საქმეები, რომელთა გამოძიებას პროკურატურა არ ამთავრებს


„ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს“ და „საგამოძიებო ორგანოების მიმართ გარკვეულ უნდობლობას ნერგავს“, – ამ ფრაზებით აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დაწყებულ და დაუსაბუთებლად გაჭიანურებულ საქმეებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საშიშ ტენდენციას იმ საქმეებში ხედავს, სადაც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ჩაიდინეს სავარაუდო დანაშაული, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღია პროკურატურას.

ერთ-ერთი საქმე, რომელზეც პროკურატურა შემაჯამებელ გადაწყვეტილებისგან თავს იკავებს „ირაკლი ქაჯაიას ამბავია“. შემთხვევა გასული წლის პირველ აგვისტოს მოხდა. ირაკლი ქაჯაია პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს და ნეკნი ჩაუმტვრიეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ქაჯაია პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური დაზიანებების გარეშე შევიდა. განყოფილებიდან კი მოქალაქე რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მაშინვე დაიწყო გამოძიება და ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, – გვიყვება პაატა დიასამიძე, რომელიც ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს იცავს, – დაიკითხნენ მოწმეები, ამოიღეს ვიდეო მასალები. საგამოძიებო მოქმედება დაწყებიდან დაახლოებით სამ თვეში დასრულდა. იმის შემდეგ გაურკვეველია, რა ხდება, რატომ არ იღებენ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.“

რა ეტაპზეა ირაკლი ქაჯაიას საქმის გამოძიება? – ამ კითხვაზე პროკურატურამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ 20 ივლისს უპასუხა მხოლოდ ორი სიტყვით: „მიმდინარეობს გამოძიება“.

პაატა დიასამიძე ამბობს, რომ საქმეში აშკარად იკვეთება პოლიციელთა მხრიდან ბრალეულობა, თუმცა კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ „პროკურატურამ უნდა მიიღოს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება“.

გიგა ჩხეიძის საქმე“ – გიგა ჩხაიძე 12 მარტის დილით დააკავეს ბათუმის აქციის შემდეგ. გამოძიება მას ადმინისტრაციული წესით ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებოდა. სასამართლო პროცესზე მოქალაქემ პოლიციელი ტყუილში გამოიჭირა – ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, რომელიც მან სამსახურიდან ამოიღო. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გიგა ჩხაიძე გაამართლა.

ამ სასამართლო პროცესზე გიგა ჩხაიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკურად შეურაცხყეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება. გიგა ჩხაიძის დაზარალებულად ცნობაზე პროკურატურამ უარი თქვა. შესაბამისად, მას არც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გააცნეს, სადაც მისი ფიზიკური დაზიანების ხარისხია შეფასებული.

გამოძიება არ დასრულებულა ბათუმში, ღამის კლუბ Sector 26-ში ერთ-ერთი ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფის საქმეზეც. ზ.მ.-ს  და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე.

2015 წლის ნოემბერში დაიწყო გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების ფაქტზე ვაჟა-ფშაველას 13-ში. აქ ახალი კორპუსის აშენებას კომპანია „სლავა 2015“ გეგმავდა. სწორედ ამ კომპანიამ მოხსნა ეტაპობრივად მე-19 საუკუნის ბოლოს აგებულ ისტორიულ სახლს აივანი, შემდეგ სახურავი… სახლის დანგრევის შემდეგ კი, კომპანიაში განაცხადეს, რომ არ იცოდნენ, თუ სახლი ძეგლის სტატუსს ატარებდა. ამ შემთხვევაზეც პროკურატურას ორსიტყვიანი პასუხი აქვს: მიმდინარეობს გამოძიება. ამ შინაარსის პასუხი მიუღია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსაც, რომელსაც პროკურატურისთვის 2017 წლის აპრილში მიუმართავს კითხვით: რა ეტაპზეა გამოძიება?

სამი წლის გასვლის მიუხედავად, გამოძიება არ დასრულებულა არც „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. 2014 წლის სექტემბერში ქობულეთში მუსლიმურ პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს და მუსლიმ თემს შენობაში შესვლა შეუზღუდეს. გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრში“ მიიჩნევენ, რომ გაუგებარია ისიც, თუ რატომ დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ვერც მუსლიმი თემი იგებს ვერაფერს. პროკურატურამ მათ დაზარალებულად ცნობაზე უარი თქვა.

რამდენიმე დღეში მუსლიმი თემი ევროსასამართლოს სარჩელით მიმართავს არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დასადგენად. სარჩელის ერთ-ერთი ნაწილი პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილ უმოქმედობას ეხება.

„მხოლოდ გამოძიების დაწყება არაფერს ცვლის“, – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. – გამოძიების არაგონივრულად გაჭიანურება და გამოძიების შედეგების შესახებ დაინტერესებული მხარეების არასაკმარისი ინფორმირებულობა, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ ყველა მსგავსი დანაშაულის დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების პოზიტიური ვალდებულების შესრულებას.“

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი