მთავარი,სიახლეები

ბათუმში საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია

25.09.2017 • 4518
ბათუმში საჯარო სკოლას ფაროსანა შეესია

დღეს ბათუმის 23-ე სკოლის შენობის მეორე სართულზე განთავსებულ საკლასო ოთახებში აზიური ფაროსანას შესევის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.

„წინა დღეებშიც იყო, მაგრამ დღეს ძალიან ბევრი დაგვხვდა. თითქმის ყველგან არის ფაროსანა, მაგრამ მეორე სართულზე განსაკუთრებით. ამიტომ სასწავლო პროცესი მხოლოდ პირველ სართულზე გვაქვს. აქ თავისუფალი ადგილები გვაქვს და იქ შევიყვანეთ მოსწავლეები. სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რესურსცენტრში მითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მოვლენ და შეწამლავენ მთლიანად შენობას,“ – უთხრა 23-ე სკოლის დირექტორმა, გურამ ფარტენაძემ „ბათუმელებს“.

„ჩვენთან მხოლოდ მახვილაურის სკოლაზეა ინფორმაცია შემოსული,“ – ამბობს ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსი, ლევან ჭანუყვაძე. მისი თქმით, შეწამვლის პროცესი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის, რადგან „პრეპარატი ორ საათში იშლება“.

რამდენ სკოლაშია ფაროსანას პრობლემა – აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანა ბათუმის 28-ე და 31-ე სკოლების გარე პერიმტერზეც დაფიქსირდა.

„ამ სკოლების შენობებში ფაროსანა შესული არ არის, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ უკვე გამწავნების სამსახურს ამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლაც. შეწამვლითი ღონისძიებები სასწავლო პროცესის შეწყვეტას არ გამოიწვევს,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

არის თუ არა საკმარისი პრეპარატები ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად? – გამწვანების სამსახურში გვითხრეს, რომ შესაწამლი პრეპარატის მარაგი თითქმის ამოეწურათ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელახლა მიმართავენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 ათასი ლიტრი პრეპარატი გადასცა.

„მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო ფერმერს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოდ გადასცემს. ჯამში ქობულეთის მოსახლეობას გადაეცემა 5300 ლიტრი, ხელვაჩაურს – 4200, ქედის – 1400, ხოლო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს – 2100 ლიტრი. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს,“ – აღნიშნავენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: