Batumelebi | ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ – Batumelebi
RU | GE  

ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ

გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს.

დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას  ვეღარ ახერხებდა.

„დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე  – გიორგი ქ. რომელსაც ჰქონდა მინდობილობა იმ კაცისგან, ვისთვისაც ფული მქონდა დასაბრუნებელი. მითხრა, რომ ის მოაგვარებდა საქმეს. ამ პირს გადავეცი გასული წლის დეკემბერში 16 ათასი ამერიკული დოლარი. აღმოჩნდა, რომ მან ეს თანხა მიითვისა და მე ისევ ვალი მაქვს გადასახდელი,“ – ამბობს დავით გაიე.

„გამოძიებამ დაკითხა ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის, გიორგი ქ. რომელიც ადასტურებს ფულის აღების ფაქტს. ის ამბობს, რომ თანხას აუცილებლად დააბრუნებს. გამოკვეთილია დანაშაულის ნიშნები, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. ბრალდების მხარე გვეუბნება, რომ უახლოეს პერიოდში მიიღებენ გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენის შესახებ, მაგრამ უკვე გავიდა ორი თვე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მფარველობენ ამ კონკრეტულ მოქალაქეს,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

რატომ არ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, თუკი გამოძიება დასრულდა? -„ბათუმელებს“ ამ საქმის ზედამხედველმა პროკურორმა, ფრიდონ ქარცივაძემ უთხრა, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მიმდინარეობს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები და „სტანდარტის შესაბამისად მოხდება ბრალის წარდგენა“.

„ფორმალურად ყოველთვის შეუძლია ამის თქმა პროკურატურას, რომ გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები, რითაც დგინდება დანაშაულის ნიშნები, უკვე ჩატარებულია,“ – დასძენს ადვოკატი რამინ პაპიძე.

აქვს თუ არა პროკურატურას შესაძლებლობა, გააჭიანუროს კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენის პროცესი? – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, პაატა დიასამიძე განმარტავს, რომ პირისთვის ბრალის წარდგენა პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილებაა და ამისთვის გათვალისწინებული ვადა შეზღუდული არ არის.

არსებობს თუ არა მექანიზმი, რაც გამორიცხავს პროკურორის არაკეთილსინდისიერებას? – პაატა დიასამიძის თქმით, „თუკი პროკურორი ვინმეს ხელს აფარებს, ეს დანაშაულია პროკურატურის მხრიდან. პროკურორის მხრიდან ჩადენილი დანაშაული პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა უნდა გამოიძიოს, თუმცა ასეთი შემთხვევა არ მახსენდება…“

საია იცავს, მაგალითად, მოქალაქე ირაკლი ქაჯაიას, რომელმაც გასული წლის აგვისტოში თქვა, რომ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს. გამოძიების დაწყებიდან ერთ წელზე მეტი დრო გავიდა. ამის მიუხედავად, საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე ერთი და იმავე შინაარსის წერილს იღებს საგამოძიებო უწყებიდან – „მიმდინარეობს გამოძიება“.

„მიმდინარეობს გამოძიება“ გიგა ჩხაიძის საქმეზეც. იგი 12 მარტის დილით დააკავეს ბათუმის აქციის შემდეგ. სასამართლო პროცესზე მოქალაქემ პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა – ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, რომელიც მან სამსახურიდან ამოიღო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძე გაამართლა. ამავე სასამართლო პროცესზე გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკურად შეურაცხყვეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება. გიგა ჩხაიძის დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურამ უარი თქვა. შესაბამისად, მას არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, სადაც მისი ფიზიკური დაზიანების ხარისხია შეფასებული.

2017 წლის 2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დღემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

ამავე თემაზე:

გასროლა ღამის კლუბში

საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი