მთავარი,სიახლეები

ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა

29.09.2017
ბათუმის იახტკლუბი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაეცემა

შპს „რივიერა ბიჩი“ აჭარის მთავრობას ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიას 1004 კვ.მ მიწის ნაკვეთს, შემდგომში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, პირდაპირი წესით და  უსასყიდლოდ სთხოვს. კომპანია პირობას დებს, რომ გადაცემულ ტერიტორიაზე იახტკლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას მოაწყობს.

ტერიტორია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, სწორედ ამიტომ მისი კომპანიისთვის გადაცემის მოთხოვნით აჭარის მთავრობამ საკრებულოს მიმართა, საკრებულომ ამ თემაზე დღეს, 29 სექტემბერს, სხდომაზე იმსჯელა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა, წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ექვსი წევრი იყო ოპოზიციიდან.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის მიწერილ წერილში კომპანია მთავრობას ხელშეკრულების დადებიდან ცხრა თვეში იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავებას ჰპირდება.

კომპანია იახტკლუბის გამართულად ფუნქციონირებისთვის ტერიტორიაზე წყალგაყვანილობისა და ელექტროკომუნიკაციების მოწყობას გეგმავს. გეგმების ჩამონათვალშია ბენზინგასამართი სადგურის, ტექნიკური სერვისის ოფისის და ასევე, იახტების განსათავსებელი, ე.წ. მშრალი დოკის, ასევე კვების ობიექტების მშენებლობა.

მთავრობისთვის მიწერილ წერილში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ უკვე არსებული პრომინადით უზრუნველყოფს  მესამე პირთა შეუზღუდავად სარგებლობის უფლებას.

საბოლოო ჯამში კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიაზე 3 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საკრებულოს განკარგულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებაზე აჭარის მთავრობას საკუთრების უფლება შეუწყდება და დაუბრუნდება ბათუმის მუნიციპალიტეტს.

კომპანია იახტკლუბის გადაცემას 25-წლიანი იჯარით სიმბოლურ ფასად [ წლიური გადასახადი –  ერთი ლარი] იჯარის ვადის გასვლის შემდეგ კი, საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების უპირატესი უფლების ქონის პირობით ითხოვს.

კომპანია „რივიერა ბიჩი“  2012 წელსაა დარეგისტრირებული, მესაკუთრე  „სილქ როუდ გრუპ ლიმიტედია“, რომელიც ოფშორულ ზონაში, მალტაშია დაფუძნებული.

გარდა ამისა, დღეს ბათუმის საკრებულომ მწვანე კონცხზე რამდენიმე მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და პლაჟის მართვაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: