მთავარი,სიახლეები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

28.09.2017
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.  მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება.

„ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება.

ყველა ბავშვი, ფაქტობრივად, კლინიკიდან ერთი საათის შემდეგ გაეწერა, რაც მოწმობს იმას, რომ რაიმე დიდ ინტოქსიკაციაზე არ იყო საუბარი“.

მინისტრი ამბობს, რომ პირველადი გამოკითხვის მიხედვით არ იკვეთება წყლის ან საკვებით ინტოქსიკაციის ნიშნები.

„წყალი გამოირიცხა, რადგან მხოლოდ 3-4 ბავშვს ჰქონდა დილით დალეული, სკოლის ბუფეტშიც რამდენიმე მოსწავლეს ჰქონდა საკვები მიღებული, ამიტომ წყალი და საკვები ალბათ ვერ იქნებოდა ინტოქსიკაციის წყარო.

რისკებიდან გამომდინარე ჩვენ მაინც ვთხოვეთ სურსათის უვნებლობის სამსახურს და მიმდინარეობს სკოლის შესწავლა. წინა დღით რამდენიმე მოსწავლე ამ ბავშვებიდან დაბადების დღეზე იმყოფებოდა, თუმცა საერთო სურათს ეს მაინც ვერ გვაძლევს. რაიმე ქიმიურ ხსნარს რომ გემოეწვია, ვერც  ეს დასტურდება ჯერჯერობით, რადგან იმ კლასში მანამდე სხვა ბავშვებიც იმყოფებოდნენ და ინტოქსიკაცია არ ჰქონიათ.

ამიტომ, რეალური მიზეზი რომ დადგინდეს, მაინც საჭიროა დამატებითი ეპიდემიოლოგიური კვლევა და ბავშვების დეტალური გამოკითხვა, რომ რაიმე ბავშვურ თამაშებს არ ჰქონდეს ადგილი“.

ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში დღეს, 28 სექტემბერს, 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე, რომლებსაც ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: