მთავარი,სიახლეები

ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

28.09.2017 • 12266
ბათუმის ყველაზე ასაკოვანი მესაათე

ქალაქს ბევრი რამ ქმნის: გარემო, არქიტექტურა,ლანდშაფტი, სკვერები და ბაღები, ქუჩები, ამ ქუჩებში დატრიალებული სუნიც კი, მაგრამ ქალაქის მაჯისცემას ყველაზე მეტად ადამიანები განსაზღვრავენ.

ქუჩაში ყველას შეგვხვედრია მესაათის ჯიხური და ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ თუ ჯიხურის მინებიდან კარგად ჩანს როგორ ჩაჰკირკიტებს მოხუცი მესაათე მექანიზმის უწვრილეს დეტალებს და იქვე ხის ძველი, კედლის გუგულიანი საათებიც ჰკიდია, აუცილებლად შეჩერდებით. ბათუმში, გორგილაძისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთასთან, 90 წლის არკადი მელქოიანი უკვე 75 წელია არეულ საათებს ასწორებს, რომ რეალური დრო პატარა მექანიზმში არც წინ გაიჭრას და არც ზედმეტად ჩამორჩეს.

არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო

არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო

ჯიხურში, ერთ კედელზე, შესაკეთებელი და შეკეთებული საათები ჰკიდია, მეორეზე – მომღიმარი შვილების, შვილიშვილებისა და ცოლის ახალგაზრდობის ფოტოები.

დედ-მამა ადრე გარდაეცვალა და იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. სარჩო რომ ჰქონოდა, თხუთმეტი წლისამ მეზობლისგან მესაათეობა ისწავლა.

„15 წლიდან მესაათედ ვმუშაობ, ომი იყო, ყველაფერი მახსოვს, როგორ ვცხოვრობდით, ხალხი შიმშილობდა, მაგრამ ომის დამთავრების მერე ყველაფერი შეიცვალა და ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდა. გასული საუკუნის 40-იან წლებში და მერეც ბათუმში ორად-ორი მთავარი ქუჩა იყო – ლენინისა და სტალინის, სადაც ხალხი სასეირნოდ გამოდიოდა. გოგო-ბიჭებიც აქ ხვდებოდნენ ძირითადად ერთმანეთს. 18 წლის ვიყავი, ჩემი მომავალი ცოლი რომ დავინახე პირველად სტალინის ქუჩაზე. ლამაზი იყო და ძალიან მომეწონა. ცხრამეტისამ უკვე ცოლად შევირთე, მას შემდეგ ჩემთვის მთავარი ოჯახია, ცოლ-შვილი და ახლა უკვე შვილიშვილებიც. ასეა ეს, ყველა ოჯახის კაცისთვის, მეც ოჯახის კაცი ვარ და ჩემთვისაც ასეა“.

არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო

არკადი მელქოიანი, მესაათე. თამარ ნერგაძის ფოტო

ყოველთვის დროის სვლას აკონტროლებს, მაგრამ დრო მისთვისაც ისე გადის, როგორც ყველასთვის, ერთი განსხვავებით: იმდენად უყვარს თავისი საქმე, რომ მუშაობისას გატარებულ დროს შრომის საათებად ვერ აღიქვამს. შვებულებით არასოდეს უსარგებლია და დაუსვენია, „თუ არ ჩავთვლით წლების წინ, ერთ ზაფხულს ბორჯომში რამდენიმედღიან დასვენებას.“

ბათუმში ყველას იცნობს და ყველა იცნობს. სხვაგან ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, მოსწონს ქალაქის სიახლეები, ახალი შენობები და ბევრი ტურისტი ქალაქის ქუჩებში. ქალაქი ლამაზი და კარგია, როცა ხალხია ბედნიერიო, მიიჩნევს. ახსოვს ბავშვობის დროინდელი, 20-30-იანი წლების ბათუმის მშვიდი ქუჩები, შოლტიანი მეეტლეებითა და ცხენებშებმული ფაეტონებით, როცა ვერსად ნახავდით ავტომობილს.

დარდობს, რომ მოხუცდა და ისე ვეღარ ხედავს უსათვალოდ, როგორც ადრე. შვილები სთხოვენ, შინ იყოს და აღარ იმუშაოს, მაგრამ უსაქმოდ ყოფნა არ უნდა, თან პენსიაც არაფერში ჰყოფნის, თითქმის მთლიანად წამლებში ეხარჯება და მესაათეობით დამატებითი შემოსავალი აქვს.

„პენსია რაში უნდა მეყოს? რომ არ ვმუშაობდე, გამიჭირდებოდა. არსებობა ცხოვრებას ხომ არ ნიშნავს?!  ოთხმოცდაათი წლის მოხუცი ვარ და ვგრძნობ, როგორ მიძნელდება ნელ-ნელა შრომა. დრო რომ უკან დაბრუნდეს, სხვა პროფესიას არ ავირჩევდი, რაც არ უყვარს ადამიანს, ის არც გამოუვა. დავუკრავ მე ახლა ფორტეპიანოზე? ვერა. მომწონს რასაც ვაკეთებ, წვრილ დეტალებში ცქერა და დაშლა-აწყობა. ადრე ბევრი ნაწილი არ იშოვებოდა და თვითონ უნდა ჩამოგვესხა უწვრილესი დეტალები, ახლა ყველაფერი იყიდება და საქმეც გაგვიმარტივდა მესაათეებს. ბევრი კლიენტი არ მყავს, როგორც ადრე, მაგრამ შემოივლიან ხოლმე ანტიკვარული, ძველი საათი თუ გაუფუჭდა ვინმეს. მუდმივი კლიენტები არ მყავს, რამდენჯერ უნდა გაუჩერდეს ადამიანს საათი? თუ უჩერდებათ მოდიან, თუ არა და ჯიხურთან ჩავლისას გამარჯობას ხომ მაინც მეტყვიან“.

არკადი მელქოიანი. თამარ ნერგაძის ფოტო

არკადი მელქოიანი. თამარ ნერგაძის ფოტო

ქალაქის ყველაზე ხანდაზმული მესაათე დროზე გვიმხელს თავის აზრს:

„ისე გავიდა ჩემი ოთხმოცდაათი წელი, მგონია, გუშინ დავიბადე. დროისგან ის უნდა დაგრჩეს, რისი მიღებაც გინდა, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან, ძალიან სწრაფად გადის და სწორად უნდა გამოიყენო. სანამ დრო და საათი იარსებებს, იარსებებენ მესაათეებიც”,  – ასე ფიქრობს ქალაქის ყველაზე ასაკოვანი მესაათე, 90 წლის არკადი მელქონიანი.

ციფრულ ერაში კიდევ რამდენ ხანს იარსებებს საათი, რომელიც ფუჭდება და შეკეთებას საჭიროებს? არიან ქალაქში ახალგაზრდები,  რომლებსაც მომავალში მესაათეობა სურთ? თუ ამ პროფესიის ხალხიც მხოლოდ ძველ ფოტოებს შემორჩება? –  ასეთ კითხვებზე პასუხს მხოლოდ დრო სცემს. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ქალაქის ქუჩებში აუჩქარებლად სეირნობისას ორი ქუჩის კვეთასთანაც ჩავიაროთ, სადაც ბათუმის ყველაზე ხნიერი მესაათე დროს ჩაჰკირკიტებს.

თამარ ნერგაძის ფოტო

თამარ ნერგაძის ფოტო

თამარ ნერგაძის ფოტო

თამარ ნერგაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: