მთავარი,სიახლეები

ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

28.09.2017 • 5562
ჩემი ერთი წელი კალიფორნიის შტატის სკოლაში

ავტორი: დავით ჯინჭარაძე 

ორი წლის წინ საზღვარგარეთ უფასოდ წასვლაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. მაშინ თურქეთშიც კი არ ვიყავი ნამყოფი და ერთადერთი წყარო, საიდანაც უცხო ქვეყნებზე ვიგებდი, ინტერნეტი იყო. ვუყურებდი სხვადასხვა ვიდეოს, ვკითხულობდი სტატიებს იმ მიზნით, რომ გარესამყაროზე მეტი გამეგო.

ერთხელ, უცხო ქვეყნების შორიდან “თვალიერების” დროს, აღმოვაჩინე FLEX-ის პროგრამა, რომელიც აშშ-ში ერთი წლით წასვლას მთავაზობდა, თან სრულიად უფასოდ. რა თქმა უნდა, თავიდან არ დავიჯერე, რომ მეცხრეკლასელს ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა მაინც ვცადე და გადავწყვიტე, ბათუმის პირველ ტურზე მივსულიყავი.

პირველი ტესტირების დაწყებამდე, გონებაში უკვე ამერიკული სკოლის საგნებს ვარჩევდი, ვოცნებობდი დიდ ქალაქებსა და ამერიკულ ცხოვრებაზე. ამავე დროს, ვწერდი ტესტებს, ესეებს, გავედი გასაუბრებაზე და გადავლახე სამივე ეტაპი. მაგრამ სატელეფონო ზარი, რომელიც პროგრამაში გამარჯვებას მაუწყებდა, დიდხნიანი ლოდინის შემდეგაც არ გაისმა.

ამის მიუხედავად, შემდეგ წელს მაინც ვცადე ბედი. უკვე ნაკლები თავდაჯერებულობით, მაგრამ მეტი შრომით. ჩავაბარე ყველა საჭირო აპლიკაცია და გავიარე ყველა ტესტირება, ბოლოს კი ის სანატრელი ზარიც გავიგონე.

მალე აღუწერელი სიხარული ვიზის ანკეტების შევსებით გამოწვეულმა ნერვიულობამ შეცვალა, გაფრენამდე ორი-სამი კვირით ადრე კი გაურკვევლობის შეგრძნება დამეუფლა. არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვისთან, ან როგორ დამხვდებოდნენ ამერიკელები. თუმცა რეალობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. გაფრენამდე ცოტახნით ადრე გამაგებინეს, რომ ერთ წელიწადს კალიფორნიის შტატში გავატარებდი,  პატარა ქალაქში, რომელიც ლოს ანჯელესიდან ისევე იყო დაშორებული, როგორც ბათუმი თბილისიდან.

IMG_5994

პირველივე დღიდან შევამჩნიე, რომ ეს ქვეყანა ძალიან განსხვავდებოდა საქართველოსგან. არც უკეთესი, არც უარესი – უბრალოდ განსხვავებული და ამიტომაც საოცარი. ალბათ, ყველაზე მეტად მაინც ხალხმა გამაოცა. მაღაზიის გამყიდველიდან დაწყებული, სკოლის დირექტორით დამთავრებული, ყველა მესალმებოდა, მომიკითხავდა და მიღიმოდა. მალევე შევამჩნიე, რომ ამერიკული ღიმილი ჰოლივუდის ფარგლებს სცდება და ზრდილობის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა.

დღეს უკვე საქართველოში ვარ. ის ამერიკული წელი კი თითქოს სიზმარია. სიზმარი, სავსე ამერიკული ფილმების სიუჟეტებით: იქაური სკოლა, უამრავი ახალი ემოცია, მასპინძელი ოჯახი, რომელმაც ნამდვილი შვილივით მიმიღო. მეტიც – უამრავი გამოწვევა, საკუთარი შესაძლებლობების დაცდა და ახალი მწვერვალების დაპყრობა. საბოლოოდ, FLEX-ის პროგრამამ მომცა ბევრად მეტი, ვიდრე ერთი ამერიკული წელი. რა თქმა უნდა, ამ წელმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მომცა პიროვნული ზრდა, მეტიც – FLEX-იმ  მთელს ჩემს ცხოვრებაზე იმოქმედა. ასეთი ემოციების განცდის შემდეგ, ყველას ვურჩევდი იგივე გამოსცადოს. ამ წელმა მიჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია. საზღვარგარეთ წასვლას კი ჩემთვის ერთი მიზანი აქვს: შენს ქვეყანაში უკეთეს ადამიანად დაბრუნება. დაბრუნება სურვილით, რომ პატარა პრობლემა მაინც მოაგვარო და უკეთესობისკენ შეცვალო შენი ქვეყნის სიტუაცია.

მოკლედ, თუკი ხართ მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე, დაბადებული 2001 წლის 1-ელი იანვრიდან 2003 წლის 15 ივლისის ჩათვლით, მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა FLEX-ში. ბათუმში ტესტირება 10 საათზე, 7 ოქტომბერს, მეათე საჯარო სკოლაში გაიმართება.

ორი წლის წინ არც მე მჯეროდა ოცნებების ახდენის, თუმცა თუ ოცნება მიზნად იქცევა, შეუძლებელი არაფერია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: