა ვასწავლო სხვის შვილს ეს? მე შემიძლია ვუთხრა, რომელი ჩოხა მოუხდება და რამე ასეთი.

ამ არჩევნებზეც „პატრიოტთა ალიანსი“ ამომრჩეველის გულის მოგებას ცდილობს თურქეთზე საუბრით. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ ბათუმში 40 ათასი თურქი ცხოვრობს. საიდან გაქვთ ეს მონაცემი, როცა ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 6 ათასს ეროვნებით თურქს აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მოგაწვდით ამ დოკუმენტებს… მე მაქვს დოკუმენტები, როგორ მიანიჭა სამი თუ ოთხი ხელმოწერით მიხეილ სააკაშვილმა ათასობით თურქს საქართველოს მოქალაქეობა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ერდოღანმაც განაცხადა, რომ საქართველოშია ჩაწერილი გიულენის ორგანიზიაცია „რუხი მგლების“ 3200 ტერორისტიო. ამ ტერორისტებს შუბლზე არ აწერიათ, რომ ტერორისტები არიან…  ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ყველა მოერგება კანონს. მოვითხოვ, რომ აბსოლუტურად ყველა უცხოელს შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა, ვისაც მიღებული აქვს. შემდეგ ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს ყველაფერი, მენტალიტეტი, ქართველობას რაც სჭირდება.

თავადაზნაურთა საზოგადოების ხელმძღვანელად ისევ დარჩებით, თუკი მერად აგირჩევენ?

არა, ეს არის საზოგადოების სახით. თავადაზნაურთა საკრებულო ჰქვია და ამჟამად გულიკო შერვაშიძე ასრულებს ხელმძღვანელის მოვალეობას. ეს ისტორიული ფაქტია – თავადაზნაურობა, თორემ თქვენ რომ ანანიძე ხართ და მე – თავდგირიძე, ეს ხომ პრობლემა არ არის? უბრალოდ ამ ხალხმა ძალიან ბევრჯერ განიცადა წნეხი ხან თურქეთის, ხანაც რუსეთის იმპერიისგან. როცა მერად მასახელებდნენ, მე ჩემს გვართან და ჩოხოსნებთან, უხუცესებთან გავიარე კონსულტაცია. თქვენ რომ დაესახელებინეთ, თავდგირიძეებს ხომ არ გვკითხავდი აზრს? საბოლოოდ ღმერთს როგორც უნდა, ისე იქნება. მე მადლობელი ვარ „პატრიოტთა ალიანსის“, რომ მერობის კანდიდატად დამასახელა, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა.

ხელოვნების მხარდაჭერაზე მინდა გკითხოთ, რაზეც ასევე სხვადასხვა შეხვედრაზე საუბრობთ. რას მოიაზრებთ მხარდაჭერაში? მაგალითად, ხელოვანებისთვის ვახშმები უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან?

რაც შეეხება ვახშმებს, თუკი ამას საზოგადოება აწყობს, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ უნდა მოიძიოს ბანკეტის დაფინანსებაც. ვახშმების ბიუჯეტიდან დაფინანსების მომხრე არ ვარ.

„პატრიოტთა ალიანსი“ ღიად აფიქსირებს პოზიციას ნატო-ს და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. რის გამო აღმოჩნდა მისაღები პრორუსული პოლიტიკური ძალა, მით უფრო, როგორც ვიცით, დედათქვენი არის აფხაზი… 

დედა არის აფხაზი, კი. მამითაც მუჰაჯირთა შთამომავალი ვარ. დედაჩემის მოდგმა რუსეთის იმპერიამ 150 წლის წინ გამოდევნა აფხაზეთიდან. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ვინმეს დარტმა მიაყენა რუსეთმა, ეს ჩემი ოჯახიცაა… ჩვენ ვერ ვითავისებთ იმას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. პატრიარქის აზრიც ესაა, რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. აბაშიძე და კარასინი არაა მოლაპარაკება. მათ უნდა მოემზადებინათ შეხვედრა ქვეყნების პირველი პირებისთვის, მესამე და მეოთხე პირი რის მომგვარებელი იყო?

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკება რუსეთთან, თუკი „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღები?

თუკი ვხედავთ, რომ რუსეთი გიყენებს ულტიმატუმს, თავი გაანებე ნატო-ს, პრობლემა შეგექმნებაო და ამ პრობლემას ვხედავთ – მოცოცავს საზღვარი დედაქალაქისკენ, უნდა დაფიქრდე ამაზე. ნატო რაში გვეხმარება? ევროკავშირი რაში დაგვეხმარა? რაში აისახა ეს მხარდაჭერა, რაში დაგვიდგნენ გვერდით? ვთქვათ, ვენდე ნატოს, რამდენი წელი უნდა ველოდოთ? რუსეთისგანაც ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, მაგალითად, თურქეთიც შეიძლება შემოიჭრას და საზღვარი ჩოლოქზე გააკეთოს? მე მჯერა, რომ საბოლოოდ აფხაზები და ქართველები საერთო ენას გამონახავენ. მე აფხაზებთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ზაფხულობით საპატრიარქოს ქობულეთის საბავშვო ბაღში ჩამომყავს აფხაზი ბავშვები. ვფიქრობ, რომ სახალხო დიპლომატია გამოიღებს შედეგს.

რის გაკეთებას ჰპირდებით ბათუმელებს, იქნებ რომელიმე კონკრეტული პროექტი დაგვისახელოთ.

არაერთია ასეთი პროექტი და ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ. დავიწყოთ ურბანული განვითარების გეგმის არარსებობით. ქალაქი შენდება უსისტემოდ და სპონტანურად. ჩემი მერობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს გეგმა გაკეთდება. მეორე რიგში, ნაგავსაყრელი. აუცილებლად უნდა შედგეს მოლაპარაკება მოსახლეობასთან და დროულად დაიწყოს სამუშაოები, უნდა გაკეთდეს გადამამუშავებელი საწარმოც. აუცილებლად ვიმუშავებ შემოერთებულ ტერიტორიებზე. იქ მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც ძველი ბათუმის მცხოვრებლებს გვაქვს. გარდა ამისა, მე ვარ მომხრე გაკეთდეს საკონცერტო დარბაზი, ეს ფესტივალების ჩატარებას შეუწყობს ხელს, ასევე საცურაო აუზები, სპორტული სკოლები…

რა ფინანსური რესურსით აპირებთ ამას?

გამოიძებნება ეს რესურსები. არსებობს ძალიან ბევრი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს. ჩვენ მათთან გვაქვს მოლაპარაკებები და ისინი ჩადებენ ფულს ბევრი მიმართულებით. ამ ეტაპზე ბიზნესმენების ვინაობას ვერ გეტყვით. მთავარი, რასაც ვპირდები მოსახლეობას, არის ის, რომ ნებისმიერ ინვესტიციაში 51 პროცენტს უნდა ფლობდეს ქართველი. 49 პროცენტი უცხოელს თუ აწყობს, კი ბატონო, მოვიდეს. იმის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, რომ ასივე პროცენტს ქართველები ფლობდნენ. პრობლემაა ის იმიტომ, რომ მაგალითად, სასტუმროს აშენების შემდეგ, მოგების გადასახადის გარდა, რა შედის ბიუჯეტში? ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ქართველი იყო მფლობელი, რომ მოგება ისევ საქართველოში დახარჯოს.

ასეთი კანონი არ არსებობს, რომელიც უცხოელებს ბიზნესში წილებს განუსაზღვრავს. რას დაეყრდნობით, თუკი მერად აგირჩევენ?

ხალხი დაინახავს, მე რასაც გავაკეთებ. ბიზნესმენი როცა შემოდის, პირველ რიგში, უნდა შეხვდეს მერს. მერე მე უნდა ვახვედრებდე მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. მე თუ მერად ამირჩევენ, დარწმუნებული ვარ, ბატონ ზურაბ პატარაძესთან მექნება ძალიან კარგი ურთიერთობა. ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან და ძალიან დიდ პატივს ვცემ. კანონპროექტით პარლამენტს მივმართავთ და მოვითხოვთ შეცვლას, რაც საჭიროება იქნება, იმის მიხედვით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მუშაობა თუ მოგწონთ, როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველი თქვენ, ანუ ოპოზიციის კანდიდატს რატომ დაგიჭერთ მხარს?

მე ზურაბ პატარაძესთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ვიცნობ და პატივს ვცემ, როგორც ახალგაზრდა კაცს, რომელმაც უნდა მართოს აჭარა.

აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017

პოლიტიკურ აგიტაციად შეფასდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტის, თამარ დიასამიძის მიერ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თამარ დიასამიძე შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს, რადგან ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

საჯარო მოხელის მხრიდან გადაცდომასთან დაკავშირებით საოლქო კომისიას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია მოიკვლია. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაეგზავნა.

კითხვას, მიიღო თუ არა დავალება „ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოების სამინისტროს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებასთან დაკავშირებით რომელიმე ხელმძღვანელისგან ან უშუალოდ მინისტრისგან,  თამარ დიასამიძემ უპასუხა, რომ მას ასეთი დავალება არ მიუღია. ის ამბობს,  რომ ის ინფორმაციის პირად გვერდზე განთავსებას აპირებდა, თუმცა „ოცნების“ კანდიდატების წარდგენის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ფეისბუქგვერდზე მანამდე იყო განთავსებული, ვიდრე ამაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“  არ გააკეთა განცხადება.

.

21729937_1852740394755378_1205642966_o

ამერიკის კონსული მწვანე ბარათის მიღების წესებზე

დღეს ბათუმის ამერიკულ კუთხეში აშშ-ს კონსულმა საქართველოში „მწვანე ბარათის“ მოპოვებისთვის საჭირო პროცედურებზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან დეტალურად განუმარტა აუდიტორიას აპლიკაციის შევსების წესები. გარდა ამისა, კონსულმა უპასუხა შეკითხვებსაც, თუ რა შესაძლებლობები ეძლევათ ბარათის გათამაშების გამარჯვებულებს.

კონსულის ინფორმაციით, ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს განაცხადის ქართულად შევსების საშუალებას აძლევს. მისივე ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან მწვანე ბარათი ცხრაასზე მეტმა პირმა მიიღო.

რა არის მწვანე ბარათი

„მწვანე ბარათის“ გათამაშების (DV) პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური გათამაშების გზით   55 000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა ხელმისაწვდომი,  1990 წლის საიმიგრაციო კანონის შესაბამისად დაარსდა. გათამაშების მიზანს წარმოადგენს შეერთებულ შტატებში იმიგრანტი მოსახლეობის დივერსიფიცირება, კანდიდატების შერჩევით ძირითადად იმ ქვეყნებიდან, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრირებულთა რაოდენობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

მწვანე ბარათის გათამაშების საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შესატანად, 2019 წლის „მწვანე ბარათის“ გათამაშების ინსტრუქცია გამოქვეყნებულია შემდეგ ბმულზე: ქართულად ან ინგლისურად.

2019 წლის გათამაშების პროგრამისთვის რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე [თბილისის დროით] და დასრულდება 2017 წლის 7 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2018 წლის 1-ელი მაისიდან ბარათის მიღების მსურველები შეძლებენ სტატუსის გადამოწმებას გათამაშების ვებგვერდზე: www.dvlottery.state.gov

გენდერული დისბალანსი ხულოს პარტიულ სიებში

ხულოს # 84 საარჩევნო ოლქში, პროპორციულ საარჩევნო სიაში ყველაზე მეტი ქალი „ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს წარმოდგენილი. 10 ქალი და 6 კაცია – ასეთია პარტიის საარჩევნო სიაში გენდერული ბალანსი.

„ქართული ოცნების“ 20-წევრიან სიაში კი მხოლოდ ოთხი ქალია, პარტიული სიის მესამე, მეექვსე, მე-10 და მე-11 ადგილებზე.

„ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში 23 კანდიდატიდან შვიდი ქალია, თუმცა პარტიული სიის სამეულში არც ერთი მათგანი არ არის.

ხულოში „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს“ პარტიის პროპორციულ სიაში რვა ქალია, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ მსგავსად, სამეულში არც ერთი მათგანი არ არის.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სიაში ოცი წევრიდან ცხრა ქალია, თუმცა პარტიული სიის ათეულში მხოლოდ ერთი ქალია სიის მერვე ნომრად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია ექვსი ქალითაა წარმოდგენილი.  ქალები „ნაციონალების“ პარტიულ სიაში მე-8, მე-9, მე -10, მე-18, მე-19 და მე-20 ადგილებზე არიან წარმოდგენილნი.

გენდერული ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია „დავით თარხან – მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ პარტიის სიაში, სადაც რვა ქალია, თუმცა აქაც, ქალები ხუთეულში ვერ მოხვდნენ.

ერთი ქალითაა წარმოდგენილი პარტია – „შენების მოძრაობა“ ხულოში. ციცინო ბოლქვაძე პარტიამ მეცხრე ადგილზე წარადგინა.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ქალები მაჟორიტარ კანდიდატებად  მხოლოდ „პარიოტთა ალიანსმა“ დაასახელა და ისიც ორ მაჟორიტარულ ოლქში – თხილვანასა და ხიხაძირში. მაჟორიტარული წესით, ხულოს საკრებულოში მოსახვედრად თხილვანაში  ნაზიბროლა მამულაძე, ხოლო ხიხაძირში  ნატო ჯაიანი იბრძოლებენ.

მედდები შუქისა და გათბობის გარეშე სოფელში

ქედის სოფლების სამედიცინო პუნქტებში გახარჯული ელექტროენერგიის საფასურს  მედდები იხდიან. ქედის გამგეობას – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამულ ბიუჯეტში, ელექტროენერგიის საფასურთან ერთად, არც მედდების გათბობისთვის საჭირო თანხა აქვს გაწერილი, უფრო მეტიც, 39 სამედიცინო პუნქტიდან 11-ს ამ დროისთვის შუქი საერთოდ არ მიეწოდება. ცხრა სოფლის სამედიცინო ცენტრი მრიცხველზე მიერთებული არ არის, ხოლო ორში, ქედის გამგეობის ინფორმაციით, მრიცხველი დაზიანებულია.

პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას სოფლებში გასულ წლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებდა, 2017 წლიდან ამ მომსახურებას ქედაში ადგილობრივი გამგეობა, სოციალური პროგრამის – „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება“ ფარგლებში ახორციელებს და შესაბამისად, სოფლებში დასაქმებულ მედდებსაც ხელფასს გამგეობა უხდის.

ქედის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, დავით თედორაძე ამბობს, რომ სოფლის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებულ  მედდებსა და გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გახარჯული  ელექტროენერგიის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომელს, ამ შემთხვევაში მედდას აქვს. შესაბამისად, გამგეობა კომუნალურ ხარჯებს ვერ დაფარავს. რაც შეეხება გათბობას, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, სადაც ზამთარი რამდენიმე თვეს გრძელდება და თოვლიც უხვად მოდის, გათბობის პრობლემაც მედდამ უნდა მოიგვაროს.

„კვაშტასა და დოლოგნის სამედიცინო პუნქტებში მრიცხველია დაზიანებული, ახალს შევუძენთ და უახლოეს დღეებში აღუდგება შუქის მიწოდება. რაც შეეხება დანარჩენი სოფლების – გულების, სასადილოყევის, ვარჯანისის, აბუქეთას, ჭინკაძეების, ჯალაბაშვილების, ბალაძეებისა და გობრონეთის სამედიცინო პუნქტებს,  სკოლის შენობებშია განთავსებული. მუნიციპალიტეტი უძლურია აბონენტად აიყვანოს მედპუნქტები, რადგანაც ქონება სხვისია. სოფელ ნამლისევში არსებული სამედიცინო პუნქტის შენობა ავარიულია, რის გამოც ჩვენთან შეთანხმებით მედდა დროებით ბინიდან ემსახურება და ამიტომაც არ აქვს შუქი. მედდები დღის საათებში მუშაობენ, შუქის გადასახადს მაქსიმუმ 2 ლარს იხდიან, გათბობას კი მუნიციპალიტეტი ვერ უზრუნველყოფს,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ქედის გამგეობის ბალანსზეა მუნიციპალიტეტის თემებში არსებული ამბულატორიებიც. შუქის გადასახადს ამბულატორიებს, ქედის გამგეობა თვის განმავლობაში მაქსიმუმ 20 ლარს უხდის, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ამბულატორია 20 ლარზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, 20 ლარის ზემოთ დანახარჯი ამბულატორიაში დასაქმებულმა თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენერგოკომპანია შუქის მიწოდებას შეუწყვეტს.

„სოფლის სამედიცინო პუნქტებში შუქის საფასურის გადახდა მანამდე  ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა არ გამრიცხველიანდება, ნაწილს გადავუხადოთ და ნაწილს არა, ეს შეუძლებელია. რაც შეეხება გათბობის საკითხს, ამბულატორიების გათბობას ვუზრუნველყოფთ, სოფლის სამედიცინო პუნქტების გათბობის საკითხზე შესაძლებელია იმსჯელოს გამგეობამ და საკითხი გადაიჭრას,“ – ამბობს დავით თედორაძე.

ქედის გამგეობის ინფორმაციით, მედდების ანაზღაურება 250 ლარია.

„სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების“  პროგრამის დასაფინანსებლად ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  წელს 140 100 ლარი გამოყო. მედდების შრომის ანაზღაურებასთან ერთად,  ამ თანხით ქედის გამგეობა მედპუნქტებისთვის საჭირო სამედიცინო ინვენტარსა (ორი სახის სპეციალურ სამედიცინო)   და მედიკამენტებს (24 დასახელების) ყიდულობს.

ქედა, სოფელი ნამლისევი, შენობა, რომლის ერთ ოთახში მედპუნქტი ფუნქციონირებს
ქედა, სოფელი ნამლისევი, შენობა, რომლის ერთ ოთახში მედპუნქტი ფუნქციონირებს.

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] ბიზნესსაქმიანობის შეჩერებისთვის კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს, მოიჯარეები ზარალის ანაზღაურების გარეშე რჩებიან. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ამის მიზეზი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მესაკუთრის ერთგვარი შეთანხმებაა.

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 371-ში, იჯარით აღებულ ფართობებში რამდენიმე ავტოტექმომსახურებას, თუ სხვა საამქროებს, უკვე წლებია ამუშავებენ და აქ დღეს 30-მდე ადამიანია დასაქმებული. ტერიტორია სააქციო საზოგადოება „ავტომობილისტი-96“-ის საკუთრებაა.

„წლებია აქ ვმუშაობთ, ცეხები გვაქვს გახსნილი, ძვირადღირებული დანადგარები დამონტაჟებული და ამ დრომდე არც ქონების მესაკუთრეს და არც სახელმწიფოს არ გაუფრთხილებივართ, რომ ერთ დღეს საქმიანობის იძულებით შეწყვეტა მოგვიწევდა. ორი დღის წინ გაგვაფრთხილა მესაკუთრემ, რომ ფართობი პირველ ოქტომბრამდე დავცალოთ. ადრე ვის არ მივმართეთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი არავინ გაგვცა, არც მესაკუთრემ, არც გზების დეპარტამენტმა… არადა ვიცით, რომ როცა იძულებით გვიჩერებენ საქმიანობის უფლებას, მოიჯარეებსაც გვეკუთვნის გარკვეული კომპენსაცია – საქმიანობის დროებით შეჩერებისთვის. ამ დანადგარების გადატანას საკმაო დრო და ხარჯი სჭირდება. დანამდვილებით ამ დრომდე არ ვიცოდით უნდა დაგვეცალა, თუ არა ფართობი და, შესაბამისად, არც ის ადგილი შეგვირჩევია, სადაც ხელახლა ავაწყობთ ბიზნესს,“ – გვეუბნება ერთ-ერთი მოიჯარე.

ბათუმის შემოვლითი გზა ზემოაღნიშნულ მისამართზე გადის და ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უკვე ექსპროპრიაციის რეჟიმშია. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო და მესაკუთრეც ვერ შეთანხმდნენ კომპენსაციის ოდენობაზე. მოიჯარეები კი, არც მაშინ გაუფრთხილებია არავის, როცა იმ ქონების აღწერა მიმდინარეობდა, სადაც ავტომაგისტრალს უნდა გაევლო.

„როდესაც კომპანია მიდის აღწერა-ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, ბუნებრივია, ყველა დეტალს კითხულობენ – ვინ არის, რა არის განთავსებული და ა.შ.  როცა აღწერა ტარდება, იქ დამსწრე პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ უთხრას, აი, აქ არის ეს და ეს, ახორციელებს კომერციულ საქმიანობას… შემდეგი ეტაპი არის ის, რომ მოიჯარეებმა ამ კომპანიას მიაწოდონ შესაბამისი დოკუმენტაცია  –  ოფიციალურად გადასახადის გადამხდელები რომ არიან, უნდა იყვნენ დარეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, მათ მიერ გადახდილი თანხა უნდა იყოს დეკლარირებული და ა.შ.  11 თვეზე მეტი ხნით დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში არ არის ეს ხელშეკრულებები ჩვენამდე მოსული და არც კომპანიისთვის არ წარუდგენიათ. თუ ჩვენამდე იქნებოდა მოღწეული, მას განვიხილავდით  და კანონის შესაბამისად ვიმოქმედებდით,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა მიშა უჯმაჯურიძემ.

ვის უნდა გაეფრთხილებინა მოიჯარეები, რომ მათ მოუწევდათ საქმიანობის შეწყვეტა, რატომ არ გააფრთხილეს და არ მოსთხოვეს დოკუმენტაციის წარდგენა? – „დეპარტამენტი ასეთ შემთხვევაში პასუხს ვერ გაგცემთ იმიტომ, რომ იქ აღწერა-ინვენტარიზაციას აკეთებს კონკრეტული კომპანია და დეპარტამენტი ამ პროცესს არ ესწრება. მაქ როგორ იყო და რა იყო, რა ილაპარაკეს, რა ისაუბრეს, ჩვენთვის უცნობია,“ – აცხადებს მიშა უჯმაჯურიძე.

იმას, რომ მოიჯარეები, როგორც თავად აცხადებენ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და მათ ინფორმაცია დაუმალეს, არ ეთანხმებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტში. „არ არის სწორი. ტერიტორიის მესაკუთრემ, თუ არ ვცდები სააქციო საზოგადოებაა და მისმა ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ მანდ უნდა გასულიყო გზა. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მათ წარმომადგენელთან საუბარი, მან დეტალურად გვითხრა, რომ ყველა საქმის კურსში არის, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები  და ხელშეკრულებებიც [მოიჯარეებთან] გაფორმდება ეტაპობრივად, კონკრეტული ვადების მითითებით –  ეს იმ ინფორმაციით, რაც მე მითხრეს სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა,“ – ამბობს მიშა უჯმაჯურიძე.

სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი, შოთა წულუკიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ვინც ინვენტარიზაცია ჩაატარა, მას ყველა დოკუმენტაცია გადასცეს, მათ შორის საიჯარო ხელშეკრულებებიც. მან კი მოიჯარეები სიტყვიერად გააფრთხილა, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში მოუწევდათ ფართობების დაცლა.

„ბათუმელებს“ თამაზ ნიჟარაძე დაუკავშირდა [როგორც საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი] და გვითხრა, რომ საგზაო დეპარტამენტიდან მათთან ინვენტარიზაციაზე 6-7  წლის წინ მივიდნენ და მაშინ უთხრეს, რომ მოიჯარეებთან ხელშეკრულებები გრძელვადიანი არ გაეფორმებინათ: „ამის შემდეგ წავიდნენ, აღარ გამოჩენილან და დაახლოებით 5 წლის წინ მივწერე საავტომობილო გზების დეპარტამენტს [ინვესტიციების განხორციელება გვინდოდა] და ოფიციალურად მოგვწერეს, არანაირი მშენებლობა არ დავგეგმოთ, ვინაიდან ავტობანი გადის თქვენს ტერიტორიაზეო. ამის შემდეგ ხელშეკრულებებს მოიჯარეებს ვუფორმებდით მხოლოდ ერთი წლით, იმიტომ, რომ მერე პრობლემები შეგვექმნებოდა, თუმცა კაპიტალური მშენებლობის უფლებას არ ვაძლევდით…“

თამაზ ნიჟარაძის თქმით, ბოლოს დეპარტამენტში უთხრეს, რომ 2017 წლის იანვრიდან შეეძლოთ მაქსიმუმ 5 თვით გაეფორმებინათ საიჯარო ხელშეკრულებები: „ამის შესახებ ყველა მოიჯარემ იცოდა და გავუფორმეთ პირველ ივნისამდე. შემდეგ გვთხოვეს, თუ გაგვიგრძელებთო და ვუთხარი, რომ გადავრეკავდი დეპარტამენტში, თუ როდემდე შეგვეძლებოდა ხელშეკრულების გაგრძელება. გადავრეკე და გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლომდე. ახალი ხელშეკრულებები გავუფორმეთ და გავაფრთხილე, რომ ოქტომბრიდან მოიჯარეებიდან თანხის აღებას ვეღარ შევძლებდით, თუმცა ვიდრე არ შემოვლენ სხვები, შუქს არ გავუთიშავდი, შეთანხმდნენ და ენერგოკომპანიას გადაუხადონ შუქის ფული. ოქტომბრის ბოლომდე ხელს არ ვახლებთ, გვერდით ახალი ფართობები შენდება და რამდენადაც ვიცი, ყველა იქ გადადის“.

საზოგადოების დირექტორის ინფორმაციით, სასამართლომ მათ 18 სექტემბერს მოსთხოვა ტერიტორიის დაუყოვნებლივ დაცლა, თუმცა გასაჩივრების ვადა აქვს 2 ოქტომბრამდე და დრო რომ მოიგოს, შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. თამაზ ნიჟარაძე ამბობს, რომ ქონების საფასურის ნაცვლად სახელმწიფომ მათ შესაძლოა მიწის მონაცვლეობაც შესთავაზოს და სხვა ნაკვეთი მისცენ: „ჩვენი მოიჯარეების ხელშეკრულებები მოკლევადიანია და რეესტრში არ რეგისტრირდება. მესაკუთრე შეიცვალა, ფაქტობრივად, მაგრამ რადგან გზა გადის, არავინ გაუგრძელებს ვადას და ბიზნესი შეუძლიათ გააგრძელონ სხვაგან. გუშინ დამირეკეს დეპარტამენტიდან და მთხოვეს მასალები ვიდრე აქვთ, არ შევეხებითო, ნოემბრის ბოლომდე, წლის ბოლომდე შეიძლება არც მოვიდეთო… კომპენსაციას და გადატანის ხარჯს არც ჩვენ გვაძლევენ, უარი გვითხრეს, ქონებაში გიხდთო“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ანა ბერძენიშვილის განმარტებით, „გზების დეპარტამენტი ამ შემთხვევაში, როგორც ექსპროპრიატორი, ვალდებული იყო შეეტყობინებინა ექსპროპრიაციის თაობაზე იმ პირებისთვის, რომლებთანაც გარკვეული ვალდებულებები გააჩნდა მესაკუთრეს – იქნებოდა ეს მოიჯარე, იპოთეკარი და ა.შ. რაც შეეხება კომპენსაციის მიღებას, სამოქალაქო კოდექსით ეს უფლება მოიჯარეს წარმოეშობა დეპარტამენტისგან. ამ შემთხვევაში, რადგან გზების დეპარტამენტი ახორციელებს ექსპროპრიაციას და ეს არის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროიება, ბუნებრივია, იჯარის არსებობა შეუძლებელი იქნება, ამიტომ დეპარტამენტს უნდა დაეკისროს გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოიჯარეების მიმართ“.

რაც შეეხება კომპენსაციას, ანა ბერძენიშვილის თქმით, ის გამოთვლილი უნდა იყოს იჯარის საქმიანობიდან, ვადიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, თუ რა ზიანს მიიღებენ, მოუწევთ მოიჯარეებს. იურისტი იმასაც აცხადებს, რომ მოიჯარეები თავიდანვე და განსაკუთრებით ექსპროპრიაციის მომენტისთვის, აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ პროცესში ჩართულები, იქედან გამომდინარე, რომ ამ მიწაზე, რომელიც ექსპროპრიაციას დაექვემდებარებოდა, შეუძლებელი იქნებოდა შემდგომში იჯარის განხორციელება.

სხვა იურისტებიც აცხადებენ, რომ ცალსახა იყო მოიჯარეების ჩართვის აუცილებლობა პროცესში: „ფაქტია, რომ ექსპროპრიაცია ხორციელდება ქონებაზე, რომლის ნაწილზეც დღეს არსებობს მოქმედი იჯარა. ამ ხალხს რომ კომპენსაცია ეკუთვნის, ეს არის როგორც ორჯერ ორი ოთხი – რა ფორმით, როგორ და რა რაოდენობით, ეს უკვე იქნება სასამართლოს შეფასების საკითხი. სასამართლო თუ იმსჯელებს, ის შეაფასებს კონკრეტულ ფაქტებს. სასამართლომ თუნდაც იმაზე უნდა იმსჯელოს, რომ სახელმწიფოს, დეპარტამენტს, გონივრულ პირობებში უნდა ევარაუდა, რომ ეს ხელშეკრულებები შეიძლებოდა გაგრძელებულიყო და ამიტომაც უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში მოიჯარეები“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის [შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი SLRP III] მიხედვით: 

პროექტის ფარგლებში კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ:

[checklist]

  • დამქირავებლებსა და მოიჯარეებს, განურჩევლად იმისა, რეგისტრირებული არიან თუ არა;
  • პროექტის ზემოქმედებას დაქვემდებარებულ პირებს, რომლებიც კარგავენ ბიზნესს, შემოსავალსა და ხელფასს.

[/checklist]

კომპენსაციის ოდენობა:

[checklist]

  • ბიზნესის დროებით დაკარგვის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურება გაიცემა ბიზნესის შეჩერებული პერიოდისთვის. შემოსავალი დაიანგარიშება საგადასახადო დეკლარაციის ან მისი არარსებობის შემთხვევაში, მინიმალური ოფიციალური საარსებო მინიმუმის საფუძველზე.
  • ზემოქმედებას დაქვემდებარებული ბიზნესმუშაკები/დაქირავებული თანამშრომლები: დაკარგული ხელფასის ანაზღაურება მოხდება ბიზნესის შეჩერების პერიოდის გათვალისწინებით მაქსიმუმ 3 თვემდე.

[/checklist]

„იძულების წესით იჯარის ხელშეკრულებას მაქ არავის უწყვეტენ. თვითონ მოიჯარესა და მეიჯარეს შორის იყო გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება კონკრეტული ვადით. ამიტომ მაქ ბიზნესის შეჩერება ცოტა არ იყოს უხეშად ნათქვამია. 30 სექტემბერს უმთავრდება იჯარის ხელშეკრულების ვადა და აღარ უგრძელდებათ,“ – გვითხრა მიშა უჯმაჯურიძემ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამმართველოს ხელმძღვანელმა.

ხომ არ იყო შეთანხმება სააქციო საზოგადოებასა და დეპარტამენტს შორის, რომ „მოკლევადიანი ხელშეკრულებების ეტაპობრივად გაფორმებით“ მოიჯარეები განსახლების/ექსპროპრიაციის პროცესისთვის ხელოვნურად ჩამოეშორებინათ? – იურისტების თქმით,  ეს უკვე სამართლებრივად სულ სხვა თემაა და „თუ მოიჯარე ასე ჩათვლის, მან უნდა იდავოს თაღლითურ სქემაზე მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის“.

„ქართული ოცნების “ დროშიანი პირველკლასელების პედაგოგი სამართალდამრღვევად ცნეს

შუახევის #82 საოლქო-საარჩევნო კომისიამ სოფელ სხეფის სკოლის პედაგოგი – მარინა დარჩიძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დროშებით ხელში პირველკლასელების ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა, სამართალდამრღვევად ცნო.

კომისიამ პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესის დროს „ოცნების დროშებიანი“ ფოტოს გავრცელება პოლიტიკურ აგიტაციად და რესურსის გამოყენებად შეაფასა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის, ანა ბერძენიშვილის ინფორმაციით, საქმის მასალები გადაიგზავნება სასამართლოში, შესაბამისი გადაწყვეტილების სასამართლოში დადასტურების შემდეგ კი, პედაგოგი 1000 ლარით დაჯარიმდება.

ანა ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიამ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო: „ეს არის მსგავსი სახის ქმედებების პრევენცია. სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომლის ცალსახა მიზანი არის დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდების აღზრდა, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ფაქტები. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური სუბიექტის ან კანდიდატის სასარგებლოდ იქნება ეს გამოყენებული, კომისიამ ცალსახად სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ოთხი დაშავებული – ავარია ბათუმში

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ოთხი ადამიანი. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას, ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე.

როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში – ლაშა ბაქრაძის დისკუსია ბათუმში

როგორია კულტურული ცხოვრება რეგიონებში, რა მდგომარეობაშია ადგილობრივი კულტურული ობიექტები, რატომ უნდა გაამახვილონ ამ თემებზე ყურადღება პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორია ევროპული ქვეყნების გამოცდილება და რა შეიძლება გააკეთონ ადგილობრივმა მთავრობებმა სიტუაციის გამოსასწორებლად? – ამ თემაზე ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, 29 სექტემბერს 17:00 საათზე, საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე  დისკუსიას გამართავს.

ამავე თემაზე შეხვედრები ბათუმის გარდა გაიმართება ქუთაისსა და ოზურგეთშიც.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციით, საარჩევნო მედიაცენტრები დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

„მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარ კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეებს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისათვის. მედიაცენტრები ხელს უწყობს საარჩევნო კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ“.

 

„პიაცა ბათუმი“ ახლა უკვე ბავშვების საყვარელი ადგილიც

რა სურთ ბავშვებს? – გართობა და მშობლებთან ერთად მეტი დროს გატარება. ამიტომ დამღლელი დღის შემდეგ ისეთი სივრცე უნდა შევარჩიოთ, სადაც ბავშვებისა და უფროსების ინტერესები თანაბრადაა გათვალისწინებული, ეს კი საკმაოდ რთულია.

გასართობი აპარატები აქ ყველა ასაკისთვისაა შერჩეული
გასართობი აპარატები აქ ყველა ასაკისთვისაა შერჩეული

ბათუმში „პიაცა“ ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ არსებული სასტუმროებისა თუ რესტორნების  სტუმარი ყოველდღიურად ათასობით ადამიანია, რომლებიც დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ეს სივრცე ბავშვების საყვარელი ადგილიც რომ გახდეს, სწორედ ამიტომ, „პიაცას“ მენეჯმენტმა სპეციალურად მათთვის გასართობი ცენტრი „პიაცა ვანდერლენდი“ გახსნა.

„პიაცა ვანდერლენდი“ ორ სართულზეა განთავსებული, სადაც ორმოცდაათამდე სათამაშო აპარატია. ცენტრი უახლესი და მსოფლიოში პოპულარული გასართობი საშუალებებითაა აღჭურვილი.

გასართობი აპარატები აქ ყველა ასაკისთვისაა შერჩეული
გასართობი აპარატები აქ ყველა ასაკისთვისაა შერჩეული

„პიაცა ძალიან პოპულარულია და სულ პრობლემა იყო ბავშვების გართობის საკითხი. არც ჩვენთან იყო ასეთი ადგილი და არც ახლომახლო, ამიტომ გადავწყვიტეთ ცენტრის გახსნა.. ახლა პიაცა უკვე ყველა ასაკის ადამიანისთვის კომფორტულია,“ – ამბობს ლევან სამხარაძე, „პიაცას” აღმასრულებელი დირექტორი.

„ვანდერლენდში“ არც ბავშვი მოიწყენს და არც მოზარდი. გასართობი აპარატები აქ ყველა ასაკისთვისაა შერჩეული და მათ შორის არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ მოზარდებისა და უფროსებისთვისაც.

_DSC0123

რაც შეეხება ფასს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია: ერთი ლარიდან მაქსიმუმ ათ ლარამდე.

უახლოეს პერიოდში ცენტრის გაფართოებაა დაგეგმილი. გასართობი ცენტრის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოთხოვნა უფრო მეტ სერვისზე არსებობს. შესაბამისად, მენეჯმენტის გადწყვეტილებით,  ეს ადგილი ბავშვების დაბადების დღეების ცენტრად გადაიქცევა:

„აპარატების გარდა არაერთი კომპონენტი იქნება, რათა ბავშვებმა დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ჩვენ სიახლეებზე ვართ ორიენტირებულები და ბუნებრივია, პერიოდულად  აპარატებსაც განვაახლებთ,“ – ამბობს „პიაცას” აღმასრულებელი დირექტორი.

_DSC0080

სამი ვაკანსია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] სამ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსის, ამავე სამსახურის მეორე და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობები.

სამსახურის უფროსი ხელფასის სახით 1274 ლარს, მეორე კატეგორიის სპეციალიტი – 1100 ლარს, მესამე კატეგორიის სპეციალისტი კი 780 ლარს მიიღებს.

კონკურსის პირობების მიხედვით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის ხარისხი და ხუთწლიანი სამუშაო დამოცდილება. დამატებითი მოთხოვნება საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ფლობა, საერთაშორისო ურთიერთობების, დონორებთან ურთიერთობის ან საარჩევნო სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
სასურველი მოთხოვნაა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება.

საწარმო „ცეზარი“ ტექნიკურ სპეციალისტს ეძებს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში არსებული რძის გადამამუშავებელი  საწარმო „ცეზარი“ რძის, მაწვნისა და აირანის შუშის ქილებში ჩამოსხმასა და ადგილობრივ ბაზარზე გატანას გეგმავს.

საწარმო „ცეზარი“ ამ დროისთვის აჭარის მთიანეთში ერთადერთი რძის გადამამუშავებელი საწარმოა და ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებს. საწარმოს ერთ-ერთი მფლობელი, ნანული ბოლქვაძე ამბობს, რომ დანადგარები, რომლითაც რძე, მაწონი და აირანი უნდა ჩამოასხას საზღვარგარეთ იყიდეს, მათი მთავარი პრობლემა ახლა ის არის, რომ ადგილზე დანადგარების სპეციალისტი ვერ გამონახეს, უცხოელი სპეციალისტები ხულოში ჩასვლასა და ძვირადღირებული დანადგარების დამონტაჟებაში ბევრ თანხას სთხოვენ:

„ყველა ის საჭირო ტექნიკური დანადგარი ვიყიდეთ, რომლებმაც რძის პროდუქტების ტექნიკური ჩამოსხმა უნდა უზრუნველყოს, დანადგარების ყიდვის საჭიროების წინაშე დავდექით, 105 000 დოლარი გადავიხადეთ დანადგარებში, თანხა ბანკიდან გამოვიტანეთ და აღმოჩნდა, რომ სპეციალიტი, ვინც დანადგარებს დაამონტაჟებს, ადგილზე არ არის, უცხოელმა სპეციალისტებმა კი 17 000 დოლარი მოგვთხოვეს. ფინანსური დახმარება ვთხოვეთ სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა საჭირო თანხის მოძიება ვერ შევძელით,“ – ამბობს ნანული.

საწარმოს მფლობელებმა ტექნიკური დანადგარები მას შემდეგ შეიძინეს, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  საწარმოს მუშაობის ლიცენზია შეუჩერა და მფლობელებს საწარმოს კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანის რეკომენდაცია მისცა. ნანული ბოლქვაძე ამბობს, რომ ლიცენზია სააგენტომ აგვისტოში აღუდგინა.

„ის, რაც მოგვთხოვეს გავაკეთეთ, ჭერი იყო მოსაწესრიგებელი, სარეცხი დანადგარები დასაყენებელი….ამ დროისთვის მხოლოდ სულგუნ ყველს, ნადუღსა და კარაქს ვამზადებთ  მცირე რაოდენობით, დღის განმავლობაში სამ ტონა რძეს ვამუშავებთ, იალაღებიდან სპეციალური ტექნიკით ჩამოგვქონდა რძე, პრობლემა ამ კუთხით არ ყოფილა, იმ შემთხვევაში, თუ შუშის ქილებში ჩამოვასხამთ რძეს, მაწონსა და აირანს  კარფურის ქსელი გვპირდება რეალიზებას, დაინტერესება დიდია,“ – ამბობს ნანული.

„ცეზარის“ მფლობელებს რძის გადამამუშავებელი საწარმო წალკაშიც აქვთ გახსნილი, ქარხანა სახელწოდებით – „ნატურალ პროდუქტი“, რომელიც ხულოს საწარმოს მსგავსად ძირითადად სულგუნს აწარმოებს, ყველი „ცეზარის“ სახელით ამერიკაში გაიტანა.

„წელს ხუთი ტონა სულგუნი გავიტანეთ ამერიკაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორი, რომელიც იქ, ადგილზე  ყველს რეალიზებას უწევს, წელს ზაფხულში ჩამოვიდა და  ნახა ხულოს საწარმო, მოეწონა დამზადებული სულგუნი, დაინტერესდა კიდეც და სურვილი გამოთქვა ხულოში წარმოებული ყველი გაიტანოს ამერიკაში. მისი მთავარი ინტერესი ბიოპროდუქტია, აქ, ხულოში კი, ამის პრობლემა არ არის, ერთადერთი პრობლემა დანადგარების დამონტაჟება რჩება, რომელმაც ტექნიკური აღიარება უნდა მოუტანოს საწარმოს“.

არკადი კახაძემ რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ დიოკნისში შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით, 2015 წელს გახსნა.

 

 

 

„მაჭახლობა 2017“ – რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის

„მაჭახლობა 2017“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“-ს დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

,,ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული – მაჭახლობა. მეორედ მომეცა საშუალება ყველა თქვენგანს მივულოცო ნამდვილად ულამაზესი დღესასწაული. შარშან წილად მხვდა ბედნიერება, გავმხდარიყავი „საპატიო მაჭახელელი“. როცა ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის გაძლიერებასა და განვითარებაზე, ეს რა თქმა უნდა, ეხება ასევე მაჭახელას ხეობას, საიდანაც ჩვენი მხარდაჭერით, 9 სოფელს მიენიჭა მაღალმთიანი სოფლის სტატუსი და მოხერხდა ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს ყველა არსებული შეღავათით და შეიმსუბუქებს ყოფას. ჩვენ გვჭირდება გავაძლიეროთ მაღალმთიანი მოსახლეობა, დაწყებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან ზევით, მაღალმთიან აჭარაში. სწორედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, სალიბაურიდან იწყება პირველ ეტაპზე ხიჭაურის მიმართულებით გაზის მილის გზის მშენებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არის წარმატების გზა და განვითარების გზა,“- აღნიშნა მილოცვაში ზურაბ პატარაძემ.

ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს ,,მაჭახლობა-2017“ დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.
ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს, ,,მაჭახლობა-2017“-ს, დაესწრო და ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული მიულოცა.

დღესასწაულის ფარგლებში ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იყო ამ ხეობის ყველა სოფლისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, დაამზადეს და დააგემოვნეს ადგილობრივი კულინარიული ნაწარმი. ასევე, მოეწყო სპორტული აქტივობები და სასცენო წარმოდგენები, რომლებიც ხეობისთვის დამახასიათებელ კულტურას, ეთნოგრაფიას და ტრადიციებს ასახავს. ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა გამართეს კონცერტი. ღონისძიების დასასრულს საპატიო სტუმარი და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვეს.

ხეობის „საპატიო სტუმრებად“ წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ,ი ავთანდილ მესხიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე დასახელდნენ, ხოლო „საპატიო მაჭახელელის“ წოდება ღვაწლმოსილ პედაგოგს ნოდარ კოპინაძეს მიანიჭეს.

მაჭახლობა (6)

სახალხო ზეიმი 2007 წლიდან იმართება მაჭახელას ხეობის სხვადასხვა სოფელში, რაც მიზნად ისახავს თურქეთისა და საქართველოს მაჭახელას სოფლების მოსახლეობის შეხვედრას, საპატიო მაჭახელელისა და საპატიო სტუმრების გამოვლენას.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რა კეთდება მაჭახელას ხეობის განვითარებისთვის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ და ტურისტულად მიმზიდველ მაჭახელას ხეობაში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, არაერთი პროექტი ხორციელდება  ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ხეობის განვითარება-წინსვლისთვის.

მაჭახელას ხეობის მიმართულებით მიმდინარე წელს საგზაო-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში ათეულობით პროექტი განხორციელდა
მაჭახელას ხეობის მიმართულებით მიმდინარე წელს, საგზაო-ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ათეულობით პროექტი განხორციელდა

მაჭახელას ხეობის მიმართულებით მიმდინარე წელს საგზაო-ინფრასტრუქტურის  შემდეგი  სამუშაოები განხორციელდა
  • სოფ. ქედქედში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს
  • ჩხუტუნეთი-გორგაძეთის მიმართულებით მოეწყო 2 ახალი ხიდი
  • კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზაზე 2 მიმართულებაზე დაიგო 3400 მეტრი სიგრძის და 2830 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარი, მოეწყო საყრდენი კედლები.
  • ზედა ჩხუტუნეთის გზაზე მოეწყო გაბიონის საყრდენი კედელი.
  • ხეობაში სულ 20 მიმართულებაზე დაიგო 3500 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი.
  • მაჭახელას ხეობისათვის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე დაიხარჯა 1 880 560 ლარი. სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

მაჭახელას ხეობა გახდა ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული ტურისტული მიმართულება

[checklist]

  • აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ იქნა ორი ტურისტული მარშრუტი მაჭახელას ხეობაში: მაჭახელას თოფის ტურისტული მარშრუტი და მირვეთის ველომარშრუტი.
  • მაჭახელას მარშრუტების პოპულარიზაციას ეწევა ტურიზმის დეპარტამენტი მის მიერ განხორციელებულ ყველა სარეკლამო და მარკეტინგულ ღონისძიებაში, მარშრუტები დატანილია რუკებზე, აჭარის ტურიზმის ყველა საინფორმაციო ცენტრში ტურისტებს აწვდიან ინფორმაციას ამის შესახებ.
  • მაჭახელას ტურისტული მარშრუტის შექმნის შემდეგ ორჯერ გაიზარდა სასტუმრო სახლების რაოდენობაც და ღამისთევის სტატისტიკაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.

[/checklist]

აჭარის მთავრობის უშუალო ძალისხმევითა და მხარდაჭერით მაჭახელას ხეობაში დამატებით 9 სოფელი ისარგებლებს მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით
აჭარის მთავრობის უშუალო ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მაჭახელას ხეობაში დამატებით 9 სოფელი ისარგებლებს მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

[red_box]აჭარის მთავრობის უშუალო ძალისხმევითა და მხარდაჭერით, მაჭახელას ხეობაში დამატებით 9 სოფელი ( ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი) ისარგებლებს მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით:[/red_box]

[checklist]ახალი კანონის მიზანია მაღალმთიანი რეგიონებიდან მიგრაციის შეჩერება, მოსახლეობის დაბრუნება სოფლად, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებით მეწარმეობისთვის ხელის შეწყობა, მთიანი რეგიონების მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა[/checklist].

მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი

  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსადცვითი ფონდის (GEF) პროექტის ფარგლებში მაჭახელას ხეობაში შენდება ვიზიტორთა ცენტრი.
  • ვიზიტორთა ცენტრი მოემსახურება მაჭახელას დაცულ ტერიტორიას და ხელს შეუწყობს ტურისტული სერვისების განვითარებას ხეობაში.
მაჭახელას ეროვნული პარკი რუკაზე
მაჭახელას ეროვნული პარკი რუკაზე

ოქრომჭედელი ციხის შემდეგ

ბათუმის ცენტრიდან გარეუბანში სამარშრუტო ტაქსით თხუთმეტ-ოც წუთში მოხვდებით. ალაგ-ალაგ აყრილი, მტვრიანი გზა და  ნაცრისფერი, კერძო სახლები 90-იანი წლების საქართველოს მოგაგონებთ. ძნელი წარმოსადგენია, რომ აქედან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ჯერ კიდევ ტურისტებით სავსე ბათუმია.

45 წლის ყოფილი პატიმარი დ. ბათუმის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს და საკუთარი სახლის პირველ სართულზე პატარა საიუველირო  სახელოსნო აქვს გახსნილი. ოჯახში ექვსნი არიან. დ.  2011 წელს 180-ე მუხლით [თაღლითობა] გაასამართლეს. ბათუმის  მე-3 საპყრობილეში ერთი წელი გაატარა და 2012 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს.

„არავისთვის არაფერი მომიპარავს, არ წამირთმევია, ვალი მქონდა და დროზე ვერ დავაბრუნე – ხელი შემეშალა. მევალეს ვთხოვდი, ცოტა დრო მოეცა, მაგრამ არ მენდო –  პირდაპირ პროკურატურაში მიჩივლა. ამას არქმევს სახელმწიფო თაღლითობას“.

მან საშუალო განათლება მიიღო და 16 წლის იყო, პირველად მუშაობა რომ დაიწყო ერთ-ერთ ელექტროსახელოსნოში. მერე მეგობართან ერთად პეტერბურგში წავიდა და ოქრომჭედლობაც იქ ისწავლა. ბავშვობაში ხატვა უყვარდა. ლამაზი, წვრილი დეტალების ხელით გამოყვანა მის გატაცებად, ბათუმში დაბრუნების შემდეგ კი ძირითად საქმედ იქცა.

უამრავ ყალიბს მიჩვენებს, პინცეტს მაწვდის და მთხოვს სანთლის ფაქიზი ფიგურები არ დავაზიანო: ყვავილები, მცენარეთა ორნამენტები, რომლებიც მერე სამკაულების დეტალებად უნდა აქციოს. ნიჟარები, გემის ღუზები, დელფინები – ზღვის სიყვარულსა და ზღვისპირელობაზე მისი ნაკეთობებიც მიგანიშნებთ. სახელოსნოს კედლებზე, მაგიდაზე უამრავი პატარა ხელსაწყოა: ქლიბები, ბრტყელტუჩები, ჩაქუჩები თუ საპრიალებლები.  ხელსაწყოების შეძენაში მას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამა დაეხმარა.

ციხემდე და ციხის შემდეგაც ოქროს ბირჟაზე აბარებს ნაკეთობებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოფილი პატიმარი ჰქვია, დამოკიდებულება სამუშაოზე მის მიმართ შეიცვალა.

„სანამ დამიჭერდნენ, თვეში ერთ კილოგრამ ოქროს ვამუშავებდი. შემეძლო ეს ოქრო ვალით, ნისიად გამომეტანა და მერე გადამეხადა თანხა. ციხიდან რომ გამოვედი, გრამი ოქრო აღარავინ მომცა. გულგატეხილი და სასოწარკვეთილი ვიყავი, მასალის გარეშე მუშაობას როგორ დავიწყებდი? მაგრამ ჩემით რაღაცას ვაკოწიწებ. მჯერა, შემართებულ და მონდომებულ ადამიანს ყველაფერი გამოუვა, არ წავიქცევი და ფეხზე დავდგები“.

სახელოსნოზე, სამკაულებსა და საქმეზე ბევრს ყვება, გეგმებზეც სახეანთებული ლაპარაკობს. ყველაზე მეტად ციხის ამბების ხსენებას გაურბის. ერთი და იგივე კითხვა – ,,ციხეში რა ხდებოდა?“ მიწევს ბევრჯერ და სხვადასხვანაირად დავსვა. არ ვიმჩნევ მის აკანკალებულ ხმას, თვალებზე მომდგარ ცრემლს, არიდებულ მზერას და ვუყვები, რომ ბავშვობაში მეც დავდიოდი დედასთან ერთად პატიმარი ბიძის სანახავად, რომ მინახავს ცემით დალურჯებული მისი ზურგი, რომ არაფერი მეუცხოვება.

– ჰოდა, რაღას მეკითხებით? არ იცით რაც ხდებოდა? – მპასუხობს გაღიზიანებული ხმით და დასძენს:

– 20 კვადრატულ მეტრ კამერაში 25 კაცი ვიყავით, 12 საწოლი გვქონდა და რიგრიგობით გვეძინა. ყოველ დილას 20 ნიღბიან კაცს გავყავდით „შემოწმებზე“. მარტო თვალები უჩანდათ, ზურგზე ხელებშემოწყობილები შევყავდით ოთახში სათითაოდ, კედელთან გვაყენებდნენ და „დუბინკებით“ გვცემდნენ, გვამცირებდნენ. „შევიდააა!“ დაიყვირებდნენ და მომდევნო უნდა შესულიყო სწრაფად. ჩვენც შევრბოდით. ვინ ვის ვასწრებდით, ვეღარ ვიგებდით. რომ გელაპარაკები, ყურში ახლაც წუილი მაქვს, დარტყმისგან ესეც დამრჩა. მე არ ვიყავი მარტო ამ დღეში, ყველას ასე გვექცეოდნენ.

ყველაფრის თქმა არ მინდა, რა აზრი აქვს, ჩავლილი მატარებელია. ცოცხების კადრების მერე წამება შეწყდა. იგრძნობოდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა და ეშინოდათ.

საკვებს არა უშავდა, არ გვაშიმშილებდნენ, კვირაში ერთხელ ლობიო, ჩიხირთმა და შემწვარი თევზიც კი გვერგებოდა.

ყოფილ პატიმარს ყველა ეჭვის თვალით გიყურებს და ეს დამთრგუნველია. ჩემი ახლობლები, მეზობელ-ნათესავები მიცნობენ ვინც ვარ, პატიმრობისას თანხაც შემიგროვეს, დამეხმარნენ და მამხნევებდნენ. არავისთვის არაფერი წამირთმევია, არ მომიტყუება და მომიპარავს, პირიქით, რითაც შემიძლია ყველას ხელს ვუწყობ, მაგრამ როცა ციხიდან გამოდიხარ, მაინც გრძნობ შენკენ მომართულ კითხვის ნიშნებით სავსე მზერას“.

ფოტოების გადაღებას რომ ვიწყებ, სახეს ძლივს აბრუნებს ობიექტივისკენ, იშვიათად იღიმება.

„ხელკეტების დარტყმისგან კბილები აღარ მაქვს, მაგრამ ჯანდაბას, კბილები მერეც იქნება. დიდი ოჯახი გვაქვს, შვილს ვერაფერს მოვაკლებ, რა დროს კბილებია“, – იმართლებს თავს.

როკი უყვარს. თუ სასწრაფოდ დასამთავრებელ სამკაულზე მუშაობს, AC/DC – ს უსმენს, კონცენტრირებაში მეხმარებაო, ამბობს. Deep purple, Pink Floyd-ი, Scorpions-ი, Uriah Heep-ი, Doors-ი – მისი საყვარელი ჯგუფებია. როკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ფიქრობს, რომ  მუსიკალურ გემოვნებას ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

შეუძლებელზე არ ოცნებობს, უნდა ოჯახი გამართოს, რემონტის გაკეთება შეძლოს და სახელოსნო მოაწყოს ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისთვის ადამიანური ურთიერთობებია.

,,ადამიანებს შორის სიყვარულზე ვოცნებობ, ყველა თბილად რომ გესალმება და ესალმები, გაჭირვებისა და ლხინის დროს რომ გეგულება ვინმე, ვისაც შენი სიხარული გაახარებს, ტკივილი ეტკინება. ჩემს მეგობრებს, პატიმრებს მინდა ხმა მივაწვდინო – გამხნევდით ბიჭებო, სულით არ დაეცეთ“.

ბონიდან ვბრუნდები და მეგობრის ნაამბობი მახსენდება, ნორვეგიაში ბასტოის კუნძულის ციხეზე, სადაც განსაკუთრებულად საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს სპეციალურ პირობებში: ირგვლივ ტბა, მთები, კუნძულზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, კვირაში ერთხელ 12 საათი ახლობლების მოსანახულებლად და 18-დღიანი შვებულება წელიწადში ერთხელ.

მერე კი ვფიქრობ, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს სასჯელაღსრულების სისტემას, რომლის კედლებში გატარებული ერთი წელიც კი სამუდამო დაღს ასვამს ყოფილი პატიმრების ცხოვრებას. დაღს, რომელიც იგრძნობა საუბრის მანერით, გარშემომყოფების დამოკიდებულებითა თუ ფიზიკური ტრავმებით.

21931424_1566448426727265_1673263130_o

________________________________

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ .
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს. პატიმრები

რა უთხრეს თურქმა მებაჟეებმა ქართველ კოლეგებს შეხვედრაზე

სარფის საბაჟოზე დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებს შეხვდნენ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა ხოფის ახალი გუბერნატორიც.

„გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს მიმდინარე მოვლენებს და ვიდეო ჩანაწერებსაც პირადად ნახავს. ის დაპირდა მებაჟეებს, რომ აუცილებლად დაისჯებიან ის მებაჟეები, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ამ შეხვედრის დაწყებისთანავე საზღვრის გადაკვეთის პრობლემა მოიხსნა,“ – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი, შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

რის გამო შეფერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის საზღვარზე გადასვლა? – ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთის საბაჟოსგან წერილობითი განმარტება არ მიუღიათ.

„ზეპირ საუბრებში თურქმა მებაჟეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მართალია „დუტი ფრიში“ ნაყიდი თამბაქო შეჰქონდათ თურქეთში, მაგრამ სიმრავლიდან გამომდინარე, ჩათვალეს, რომ ეს იყო ეკონომიკური საქმიანობა და ფიზიკურ პირებს მისი შეტანის უფლება არ ჰქონდათ,“ – დასძენს ხატია მოისწრაფიშვილი.

დღეს, თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება არც „აჭარის ტელევიზიის“ გადამღებ ჯგუფს მისცეს. ჟურნალისტის, ჯენი კვანტალიანის თქმით, მას თურქმა მებაჟეებმა პასპორტი და მობილური ტელეფონი წაართვეს, ასევე მას და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ამავე თემაზე:

თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე

ლევან ანთაძე: თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი

„ეს იყო შეცდომა ჩვენი მმართველობის დროს“ და „რა ვნახეთ ამ 5 წლის განმავლობაში?“ – ეს ფრაზები ყველაზე ხშირად ახსენა ინტერვიუს დროს ლევან ანთაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა. იგი წინა ხელისუფლების დროს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ლევან ანთაძეს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, სადაც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა საუბარი, 40-მილიონი სოციალურ პროგრამებზე, ტრამვაის მოწყობაზე ბათუმში და კულტურულ მემკვიდრეობაზეც, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არც თუ ისე სწყალობდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი?

2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე იმიტომ, რომ შემოთავაზება მივიღე „ნაციონალური მოძრაობიდან“. წელს პირველად პარტიის ადგილობრივმა საბჭოებმა შეარჩიეს კანდიდატები. პოლიტსაბჭოს და ჩემი შეხედულებები ბევრ რამეში ერთმანეთს დაემთხვა.

წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაქვთ. რატომ მიიჩნიეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო თქვენგან მთავარი გზავნილი, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ყველაზე მეტს ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავს?  

ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და ვიცით, რა სიტუაციაა. უპირველესი პრობლემა არის სიღატაკე, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ექაჩება უკან, სიბნელისკენ. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა. ბევრი თანხა დახარჯა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული ხარჯვა. იგივე ჯანდაცვის პროგრამები მთელს მოსახლეობაზე თანაბრად ნაწილდებოდა. ფაქტია, რომ სიღარიბის დონე 2016 წელს ისევ გაიზარდა, ამას ადასტურებს კვლევები.

თქვენ აანონსებთ, რომ სხვადასხვა ჯგუფს დააფინანსებთ 40 მილიონი ლარით. სად იშოვით ამ ფულს?

აქ საუბარია ოთხ წელიწადზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის გაზრდას. 2004 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბათუმის ბიუჯეტი მილიონი ლარი იყო, 2012 წელს კი დავტოვეთ 202 მილიონი, დღეს – 145 მილიონია, ანუ განვითარების ნაცვლად, მივდივართ უკან. სამაგიეროდ, გაიზარდა საშტატო ერთეულები მერიაში და სახელფასო ფონდი. ხელფასებისთვის თუ 2012 წელს 8 მილიონი იხარჯებოდა, ახლა 20 მილიონი იხარჯება იმის მიუხედავად, რომ სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

აპირებთ შეამციროთ ხელფასები და შტატები?

შტატების შემცირება რთული პროცესია. ჩვენ ვეცდებით, გარკვეული პროგრამები გავიტანოთ მერიის გარეთ და ბიზნესს მივცეთ განვითარების საშუალება. დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით არის შექმნილი ააიპ-ები. თვითმმართველობის ფუნქცია არ არის საწარმოების ქონა. სერიოზული კორუფციული სქემები ტრიალებს ამ ააიპ-ებში. თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე, ასევე საზაფხულო თეატრზე ცალ-ცალკე ააიპ-ია შექმნილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამდებობრივი სარგო. თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი. შესაძლოა, მერიაში იყოს სულ რამდენიმე ავტომანქანა. მაგალითად, მე არ ვაპირებ ვიარო სამსახურის ავტომანქანით. ჩვენ ასევე აქტიურად ვაპირებთ ვიმუშაოთ ინვესტორების მოზიდვაზე.

აღნიშნეთ, რომ ბათუმის ბიუჯეტი 202 მილიონი იყო, მაგრამ ვიცით, რომ მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ცენტრიდან წამოსული ტრანსფერი იყო…

ჰო,  მაგრამ ეს ფული ხომ ბათუმისთვის იხარჯებოდა? მე მზად ვარ, თუკი რამე მაგდაგვარს გააკეთებენ და კარგ საქმეს გააკეთებენ, მივიღო ტრანსფერი. ჩემი ჰობი არ არის პოლიტიკა, არ მიყვარს სხვისი კრიტიკა და საუბარი. რაც მაშინ გაკეთდა, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირველ რიგში, გაკეთდა ბათუმისთვის და ბათუმელები მუშაობდნენ იმ პროექტებში…

მაგრამ წააგეთ არჩევნები ბათუმშიც. როგორ ფიქრობთ, რატომ წააგეთ?

ეს ნორმალურად მიმაჩნია. დავიწყოთ იქედან, რომ დემოკრატიის საფუძველია, როცა ერთი პარტია მიდის, მეორე – მოდის. როცა საქმეს აკეთებ, იქ შეცდომებსაც უშვებ. ჩემთვის, მაგალითად, გასაგებია, რატომ წავაგეთ არჩევნები 2012 წელს. ვიღაცის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ვიღაცისთვის კი ადამიანების უფლებების დაცვა იყო პირველ ადგილზე. დღეს ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება დაუჭირონ მხარი „ოცნებას“, როცა იმ სისტემის თანამშრომლები, ვისაც აკრიტიკებდნენ, დეპუტატებადაც ჰყავთ ჩასმული… მათ სახელებს ვერ დავასახელებ.

ტრანსფერების ნაწილში კრიტიკის საგანი იყო ის, რომ ბათუმის თვითმმართველობა რეალურად დამოუკიდებლად ვერ იღებდა გადაწყვეტილებას და კეთდებოდა პროექტები, რომელთა წინააღმდეგი ხშირად იყო საზოგადოება, მემკვიდრეობის დამცველები…

და დღეს არის დამოუკიდებლობა? ვერც ერთი ვიცე-მერი ვერ დანიშნა არჩეულმა მერმა, გინდა ბათუმში, გინდა – თბილისში. რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როცა მშენებლობაზე K2 კოეფიციენტზე ნებართვას მერი და საკრებულო ვერ იძლევა და იძლევა აჭარის მთავრობა.

ეს თქვენი ხელისუფლების დამკვიდრებული მოდელია…

პირობას ვდებ, თუ ამირჩევენ, მე ამას შევცვლი… მაშინაც არასწორი იყო – თვითმმართველობამ უნდა გადაწყვიტოს ქალაქში მშენებლობის საკითხები. მაშინ აჭარის მთავრობა მაინც წყვეტდა, ახლა მოვლენილია აჭარის მთავრობაში ემისარი, ვინმე მახათაძე და ის აგვარებს ამ საკითხს. ახლა აჭარის მთავრობაც არ იღებს გადაწყვეტილებას.

თქვენ გაქვთ ქალაქში ტრამვაის მოწყობის იდეა. რატომ მიიჩნევთ, რომ ეს კარგი იქნება ბათუმისთვის და გაქვთ თუ არა ფინანსური გათვლები?

საუბარია თანამედროვე ტრამვაიზე, რომელიც ძალიან უხდება ქალაქს, განსაკუთრებით – ტურისტულ ქალაქს. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ტრამვაი ესთეტიკურად იქნება ძალიან ლამაზი, იგი განტვირთავს ქალაქში მოძრაობის ნაკადს. ჩემი კონკურენტი, ლაშა კომახიძე, საუბრობს ე.წ. ბასლაინერზე და მუნიციპალურ ტერმინალებზე. ეს პროექტი შემუშავებულია IBRD-ის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2009 წელს, მაგრამ მოდით რეალურად ვთქვათ, ამ ხუთი წლის განმავლობაში რა გააკეთეს? ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გორგილაძის ქუჩის ბოლოში უნდა ყოფილიყო დიდი პარკინგი, ჩვენ დროს სამშენებლო კომპანიამ აიღო ამის ვალდებულება, მაგრამ ახლა მხოლოდ სავაჭრო ცენტრს ემსახურება იქ ავტოპარკინგი. ასევე „როიალ კარიბიანის“ პროექტი მიწისქვეშა, 600 სადგომზე გათვლილ პარკინგის მოწყობას ითვალისწინებდა, მემორანდუმიც იყო გაფორმებული, მაგრამ არც კი შეხვდნენ ამ კომპანიას მთავრობის წარმომადგენლები. კატასტროფული ვითარებაა განსაკუთრებით ჭაობში. როცა იქ აკეთებ გზას, ფილას აგებ, რა პრობლემაა, რომ გააკეთო ველობილიკიც? მახსოვს, ბათუმის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი როგორც კი გამოგვითავისუფლდა, მაშინვე გარეგანათება მოვაწყვეთ „ჭაობის“ ერთ-ერთ ქუჩაზე. მეორე დღეს დაზიანებული დაგვხვდა, ხალხი იმდენად შეუგუებელი იყო ამას… 2014 წელს უნდა დასრულებულიყო „ჭაობში“ წყლის და კანალიზაციის მოწყობა. 2017 წელია ახლა და კიდევ არაა დასრულებული. მეტიც, KFW საერთოდ გასვლას აპირებდა, ყველამ იცის, „კახური კლანის“ ამ პროცესებში მონაწილეობის ამბავი… რაც შეეხება ტრამვაის დაფინანსებას, გააჩნია პროექტს და იმას, თუ რომელ ქუჩებზე გაკეთდება. ჩემი გათვლებით დაახლოებით 4-5 მილიონი დოლარი დაჯდება ეს.

თქვენ ასევე აპირებთ ტირიფების პარკის მოწყობას მეჯინისწყლის სანაპიროზე, ბარცხანის სანაპიროზე პაულონიას ხეივნის გაშენებას, გიორგი ბრწყინვალის ქუჩის სასეირნო ადგილად გადაქცევას… რა ფინანსური რესურსით აპირებთ ამ პროექტების განხორციელებას?

ფინანსებს კონკრეტულად ახლა ვერ გეტყვით, პროექტები უნდა გაკეთდეს. ჩვენ გათვლა გვაქვს ერთი,  ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი ერთი მილიონიდან 202 მილიონამდე, შევამცირებთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, მოვიზიდავთ ინვესტიციებს… გუშინ, მაგალითად, ვიყავით იქ, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ჩვენ გვქონდა სოციალური სახლის იდეა და ეს განვახორციელეთ კიდეც. როცა მინისტრი ვიყავი, მე პირადად შევხვდი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს და დახმარება ვთხოვე. ხალხი, რომელსაც თავზე აწვიმდა, ბინები მივეცით. ამ ხელისუფლების პირობებში კი საუბარია „იაფ სახლზე“, ორი წელია ბიუჯეტში დევს ფული და წინასწარ ჩაურიცხეს კომპანიას ფული, რომელიც გაუჩინარდა. საერთოდ, არსებობდა თუ არა ეს კომპანია, არ ვიცი. დღეს „ქართული ოცნება“ ისევ მოდელზე საუბრობს და არა საქმეზე, რომელიც გაკეთდა.

წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურული მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ…

დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?

განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის შენობის…

ფოსტის შენობა საკმაოდ კარგი გამოვიდა და არა მგონია, რომ ის განადგურდა. მე მომწონს… ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არაა მხოლოდ ბათუმის პრაქტიკა. ევროპაშიც ასე ხდება ხშირად, როცა ინარჩუნებენ ძეგლის გარე იერ-სახეს და შიგნით დგამენ ახალ შენობას. ჩემი ხედვით, ეს შენობა ცოტა გაბარიტებში დიდია და არ მომწონს. მცირე ყოფილიყო გაბარიტებში, უკეთესი იქნებოდა.

ანუ არ მიიჩნევთ, რომ ეს დანაშაულია. სასტუმრო „ლონდონის“ დანგრევაც მართებული იყო?

არა, ეს დანაშაული არ იყო. თქვენ ხომ გახსოვთ, რას ჰგავდა ეს შენობა?… კი ბატონო, რაღაც შეიძლება სადავო იყოს. სასტუმრო „ლონდონს“ რაც შეეხება, ის იყო კერძო საკუთრება და მაგის დანგრევასაც ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ. ჩვენ რა უნდა გვექნა?

კერძო საკუთრებაში არსებული კულტურულ მემკვიდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ დაიცვას იგი.

კი, შეიძლება იყო მინუსები. როცა აკეთებ საქმეს, შეცდომებსაც უშვებ, მაგრამ რა ვნახეთ ამ ხუთ წელიწადში?

საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და რამდენად შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ თქვენ იზრუნებთ ძეგლებზე.

თუკი მერად ამირჩევენ, რესტავრირებული იქნება ყველა ძეგლი.

რა ფინანსური რესურსით გვპირდებით ამას?

იმიტომ არსებობს ამხელა ბიუროკრატია, რომ მოიძიოს საკმარისი თანხები. მე თვითონ ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის დაახლოებით 150 წლის და აქვს ძეგლის სტატუსი. შეთანხმება სჭირდება ყველაფერს. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვეუბნება, რომ ხელი არ უნდა ვახლოთ არაფერს, მაგრამ არაფერში გვეხმარება. ძველ ბათუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ბევრი სახლია კატასტროფულ მდგომარეობაში. იქ სხვა მიდგომებია საჭირო.

რა მიდგომა გექნებათ?

ბათუმის იერსახის შენარჩუნებიდან უნდა დავიწყოთ და მერე სხვა რაღაც. რა თქმა უნდა, იქ ხუთსართულიანი შენობები არ უნდა გაჩნდეს. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაშინ გაკეთდა არქიტექტორთა სახლი, მრგვალგუმბათიანი სახლის რესტავრაციაც მაშინ მოხდა. გადახრა იქნებ იყო, მაგრამ მთლად არ აღდგენილა და გაანადგურეთო, ნუ იტყვით. ჩვენ იგივე ძველი ბათუმის იტალიურ ეზოებს უნდა მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ ეს ეზოები შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. შეიძლება ამისთვის მოვიზიდოთ ინვესტორები, ასევე გრანტები, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციიდან დაბალპროცენტიანი სესხის აღებაც. ამისთვის თანხას ნამდვილად არ დავიშურებთ. კონცეფცია ჯერ არ მაქვს, ეს უნდა შევიმუშაოთ ბათუმელებთან ერთად. დაინტერესებული მხარეები და პროფესიონალები უნდა ჩაერთონ კონცეფციის შემუშავებაში.

საბაგირო გზების მოწყობასაც გეგმავთ სამებას, მტირალას და კვარიათის მთებზე.  

რა თქმა უნდა, ამით ძირითადად ინვესტორები უნდა დავაინტერესოთ. ბათუმში ტურისტული მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი განვითარების. შესაბამისად, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. დღეს ვუყურებთ, რომ რიგებია საბაგიროსთან. ამით ვითარდება ახალი ლოკაციაც, სადაც საბაგირო ადის. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, მტირალას პარკის პოტენციალი. ძალიან საინტერესო ადგილი იქნება, თუკი უფრო ხელმისაწვდომი გახდება ტურისტებისთვის.

 

თურქეთის საკონსულო თურქი მებაჟეების მიერ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის ცემაზე

სარფში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე შექმნილ პრობლემას თურქეთის საკონსულო ეხმაურება. სარფში საზღვრის გადაკვეთაზე დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს უარი უთხრეს. როგორც ისინი ამბობენ, მათ მებაჟეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტისა და მობილური ტელეფონის წართმევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტიც საუბრობს.

ჟურნალისტმა ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც გაავრცელა. სწორედ მაშინ სცადეს მებაჟეებმა ჟურნალისტისთვის ტელეფონის წართმმვა, როცა მას ფეისბუქლაივი ჰქონდა ჩართული.

„დაწყებულია მოკვლევა დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით. მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების შესწავლა, ასევე მებაჟეების გამოკითხვა. თუკი რომელიმე თანამშრომლის ბრალეულობა გამოიკვეთება, გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება,“ – განაცხადეს თურქეთის გენერალურ საკონსულოში.

დაიწყო თუ არა თურქეთის მხარემ დღეს საბაჟოზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება? – ამ კითხვაზე თურქეთის საკონსულოში გაგვიმეორეს, რომ „დაწყებულია მოკვლევა“. საკონსულოს ინფორმაციით, ქართველ და თურქ სამართალდამცველებს, ასევე მებაჟეებს, შეხვედრა ჰქონდათ, სადაც ისაუბრეს ისეთი მექანიზმის შემუშავებაზე, რაც მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს.

რის გამო არ მიეცათ საქართველოს მოქალაქეებს საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის უფლება? – თურქეთის საკონსულოში განმარტავენ, რომ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა „მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე მოქალაქეს დოკუმენტაცია ჰქონდა დაზიანებული და, შესაბამისად, მებაჟეებს მათი გატარების უფლება არ ჰქონდათ.“

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ვიდეო.

ქართველი მებაჟეები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას მართავენ

„ამ წუთებში სარფის საბჟო გახსნილია და მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. ქართველი მებაჟეები იმყოფებიან თურქეთის მხარეს და მიმდინარეობს მოლაპარაკება,“ – ამბობს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ხატია მოისწრაფიშვილი.

ხატია მოსწრაფიშვილის თქმით, მოლაპარაკების საგანი თურქეთის საბაჟოს მხრიდან განმარტების მიღებაა, რატომ შეაჩერეს  საქართველოს მოქალაქეები: „დღევანდელი შეფერხება არ მომხდარა საბაჟოს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით სიგარეტის გადატანა გახდა, თუმცა თურქმა მებაჟეებმა მოქალაქეებს არ მისცეს საშუალება ნეიტრალურ ზონაში ნაყიდი სიგარეტი გადაეტანათ თურქეთში“.

საქართველოს მოქალაქეებმა, ვისაც დღეს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნა, მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. ადგილზე მისულია თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები, თუმცა ამ დროისთვის საკონსულო კომენტარს არ აკეთებს.

„ჩვენ არ ვართ ჩართული ამ პროცესში, მიმართეთ თურქეთის საკონსულოს, ვერაფერს გეტყვით,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ თურქეთის სალეჩოში.

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, პასპორტის და მობილური ტელეფონის ჩამორთმევაზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე, როგორც ჟურნალისტების, ასევე იმ მოქალაქეებთან მიმართებაში აღიძრა, რომლებიც აცხადებენ, რომ საბაჟოზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება არ დაწყებულა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

 

ოზურგეთში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

ოზურგეთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალითანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია და გურიის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალ ოფისში  პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობაა შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე, იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ამ ტიპის ოფისებში პრობაციონერებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს შეასწავლიან.

ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ოზურგეთის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი სხვადასხვა სერვისის მისაღებად.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის ოზურგეთში გახსნა ძალზედ მნიშვნელოვანია და ის ეტაპობრივად  თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება.

„აუცილებელია, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სერვისით სარგებლობენ, ყველა ნორმით და სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურება შევთავაზოთ. ოზურგეთის  რეგიონულ  ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამას ხელს შეუწყობს და სხვა რეგიონებშიც გაარძელებს ახალი  ოფისების გახსნას“- განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზაზა გრიგოლიას განცხადებით, პრობაციის ეროვნული სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამასთან, ახალი ოფისი  უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო, ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

გურიის  პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 584  პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, ბიუროში 6 თანამშრომელია  დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ გარემოში იმუშავებენ.

ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები ყველა რეგიონში გაიხსნება.

22051075_1464938473582179_161640588594065930_o (1)

 

„აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი: სარფში თურქმა მებაჟეებმა ფიზიკურად შეურაცხგვყვეს

„თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი ჩემ მიმართ, ასევე ჩემი ოპერატორის – ანდრო ქაჩიბაიას მიმართ, წამართვეს პასპორტი და აღარ მიბრუნებდნენ, ასევე მობილური ტელეფონი. ცდილობდნენ ვიდეოკამერის და მიკროფონის წართმევას,“ – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი, ჯენი კვანტალიანი.

დღეს, 25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთის პრობლემა შეექმნა. მოქალაქეები თურქი მებაჟეების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. ამ მოვლენის გასაშუქებლად ცდილობდა სარფის საბაჟოს გადაკვეთას „აჭარის ტელევიზიის“ გადამღები ჯგუფი.

„ნეიტრალურ ზონაში გამორთულ მდგომარეობაში გვქონდა ვიდეოკამერა. მოგვიახლოვდნენ თურქი მებაჟეები და ოპერატორისგან მოითხოვდნენ კამერის გადაცემას. როცა მესაზღვრეები ძალისმიერ მეთოდებზე გადავიდნენ, მობილური ტელეფონით ჩავრთე ფეისბუკლაივი და აგრესია ჩემზე გადმოვიდა, წამართვეს მობილური ტელეფონი და პასპორტი. ხალხი ხმაურობდა ამ დროს, რკინის კონსტრუქციების რყევა დაიწყეს და მებაჟეებს ეუბნებოდნენ, ყველაფერს დავანგრევთ, თუკი ჟურნალისტს პასპორტს არ დაუბრუნებთო. ერთმა მოქალაქემ ძალით წაართვა მებაჟეს მობილური ტელეფონი და უკან, ჩემსკენ გადმოისროლა. საბოლოოოდ პასპორტიც დამიბრუნეს, მაგრამ საზღვარი აღარ გადამიკვეთავს, რადგან დიდი იყო შანსი, რომ ჩამოერთმიათ კამერა და ჩვენც დავეპატიმრებინეთ,“ – გვიყვება ჯენი კვანტალიანი, „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი.

„ჩვენ ვიმყოფებდით ადგილზე, ვერკვევით სიტუაციაში და მალე მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს თურქეთის საკონსულოში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების მხრიდან სხვადასხვა სახის ძალადობასა და შეურაცყოფაზე საუბრობენ.  როგორც წესი, საქართველოს და თურქეთის ხელისუფლებები მსგავს ფაქტებზე ამომწურავ განმარტებას არ აკეთებენ.

ფოტო: ჯენი კვანტალიანი სარფის საბაჟოზე

 

 

ბათუმში საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია

დღეს ბათუმის 23-ე სკოლის შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საკლასო ოთახებში აზიური ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

„წინა დღეებშიც იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დაგვხვდა. თითქმის ყველგან არის ფაროსანა, მაგრამ მეორე სართულზე განსაკუთრებით. ამიტომ სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და იქ შევიყვანეთ მოსწავლეები. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რესურსცენტრში მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მოვლენ და შეწამლავენ მთლიანად შენობას,“ – უთხრა 23-ე სკოლის დირექტორმა, გურამ ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

„ჩვენთან მხოლოდ მახვილაურის სკოლაზეა ინფორმაცია შემოსული,“ – ამბობს ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე. მისი თქმით, შეწამვლის პროცესი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან „პრეპარატი ორ საათში იშლება“.

რამდენ სკოლაშია ფაროსანას პრობლემა – აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანა ბათუმის 28-ე და 31-ე სკოლების გარე პერიმტერზეც დაფიქსირდა.

„ამ სკოლების შენობებში ფაროსანა შესული არ არის, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ უკვე გამწავნების სამსახურს ამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლაც. შეწამვლითი ღონისძიებები სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ გამოიწვევს,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

არის თუ არა საკმარისი პრეპარატები ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად? – გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ შესაწამლი პრეპარატის მარაგი თითქმის ამოეწურათ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელახლა მიმართავენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 ათასი ლიტრი პრეპარატი გადასცა.

„მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო ფერმერს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს. ჯამში ქობულეთის მოსახლეობას გადაეცემა 5300 ლიტრი, ხელვაჩაურს – 4200, ქედის – 1400, ხოლო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს – 2100 ლიტრი. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,“ – აღნიშნავენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის  დამეწყრელ სოფლებში გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის.

„გეოლოგების ჯგუფი სწავლობს დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას, სულ  20 ოჯახია შესასწავლი, აქედან, 12 ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, 6 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი“- ეუბნებიან „ბათუმელებს“ პრესამსახურში.

სტიქია ქობულეთში
სტიქია ქობულეთში

ოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ამ დროისთვის მეზობლებთან არიან, „მოგვიანებით კი ალბათ ქირით გადავიყვანთ, დაველოდებით სტიქიის კომისიის გადაწყვეტილებას“-გვეუბნება პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანონი შავიშვილი.

სტიქია ქობულეთში
სტიქია ქობულეთში

მისივე ინფორმაციით, წყალმომარაგების პრობლემაა ციხისძირსა და ბუკნარში რადგან მოისილა სათავე ნაგებობები, „სხვა სოფლებში კი წყალმომარაგება აღდგენილია“.

გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში 47 600 ლარია.

სტიქია ქობულეთში
სტიქია ქობულეთში

რუსთაველის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძე და თამთა მელაშვილი სტუდენტებს შეხვდებიან

დღეს 25 სექტემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. პირველ საათზე უნივერსიტეტის ფოიეში დაგეგმილია შეხვედრა ორ ქართველ მწერალთან, გიორგი კეკელიძესა და თამთა მელაშვილთან. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

ოფიციალური ინფორმაციით, წელს რუსთაველის უნივერსიტეტმა 1241 პირველკურსელი მიიღო. აქედან სასწავლო გრანტი 87-მა სტუდენტმა აიღო, ხოლო ათ უფასო საგანმანათლებლო პროგრამაზე 423 სტუდენტი ისწავლის.

ბსუ
ბსუ

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის მშენებლობა  და ქობულეთში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობა იწყება. „ახალი სასწავლო წლისთვის კი ამოქმედდება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ზოგადი ბიოლოგიის ლაბორატორია და ორი ინ-ვიტრო ლაბორატორია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე.

გამოფენა ბსუ-ს ეზოში
გამოფენა ბსუ-ს ეზოში

გარდა ამისა, აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის იხსნება სათბური, სადაც სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან“-აცხადებენ უნივერსიტეტში.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინა წლებისგან განსხვავებით, ერთსტუდენტიანი ფაკულტეტები აღარ აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიზიკის ფაკულტეტზე მხოლოდ თითო სტუდენტი ირიცხებოდა, „წელს კი ფიზიკის ფაკულტეტზე 4 სტუდენტი ჩაირიცხა“.

ბსუ
ბსუ

 

 

 

რომელი ფილმები დასახელდა საუკეთესოდ ბათუმის კინოფესტივალზე

ბათუმის საერთაშორისო, საავტორო კინოფესტივალი დასრულდა. ფესტივალის გრან პრი მიიღო სერგეი ლოჟნიცას ფილმმა “ნაზი არსება”.

“სპეციალური გაჟღერების” პრიზით კინოფესტივალის ჟიურიმ ორი მხატვრული ფილმი დაასახელა: მარიამ ხიჭვანის “დედე” და სალი პოტტერის “წვეულება” (დიდი ბრიტანეთი).

საუკეთესო მსახიობ ქალად ეჩემ უზუნი დასახელდა. ეს მსახიობი მთავარ როლს თამაშობდა თურქი რეჟისორის, იეშიმ უსტაოღლუს ფილმში “შუქჩრდილი”.

რეჟისორი იეშიმ უსტაოღლუ ამავე ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორადაც აღიარეს. მას კინოფესტიცალის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის ელდარ შენგელაიამ გადასცა.

მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი მერაბ ნინიძეს გადასცეს. ის თამაშობდა ფილმში “იუპიტერის მთვარე”.

მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი ირანელ რეჟისორს – მოჰსენ მახმალბაფს გადაეცა.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად კინოფესტივალის ჟიურიმ “ნაზი ღამე” დაასახელა. ფილმის რეჟისორია ქიუ იანგი ჩინეთიდან.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში პრიზი “სპეციალური გაჟღერება” მიიღეს: მარგო ზუბაშვილის “ანა”და  სოსო ბლიაძის “სამი საფეხური”.

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად “ცემენტის გემო” დასახელდა (რეჟისორი ზიად ქალთოუშ). ამავე სექციაში “სპეციალური გაჟღერების” პრიზი მიიღო: უგის ოლტეს “თავისუფლების დღემ”.

წელს კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალე კინომუსიკას ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ორკესტრი ასრულებდა.

საავტორო კინოფესტივალი ბათუმში წელს უკვე მეთორმეტედ ჩატარდა.

მთავარ ფოტოზე: ელდარ შენგელაია გადასცემს პრიზს იეშიმ უსტაოღლუს – საუკეთესო რეჟისურისთვის.

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები უცხოელების წინააღმდეგ

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერებმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს, თუმცა ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, ტრადიციულად, ანტითურქული იყო. აქციის მონაწილეთა სიმცირეც დავით თარხან-მოურავმა თურქეთს დაუკავშირა. „ბათუმელებმა დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა“, – აღნიშნა მან.

„ბათუმელები“ აქციის რამდენიმე მონაწილეს გაესაუბრა და ჰკითხა, რის გამო უჭერდნენ მხარს „პატრიოტთა ალიანსს“. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ძირითადად თურქეთზე არჩიეს საუბარი. ზოგიერთი მათგანის წარმოდგენით, ბათუმში უცხოელების რაოდენობა ქართველებზე მეტია.

მაყვალა ყულეჯიშვილი: კარგი ხალხია. ასეთი კარგი ხელისუფლება თუ გვეყოლება, ქართველი ხალხის სახელიც ყოველთვის კარგად გაჟღერდება… მომწონს, მაგალითად, ის, როცა ამბობენ, საქართველო, პირველ რიგში, ქართველების არისო. თურქებს აქ კარგი რესტორნები აქვთ, სასტუმროები და ბიზნესი. ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზეა. ჩვენ მაგენის მონა-მოსამსახურე ვართ. ქართველი ხალხი ჭინჭის გამო ყველაფერს აკეთებს… უნდა ვიმეგობროთ თურქეთთანაც, მაგრამ მეგობრობა უნდა იყოს ეს. ქართველს ნამდვილი მეგობრობა შეუძლია, თურქებმა კი წაგვართვეს ყველაფერი. რუსებმაც წაგვართვეს, მაგრამ ეს ხომ ჩემი ბრალი არაა? რუსები არიან ამტანი და გამტანი ხალხი, კანონიერი ხალხია, ყველაფერში წმინდანი ვერ იქნები. რუსეთმა ცუდიც გაგვიკეთა და კარგიც, იმ კარგს დანახვა უნდა…

ჩვენს საუბარში აქციის მონაწილე დავით ბასილაძე ჩაერთო:

„რუსეთს 20 პროცენტი აქვს წაღებული და თურქეთს 32 პროცენტი, ამის დანახვა რატომ არ გინდათ?… მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს პარტია თუკი იქნება ხელისუფლებაში, მშვიდობა დამყარდება. აფხაზეთში რომ ომი იყო, იმაზე უარესი იქნება, რუსეთს თუ არ დაველაპარაკებით. მთელი მსოფლიო გვეუბნება, რუსეთთან დიალოგია საჭიროო და აბა, რა უნდა ვქნათ? „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს ამ ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა,“ – აღნიშნა დავით ბასილაძემ.

ზირა ქურიძე: „ბათუმი უნდა ეკუთვნოდეს საქართველოს, ამიტომ მოვედი აქ. არ მინდა იყოს ასეთი მდგომარეობა, როგორიც ახლაა. ყველაფერი გაიყიდა, ხალხი ქონებას კარგავს… უნდა იყვნენ უცხოელები, მაგრამ ბათუმელებზე მეტი არა. ხომ დადიხართ ქუჩებში, ვერ ხედავთ? მაგათია ყველაფერი…“

ნინო ბოლქვაძე: „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს ყველაზე სწორი დამოკიდებულება უცხოელების მიმართ. უცხოელები არიან ყველგან. თბილისში ჩინელები არიან, ბათუმში – თურქები. ამ აქციაზე დავით თარხან-მოურავმა ისიც თქვა, რომ ინვესტიციების დროს შესაძლებელია 49 პროცენტი ეკუთვნოდეს უცხოელს და 51 აუცილებლად ქართველებსო. მე ის 49 პროცენტიც არ მემეტება უცხოელებისთვის… იყვნენ უცხოელები, იყვნენ, გავყაროთ-მეთქი მაგას კი არ ვამბობ. მოვიდნენ, დაგვათვალიერონ…“

მანუჩარ კახიძე: „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს შესანიშნავი იდეა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება. ეს უნდა იყოს ხელისუფლების მუდმივი ზრუნვის საგანი. მეორე მიზეზი, რის გამოც ამ აქციაზე მოვედი, არის საბანკო პოლიტიკა. არ უნდა იყოს ასეთი შეუსაბამო მაღალი პროცენტები. ეს უნდა მოექცეს გარკვეულ ჩარჩოებში. მესამე: ხალხის ტერორს დაანებონ თავი. ვინც „პატრიოტთა ალიანსს“ მხარს უჭერს, მას სოციალურ დახმარებას უწყვეტენ. ყველგან ხდება ეს, მიდით პარტიის ოფისში და იქ გეტყვიან“.

 

 

IMG_20170924_164548
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში

ამავე თემაზე:

“პატრიოტთა ალიანსის” მონაცემები საქართველოში თურქეთის მოქალაქეთა რაოდენობაზე არასწორია

საარჩევნო ანტითურქული გზავნილები „პირად წყაროებზე“ დაყრდნობით

თარხან-მოურავი: ბათუმელებმა დაინახეს, რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა

„სად არიან ბათუმელები? სად არიან? ამ ბათუმელებმაც დაინახეს, რომ რაც არ უნდა იბრძოლონ, მაინც თურქეთის იქნება აქაურობა. აი, ეს არის ტრაგედია და ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს იმდენ ხალხს ვერ ვხედავ, რამდენიც მინდა“, –  განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დღეს, 24 სექტემბერს, ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბათუმში, ევროპის მოედანზე.

დავით თარხან-მოურავმა თავის გამოსვლაში აქციაზე დამსწრეთა სიმცირეს გაუსვა ხაზი: „დიდი მადლობა, რომ მობრძანდით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს მოედანი მინიმუმ ოთხჯერ მაინც მაქვს სულ გავსებული. დღეს არ არის ბევრი ხალხი, ეს ძალიან ცუდია. ცუდია იმიტომ, რომ ხალხმა ეტყობა ყველაფრის იმედი დაკარგა. მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლებაა გაუთავებელ ტყუილში ვართ“.

თარხან-მოურავის თქმით, ხელისუფლება  დათმობაზე რომ წავიდეს, სწორედ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციებია საჭირო: „ცუდია, რომ დღეს ნახევარი მოედანია სავსე, ეს ხელისუფლება ჩათვლის, რომ ხალხს არაფერი აინტერესებს და უარეს რაღაცებს იზამს, ვიდრე აკეთებდა აქამდე… უნდა ვიმუშაოთ და თბილისის აქციებზე მეტი ხალხი უნდა მოვიყვანოთ და კიდევ ერთი აქცია უნდა დავნიშნოთ ბათუმში, რომ უფრო მეტი ხალხი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ვერ გავავსეთ, ეს აქციები არ დამთავრდება და მუხტი აუცილებლად აიწევა“.

„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში / 24.09.2017/ჯაბა ანანიძის ფოტო
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია ბათუმში / 24.09.2017/ჯაბა ანანიძის ფოტო

ტრამვაი ბათუმში – ლევან ანთაძის წინასაარჩევნო დაპირება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ტრამვაის სისტემის მოწყობას პირდება. „ბათუმელები“ ლევან ანთაძეს ესაუბრა, რატომ შეიძლება იყოს ტრამვაი ბათუმში საინტერესო და აქვს თუ არა კანდიდატს შესაბამისი ფინანსური გათვლები.

„საუბარია თანამედროვე ტრამვაიზე, რომელიც ძალიან უხდება ქალაქს, განსაკუთრებით – ტურისტულ ქალაქს. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ტრამვაი ესთეტიურად იქნება ძალიან ლამაზი, იგი განტვირთავს ქალაქში მოძრაობის ნაკადს. ჩემი კონკურენტი, ლაშა კომახიძე საუბრობს ე.წ. ბასლაინერზე და მუნიციპალურ ტერმინალებზე. ეს პროექტი შემუშავებულია IBRD-ის მხარდაჭერით ჯერ კიდევ 2009 წელს, მაგრამ მოდით რეალურად ვთქვათ, ამ ხუთი წლის განმავლობაში რა გააკეთეს? ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გორგილაძის ქუჩის ბოლოში უნდა ყოფილიყო დიდი პარკინგი, ჩვენს დროს სამშენებლო კომპანიამ აიღო ამის ვალდებულება, მაგრამ ახლა მხოლოდ სავაჭრო ცენტრს ემსახურება იქ ავტოპარკინგი. ასევე „როიალ კარიბიანის“ პროექტი მიწისქვეშა, 600 სადგომზე გათვლილ პარკინგის მოწყობას ითვალისწინებდა, მემორანდუმიც იყო გაფორმებული, მაგრამ არც კი შეხვდნენ ამ კომპანიას მთავრობის წარმომადგენლები. კატასტროფული ვითარებაა განსაკუთრებით ჭაობში. როცა იქ აკეთებ გზას, ფილას აგებ, რა პრობლემაა, რომ გააკეთო ველო ბილიკიც? მახსოვს, ბათუმის ბიუჯეტში 30 ათასი ლარი როგორც კი გამოგვითავისუფლდა, მაშინვე გარეგანათება მოვაწყვეთ „ჭაობის“ ერთ-ერთ ქუჩაზე. მეორე დღეს დაზიანებული დაგვხვდა, ხალხი იმდენად შეუგუებელი იყო ამას… 2014 წელს უნდა დასრულებულიყო „ჭაობში“ წყლის და კანალიზაციის მოწყობა. 2017 წელია ახლა და კიდევ არაა დასრულებული. მეტიც, KFW საერთოდ გასვლას აპირებდა, ყველამ იცის, „კახური კლანის“ ამ პროცესებში მონაწილეობის ამბავი… რაც შეეხება ტრამვაის დაფინანსებას, გააჩნია პროექტს და იმას თუ რომელ ქუჩებზე გაკეთდება. ჩემი გათვლებით დაახლოებით 4-5 მილიონი დოლარი დაჯდება ეს,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

ლევან ანთაძესთან ვრცელ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 


მთავარი ფოტო: ტრამვაი ჰააგაში/ჯაბა ანანიძის ფოტო

მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

წვიმის შედეგად ქობულეთში 30 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ყველაზე მეტი მეწყრული კერა სოფელ ქობულეთშია, სადაც ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და დროებით მეზობელთან გადავიდა. ქობულეთის გამგეობაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შემდეგ სულ 60 შეტყობინება შევიდა.

„უყურადღებოდ არ დავტოვებთ არავის. აუცილებლად შეისწავლიან მდგომარეობას გეოლოგები და შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ ოჯახებს. შესაძლოა იქ სპეციალური სამაგრი სამუშაოების ჩატარება იყოს გამოსავალი, შეიძლება – სხვა რამ. ამჟამად იწმინდება გზები და სიტუაციას სწავლობენ გეოლოგები,“ – გვითხრა მალხაზ რომანაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ.

„სულ 13 მიმართულებით არის ჩაკეტილი ადგილობრივი მნიშვნელობის და შიდა სასოფლო გზა,“ – ამბობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი. მისი თქმით, ქობულეთის რამდენიმე სოფელში 15 ტექნიკური საშუალება მუშაობს და გზა მალე გაიწმინდება.

გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ამ დროისთვის მუშაობენ ქობულეთის სოფლებში: ჭახათში, კონდიდში, სოფელ-ქობულეთში, სამებაში, ალამბარში, აჭყვისთავში. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედაში, სოფელ მერისშიც.

„გუშინ ღამით შევაჩერეთ სამუშაოები ძლიერი წვიმის გამო და დღეს დილიდან განახლდა. ამ სოფლებში, რაც ჩამოვთვალე, მისასვლელი გზა ამ დროისთვის არ არის. შესაძლოა ზოგიერთ სოფელს ჰქონდეს ალტერნატიული გზა. ტექნიკის პრობლემა არ არის. ყველა გზაზე მუშაობს ერთი ტექნიკური ერთეული მაინც,“ – ამბობს არჩილ ჩიქოვანი, აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსი.

მთავარი ფოტო: სტიქია ქობულეთში / კადრი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვიდეო სიუჟეტიდან

 

ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია.

„ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, რომ ეს პერსონალური ინფომაციაა და მას ვერ მივიღებდით,“  – ამბობს მაია ლიპარტელიანი, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

მაია ლიპარტელიანის თქმით, ანალოგიური დავა სახალხო დამცველს ჰქონდა მე-8 დაწესებულებასთანაც. ამ შემთხვევაშიც სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი.

ბათუმში მერობის 9 კანდიდატი და 15 პარტია დარეგისტრირდა

ადგილობირივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში სულ 15 პარტია და მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრიდა. პოლიტიკური გაერთიანებების, ასევე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა გუშინ, 23 სექტემბერს ამოუიწურა. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, არჩევნებში შემდეგ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას:

„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ [საარჩევნო ნომერი 10]

„ევროპული საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 2]

„ქართული ოცნება“ [საარჩევნო ნომერი 41]

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [საარჩევნო ნომერი 5]

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ [საარჩევნო ნომერი 39]

„კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 3]

„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ [საარჩევნო ნომერი 27]

„კომუნისტური პარტია“ [საარჩევნო ნომერი 37]

„სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“ [საარჩევნო ნომერი 38]

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ [საარჩევნო ნომერი 4]

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ [საარჩევნო ნომერი 31]

„რესპუბლიკური პარტია“ [საარჩევნო ნომერი 6]

„პატრიოტთა ალიანსი“ [საარჩევნო ნომერი 8]

„საქართველოს ერთობის და განვითარების პარტია“ [საარჩევნო ნომერი 14]


ბათუმის 79 საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატები
  1. ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  2. პეტრე ზამბახიძე – „ევროპული საქართველო“
  3. ლაშა კომახიძე – „ქართული ოცნება“
  4. ლევან ანთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
  5. ომარ ფარტენაძე – „კუკავა – ლორთქიფანიძე – დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“
  6. რობერტ ფუტკარაძე – „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“
  7. ნათია ბუაძე – „სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“
  8. თენგიზ თავდგირიძე – „პატრიოტთა ალიანსი“
  9. კახა ცისკარიძე – „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტია“

ლევან ანთაძე: პოლიტიკა ჩემი ჰობი არ არის

მერად არჩევის შემთხვევაში ლევან ანთაძე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე 40 მილიონის დახარჯვას აპირებს სოციალური დაცვის მიმართულებით. ლევან ანთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატია.

ბატონო ლევან, რატომ გაგიჩნდათ ბათუმის მერობის სურვილი?

2011 წლიდან შპს „მედ ალფა“-ში ვმუშაობდი და აღარ ვიყავი აქტიური პოლიტიკაში… მერობა გადავწყვიტე, რადგან შვილები მეზრდება და მინდა, ისინი ბათუმში, საქართველოში გაიზარდონ. მეორე იმიტომ, რომ შემოთავაზება მივიღე „ნაციონალური მოძრაობიდან“. წელს პირველად პარტიის ადგილობრივმა საბჭოებმა შეარჩიეს კანდიდატები. პოლიტსაბჭოს და ჩემი შეხედულებები ბევრ რამეში ერთმანეთს დაემთხვა.

წინასაარჩევნო პროგრამაში მთავარი აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაქვთ. რატომ ჩათვალეთ, რომ ეს უნდა ყოფილიყო თქვენგან მთავარი გზავნილი, როცა „ოცნების“ ხელისუფლება ყველაზე მეტს ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით ხარჯავს?  

ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და ვიცით, რა სიტუაციაა. უპირველესი პრობლემა არის სიღატაკე, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ექაჩება უკან, სიბნელისკენ. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი სიღარიბის დაძლევაა. ბევრი თანხა დახარჯა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მაგრამ ეს არ იყო მიზანმიმართული ხარჯვა. იგივე ჯანდაცვის პროგრამები მთელს მოსახლეობაზე თანაბრად ნაწილდებოდა. ფაქტია, რომ სიღარიბის დონე 2016 წელს ისევ გაიზარდა, ამას ადასტურებს კვლევები.

თქვენ აანონსებთ, რომ სხვადასხვა ჯგუფს დააფინანსებთ 40 მილიონი ლარით. სად იშოვით ამ ფულს?

აქ საუბარია ოთხ წელიწადზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ბიუჯეტის გაზრდას. 2004 წელს, როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბათუმის ბიუჯეტი მილიონი ლარი იყო, 2012 წელს კი დავტოვეთ 202 მილიონი, დღეს – 145 მილიონია, ანუ განვითარების ნაცვლად, მივდივართ უკან. სამაგიეროდ, გაიზარდა საშტატო ერთეულები მერიაში და სახელფასო ფონდი. ხელფასებისთვის თუ 2012 წელს 8 მილიონი იხარჯებოდა, ახლა 20 მილიონი იხარჯება იმის მიუხედავად, რომ სახანძრო სამსახური შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

აპირებთ შეამციროთ ხელფასები და შტატები?

შტატების შემცირება რთული პროცესია. ჩვენ ვეცდებით, გარკვეული პროგრამები გავიტანოთ მერიის გარეთ და ბიზნესს მივცეთ განვითარების საშუალება. დღეს ძალიან ბევრი მიმართულებით არის შექმნილი ააიპ-ები. თვითმმართველობის ფუნქცია არ არის საწარმოები ჰქონდეს. სერიოზული კორუფციული სქემები ტრიალებს ამ ააიპ-ებში. თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე, ასევე საზაფხულო თეატრზე ცალ-ცალკე ააიპ-ია შექმნილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თანამდებობრივი სარგო. თანამდებობა არ უნდა იყოს კომფორტი. შესაძლოა, მერიაში იყოს სულ რამდენიმე ავტომანქანა. მაგალითად, მე არ ვაპირებ ვიარო სამსახურის ავტომანქანით. ჩვენ ასევე აქტიურად ვაპირებთ ვიმუშაოთ ინვესტორების მოზიდვაზე.

აღნიშნეთ, რომ ბათუმის ბიუჯეტი 202 მილიონი იყო, მაგრამ ვიცით, რომ მისი საკმაოდ დიდი ნაწილი ცენტრიდან წამოსული ტრანსფერი იყო…

ხომ მაგრამ ეს ფული ხომ ბათუმისთვის იხარჯებოდა? მე მზად ვარ, თუკი რამე მაგდაგვარს გააკეთებენ და კარგ საქმეს გააკეთებენ, მივიღო ტრანსფერი. ჩემი ჰობი არ არის პოლიტიკა, არ მიყვარს სხვისი კრიტიკა და საუბარი. რაც მაშინ გაკეთდა, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, პირველ რიგში, გაკეთდა ბათუმისთვის და ბათუმელები მუშაობდნენ იმ პროექტებში…

მაგრამ წააგეთ არჩევნები ბათუმშიც. როგორ ფიქრობთ, რატომ წააგეთ?

ეს ნორმალურად მიმაჩნია. დავიწყოთ იქედან, რომ დემოკრატიის საფუძველია, როცა ერთი პარტია მიდის, მეორე – მოდის. როცა საქმეს აკეთებ, იქ შეცდომებსაც უშვებ. ჩემთვის, მაგალითად, გასაგებია, რატომ წავაგეთ არჩევნები 2012 წელს. ვიღაცის პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ვიღაცისთვის კი ადამიანების უფლებების დაცვა იყო პირველ ადგილზე. დღეს ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება დაუჭირონ მხარი „ოცნებას“, როცა იმ სისტემის თანამშრომლები, ვისაც აკრიტიკებდნენ, დეპუტატებადაც ჰყავთ ჩასმული… მათ სახელებს ვერ დავასახელებ.


ლევან ანთაძესთან სრულ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 

მე მომწონს ფოსტის შენობა – ლევან ანთაძე კულტურულ მემკვიდრეობაზე

ლევან ანთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინაასარჩევნო პროგრამაში საუბრობს კულტურულ მემკვიდრეობაზეც. რა შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებაში ძეგლების მიმართ და რას გააკეთებს ამ კუთხით ლევან ანთაძე, თუკი იგი ქალაქის მერად აირჩიეს?

ბატონო ლევან, წინასაარჩევნო პროგრამაში საუბრობთ კულტურულ მემკვიდრეობის მოვლაზე. საზოგადოებას კარგად ახსოვს თქვენი დამოკიდებულება ძეგლების მიმართ…

დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?

განადგურებას ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ფოსტის შენობის…

ფოსტის შენობა საკმაოდ კარგი გამოვიდა და არა მგონია, რომ ის განადგურდა. მე მომწონს… ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არაა მხოლოდ ბათუმის პრაქტიკა. ევროპაშიც ასე ხდება ხშირად, როცა ინარჩუნებენ ძეგლის გარე იერ-სახეს და შიგნით დგამენ ახალ შენობას. ჩემი ხედვით, ეს შენობა ცოტა გაბარიტებში დიდია და არ მომწონს. მცირე ყოფილიყო გაბარიტებში, უკეთესი იქნებოდა.

ანუ არ მიიჩნევთ, რომ ეს დანაშაულია. სასტუმრო „ლონდონის“ დანგრევაც მართებული იყო?

არა, ეს დანაშაული არ იყო. თქვენ ხომ გახსოვთ, რას ჰგავდა ეს შენობა?… კი ბატონო, რაღაც შეიძლება სადავო იყოს. სასტუმრო „ლონდონს“ რაც შეეხება, ის იყო კერძო საკუთრება და მაგის დანგრევასაც ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ. ჩვენ რა უნდა გვექნა?

კერძო საკუთრებაში არსებული კულტურულ მემკვიდრეობა არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ არ დაიცვას იგი.

კი, შეიძლება იყო მინუსები. როცა აკეთებ საქმეს, შეცდომებსაც უშვებ, მაგრამ რა ვნახეთ ამ ხუთ წელიწადში?

საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება რამდენად შეიცვალა კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და რამდენად შეიძლება დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ თქვენ იზრუნებთ ძეგლებზე.

თუკი მერად ამირჩევენ, რესტავრირებული იქნება ყველა ძეგლი.

რა ფინანსური რესურსით გვპირდებით ამას?

იმიტომ არსებობს ამხელა ბიუროკრატია, რომ მოიძიოს საკმარისი თანხები. მე თვითონ ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის დაახლოებით 150 წლის და აქვს ძეგლის სტატუსი. შეთანხმება სჭირდება ყველაფერს. მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გვეუბნება, რომ ხელი არ უნდა ვახლოთ არაფერს, მაგრამ არაფერში გვეხმარება. ძველ ბათუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი, ბევრი სახლია კატასტროფულ მდგომარეობაში. იქ სხვა მიდგომებია საჭირო.

რა მიდგომა გექნებათ?

ბათუმის იერსახის შენარჩუნებიდან უნდა დავიწყოთ და მერე სხვა რაღაც. რა თქმა უნდა, იქ ხუთსართულიანი შენობები არ უნდა გაჩნდეს. როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაშინ გაკეთდა არქიტექტორთა სახლი, მრგვალგუმბათიანი სახლის რესტავრაციაც მაშინ მოხდა. გადახრა იქნებ იყო, მაგრამ მთლად არ აღდგენილა და გაანადგურეთო, ნუ იტყვით. ჩვენ იგივე ძველი ბათუმის იტალიურ ეზოებს უნდა მივანიჭოთ ახალი სიცოცხლე. მე ვფიქრობ, რომ ეს ეზოები შეიძლება იყოს ძალიან მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის. შეიძლება ამისთვის მოვიზიდოთ ინვესტორები, ასევე გრანტები, შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციიდან დაბალპროცენტიანი სესხის აღებაც. ამისთვის თანხას ნამდვილად არ დავიშურებთ. კონცეფცია ჯერ არ მაქვს, ეს უნდა შევიმუშაოთ ბათუმელებთან ერთად. დაინტერესებული მხარეები და პროფესიონალები უნდა ჩაერთონ კონცეფციის შემუშავებაში.

ლევან ანთაძესთან სრულ ინტერვიუს „ბათუმელები“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ 

ბათუმში ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენების სურვილი არავინ გამოთქვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [პლაჟსა და სარკინიგზო ხაზს შორის] გადასასვლელი, ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის სურვილი არავინ გამოთქვა, შესაბამისად, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ხიდის აშენებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 186 ათას 100 ლარია გამოყოფილი.

ქალაქის მერიამ ხიდის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო ფასი კვლავ 186 100 ლარია. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ახალი ტენდერის პირობის მიხედვით კი, მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2 ოქტომბერს დასრულდება.


ლითონის ხიდი, რომელიც ბარცახანაში, ლორთქიფანიძის ქუჩის პირდაპირ, უნდა აშენდეს, არაადაპტირებული იქნება.

ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ გამავალი სარკინიგზო ხაზი დაასახელეს: „მაქ ეტლით მოსარგებლეთათვის ლიფტის დამონტაჟებაც კი ვერ მოხერხდება“.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თენგიზ პეტრიძემ კი „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ ადაპტირებული ხიდის დაპროექტება თავიდანვე განიხილებოდა, თუმცა სარკინიგზო ხაზის გამო საპროექტომ საბოლოოდ უარი თქვა ლიფტის მოწყობაზეც: „ხიდი დაპროექტდა ასე – რკინიგზის ლიანდაგებს გადადის ქვეითი ფეხით, როგორც ახლა და შემდეგ ადის ხიდის კიბეებზე. ამ ხიდის საშუალებით კი გადავდივართ საავტომობილო მაგისტრალზე და არა რკინიგზაზე“.

xidi

 

 

Exit mobile version