რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  23 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმების ნახვა შეგიძლიათ:

12.00 საათზე:  „თავისუფლების დღე“, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.
14.00 საათზე:  BIAFF საკონკურსო მოკლემეტრაჟიანი ფილმები
16.00 საათზე: „როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი “კუნძი“ მოხუცებულთა თავშესაფარში“, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ..
18.00 საათზე: „აფრენა“, ეჰსან აბდიპოური, ირანი, 2017, 84 წთ.
20.00 საათზე: “იუპიტერის მთვარე“, კორნელ მუნდრუცო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.
22.30 საათზე: „ანარეკლი“, ანჯეი ვაიდა, პოლონეთი, 2017; 98 წთ.

საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე, ნაჩვენები იქნება – „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის საერთაშორისო, საავტორო კინოფესტივალი ხვალ, 24 სექტემბერს დასრულდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ანარეკლი“ 

რატომ შეეცვალათ მეპატრონე ბათუმში სამედიცინო დაწესებულებებს

სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც 100 პროცენტიან წილს სახელმწიფო ფლობს, ქვემდებარეობა შეეცვალათ. „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“, „ინფექციური საავადმყოფო“ და „სამედიცინო განათლების ცენტრი“ აქამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდა. ამჯერად ამ დაწესებულებების მართვას აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო განახორციელებს.

„ერთგვარი უხერხულობა იქმნებოდა, როცა ცალკეულ პრობლემაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მიმართავდა ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ ეს სამინისტრო ჩვენ გვწერდა წერილს და საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრო ამზადებდა დასკვნას. სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მართავდეს ჯანდაცვის სამინსიტრო, ეს ლოგიკურია,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, აქამდე სამედიცინო დაწესებულებები იმიტომ იყო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომ მათი პრივატიზება იგეგმებოდა. „გასხვისების უფლებამოსილება კი ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს,“ – დასძინა ზაალ მიქელაძემ.

სამი სამედიცინო დაწესებულებიდან ერთს – „სამედიცინო განათლების ცენტრს“ უძრავი ქონება არ გააჩნია. ცენტრი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ერთ-ერთ შენობაშია განთავსებული, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა. ცენტრის დირექტორმა, რამაზ სურმანიძემ „ბათუმელებს“ მიმდინარე წლის თებერვალში უთხრა, რომ შენობის გადაცემის მოთხოვნით მთავრობას მიმართა, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ „სამედიცინო ცენტრისგან“ წერილობითი მიმართვა მასთან ჯერ არ შესულა.

მშობელს არ აქვს სისუსტის უფლება

ავტორი: ნათია სირაბიძე 

ღამის ოთხი საათი იყო. ლილეს ხველების ხმამ გამაღვიძა. ვერ ვსუნთქავო. ბრონქული სპაზმი ჰქონდა. მეგობარი ექიმი გავაღვიძე, დისტანციურად გაგვიწია კონსულტაცია. მითითებებისამებრ წამლები ვიყიდე, დავალევინე და დილამდე ეძინა. საავადმყოფოში წავედით ანალიზისთვის. ლილე სკამზე იჯდა, ექთანი სისხლს უღებდა ჯერ ვენიდან და მერე თითიდან. უცებ ფერი დაკარგა და თავი ჩაქინდრა. ექთანმა, სასწრაფოდ დივანზე დავაწვინოთო. ლილე თვალებს ვეღარ ახელდა, თითქოს ტირილი უნდოდა, მაგრამ ხმასაც ვერ იღებდა. ტუჩები სულ გაუთეთრდა. თითქოს ვკარგავდი.. ცივი წყალი მომაწოდეს, რატომღაც მეგონა დალევდა, თურმე სახეზე უნდა მომესვა. პროფესიონალების დახმარებით საჭირო პროცედურები ჩაუტარდა და ნელ-ნელა მოვიდა კიდეც გონს.

გამოკვლევები მალევე ჩავუტარეთ, აღმოჩნდა, რომ ლილეს სპაზმი ალერგიის ბრალი იყო, სავარაუდოდ, სკოლაში ან რომელიმე სხვა შენობაში მტვერი ან სუნი შეისუნთქა, რამაც სპაზმი გამოიწვია. ამ მოვლენებზე ბევრი ფიქრის დრო რომ არ დარჩენოდა, საღამოს მოხალისედ სამუშაოდ მაინც წავედით. კაფე „თავისუფალ სივრცეში“ სმენადაქვეითებულ გოგონებთან ერთად მიმტანებად ვიმუშავეთ და რამდენიმე საათით ვისიამოვნეთ სტუმრების მომსახურებით.

ამ ულამაზეს და შრომისმოყვარე გოგონებს რომ ვუყურებდი, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს, ვფიქრობდი, ყოჩაღ მათ მშობლებს, რომ ასეთი ლაღები და თითქოს შეზღუდული შესაძლებლობების, თუმცა მრავალი უნარის მქონენი გაზარდეს.

დღეს დილით სტატია ვნახე, როგორ მოუშალეს შშმ ბავშვებს საქანელა მეზობელი ბავშვის მშობლებმა, იმ მიზეზით, რომ მათ შვილებს ფეხი დაუზიანდა შშმ პირების საქანელაზე: „არ მინდა ჩემი ჯანმრთელი შვილი დაინვალიდდესო”. ცუდი ფაქტია.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობელმა რა თქვას, ამ ისედაც არაადაპტირებულ გარემოში, საქანელასაც რომ ჩამოუხსნიან? და ამ და სხვა პრობლემურ პირობებში, ლაღი და უბოროტო შვილი რომ უნდა გაზარდოს? როცა შვილი ცუდად გყავს, სიცოცხლე აღარ გინდა მშობელს, არაადეკვატური ხდები და ნებისმიერ ნაბიჯზე წამსვლელი ხარ, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს. მშობელს არ აქვს სისუსტის გამოვლენის უფლება, მით უმეტეს სხვისი შვილის დაჩაგვრის ხარჯზე.

P.S. მოხალისეობამ დადებითად იმოქმედა ლილეს ჯანმრთელობაზეც, იმდენად გაერთო, გავიგონე მეგობრებთან საუბრისას გულის წასვლაზე ხალისობდა კიდეც.  გონება რომ დავკარგე ჩემი საყვარელი მომღერლები მელანდებოდნენო და მერე დედის ხმა გავიგონე: ნუ გეშინია, დედა შენთანაა… და გამეღვიძაო.

________________

ამავე თემაზე: 

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

 

დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 477 ადამიანი დააჯარიმდა. მათ შორის:
პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის – 337, დგომის მეთოდის დარღვევისთვის – 12, ნიშანში დგომისთვის – 109, ტროტუარზე დგომის გამო – 11.
დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 6 და ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო – 2.

რამდენი პირველკლასელი მიიღეს ბათუმის საჯარო სკოლებმა

2017 სასწავლო წლისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 2 431 პირველკლასელი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით 258-ით ნაკლებია.

ბათუმის  საჯარო სკოლებიდან ყველაზე ნაკლები, 16-16 პირველკლასელი მიიღო 23-ე და 27-ე საჯარო სკოლებმა, 21 პირველკლასელი ჰყავს ბათუმის 31-ე საჯარო სკოლას, ხოლო 25 პირველკლასელი მე-13 საჯარო სკოლას.

დანარჩენ სკოლებში პირველკლასელთა საშუალო რაოდენობა 25-იდან 80 მოსწავლემდე მერყეობს.

პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით, წელს მესამე საჯარო სკოლა გამოირჩევა. წელს სკოლამ 167  მოსწავლე მიიღო. შემდეგ  მოდის ბათუმის პირველი საჯარო სკოლა 161  პირველკლასელით, 147-147 პირველკლასელი ჰყავთ მეორე და მეშვიდე საჯარო სკოლებს.

კერძო სკოლებში კი წელს 688 პირველკლასელი შევიდა.

 

პირველკლასელთა რაოდენობა ბათუმის საჯარო სკოლებში 2017 სასწავლო წლისთვის
პირველკლასელთა რაოდენობა ბათუმის საჯარო სკოლებში 2017 სასწავლო წლისთვის

 

დაგეგმილი მშენებლობა ბათუმში, “სოკოს სახლის” გვერდით [ფოტო]

ბათუმში ე.წ. „სოკოს“ სახლის გვერდით, მაზნიაშვილის #34-ში კომპანია „მარდი ჰაუსი“ საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ხარჯზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებელმა პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა.

ე.წ „სოკოს“ სახლში ახლა ცვილის ფიგურების მუზეუმია, რომელიც უკვე ხუთ წელზე მეტია დაკეტილია. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
mazni pirveli etapis shesaworeb

კანონმდებლობა ძეგლიდან  150 მეტრის რადიუსში კრძალავს ისეთ მშენებლობას, რომელიც ძეგლს დაჩრდილავს.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ამბობს, რომ ამ პროექტის მიმართ საბჭოს ყველა წევრს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ზონალური საბჭოს სხდომაზე პროექტის მიმართ უარყოფითად ისაუბრეს საზოგადოება „ბათომის“ წევრებმაც. პროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ახალი პროექტი  მისი განხორციელების შემთხვევაში „ძეგლის დაკნინებას გამოიწვევს“.

ზონალური საბჭოს სხდომა
ზონალური საბჭოს სხდომა

პროექტის ერთ-ერთი არქიტექტორი ბექა თევდორაძე ამტკიცებს, რომ პროექტი ძეგლის აღქმას ხელს არ შეუშლის.

„…იმ მოცემულობის შესაბამისად, რაც დაგვხვდა, ბევრი ვიფიქრეთ, როგორ გაგვეკეთებინა პროექტი ისე, რომ მას ძეგლის აღქმისთვის ქუჩის ორივე მხრიდან ხელი არ შეეშალა. ძეგლის გვედით ორსართულიანი სახლია, მის გვერდით კი კიდევ ერთი ძველი სახლი, ამ სახლის გვერდით კი ახალი სახლი, რომელიც ისე აუშენებიათ, რომ გვერდითა სახლის სიმეტრიები არ გაუთვალისწინებიათ. ამიტომ ჩვენ გვქონდა ამოცანა, პროექტი ისე გაგვეკეთებინა, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ავთენტურობა და დაგვემატებინა ახალი დეტალებიც, დაგვეცვა სიმეტრიები და სიმაღლე. გარდა ამისა, ძეგლის აღქმისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. ამიტომ ძეგლის მხარეს დახრილი კედელი გავაკეთეთ“, – ამბობს ბექა თევდორაძე.
ganshlaa

პროექტი ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს, პირველ სართულზე კომერციული ფართობითა და ღია კაფით. პროექტის ავტორის თქმით, იმ ორსართულიანი სახლიდან, რომლის რეკონსტრუქციის ხარჯზეც მშენებლობა იგეგმება, პროექტი მხოლოდ ფასადის შენარჩუნებას ითვალისწინებს:

„… იმისათვის, რომ ახალი ფასადი მაქსიმალურად ადაპტირებულიყო არსებული ქუჩის განშლასთან, შევქმენით ერთგვარი ბადე, რომელიც იმეორებს ქუჩის რითმს, როგორც ვერტიკალურად ისე ჰორიზონტალურად“.

mazni pirveli etapis shesaworeb

ზონალურმა საბჭომ პროექტი არ დაამტკიცა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საბჭოსთვის პროექტის წარდგენისა და ახსნის საშუალება რომ მისცემოდათ ავტორებს, შესაძლოა მათ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ. კომპანია გეგმავს საბჭოს კიდევ ერთხელ მიმართოს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძველ ბათუმში, სადაც ახლა ცვილის ქანდაკებების მუზეუმი, ცნობილ ვაჭარს, თამბაქოს მრეწველ ლაზარე ბინიათოღლის ბათუმში, XIX საუკუნის ბოლოს აუშენებია.

mazni pirveli etapis shesaworeb

„რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო სია – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრები – თემურ ყურაშვილი და ირაკლი ჩავლეიშვილი მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიაში აღარ არიან. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ახალ სახეებზე გააკეთა არჩევანი. მოვწყინდით უკვე ალბათ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს თემურ ყურაშვილმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა.

თემურ ყურაშვილის ინფორმაციით, „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის საარჩევნო პარტიულ სიის სათავეში ეკონომისტი ლარისა ანდღულაძეა. იგი ბათუმის საკრებულოს წევრია მას შემდეგ, როცა გასული წლის ბოლოს ზაურ ახვლედიანმა პარტია დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარის, დავით გაბაიძის კაბინეტის უფროსად დანიშნეს.

პარტიული სიის მეორე ნომერია ექიმი-პედიატრი გერმანე ურუშაძე, მესამე – ექიმი ქრისტინა აფხაზავა, მეოთხე – ჯონი დავითაძე, იგი პროფესიით ინჟინერ-პროგრამისტია, მეხუთე – ექიმი-ფარმაცევტი ლია სამნიძე.

რატომ გააკეთა პარტიამ არჩევანი ძირითადად ექიმებზე და არა პოლიტიკაში გამოცდილ ადამიანებზე? – თემურ ყურაშვილის თქმით, პარტიამ პროფესიონალიზმსა და ახალ სახეებზე გააკეთა აქცენტი, ადამიანებზე, რომლებიც პარტიის და მისი ღირებულებების ერთგულები არიან.

„აღმოჩნდა, რომ სხვა პარტიებსაც ბევრი ექიმი ჩაუსვამს საარჩევნო სიაში. ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი ექიმი კანდიდატი გვეყოლება. ჩვენს პარტიას სრულად აქვს დაცული გენდერული ბალანსი,“- დასძინა თემურ ყურაშვილმა.

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ.

ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია.

„გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე ელემენტარულ ნაწილაკთა კლასიფიკაციაში და უნდა გესმოდეს, როგორია ფიზიკის როლი თანამედროვე სამყაროში, ცხოვრების განვითარებაში და ა.შ“, – ამბობს ვენერა აბუსელიძე.

მან საპრეზენტაციო თემად „გავლენით დაელექტროება“ აირჩია. „ეს გაკვეთილი თანამედროვე, აქტიური სწავლების მეთოდებით მქონდა ჩატარებული. გარდა ამისა, წარვადგინე პორტფოლიო, სადაც ჩემი მოსწავლეების საკონფერენციო ნაშრომებიც იყო წარმოდგენილი. მათ მიერ დამზადებული ხელსაწყოების სურათების გამოფენა მქონდა.“

პედაგოგის თქმით, მოსწავლეებმა დაამზადეს ხელსაწყო, რომელსაც ელექტრული მშიშარა დაარქვეს. „ეს არის თოჯინა, რომელსაც ცელოფნის თმები აქვს და როცა დამუხტულ სხეულს მიუტან ახლოს, თმები ყალყზე დგება“.

შემდეგი ხელსაწყო ეს არის პერისკოპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გამოსახულების დანახვა, ჩვენ ზემოთ ან ქვემოთ.

ვენერა აბუსელიძეს სკოლაში ფიზიკის კლუბიც აქვს, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ. „ბევრი კითხვა აქვთ მოსწავლეებს შავი ხვრელების შესახებ, ამიტომ ძალიან აინტერესებთ, როგორ მუშაობს ცერნის კოლაიდერი, რომელიც სამყაროს უდიდეს მიკროსკოპს წარმოადგენს და შეიძლება ითქვას, სამყაროს უმცირესი კოსმოსია. ამ ყველაფერზე ბავშვებს ვესაუბრები, მაგრამ ცერნში მექნება იმის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი რეალურად ვნახო და შემდეგ მოვუყვე ჩემს მოსწავლეებს. რეალურად მექნება შეხება იმ ადამიანებთან, რომლებიც მიმიყვანენ გარკვეულ პასუხებამდე“.

ვენერა აბუსელიძე ორ სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ კერძო სკოლაში ტექნიკური საკითხების მოგვარების მხრივ, უფრო მეტი ხელშეწყობა აქვს. საჯარო სკოლის ტექნიკური ბაზა მოძველებულია და იმასთან, რაც რეალურად სჭირდებათ, ნაკლებად აქვთ წვდომა. „როცა მასალებს ვამზადებ, ამაში ჩართული მყავს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. გარდა მასალის ცოდნისა, ამით ბავშვები სოციალურ ურთიერთობებსაც სწავლობენ, ვატარებთ საერთო კონფერენციებსაც,“ – გვეუბნება ის.

ვენერა აბუსელიძე დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, მიმდინარე წლის ზაფხულში პედაგოგის საგნობრივი გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

სასწავლო კურსს ატომური კვლევების ლაბორატორიაში ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მარინა ჩაგანავაც გაივლის. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ამ პედაგოგმაც წელს მიიღო. „ძალიან მაინტერესებს ცერნის ლაბორატორიების ნახვა და მუშაობის პროცესი. ჩემი საპრეზენტაციო თემა უფრო პრაქტიკაზეა დამყარებული, ექსპერიმენტალური სამუშაოა მარტივი მექანიზმებით და ამ მარტივი მექანიზმებიდან დახრილი სიბრტყის მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა. ჩავატარეთ პრაქტიკული სამუშაოები და მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ხელსაწყოებთან მუშაობა. ჩაწერეს ცდები და წარმოადგინეს,“ -გვეუბნება პედაგოგი.

მარინა ჩაგანავა. ფიზიკის მასწავლებელი
მარინა ჩაგანავა, ფიზიკის მასწავლებელი

მარინა ჩაგანავა ამბობს, რომ ცერნში მიღებული გამოცდილების შემდეგ, მოსწავლეებს საკონფერენციო თემებსაც მოამზადებინებს.

„მინდა, ბავშვებმა გაითავისონ, რომ ფიზიკის გარეშე არაფერი არ ხდება. ყველაფერი დაფუძნებულია ფიზიკაზე და იმ ატომის აგებულებაზე, რომელსაც უშუალოდ ახლა იკვლევენ.  ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს ჰქონდა საკონფერენციო თემა წარდგენილი თბილისში დიდი აფეთქების თეორიაზე და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან ჯილდოც მივიღეთ“.

მარინა ჩაგანავაც, კოლეგის მსგავსად, სკოლების მწირ ტექნიკურ აღჭურვილობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ახალი ტექნიკური საშუალებების შემოტანა სკოლებში აუცილებელია. „ჩემს ერთ-ერთ კოლეგას აქვს ლაბორატორიების კონკურსში წარდგენილი პროექტი და თუ გაიმარჯვებს, იქნებ მოგვაწოდონ ვირტუალური ლაბორატორიები და მისი მეშვეობით შევძლებთ ყველა გაკვეთილზე ცდების ჩატარებას“.

მესამე გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ნოემბერში ცერნში გაემგზავრება, მე-6 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი, მერაბ გობაძეა. პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის არა მარტო ცერნი იქნება პირველი უდიდესი პროფესიული გამოცდილება, უცხო ქვეყანაშიც პირველად იმოგზაურებს.

პედაგოგის თქმით, ცერნში მოხვედრა არა მარტო ფიზიკოსებისთვის არის საინტერესო. „რასაც ვნახავ და მოვისმენთ, ბუნებრივია ამ ყველაფერს სკოლაშიც ნაყოფიერად გამოვიყენებთ. 14 წელია მასწავლებელი ვარ, თუმცა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მქონია“.

მერაბ გობაძის პრეზენტაციის თემა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენას უკავშირდება. სამოდელო გაკვეთილი წარმოვადგინე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ცერნთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაცია მქონდა.

სამყაროს თეორიებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია საინტერესო და მნიშვნელოვანია, ამიტომ მოლოდინი დიდი მაქვს და ვიცი, რომ კარგი და საინტერესო მოგზაურობა გველოდება. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურეატები წაგვიკითხავენ ლექციებს ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ეს ერთგვარი მოტივაციაც იქნება ჩვენთვის, პედაგოგებისთვის,“-გვეუბნება მერაბ გობაძე.

მერაბ გობაძე. ფიზიკის მასწავლებელი
მერაბ გობაძე, ფიზიკის მასწავლებელი

გამარჯვებული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (ცერნში). პედაგოგები ცერნში 12 ნოემბერს ჩავლენ. საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის  კონკურსი აჭარის განათლების ფონდმა გამოაცხადა.

2016 წელს ატომური კვლევის ცენტრში მახუნცეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მერაბ დიასამიძეც იმყოფებოდა.

_____________________

მთავარი ფოტო: ვენერა აბუსელიძე

 

მერობის კანდიდატები შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“,  „პატრიოტთა ალიანსმა“ და საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართელომ“ წარადგინა.

შუახევის მერობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ყოფილი ძალოვანი, შსს – ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუახევის მერობის კანდიდატად საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და შუახევის ყოფილი გამგებელი, ომარ მეგრელიძე დაასახელა.

„ევროპულმა საქართველომ“ შუახევის მერობის კანდიდატად მირზა თურმანიძე წარადგინა.

საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო“ – შუახევის მოქმედი საკრებულოს წევრი,  რამინ ზოიძის კანდიდატურა წარადგინა.  რამინ ზოიძე შუახევის საკრებულოში 2014 წელს „ბურჯანაძე დემოკრატების“ კვოტით შევიდა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ კი რევაზ ზოიძის კანდიდატურა წარდგინა.

საარჩევნო ოლქებში მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა 21 სექტემბერს ამოიწურა. აჭარის მთის მუნიციპალიტეტებიდან ქედაში მერობისთვის – ხუთი,  ხოლო ხულოში ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები აქ საინიციატივო ჯგუფებს არ წარუდგენიათ.

აჭარის მთის მუნიციპალიტეტში პარტიების მიერ დასახელებული  ყველა კანდიდატი კაცია, მერობის კანდიდატად ქალი არც ერთ პარტიას არ დაუსახელებია.

ვინ არიან ხულოს მერობის კანდიდატები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ წარადგინა. მერობის სამი კანდიდატი ხულოს მოქმედი საკრებულოს წევრია.

„ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად კურორტ „გოდერძის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, გოჩა მელაძე დაასახელა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი მოქმედი საკრებულოს წევრი და წინა მოწვევის საკრებულოს აპარატის უფროსი, ირაკლი ჯორბენაძეა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი ჯორბენაძე მაჟორიტარ დეპუტატად ჰყავდა წარდგენილი საქართველოს პარლამენტში აჭარის მთიანეთიდან.

ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი, ზურაბ ტუნაძე, ხულოს მერობისთვის „პატრიოტთა ალიანსის“ სახელით იბრძოლებს. ის 2014 წელს ხულოს  საკრებულოში „ბურჯანაძე დემოკრატების“ პროპორციული სიით შევიდა.

ხულოს მოქმედი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი – ნუგზარ სოლომონიძე იბრძოლებს ხულოს მერობისთვის. ის მერობის კანდიდატად პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. ნუგზარ სოლომონიძე 2014 წელს ხულოს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით მოხვდა.

საპროტესტო აქციამდე მუშებს კომპანია „მეტროს“ ხელმძღვანელი შეხვდა

6 მაისის პარკში ბათუმელი მუშები შეიკრიბნენ. „სოლიდარობა ბათუმელ მუშებს“ – ამ სლოგანით აქცია „აუდიტორია 115“-მა კიდევ ერთხელ გამართა, სადაც მუშებმა თქვეს, რომ კომპანია „მეტროსთან“ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით გუშინ, გვიან ღამით დასრულდა და აქციის გაგრძელების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

საუბარია კომპანია „მეტროს“ მშენებლობაზე, კაჩინსკების ქუჩაზე, სადაც ორი მუშა 8 სექტემბერს გადმოვარდა და დაიღუპა. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც, მუშების თქმით, ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. 18 სექტემბრის დილას 200-მდე მუშა გამოცხადდა ადგილზე, თუმცა ისინი მშენებლობაზე აღარ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ყველა გათავისუფლებული იყო სამსახურიდან.

კომპანია „მეტროს“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მუშები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ და დამატებით ახალი ბრიგადის აყვანას აპირებენ. კომპანია აქამდე არ აკონკრეტებდა, როდის განახლდებოდა მშენებლობა, ან მიიღებდნენ თუ არა მუშები განაცდურს.

„დღევანდელი აქცია უკვე დაანონსებული გვქონდა, როცა გუშინ საღამოს დაგვირეკეს კომპანიიდაან და სადღაც 12 საათზე შეგვხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა „აუდიტორია 115“-ის იურისტიც. „მეტროს“ გენერალური დირექტორი, რაულ კახაძე გვესაუბრა. გვითხრეს, რომ არავინ გათავისუფლდება, არც ხელფასი შემცირდება და მაქსიმუმ 15 ოქტომბერს განახლდება მშენებლობა. რაც შეეხება განაცდურს, ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ, კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია,“ – ამბობს ერთ-ერთი მუშა ავთანდილ ონიანი.

მუშები ხელშეკრულების ხელახლა დადებასაც ითხოვენ. მათი თქმით, მუშების ძირითად ნაწილს ხელშეკრულება მხოლოდ გამოსაცდელი ვადით აქვთ გაფორმებული და დამსაქმებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გათავისუფლება.

„ვიცით, რომ რაღაც ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს. ამაზე სამი თვის წინათაც ამბობდნენ. იმედია, დაპირებებს შეასრულებს კომპანია, თუ არადა, ისევ გამოვალთ აქციაზე,“ – გვითხრა გელა დარჯანიამ.

 

 

 

ქედის მერობის ხუთი კანდიდატი

ქედაში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები წარადგინა „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“.

ქედაში მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“ პროფესიით ექიმი ლევან გორგილაძეა, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იგი სხვადასხვა პერიოდში უბნის ექიმად, აჭარის სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო კრიმინალისტიკური განყოფილების გამგედ, „რესპუბლიკური ნარკოლოგიური ცენტრის“ დირექტორად და სასამართლო ექსპერტიზის ერონული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის უფროსად მუშაობდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქედის მერად ქედის ყოფილი გამგებლის და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის – ირაკლი ბარამიძის კანდიდატურა წარადგინა.

„პატრიოტთა ალიანსის“ სახელით ქედის მერობისთვის „ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი, როსტომ შერვაშიძე იბრძოლებს.

როსტომ შერვაშიძეს 2012 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 19 ივლისამდე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კი იგი ბელორუსში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.

,,ევროპული საქართველოს“ სახელით ქედაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ქედის მოქმედი საკრებულოს წევრი თემურ ავალიანი იბრძოლებს.

საარჩევნო ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“ ქედის მერად ზვიად ფარტენაძის კანდიდატურა დაასახელა.

მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.
ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს:
„ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები, როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოჰსენ მახმალბაფი: წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული

21 სექტემბერს სასტუმრო WYNDHAM batumi-ში ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ირანელი რეჟისორის, მოჰსენ მახმალბაფის მასტერკლასი გაიმართა. რეჟისორი წელს ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების ჟიურის ხელმძღვანელობს. მან 2005 წელს დატოვა ირანი და უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში ცხოვრობს. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებსა და „ახალი ტალღის“ რეჟისორების მიერ შექმნილი ფილმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  შეხვედრის დაწყებამდე რეჟისორმა „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

ბევრი ქვეყნის საპატიო ჯილდოს მფლობელი ხართ, თქვენი აზრით, რამ განაპირობა თქვენი საერთაშორისო აღიარება და წარმატება?

ჯილდოების მიღება არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული და შეგიძლია გადაღებული ფილმებით რაღაც შეცვალო სამყაროში. „ახალი ტალღის“ რეჟისორების აღიარება ალბათ განაპირობა იმან, რომ მარტივი გამომსახველობითი ფორმებით ვცდილობთ ადამიანებამდე სათქმელის მიტანას. არ ვალამაზებთ სინამდვილეს, უბრალოდ პოეტურად გადმოვცემთ იმას, რაც რეალურად ხდება.

რას ფიქრობთ თანამედროვე ირანზე?

ირანი დემოკრატიასა და დიქტატურას შორისაა მოქცეული, ამ ქვეყანას აქვს უზარმაზარი, ერთდროულად კარგი და ცუდი მემკვიდრეობა. ხელისუფლება ცდილობს საკუთარ გავლენები ყველგან ჰქონდეს და ყველაფერს აკონტროლებდეს. ყველანი, როცა საკუთარ ქვეყანაზე ვფიქრობთ, ცხადია გვაქვს დადებითი და უარყოფითი შეგრძნებებიც.

რა გზა  გაიარეთ 2005 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც პროტესტის ნიშნად წამოხვედით ირანიდან?

თავიდან ავღანეთში წავედით ორი წლით და იქ ფილმიც გადავიღე, მერე იყო ტაჯიკეთი, სადაც ისევ პრობლემები შეგვექმნა და პარიზში გადავსახლდით. იქ ირანის ხელისუფლება ტერორისტებს  გზავნიდა ჩემ მოსაკლავად, ეს ფაქტი პარიზის პოლიციამ დროულად აღკვეთა. მერე კი ლონდონში გადავედით.

როგორ ფიქრობთ, რას ცვლის კინოფესტივალები?

თქვენ ნახავთ ჩემს ფილმს, მე – თქვენსას და ეს საუკეთესო საშუალებაა დავიჭიროთ ერთმანეთის სულები. შეიძლება იმოგზაურო როგორც ტურისტმა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ვერ იგრძნო და გაიგო იმდენი, რასაც ფილმი გაჩვენებს.  ფესტივალებზე გეოგრაფიული მდებარეობის შეცვლის გარეშე შეგიძლია შეეხო სხვის პრობლემებს, ტკივილსა და სიხარულს.

_________________

ამავე თემაზე: 

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო

წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო. ტაძრის რეაბილიტაცაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“.

აღდგენითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯება.

ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ,  IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება.

ხინოწმინდის საეპისკოპოსოს დაარსების შესახებ ორი მოსაზრება არსებობს: სიმონ ჯანაშიას მოსაზრების თანახმად მე-9 საუკუნეში პეტრას ბერძნული საეპისკოპოსოს გაუქმების შემდგომ, მაშინ, როდესაც აფხაზეთის სამეფო გაძლიერდა და ბიზანტიური გავლენა შესუსტდა, საეპისკოპოსო ცენტრი პეტრადან ხინოწმინდაში უნდა გადმოეტანათ, თუმცა, ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი ისტორიული საბუთი შემორჩენილი არ არის. მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე წყაროებში აქ მოღვაწე მღვდელმთავართა სახელებიც კი არ არის შემორჩენილი. პირველი ხინოწმინდელი ეპისკოპოსი, რომლის სახელმაც ჩვენამდე მოაღწია არის მაქსიმე I.

ეკლესია სავარაუდოდ აშენებულია IX საუკუნეში

ეკლესია, სავარაუდოდ, აშენებულია IX საუკუნეში

ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის შემდგომ უნდა დანგრეულიყო, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა. ასეთ მდგომარეობაში მოვიდა ტაძარი მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, თუმცა არც ამის შემდგომ დასრულებულა ტაძრის ნგრევა.

ტაძარი მე-18 საუკუნეში, სავარაუდოდ, ოსმალების შემოსვლის შემდგომ დაინგრა

ტაძარი მე-18 საუკუნეში, სავარაუდოდ, ოსმალების შემოსვლის შემდგომ დაინგრა

ადგილობრივ მოსახლეს, ემილ ტარიელაძეს ტაძრის ნარჩენებისგან ქვის სახლის აშენება უნდოდა. მართალია, მან ვერ შეძლო ეკლესიის სამშენებლო მასალით სახლის აგება, თუმცა მოახერხა ტაძრის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება.

IMG_1546

რა ფილმებს ვნახავთ დღეს? – ბათუმის კინოფესტივალის აფიშა

დღეს,  22 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12.00 საათზე: „დიქსი ლენდი“, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.

13.30 საათზე: „მე გადავცურე ენგური“, ანუნა ბუკია, საქართველო, 2016; 62 წთ.

15.00 საათზე: ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; 120 წთ.

17.30 საათზე: „ჩიტები მღერიან კიგალიში“, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

20.00 საათზე: „შუქ-ჩრდილი“ (Claire Obscure), იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

22.30 საათზე: „იმედის მეორე მხარეს“, აკი კაურისმაკი, ფინეთი/გერმანია, 2017; 100 წთ.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე, ნაჩვენები იქნება მარიამ ხაჭვანის ფილმი – „დედე“ , ხოლო 22.00  საათზე –  „ოთახები“, რეჟისორი ცირა გვასალია, საქართველო, 2016, 50 წთ.საქართველო, 2017; 45 წთ.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „შუქ-ჩრდილი“

——————————————–

ამავე თემაზე: 

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

 

„სოლიდარობა მუშებს“ – ბათუმში „აუდიტორია 115“ აქციას გამართავს

22 სექტემბერს, 12 საათზე, სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები ბათუმელ მუშებთან ერთად აქცია-მსვლელობას გამართავენ 6 მაისის პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე.

„8 სექტემბერს, ბათუმში, კომპანია ,,მეტრო ჯორჯიას” დაქვემდებარებულ კომპანიაში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაიღუპა 2 ახალგაზრდა მშენებელი. დაკრძალვის შემდეგ, ჭირისუფლის თხოვნით, მშენებლობაზე დასაქმებულებმა 2 დღით შეაჩერეს სამშენებლო პროცესი, რაც ასევე იცოდა კომპანიის ხელმძღვანელობამ. დაღუპული მუშების ოჯახის წევრებმა მათაც მიმართეს ამ თხოვნით. მესამე დღესვე, სამუშაო დღის დასაწყისიდანვე 200-მდე მუშა გამოცხადდა ადგილზე, თუმცა ისინი მშენებლობაზე აღარ შეუშვეს და განუცხადეს, რომ ყველა სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. მუშები ამ გადაწყვეტილებას, ორი დღით სამგლოვიარო მუშაობის პროცესის შეჩერებას და დამსაქმებლის გაბრაზებას უკავშირებენ. მოლაპარაკების პროცესში, საუბარია, რომ მუშები არ გათავისუფლებულან. თუმცა კომპანია, თავის მხრივ, აყენებს ახალ სამუშაო პირობებს, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს ხელფასების მნიშვნელოვან კლებას, რასაც ისინი სადამსჯელო ღონისძიებად განიხილავენ.

მშენებლებმა მოითხოვეს კითხვებზე პასუხი: 1. გათავისუფლდა თუ არა სამსახურიდან 200 მუშა? 2. როდის აღდგება სამუშაო პროცესი? 3. ანაზღაურდება თუ არა განაცდური პერიოდი, ვინაიდან სამუშაობის შეჩერება მშენებელი კომპანიის გადაწყვეტილებით ერთპიროვნულად მოხდა, დასაქმებულები კი შებოჭილები არიან სხვადასხვა საოჯახო-პირადი თუ საბანკო ფინანსური პასუხისმგებლობებით. მათი ხელფასის დაკავების პარალელურად მუდმივად მიედინება საბანკო პროცენტების დარიცხვა, რაც მათ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

ასევე დასაქმებულებს აქვთ 3 მოთხოვნა:  1. მოლაპარაკების შედეგად განახლდეს სამშენებლო პროცესი; 2. დაუბრუნდეს სამუშაოს ორასივე მუშა და არ შემცირდეს ხელფასები; 3. ანაზღაურდეს განაცდური პერიოდი“ – ვკითხულობთ „აუდიტორია 115“-ის განცხადებაში.

სტუდენტური მოძრაობა ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ მუშების პროტესტი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

ვის ეკუთვნის გარდაცვლილის ქონება – არაოფიციალურ მეუღლეს თუ ძმას

75 წლის ციალა პერტია შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩეს, რადგან მეუღლესთან ერთად 29 წლის განმავლობაში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე იმყოფებოდა. მისი მეუღლე 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმის გამო, რომ მემკვიდრეობის უფლების მისაღებად ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო, ციალა პერტია მემკვიდრეობის, ანუ ქონების გარეშე დარჩა. საცხოვრებელი ბინა ტაბიძის ქუჩაზე ციალა პერტიას მაზლმა გაიფორმა და მისგან ახლა სახლიდან წასვლას ითხოვს.

„მეგონა, რომ რეგისტრირებული იყო ჩვენი ქორწინება… ჩემი ქმრის ნათესავებიც ადასტურებენ, რომ ჩვენ ერთად ვიყავით 29 წელი. 94 მეზობელიც ამას ადასტურებს წერილობით,“ – ამბობს ციალა პერტია, რომელიც მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილის გადაწყვეტილებას ელის. ციალა პერტია მემკვიდრეობის უფლების მიღებას ითხოვს.

ამ დავამდე ციალა პერტიამ სასამართლოს ნათესაური კავშირის დადგენის მოთხოვნით მიმართა.

„მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განმარტა, რომ დავა ამ კუთხით უპერსპექტივოა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციას ითვალისწინებს. ქალბატონმა ციალამ სარჩელი გამოიხმო, რადგან დავას ამ კუთხით აზრი აღარ ჰქონდა. ამჯერად გვაქვს იმედი, რომ მოსამართლე გაბედულ და პრეცედენტულ გადაწყვეტილებას მიიღებას,“ – გვითხრა ადვოკატმა დავით დიდმანიძემ. იგი ირაკლი ზაქარიაძესთან ერთად ციალა პერტიას ინტერესებს იცავს.

სამოქალაქო კოდექსში მკაფიო ჩანაწერია, რომ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის უფლება ვერ წარმოიშობა. ამის მიუხედავად ადვოკატები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაზე აკეთებენ აქცენტს. ამ კონვენციის ხელმოწერია საქართველოც და აქ წერია, რომ „პირადი და ოჯახური ცხოვრება დაცული უნდა იყოს“.

„არსებობს ამ კონვენციის ცალკეული მუხლების განმარტებები, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ქორწინება რეგისტრირებული არ იყოს, მაგრამ მემკვიდრეობის უფლება წარმოეშვას პირს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოდელი არსებობს. უმეტეს შემთხვევაში, თანაცხოვრების ორი, ან სამი წლის შემდეგ, მემკვდირეობის უფლების აღიარება ხდება. საქართველოში ამ ტიპის სასამართლო დავა პირველია,“ – ამბობს ადვოკატი დავით დიდმანიძე.

ქორწინების სამოქალაქო რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის უფლების მიღებაზე 2016 წელს იმსჯელა სასამართლომ. ამის შესახებ ანა მდინარაძე გვესაუბრა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი:

„სარჩელი არ დააკმაყოფილა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ მოიხმო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილება – „კორინი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, სადაც აღნიშნულია, რომ ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ასევე ის, რომ დე-ფაქტო ოჯახური კავშირები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ამის მიუხედავად უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეცედენტი სამართლებრივად ვარგისი არ არის, ვინაიდან  ქორწინების რეგისტრაციის გარეშე მემკვიდრეობის წარმოშობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი გამორიცხავს. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნორმის სხვაგვარად განმარტება ეწინააღმდეგება თავად მუხლის ნორმატიულ შინაარსს“.

რატომ არ შეიცვალა სამოქალაქო კოდექსის ჩანაწერი ქორწინების რეგისტრაციაზე მას შემდეგ, როცა ევროპულ კონვენციას მოვაწერეთ ხელი – ანა მდინარაძე განმარტავს, რომ კონვენციაზე ხელმოწერა ქვეყანას არ ავალდებულებს, რომელიმე პრინციპი პირდაპირ გადმოიტანოს ეროვნულ კანონმდებლობაში. გარდა ამისა, კანონის რომელიმე მუხლის შეცვლაზე კანონმდებლებმა უნდა იმსჯელონ.

 

 

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ხულოს საკრებულოში

ხულოში, „ქართული ოცნების“  პროპორციული სიის ათეულში, მოქმედი საკრებულოს სამი წევრი ჩაწერეს. სია ასე გამოიყურება:

  1. თამაზ აბაშიძე – ხულოს გამგებლის მოადგილე
  2. ბესიკ ბაუჩაძე – ხულოს მოქმედი გამგებელი
  3. ნარგიზ დეკანაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
  4. ნოდარ მიქელაძე – ხულოს გამგებლის მოადგილე
  5. ნიკა წულუკიძე
  6. იზოლდა სურმანიძე – გამგებლის წარმომადგენელი სხალთის თემში
  7. რომან ქედელიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
  8. ირაკლი ბოლქვაძე – ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი
  9. რამაზ ძირკვაძე
  10. ირმა შავაძე – გამგებლის წარმომადგენელი დიდაჭარის თემში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს იმართება.

„ოცნების“ სია შუახევში ძირითადად საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული

შუახევში პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ედნარ კეჟერაძის ინფორმაციით, პარტიამ პროპორციული სია ოლქს უკვე წარუდგინა დასამტკიცებლად. „ოცნების“ სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მირიან აბაშიძე, საკრებულოს იურისტი
2. ფრიდონ ფუტკარაძე
3. ნოდარ ქარცივაძე, „ქართული ოცნების“ პარტიის რაიონული ორგანიზაციისა და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე
4. ედნარ კეჟერაძე, საკრებულოს წევრი
5. თენგიზ ივანაძე
6. გურამ ქათამაძე
7. ვახტანგ ზოიძე, საკრებულოს წევრი
8. გურამ ზოიძე,  საკრებულოს წევრი
9. ზაზა დავითაძე, საკრებულოს წევრი
10. ფატი ჭაღალიძე, საკრებულოს წევრი

„პატრიოტთა ალიანსის“ ბათუმის სიის პირველი ათეული – არჩევნები 2017

„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმის საარჩევნო სია უკვე დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრის, ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, სიის ათეული ასეთია:

  1. არჩილ მამულაძე – იგი აქამდე ადვოკატად მუშაობდა. პარტიული სიის გარდა, არის ბათუმის მე-10 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი
  2. ელგუჯა პაიჭაძე – პარტიის წევრია, ასევე არის მე-7 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი
  3. ფრიდონ ბრეგვაძე – ამჟამად ბათუმის საკრებულოს წევრია „პატრიოტთა ალიანსიდან“
  4. ზაურ გაბაიძე – ბათუმის საკრებულოს აპარატის წევრი
  5. ალექსანდრე ჩხარტიშვილი – პროფესიით ფიზიკოსი
  6. კახაბერ კეჭახმაძე – პროფესიით ინჟინერი, ასევე არის ბათუმის მე-9 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი
  7. ელგუჯა ვარშანიძე – პროფესიით ინჟინერი, ასევე არის ბათუმის მე-5 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი
  8. ნინო დავითაშვილი – პედაგოგი, მსახიობი. ასევე არის ბათუმის მე-6 მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი.
  9. ხათუნა ცეცხლაძე – პედაგოგი
  10. ნატალია გამყრელიძე – ეკონომისტი

ზაურ გაბაიძის ინფორმაციით, ბათუმის პირველ მაჟორიტარულ ოლქში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ტარიელ მამულაშვილი იქნება, მეორეში – შალვემ ბაზიაშვილი, მესამეში – ოლეგ ბარამიძე, მეოთხეში – გურამ მამულაძე. მერვეში – მამია აბაშიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში:

1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – თამაზ სალუქვაძე. ის ამ დრომდე აჭარის უმაღლესი საბჭოს  საფინანსო-სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2.ბონი-გარადოკი, მანთაშევი -გოჩა მგელაძე. ის ამ უბანში მერის რწმუნებულად მუშაობდა.

3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ნატალია ზოიძე. ნატალია ბათუმის მოქმედი საკრებულოს წევრია.

  1. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა -ანზორ დევაძე.
  2. ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ელგუჯა ანდრიაძე.
  3. ძველი ბათუმი – ზურა ნაკაიძე, ის ბათუმის მერიის აიპი „ბათუმის კორპუსის“ დირექტორია.
  4. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – ირაკლი თოფურიძე, შპს „აჭარგანათების“ დირექტორის ნიკა თოფურიძის ძმა
  5. ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – ირაკლი პატარიძე
  6. აღმაშენებლის ადმინისტრაციული – ომარ მახარაძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
  7. ადლია, ანგისა, მინდა, აეროპორტი, კახაბერი, გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატი – მიშა ართმელაძე, ბათუმის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

 

 

ქართული ოცნების სიის ათეული ქედაში

,,ქართულმა ოცნებამ“ ქედის საკრებულოს პროპორციული სია დასარეგისტრირებლად ოლქში წარადგინა. ქედის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, სიის ათეული  ასეა წარმოდგენილი:

 

1. ამირან ცინცაძე – პარტია ქართული ოცნების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარე და მოქმედის ქედის საკრებულოს თავმჯდომარე
2. რომან დავითაძე, ქედის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე
3. მზია ბოლქვაძე
4. რეზო თურმანიძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
5. არჩილ გორგილაძე- ქედის სპორტსკოლის დირექტორი
6. გოჩა გორგილაძე – საკრებულოს მოქმედი წევრი
7. მამუკა გოგოლიშვილი
8. როსტომ შერვაშიძე
9. ტარიელ მანველიძე
10. ნოდარ ძნელაძე – ქედის საკრებულოს წევრი.
პროპორციული სია ქართული ოცნების გარდა დასარეგისტრირებლად ამ დროისთვის წარადგინა ხუთმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „რესპუბლიკელებმა“ და „ლეიბორისტებმა“.
ალი ნაკაშიძის თქმით, ქედის ოლქში გამგებლობის კანდიდატები წარადგინა ოთხმა პარტიამ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“.

ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები ბათუმის საკრებულოში

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე  ბათუმის ათ ადმინისტრაციულ უბანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატები არიან:

1.ჩაქვი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, თამარის დასახლება (ბენზე) – როინ ზოიძე

2.ბონი-გოროდოკი, მანთაშევი –ლიანა მგელაძე

3.ბაგრატიონის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობი) – ევგენი კუნჭულია

  1. ურეხი, თოდოგაური, ინჯალო, სამრეწველო ზონა –მამუკა ქობულაძე
  2. ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეული (ჭაობის) – ნოდარ დუმბაძე
  3. ძველი ბათუმი –მანანა ილურიძე
  4. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული – გივი ნახუცრიშვილი
  5. ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეული – გოჩა სერგოშვილი
  6. აღმაშენებლის ადმინისტრაციული –გელა დეკანაძე
  7. ადლია, ანგისა, მინდა, აეროპორტი, კახაბერი, გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატი –ზურაბ ცინცაძე

პარტიამ დღეს პროპორციული სიაც დაარეგისტრირა.

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს.

შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, პაატა დიასამიძის განმარტებით, ეს ფაქტი კვალიფიცირდება როგორც სამართალდარღვევა. „სსსკ-ის 187-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ქმედება გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

მნიშვნელოვანი ზიანი არის 150 ლარს ზევით, უნდა ჩატარდეს სასაქონლო ექსპერტიზა და თუ დადგინდა, რომ დაზიანება აღნიშნულ თანხას აღემატება, მაშინ დაიწყება გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით.“

იურისტის განმარტებით,  ბრალის დადასტურების შემთხვევაში, პირს სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 90 დღით, ან თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე.

6 ცალ ატრაქციონში, მონტაჟის ჩათვლით, მერიამ 17 ათასი ლარი დახარჯა. მერიაში ამბობენ, რომ თვითნებურად მოხსნილი ატრაქციონები საწყობში გადაიტანეს.

მოსახლეობის მხრიდან ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 სექტემბერს გაავრცელა.

 

„ევროპული საქართველოს“ ათეული ბათუმის საკრებულოსთვის – არჩევნები 2017

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სიის სათავეში რაულ თავართქილაძეა. იგი გასული წლის ბოლოს გაემიჯნა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მანამდე, 2004-2008 წლებში, რაულ თავართქილაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, შემდეგ – აჭარის განათლების, კულტურისa და სპორტის მინისტრის მოადგილე.

სიის მეორე ნომერი ამირან ტაკიძეა, პროფესიით ექიმი, მესამე – ბადრი გორგაძე, პედაგოგი. „ევროპული საქართველოს“ სიის მეოთხე ნომერია ავთანდილ ბარამიძე, იგი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ძველი ბათუმის უბნის რწმუნებულად მუშაობდა. მეხუთე ადგილს ხელოვნებათმცოდნე შოთა ცაავა იკავებს. სიაში მეექვსე ნომრად თამარ მიქელაძეა რეგისტრირებული, მეშვიდე – ირაკლი ცენტერაძე, „ტაი კვანდოს“ ფედერაციის პრეზიდენტი, მერვე – ნინო კალანდაძე, მუშაობს სამშობიარო სახლში, მეცხრე – გიორგი კალანდაძე, სტუდენტი, მეათე – იულიანა გევორკიანი – იურისტი, მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად.

რატომ არჩია პარტიამ უპირატესობა მიენიჭებინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პოლიტიკური აქტივობის გამოცდილება არ აქვთ? – სიის პირველი ნომერი, რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ პარტიამ პროფესიონალიზმსა და პატიოსნებაზე გაკეთა არჩევანი, „ეს ადამიანები არ ჩანდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის ჰქონდათ ევროპული ღირებულებები. პარტიაშიც ამიტომ მოვიდნენ,“ – გვითხრა რაულ თავართქილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატი პეტრე ზამბახიძეა.

ამავე თემაზე:

ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები 

ვინ იქნებიან „ევროპული საქართველოს“ სახეები ბათუმში

 

 

ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სია ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიაში პროპორციული საარჩევნო სია დაარეგისტრირა , პარტიის თავმჯდომარის გიორგი კირთაძის ინფორმაციით სია ასე გამოყურება:

  1. მირდატ ქამადაძე – პარტიის წევრი, პარტიის ბათუმის საკრებულოს თამჯდომარეობის კანდიდატი.
  2. ლევან ანთაძე – ექიმი, აჭარის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი
  3. ნოდარ დუმბაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს სამგზის წევრი.
  4. კახა კუნჭულია – რაგბისტი
  5. როინ ზოიძე – ბიზნესმენი
  6. მანანა ილურიძე – წინა მოწვევის საკრებულოს წევრი
  7. ლია მგელაძე –  მცირე მეწარმე
  8. გელა დეკანაძე – აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი
  9. გივი ნახუცრიშვილი – ხელოვნების ინსტიტუტის ლექტორი
  10. ნაზი ფუტკარაძე- წინა მოწვევის საკრებულოს წევრი

„ქართული ოცნების“ სიის ათეული ბათუმის საკრებულოში – არჩევნები 2017

„ქართულმა ოცნებამ“  ბათუმის საკრებულოს პროპორციული სია დაარეგისტრირა. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდმარის, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, სიის ათეული ასე გამოიყურება:

  1. სულიკო თებიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე
  2. ირაკლი მიქელაძე – ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
  3. ნერიმან ცინცაძე – ექიმი
  4. ლაშა სირაბიძე- მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე
  5. ბესარიონ გოგოტიშვილი – „ქართული ოცნების“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
  6. დიმიტრი ჭეიშვილი – მანამდე ის ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი იყო.
  7. დავით მახარაძე – ბიზნესმენი, შპს ეკოსადილის მფლობელი და დირექტორი;
  8. ნატალია ძიძიგური – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
  9. თამაზ დევაძე – შპს „ბათუმი 2009“- ის დირექტორის მოადგილე.
  10. ჯუმბერ კობალაძე – წინა მოწვევის ბათუმის საკრებულოს წევრი.

 

 

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ თვითნებურად აიღო

 მერიის ინფორმაციით, მოსახლეობამ ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებული ადაპტირებული ატრაქციონები თვითნებურად აიღო. მერია ამის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მოსახლეობას, პატივი სცენ შშმ ბავშვების უფლებებს.

„სამწუხაროდ, მერიაში შემოვიდა მოთხოვნა აღნიშნული ატრაქციონების აღებასთან დაკავშირებით, მერიის მხრიდან კი დაფიქსირდა შშმ ბავშვთა ატრაქციონების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტები.

მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება,“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ ბავშვებისთვის ატრაქციონების მონტაჟი ქალაქის 6 სკვერში მიმდინარეობს. „ე.წ აფხაზების უბანში, ასევე ჯავახიშვილისა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში დამონტაჟებულ ატრაქციონების აღება მოითხოვეს მშობლებმა. ფრიდონ ხალვაშის 322, ინასარიძისა და კობალაძის კვეთაში კი თვითნებურად აიღეს.

ერთი მშობელი ამბობდა, რომ ამ ატრაქციონებზე მათი ბავშვები ჯდებიან და ზიანდებიან, მეორე კი ამბობდა, რომ მათ არ მოსწონთ, რომ  სკვერებში ადაპტირებული ატრაქციონები დგას,“-გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

მერიის ინფორმაციით, ადაპტირებულ ატრაქციონებზე განთავსებულია სპეციალური ნიშანი, რითაც ხაზგასმულია, რომ ატრაქციონები განკუთვნილია შშმ ბავშვებისთვის. „ამის მიუხედავად, ატრაქციონის გამოყენება არამიზნობრივად ხდება. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შშმ პირთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობას მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ცნობიერების ამაღლების მიზნით,“- ამბობენ  ბათუმის მერიაში.

პრესსამსახურის განცხადებით, მერია თვითნებურად აღებულ ადაპტირებულ ატრაქციონებს ხელმეორედ დაამონტაჟებს.

ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის
ადაპტირებული ატრაქციონები შშმ ბავშვებისთვის

 

 

ამავე თემაზე: ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შსს არ მიმართავს

რა დარჩა სკოლის ბუფეტში მინისტრის ბრძანების შემდეგ

ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სკოლის ბუფეტი არ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც მინისტრის ბრძანებით სკოლაში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალა, სკოლები ცომეული პროდუქტების ამარა დარჩა ან საერთოდ არაფერი იყიდება.

პირველი სკოლის დირექტორის, ნატალია მგელაძის თქმით, დირექცია ბუფეტის ფართობზე აუქციონს აცხადებს. „დოკუმენტაცია უკვე მზადაა და აუქციონი მალე გამოცხადდება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არსებობს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც მოიჯარემ სკოლაში უნდა შემოიტანოს? დირექტორი ამბობს, რომ სკოლა მხოლოდ ფართობს გასცემს, ხოლო მოიჯარე ვალდებულია განათლების მინისტრის ბრძანების შესაბამისად მოამარაგოს სკოლის ბუფეტი. „სკოლა კი ვალდებულია მონიტორინგის სამსახურთან ერთად შეამოწმოს ბუფეტი,“-გვეუბნება ნატალია მგელაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი  ახალი მოიჯარე დროულად არ გამოჩნდება, მოსწავლეებს ლანჩის სკოლაში წაღება სახლიდან მოუწევთ.

„15 სექტემბრისთვის უნდა ყოფილიყო ბუფეტი მზად, მაგრამ საიჯარო პროცედურებმა წაიღო დრო. მოსწავლეებს გაკვეთილების პერიოდში სკოლის გარეთ არ ვუშვებთ, ამიტომ ვთხოვთ მოსწავლეებს საკვები სახლიდან წამოიღონ. მოსწავლეებს უჭირთ იმის გააზრება, რომ საკვები სახლიდან უნდა მოიტანონ, რადგან არ არიან მიჩვეული და ეს ტრადიცია ქართულ სკოლებში არ არის.“

დირექტორი ამბობს, რომ იმის მონიტორინგს თუ რა მოაქვს ბავშვს სახლიდან, ან ხომ არ ყიდულობს გზაში არაჯანსაღ პროდუქტს, ამის მონიტორინგს სკოლა ვერ განახორციელებს.

„ჩვენ დავარეგულირებთ მხოლოდ იმას, რაც გაიყიდება სკოლის ბუფეტში, მშობლის არჩევანში ვერ ჩავერევით“-გვეუბნება ის.

შეზღუდულია არჩევანი მეორე საჯარო სკოლის ბუფეტში, რომელიც ქალაქში ასევე ყველაზე მაღალკონტინგენტიანი სკოლაა. სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მინისტრის ბრძანების შემდეგ, სკოლის ბუფეტში ფენოვანი ხაჭაპური, კარტოფილის ღვეზელი და ფუნთუშა დარჩა, რომელიც სკოლის ბუფეტშივე მზადდება.

ცომეულების დიდი ნაწილი, მათ შორის, ფენოვანი ხაჭაპური, სწრაფი კვების ობიექტებში და სკოლაშიც მარგარინზე მზადდება, რაც სპეციალისტების თქმით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. თუმცა დირექტორის ამბობს, რომ ფენოვანი ხაჭაპური არაჯანსაღი პროდუქტების სიაში არ შედის, რადგან „მხოლოდ ყველი და ცომია“.

მარიზა აბაშიძის თქმით, მეიჯარეს ხელშეკრულება თვის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ახალ მოიჯარეს კი უფრო მრავალფეროვან მენიუზე შეუთანხმდება.

სკოლის ხელმძღვანელები გვეუბნებიან, რომ სწავლის პერიოდში მოსწავლეების გარეთ არ გადიან, თუმცა მე-2 საჯარო სკოლის კარი „ბათუმელების“ იქ ყოფნაში რამდენჯერმე გაიღო. სწორედ ამ დროს გავესაუბრეთ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც ქუჩიდან გაზიანი სასმელებით და არაჯანსაღი საკვებით შემოვიდნენ.

სკოლის მოსწავლეები დასვენების დროს არაჯანსაღ საკვებს სკოლის გარეთ ყიდულობენ. ფოტო: ლელა დუმბაძე
სკოლის მოსწავლეები დასვენების დროს არაჯანსაღ საკვებს სკოლის გარეთ ყიდულობენ.
ფოტო: ლელა დუმბაძე

„თუ ჯანსაღ კვებაზეა საუბარი, მაშინ ბუფეტიც ჯანსაღ საკვებს უნდა გთავაზობდეს. იქ კი მხოლოდ ცომეული იყიდება, რომელიც გვასუქებს. ფასებიც მისაღები უნდა იყოს, რადგან ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს და არც თუ ისე გემრიელია,“-გვეუბნება მე-12 კლასელი სოფიო.

მოზარდები ამბობენ, რომ გაზიანი სასმელები და კრეკერები, რომელიც გარედან შემოიტანეს, მათი ჯანმრთელობისთვის მავნებელია, თუმცა ჩვეულებას ვერ ღალატობენ.

„არის შემთხვევები, როცა სახლიდან მომაქვს კონტეინერი, მაგრამ სკოლაში არ არის მიღებული საჭმლის ტარება სახლიდან, ამიტომ მაინც იშვიათად დამაქვს“.

მერვეკლასელი ბექა გაზიანი სასმელის შესაძენად მაინც ქუჩაში გადის. „კარგი იქნება ბუფეტში თუ იქნება კიტრი, პომიდორი, ხორციანი საჭმელი,  გემრიელი საკვები უნდა იყიდებოდეს. თანაც დასვენება უნდა გაიზარდოს, რომ სადილის ჭამა მოასწრო“.

სკოლის ბუფეტის მოიჯარე მზია შათირიშვილი ირწმუნება, რომ ბავშვებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწვდის.

„ძირითადად ცომეულს ვაკეთებ. წვენი მაქვს ნატურალური. კისელიც შემიძლია შევთავაზო და კაკაოც, კეფირი, იოგურტი, მაწონიც მაქვს ჩამონათვალში, მაგრამ არ ყიდულობენ. ვაშლი და ბანანიც მაქვს და ამას ყიდულობენ“-გვეუბნება ის.

მოიჯარე ამბობს, რომ რა აზრი აქვს სკოლის მენიუს შედგენას, როცა ყველა აკრძალული საკვები სკოლის ირგვლის იყიდება. „ყველაფერი შემოაქვთ გარედან, ჩიფსიც, კოკა-კოლა და მზესუმზირაც“.

მე-2 საჯარო სკოლის ბუფეტი
მე-2 საჯარო სკოლის ბუფეტი

მოსწავლეებს ცომეულის გარდა სხვა არჩევანს არც ახალშენის პირველ საჯარო სკოლაში სთავაზობენ. როგორც სკოლის დირექტორი რევაზ გორგაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, სკოლაში სამი დაახელების პროდუქტის გარდა, მოსწავლეებს სხვა ვერაფერს სთავაზობენ.

„სკოლის ბუფეტში გაყიდვაშია ხაჭაპური, რომელიც ადგილზე მზადდება, ქარხნულად დამზადებული „ბუბლიკი“ და პეჩენია. სასმელი – წვენი და წყალი“.

სკოლის ბუფეტის მოიჯარე ამბობს, რომ დასახელებული პროდუქტების გარდა მოსწავლეებს სხვას ვერაფერს შესთავაზებს, რადგან „სოფლის სკოლაში დიდი ბრუნვა არ არის და მოგებაც ნაკლებია.

რატომ ქმნის აჭარის მთავრობა კომერციულ უწყებას

ახალი სამთავრობო უწყების ხელმძღვანელობის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. „ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური“ – ამ სახელწოდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მთავრობამ ჩამოაყალიბა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნა იგეგმება, თუმცა მთავრობაში ამას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ახალი სამსახურის ხელმძღვანელი კონკურსის წესით უნდა აარჩიონ.

დებულების მიხედვით, ამ სამსახურმა სამთავრობო უწყებებში ერთიანი საკომუნიკაციო სისტემა უნდა შექმნას და უზრუნველყოს მისი განვითარება. ახალ სსიპ-ს საბიუჯეტო სახსრების მიღების გარდა, დამოუკიდებელი შემოსავლების მიღების უფლებაც ექნება. მაგალითად, სამსახურს შეეძლება ინტერნეტგვერდის დამზადება რომელიმე სამშენებლო კომპანიას შესთავაზოს, მასთან ხელშეკრულება გააფორმოს, გასამრჯელო აიღოს და შემდეგ პრემია-დანამატებში დახარჯოს.

„ეს არის კონკურენციაში ჩარევა, ეს არის პრობლემა,“ – მიიჩნევს სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორცილებისთვის იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო კომერციული საქმიანობით შემოსავლის მიღება საჯარო უფლებამოსილების განხორციელება არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირია იუსტიციის სახლიც, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ანაზღაურებას იღებს მოქალაქეებისგან – სულხან სალაძე განმარტავს, რომ ეს სულ სხვა შემთხვევაა, რადგან „იუსტიციის სახლი ანაზღაურებას იღებს იმ საქმიანობაში, რასაც სხვა არავინ აკეთებს ქვეყანაში. მაგალითად, სხვადასხვა კომპანიას პასპორტების დამზადების უფლება რომ ჰქონდეთ და იმავეს აკეთებდეს იუსტიციის სახლიც, ეს უკვე დარღვევა იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

აჭარის მთავრობის მხრიდან კონკურენციის პირობის დარღვევის რისკზე საუბრობს კომპანია „შინდის“ დირექტორი – ვაკო აფხაზავაც. ეს კომპანია თავისუფალი ბაზრის პირობებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებს. „შინდის“ კონკურენტი ამჯერად ახალი სამთავრობო უწყებაც გახდება.

ვაკო აფხაზავა: „მიმუშავია საჯარო უწყებაში და დამინახავს მსგავსი სამსახურის შექმნის აუცილებლობა. ვფიქრობ, ასე უფრო ეფექტურად შეიძლება ონლაინსივრცის მართვა, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს კერძო სექტორს. სამთავრობო უწყება კონკურენციაში არ უნდა შემოვიდეს ჩემთან. არსებობდა, მაგალითად, ტურისტული მომსახურების სააგენტო, რომელსაც არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ის ტურები, რასაც ჩვეულებრივი ტურისტული კომპანიები ახორციელებდნენ“.

კომპანია „შინდის“ ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი სამსახური იოლად გაუწევს კონკურენციას დამოუკიდებელ კომპანიას. „ყველანაირად გავაპროტესტებ, თუკი ასე იქნება, მივმართავ სასამართლოსაც,“ – ამბობს ვაკო აფხაზავა.

„არ იქნება ეს კონკურენციაში ჩარევა,“ – ირწმუნება გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ეს უწყება ახალი სამსახურის ზედამხედველი იქნება. გელა ცინცაძის თქმით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება სამეწარმეო საქმე.

„კანონი ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო სამსახურის იურიდიულ პირს ჰქონდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობის უფლება. ჩვენ ამ უფლებას ვერ შევზღუდავდით. ახალი სამსახური ვერ იქნება სამეწარმეო საქმიანობაზე ორიენტირებული. ეს უნდა გავაკონტროლოთ ჩვენ, ასევე აუდიტის სამსახურმა. თუ დადგინდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საქმიანობა კომერციული შემოსავლების მიღებაა, კანონი ითვალისწინებს მსგავს შემთხვევაში მის ლიკვიდაციას,“ – გვითხრა გელა ცინცაძემ.

ახალი სამსახურის ხელმძღვანელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სამინისტრომ გადაწყვიტა კონკურსის წესით შეარჩიოს ხელმძღვანელისა და მოადგილის კანდიდატი. წელს, კანონში შესული ცვლილების შემდეგ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი მხოლოდ ე.წ. გამარტივებული კონკურსის წესით უნდა შეარჩიონ. ეს იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ მინისტრი მიიღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას და არა კომისია.

„კომისია მაინც იმუშავებს. მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, მაგრამ კომისიის აზრი მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის. კომისია სამინისტროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ.

კითხვაზე, რა კომპეტენცია აქვს მინისტრს შეარჩიოს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი? – მინისტრი გვპასუხობს, რომ „საჭირო არაა რომელიმე კომპიუტერული პროგრამის ზედმიწევნით ცოდნა. მთავარია, მენეჯერული გამოცდილება…“

ახალი სამსახურის უფროსის შრომის ანაზღაურება 2100 ლარი იქნება. ამას ემატება პრემიები და დანამატები, რომელიც ახალ სამსახურში დამოუკიდებელი შემოსავლების ოდენობის შესაბამისად განისაზღვრება.

„პრემია და დანამატები გაიცემა მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად,“ – ამბობს გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რა დაუჯდება ახალი უწყების შენახვა ბიუჯეტს, ან რამდენი შტატი დასჭირდება ახალ სამსახურს. გელა ცინცაძის თქმით, საშტატო ერთეულების საჭიროება კონკურსის წესით შერჩეულმა დირექტორმა უნდა განსაზღვროს და საბოლოოდ მთავრობამ დაამტკიცოს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტს, სულხან სალაძეს კიდევ ერთი კითხვა აქვს – რატომ იყო საჭირო ახალი საჯარო სამსახურის იურიდიული პირის შექმნა, როცა იგივე მომსახურების შესყიდვა შეიძლებოდა ცალკეული კერძო პირებისგან?

„მიღებული ცოდნის გაზიარება“ და „ხარჯების დაზოგვა“ – ძირითადად ამ ორ ფაქტორს ასახელებს ახალი სამსახურის შექმნის საჭიროებად გელა ცინცაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენმა ადამიანმა შეიტანა განაცხადი ახალი სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად. განცხადებების წარდგენის ბოლო ვადა 25 სექტემბერია, რომლის შემდეგაც გადარჩეულ კანდიდატებს მინისტრი გაესაუბრება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის პოზიციაზე მირანდა ჩარკვიანის დანიშვნას აპირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ზურაბ პატარაძე. ამჟამად მირანდა ჩარკვიანი ზურაბ პატარაძის მეუღლის – სოფიო ბაკურიძის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს.

აჭარის მთავრობაში უარყოფენ იმას, რომ კონკურსი მხოლოდ ფორმალურად გამოცხადდა. „მე არ ვიცი მირანდა ჩარკვიანი მიიღებს თუ არა მონაწილეობს კონკურში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერსებულ პირს. როგორი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ჯერ არ ვიცი,“ – ამბობს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.

„არ ვიცი“ – ასე უპასუხა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს შეკითხვას – განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსად. „ბათუმელებმა“ მას ასევ ჰკითხა, შეიტანა თუ არა უკვე საბუთები ახალი სამსახურის უფროსის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

„ეს ჩემი კონფიდენციალური ინფორმაციაა, უფლება მაქვს არ გითხრათ,“ – გვიპასუხა მან. სატელეფონო საუბრის ბოლოს მირანდა ჩარკვიანმა იკითხა, მის კომპეტენციასთან დაკავშირებით „რამე შეკითხვა ხომ არ გვაქვს“.

ახალმა სამსახურმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება;
  • თავდებობა;
  • საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
  • თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
  • სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

კურორტ გოდერძიზე შესაძლოა ვერტმფრენი დაინიშნოს

სამთოსათხილამურო კურორტ გოდერძიზე ვერტმფრენის დანიშვნასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ტექნიკურ-ეკონომიკურ საჭიროებას იკვლევს. კურორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ლაშა ველიაძის თქმით, კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, დაინიშნება თუ არა ვერტმფრენი კურორტზე და რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერტმფრენის რეისების შესასრულებლად. კვლევის პარალელურად კურორტის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან ახორციელებს.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ყაზბეგისა და მესტიის მიმართულებით მსგავს რეისებს ასრულებს. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, თუ როდის დაინიშნება ვერტმფრენი, გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე კურორტის ტექნიკურ-ეკომოკური საჭიროების კვლევა მიმდინარეობს, თუ რამდენად მოთხოვნადია და სჭირდება კურორტს ვერტმფრენი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევები ვერტმფრენის დანიშვნის საჭიროებას აჩვენებს და შედგება მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან რეისების შესასრულებლად, ვერტმფრენი სეზონის გახსნისთანავე დაინიშნება. ვერტმფრენის რეისების შესრულებასთან დაკავშირებით სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება. ვერტმფრენის მგზავრობისას შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებზე, “ – ამბობს ლაშა ველიაძე.

სამთოსათხილამურო კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად დეკემბერს გაიხსნება.

„დედე“, რეზო ესაძის ახალი ფილმი და კიმ კი დუკის „ქსელი” – კინოფესტივალის აფიშა დღეს

დღეს,  21 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე კინოთეატრ „აპოლოში“ შემდეგი ფილმები იქნება ნაჩვენები:

12.00 საათზე: „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

14.00 საათზე: „ჩემი გარეუბნის ისტორია“, იუნუს ოზან კორკუტ, თურქეთი, 2017; 78 წთ.

16.00 საათზე: „მეტი“, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.

18.30 საათზე: „დედე“, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ.

20.30 საათზე: „თვე როგორც ერთი დღე“, რეზო ესაძე, საქართველო, 2016; 128 წთ

23.00 საათზე: „ქსელი“, კიმ კი დუკ, სამხრეთ კორეა, 2016; 118 წთ.

საღამოს, 20 საათზე, ღია კინოჩვენება გაიმართება ევროპის მოედანზე, ნაჩვენები იქნება „სავარძელი“, ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი. 21:30 საათზე კი – „მზის ქალაქი“, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.

კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება კინოთეატრ „აპოლოში“ მდებარე BIAFF -ის საინფორმაციო ცენტრში.

ბათუმის კინოფესტივალი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მთავარ ფოტოზე: კადრი ფილმიდან „ცოცხლად დარჩენის მეთოდი“

_____________________________

ამავე თემაზე: 

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა [ფოტო]

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

ვინ იქნებიან ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ჟიურის წევრები

ექვსი ახალი ქართული ფილმი, რომელსაც ბათუმის კინოფესტივალზე ნახავთ

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-24 სექტემბერს გაიმართება 

დარჩება თუ არა წყლის მილები ქედის გამგეობის ეზოში

ქედის ბიუჯეტის თანხით სასმელი წყლისთვის  შეძენილი პოლიეთილენის მილები რამდენიმე დღეა ქედის გამგეობის ეზოშია დასაწყობებული. ქედის გამგებლის მოადგილე, გურამ ბერიძე განმარტავს, რომ გამგეობამ წყლის მილები სოფლების – გულებისა და ხუნკუდის მოსახლეობისთვის შეიძინა და მაშინ დაურიგდება მოსახლეობას, როდესაც წყლის მილების განსათავსებლად სპეციალურ არხს მოაწყობენ. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დამოუკიდებლად და ტექნიკის დახმარების გარეშე არხების გაყვანას ვერ შეძლებს.

„ხუნკუდისა და გულების მოსახლეობისთვის წყალი მოვიყვანეთ, მოეწყო სათავე ნაგებობა, სათავე ნაგებობიდან  მოსახლეობას სასმელი წყალი რომ გაეყვანა, მილები შევუძინეთ. აღნიშნულ სოფლებში ჩვენმა წარმომადგენლებმა სასმელი წყლის თითოეულ ოჯახამდე მისაყვანად საჭირო მილის ოდენობა დაითვალა და მთლიანობაში 18 ათას 600 მეტრი წყლის მილი შევიძინეთ. იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობამ წყლის მილი მიზნობრივად გამოიყენოს, თითოეულ ოჯახს საჭირო ოდენობის წყლის მილს მაშინ გადავცემთ, როდესაც მილის განსათავსებლად სპეციალურ არხს გაიყვანს, ამიტომაც აწყვია მილები გამგეობის ეზოში. არხების გაყვანასა და მილების ჩამარხვას სპეცტექნიკა არ სჭირდება, ბარით შეუძლიან გათხარონ. ორივე სოფელში 15 – მდე ადგილზე მიყვანილია წყლები, დაყენებულია გამანაწილებელი, საიდანაც უნდა გაიყვანოს მოსახლეობამ, ონკანებამდე მაქსიმუმ, 250 მეტრი არხია გასათხრელი“, – ამბობს გურამ ბერიძე.

გამგეობა მოსახლეობისთვის წყლის მილების დარიგებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხომ არ აპირებს და მილების გადაცემის პროცესი ხელოვნურად ხომ არ ჭიანურდება, გურამ ბერიძე გვპასუხობს: „ამ დროისთვის სოფელში საშემოდგომო სამუშაოები მიმდინარეობს, მიწაზე არხების გასაყვანად დრო თვითონ მოსახლეობამ გვთხოვა.“

ქედის გამგეობის ინფორმაციით, წყლის მილების შეძენაზე დაახლოებით 15 000 ლარი დაიხარჯა.

 

ირანელი ფოტოგრაფი აბას კიაროსტამსა და თანამედროვე არტისტის ირანში ცხოვრებაზე

დღეს, 20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, ირანელი ფოტოდოკუმენტალისტის, სეიფოლა სამადიანის ფოტოგამოფენა გაიხსნა, რომელიც აბას კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ეძღვნება. ამავე სივრცეში აჩვენეს ფოტოდოკუმენტალისტის ხუთწუთიანი ფილმიც, რომელიც კიაროსტამის ბათუმში ვიზიტს ასახავს.

სეფოლა სამადიანი, რომელიც მარტინ სკორსეზესა და აბას კიაროსტამთან თანამშრომლობდა, ირანული ფოტოგრაფიის „ახალი ტალღის“ წარმომადგენელია. ამჟამად  იგი თეირანის უნივერსიტეტის ფოტოჟურნალისტიკის პროფესორი და ჟურნალ „ფოტოხელოვნების“ რედაქტორია.

„40 წლის წინ დავინტერესდი ფოტოგრაფიით, მერე კინემატოგრაფიამ გამიტაცა. გამომსახველობითი ხელოვნება ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომაც ვარ საკუთარი ფილმების რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი და მემონტაჟე ერთდროულად. ადრე ფირით ვიღებდი, ახლა ციფრული კამერით ვიღებ ფოტოებს, მობილური ტელეფონითაც გამომდის საინტერესო კადრები, ვფიქრობ ადამიანმა ტექნიკის ყველა მიღწევა უნდა გამოიყენოს საუკეთესო შედეგის მისაღწევად“ –  აღნიშნა სეიფოლა სამადიანმა „ბათუმელებთან“ საუბრისას.

– რატომ გადაწყვიტეთ აბას კიაროსტამი ბათუმში გადაგეღოთ?

მეგობრები და თანამოაზრეები ვიყავით, 2010 წელს ჩვენ ერთად ჩამოვედით ბათუმის კინოფესტივალზე, ეს ქალაქი განსაკუთრებულად მოსწონდა და ბედნიერი იყო, გადავწყვიტე ის დღეები პატარა ფილმად მექცია.
21886632_1564640143574760_1683608844_o

21908721_1564639623574812_2032652942_o
აბას კიაროსტამი

– რას ნიშნავს თანამედროვე არტისტისთვის ირანში ცხოვრება, არის ეს რამე ტიპის სირთულეებთან დაკავშირებული?

– ირანი ჩვეულებრივი ქვეყანაა, თუმცა განსხვავებული კულტურით. ფოტოჟურნალის რედაქტორი ვარ და ჩვენი გუნდი არასოდეს ერიდება ხელისუფლების კრიტიკას. მათ აქვთ ჩვენთან პრობლემები ხანდახან, რადგან დისკომფორტს ვუქმნით. ჩვენ პრობლემები არავისთან გვაქვს, თავისუფალი ადამიანები ვართ. ვფიქრობ, რომ ევროპული და ამერიკული მედია ცდილობს ირანი ჩაკეტილ და პრობლემებით სავსე ქვეყნად წარმოაჩინოს. ევროპასა და ამერიკაში ბევრად მეტი, სხვა ტიპის პრობლემაა, რაზეც აქცენტებს არ სვამენ. ჩვენი ქვეყნის რელიგიურ-კულტურულ თავისებურებებს დასავლური მედია, სამწუხაროდ , ჩვენივე მარგინალიზაციის მიზეზად იყენებს.

– მოჰსენ მახმალბაფმა პროტესტის ნიშნად დატოვა ირანი და ლონდონში გადასახლდა, რას ფიქრობთ ამაზე?

– მგონია, რომ თავისუფლებას ხელისუფლება ვერასოდეს მოგცემს. თავისუფლება არის ის, რაც საკუთარ თავს თვითონ უნდა მისცე. რა მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიულად სად იმყოფები? მთავარია, შინაგანად როგორ გრძნობ თავს.

გამოფენა თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ერთ კვირას დარჩება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აგრძელებს პოსტერების კონკურსს

თუ გეხერხებათ ხატვა ან ხართ ილუსტრატორი და გაქვთ ორიგინალური იდეები, ეს კონკურსი თქვენთვისაა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა პასუხობდეს შემდეგ თემას:

 

➧ ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს ევროპის შესახებ, რომლებიც აჭარაშია გავრცელებული 

➧  ამხელდეს დეზინფორმაციულ ქართულენოვან მედიას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობებს ქმნის

➧ პოსტერს უნდა ჰქონდეს მარტივი და გასაგები ვიზუალი
ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის  3 მარტი. 

საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება ბათუმში განთავსებულ სტრიტარტბოქსებში, გამარჯვებული პოსტერით  კი ბათუმის ძველ ნაწილში კედელი მოიხატება.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით, დაჯილდოების ცერემონია ნოემბერში გაიმართება.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: batumipress@gmail.com

პოსტერების კონკურსი ტარდება პროექტანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტ  „ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაშიხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი მიერ, აღმოსავლეთდასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

 

 

 

Exit mobile version